Home რუბრიკები საზოგადოება მოქალაქეობას ანიჭებთ თუ პარტიაში იღებთ, ბატონო პრეზიდენტო?!

მოქალაქეობას ანიჭებთ თუ პარტიაში იღებთ, ბატონო პრეზიდენტო?!

690

ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე (სექტემბრის ბოლოს) ერთერთ ემიგრანტს, ქართველ ირმა გაჩეჩილაძეს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხდია პრეზიდენტი მარგველაშვილისთვის. ცხადია, ასეც უნდა მოქცეულიყო და მეც, ანალოგიურად, მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ

პრეზიდენტს ამ შეხვედრაზე განუცხადებია: როდესაც იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარი ორმაგი მოქალაქეობისთვის”. და შემდეგ: “…ვისაც ეს საკითხი დაუდგა ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა და მარტივად მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას”.

გასაგებია, რომ პრეზიდენტი მოქმედი კანონის შესაბამისად მსჯელობს, მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია მისი სიტყვების, გნებავთ, თვითონ ამ კანონის შინაარსი, უფრო სწორად, ლოგიკურობა. თუ ავტომატურად ვკარგავ მოქალაქეობას, მაგრამ იმავ წუთს, დაკარგვისთანავე, ავტომატურად მეხსნება კარი ორმაგი მოქალაქეობისთვის და მარტივად, მოთხოვნისთანავე ვიღებ ორმაგ მოქალაქეობას, მაშინ რატომ და, რაც მთავარია, რა უფლებით(!) მართმევ დაბადებიდან, ქართველობით დამსახურებულ, გნებავთ, ღმერთის ნებით მონიჭებულ საქართველოს შვილობას?! თუ თვითონ არ ვთქვი უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ვის აქვს უფლება, ჩამომართვას იგი? სახელმწიფოს? რამდენიმე ათეული კაცის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე? კი, მაგრამ, საქართველოს მოსახლეობას არაფერს ეკითხებით? არნახული ემიგრაციის უმძიმეს ისტორიულ ეპოქაში მოქალაქეობის, მიწის თუ ნატოში გაწევრების და კიდევ სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონპროექტები თუ არ გავა რეფერენდუმზე, მაშინ რისთვის და ვისთვის არის მოგონილი,საერთოდ, რეფერენდუმი, მხოლოდ შვეიცარიისთვის, სადაც რეგულარულად გააქვთ რეფერენდუმზე გაცილებით უმნიშვნელო საკითხები?!

გასაგებია, რომ ეს კანონი უფრო ადრეა მიღებული, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტს ავირჩევდით, მაგრამ მის მიერ გამოთქმული მოსაზრება (იმავე შეხვედრაზე) მაფიქრებინებს, რომ ისიც იზიარებს წინა ხელისუფლების მესვეურთა და კანონშემოქმედთა პოზიციას ამ საკითხზე: “თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს (ხომ ხედავთ, “თქვენო”, მე _ არაო! აბა, მასაც რომ მიაჩნდეს, არც სხვისი შეხსენება დასჭირდებოდა და არც პრეზიდენტობის სამი წელი საფიქრელად!) კი, ბატონო, ამაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება სხვანაირად იქნას ფორმულირებული კანონი”.

ბატონო პრეზიდენტო, დავიჯერო, არ იცით, როგორ უნდა იყოს ფორმულირებული კანონი და მართლა გულით გსურთ, იცოდეთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? სიმართლე გითხრათ, ამაში ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც მოგახსენებთ: ამ პრობლემის გადაჭრას სულაც არ სჭირდება დიდი თავისმტვრევა, იგი ზუსტად 65 წლის წინათ არის მოფიქრებული.

1950 წელს ისრაელის სახელმწიფომ შექმნიდან ორიოდე წლის შემდეგ მიიღო ე.წ. დაბრუნების კანონი (Law of Return), რომლის ძალითაც ნებისმიერ სახელმწიფოში მცხოვრებ ებრაელებსა და მათ მეუღლეებს (არაებრაელებსაც!) ისრაელში დაბრუნების (2 600 წლის შემდეგ!) და ისრაელის მოქალაქეობის მიღების უფლება ეძლეოდათ. არც ებრაული ენის – ივრითის ცოდნა იყო საჭირო და არც რაიმე დამსახურება ისტორიული სამშობლოს წინაშე, ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა ებრაელობა იყო. 20 წლის შემდეგ ამ კანონის მოქმედების არეალი კიდევ უფრო გააფართოვეს. 1970 წლიდან კანონში შეტანილი დამატებით ეს უფლება გავრცელდა ებრაელის შვილებზე და შვილიშვილებზეც და ამ შვილებისა და შვილიშვილების არაებრაელ მეუღლეებზეც. დაბრუნების კანონიმოქმედებს დღესაც, როდესაც ისრაელში დემოგრაფიული ბუმია, განვითარებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებელია _ საშუალოდ, სამი ბავშვი ოჯახში (სხვა ქვეყნებში _ 1,5 ბავშვი). ანალიტიკოსების გაანგარიშებით, 2059 წლისთვის ისრაელის მოსახლეობა, სულ ცოტა, 15,6 მილიონს ან სულაც 20,6 მილიონს მიაღწევს. ჩვენთან კი შობადობა (ქართველთა შობადობა) კატასტროფულად დაბალ დონეზეა, ემიგრაციაკატასტროფულად მაღალზე, ხოლო 2059 წლისთვის, იმავე ანალიტიკოსების დასკვნით, ლამის სრული გადაშენება გვემუქრება. და აი, ასეთი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, ხელისუფლება, პრევენციული ზომების მიღების ნაცვლად, პირიქით, მოქალაქეობას ართმევს ემიგრანტებს, თანაც _ ავტომატურ რეჟიმში.

უნდა ითქვას ისიც, რომ მოქალაქეობაჩამორთმეულ ემიგრანტებს მთელი რიგი საბუთების წარდგენის (საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია განმცხადებელთან ურთიერთობის მითითებით; ვის რა დახმარებას უწევს იგი საქართველოში; მისი წლიური შემოსავალი (რა კავშირშია საქართველოს მოქალაქეობასთან ჩემი შემოსავლის ოდენობა და ვეხმარებინ თუ არა ვინმეს საქართველოში?!); იღებს თუ არა პენსიას უცხოეთში და რა ოდენობით; რა საკუთრება გააჩნია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ; საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივი(!) და კიდევ სხვა საბუთები) და 250-500 ლარის გადახდის შემდეგ (80 ან 30 დღეში განაცხადზე პასუხის მისაღებად), “საგამონაკლისო წესით” მას კვლავ ანიჭებენ (ან არ ანიჭებენ) ჩამორთმეულ მოქალაქეობას, ოღონდ… შეზღუდული(!) უფლებებით.

რაში გამოიხატება უფლებების შეზღუდვა? რაში და: თუკი უცხოეთში ხელი გაანძრიე (აბა, სხვაგვარად ხომ ვერც თავს ირჩენ და ვერც ვერავის დაეხმარები), 10 წელი მაინც იმუშავე და პენსიაც დაიმსახურე, ასეთ შემთხვევაში, ეს ჩვენზე მზრუნველი ხელისუფლება სულ წყალში გიყრის საქართველოში ნამუშევარ 35-40 წელიწადს. ისაო, ესაო, მაგრამ 2006 წლისსახელმწიფო პენსიის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 5, პუნქტი 5), აქაური პენსია არ გეკუთვნისო. არა, თუ გინდა, აირჩიე _ იქაურ პენსიაზე, დაახლოებით 1 000 დოლარზე, უარი თქვი და აქაურ 150 ლარს (სექტემბრიდან უკვე 160-!) აღარ წაგართმევთო! ხომ ძალიან მაგარი თავების მოფიქრებული კანონია, “მაგარი ჯიშის ხის თავიანების”?!

ათასობით (თუ ათიათასობით!) თურქს, აფრიკელს, ინდოელს (ნებისმიერ უცხოელს) და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ერთი დღეც არ უმუშავიათ არც თავიანთ სამშობლოში და არც საქართველოში, რომლებმაც არც ქართული იციან და არც საქართველოს თვლიან თავიანთ სამშობლოდ და რომლებსაც სააკაშვილი გულუხვად ურიგებდა საქართველოს მოქალაქეობას 2004-2012 წლებში (კაცმა არ იცის, რა დამსახურებისთვის), საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ენიშნებათ საქართველოს პენსია, ქართველს კი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოში და საქართველოს სამსახურში გაატარა, ხვიშტი, ბრანწი!

ყოველწლიურად (ორ ათეულზე მეტი წლის მანძილზე!) უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული (თუ ჩამოტანილი) მილიარდებისთვის მადლობაო (ალბათ, უთხრეს დიასპორის წარმომადგენლებს ეს მადლობა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ), მაგრამ, “რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად”, _ მშვიდად გვიხსნის პრეზიდენტი, ანუ კანონით(!) ქართული პენსია არ გეკუთვნითო! გინდა, 1,5 მილიონ ემიგრანტს მოუთხოვია ქართველისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის ყოვლად გაუმართლებელი კანონის გაუქმება და გინდა, ძაღლს დაუყეფია! რა გვიკვირს, ახლანდელი ხელისუფლებაც ხომნაციონალებისდროს მიღებული კანონებით გველაპარაკება და არც აპირებს რაიმეს შეცვლას.

მხოლოდ პენსიის წართმევით არ ირღვევა “საგამონაკლისო წესით” საქართველოს მოქალაქეობამინიჭებული პირების უფლებები (სახელიც ხომ მაგარი მოიფიქრეს _ “საგამონაკლისო წესით”, ანუ გამონაკლისის სახით, სამადლოდ გვანიჭებენ თურმე მოქალაქეობას). სახელმწიფო ისე დაწვრილმანდა, რომ ამ კატეგორიის საპენსიო ასაკის ხალხს სატრანსპორტო შეღავათებით სარგებლობის უფლებასაც ართმევს. აქ პენსიის ან შეღავათის მატერიალურ ოდენობაზე და სახელმწიფოს მიერ ნაჭამ სირცხვილზე არაა მხოლოდ საუბარი, აქ პრინციპია მთავარი – ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება ამ სახელმწიფოს სხვა მოქალაქესთან უფლებებში გათანაბრებას ნიშნავს, სხვანაირად დისკრიმინაციაა.

სწორედ ამ მოქალაქეობაწართმეული ხალხის მიერ ყოველწლიურად გადმოგზავნილი თუ ჩამოტანილი მილიარდობით(!) დოლარის წყალობით გადარჩა ფიზიკურად საქართველოში დარჩენილი უამრავი ადამიანი. განა საქართველოს ბიუჯეტისთვის ეს უდიდესი შეღავათი არ იყო? როგორც კი იკლო გადმორიცხვებმა, მაშინვე დაეტყო ეს ბაზარსაც და ლარსაც. ისრაელი მხოლოდ და მხოლოდ ებრაელობისთვის ანიჭებს მოქალაქეობას. შენ კი, საქართველოს ხელისუფლება რომ გქვია (მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი), დღედაღამ საქართველოზე მოფიქრალ ქართველებს, პირიქით, ართმევ მოქალაქეობას და 30-40-წლიანი შრომით(!) მოპოვებულ დამსახურებულ პენსიასაც?! კი, მაგრამ, ვინ მოგცათ ამის უფლება, ეს ხომ ძარცვაა, უთოფო ყაჩაღობა?! ასე უხდით მათ მადლობას? სულ დაკარგეთ ჭკუა და სინდისნამუსი?!

ერთ ძალზე საყურადღებო სტატისტიკურ მონაცემებს მოგაწვდით: ბოლო წლების განმავლობაში 16 800 ადამიანმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. მათგან 92%-ს, ანუ დაახლოებით 15 ათასს დაუბრუნდა საქართველოს მოქალაქეობა. ახლა ვიკითხოთ: მათგან რამდენი იქნება საპენსიო ასაკს მიღწეული და მერე ამ კატეგორიიდან კიდევ რამდენი იქნება ისეთი, ვინაც, ვთქვათ, ამერიკაში 10 წელი მაინც იმუშავა (ეს არის პენსიის მოსაპოვებლად აუცილებელი მინიმალური შრომითი სტაჟი) და პენსია დაიმსახურა? ამის სტატისტიკა არ ქვეყნდება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ხალხი სულ რამდენიმე პროცენტი, ანუ სადღაც 400-500 კაცი თუ იქნება. ამ ხალხს საქართველოში დაბრუნებით შემოაქვს დაახლოებით 400-500 ათასი დოლარი ყოველთვიურად, ანუ დაახლოებით 12-15 მილიონი ლარი წელიწადში. რით არ არის ეს უანგარო ინვესტიცია? ჩვენი ხელისუფლება ხომ გამუდმებით ინვესტორების ნაკლებობაზე წუწუნებს. ამ 400-500 კაცისთვის წართმეულ პენსიას კი სჭირდება მხოლოდ 750-950 ათასი ლარი წელიწადში, 15-20-ჯერ ნაკლები! და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, არც ამ თანხის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას ბიუჯეტიდან, ანუ ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან! როგორ? _ ძალიან მარტივად:

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოქალაქეობის მინიჭებაზე განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ე.წ. “მოქალაქეობის მინიჭების საფასური” (250-350-500 ლარი), რაც იმას ნიშნავს, რომ 16 800 მთხოვნელს უკვე შემოტანილი აქვს დაახლოებით 6-7 მილიონი ლარი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ამ 400-500 კაცისთვის საქართველოს პენსიის – 160 ლარის გადასახდელად 8-9 წლის განმავლობაში. ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი უმარტივესი გაანგარიშების თავი არ აქვთ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში და “ამერიკა მე აღმოვაჩინე”! _ რა თქმა უნდა, არავინ. ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, რომ მათ, პრეზიდენტის ჩათვლით, უბრალოდ, დიდად არ აინტერესებთ (არ ანაღვლებთ!) ეს პრობლემა და ამიტომ არც კი ეცნობიან იმ მოთხოვნებს, რომლებსაც, ხელისუფლების სამარცხვინოდ, აბსოლუტურად ერთნაირად უყენებენ საქართველოს მოქალაქეობის ყველა მსურველს – უცხოტომელსაც და ქართველსაც! მხოლოდ უცხოტომელისგან რომ მოითხოვდნენ ზემოთ მითითებულ საბუთებს და საფასურსაც გვარიანს ახდევინებდნენ, არაფერი იქნებოდა მიუღებელი, მაგრამ, როცა საქართველოში დაბადებული, დედ-მამით ქართველისგან ორი კაცის რეკომენდაციას(!) ითხოვთ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად, ამაში ჩვენს შეურაცხმყოფელსა და დამამცირებელს ვერაფერს ხედავთ, ბატონო პრეზიდენტო?! მოქალაქეობას ანიჭებთ თუ პარტიაში იღებთ?!

იაკობ ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here