Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

858

10 სტალინური დარტყმა

პოლონეთის საზღვართან შეჩერებული სტალინი, თავისი ყოვლისმძლეველი არმიითა და შეიარაღებით, ომის წარმოების სხვა სტრატეგიაზე გადავიდა. ჩერჩილმა ლონდონში მწყობრში მოიყვანა ნელი მოქმედების ნაღმი _ პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა, რომელსაც, კარგა ხანია, ორივე ძუძუთი კვებავდა და კარტბლანშიც მისცა პოლონეთში აჯანყების დასაწყებად, რათა წინააღმდეგობა გაეწია ჰიტლერისთვის და არ დაეშვა პოლონეთის მიწაზე საბჭოთა ნაწილების შესვლა. ანუ დაპირისპირება, საარტილერიო და საჰაერო ჭურვების ნაცვლად, გადაიზარდა პოლიტიკურ ბრძოლაში, მთავარსარდლობა კი ჩერჩილს უნდოდა აეღო ხელში და აიღო კიდეც

დარტყმა # 5

ლონდონიდან გაცემული ბრძანების თანახმად, “არმია კრაიოვას” ნაწილებმა, რომლებიც 150 000 კაცისგან შედგებოდა და რომლებსაც გენერალი თადეუშ კომაროვსკი (ფსევდონიმი _ ბურ) მეთაურობდა, ოთხი დღის განმავლობაში ვარშავის გარეუბნების დიდი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ პოლონეთის არმიამ ვერ შეძლო ვერც აეროფლოტის დაუფლება და ვერც ქალაქის სტრატეგიული ხიდების დაკავება, რომლებითაც საბჭოთა არმიის ნაწილებს უნდა დაკავშირდებოდნენ. საკითხავია, პოლონელებმა ვერ დაიკავეს თუ არ დაიკავეს აეროდრომი და ხიდები. სტალინისთვის ცნობილი შეიქნა, რომ ჩერჩილი პოლონეთში თავის თამაშს თამაშობდა, მაგრამ მან ბრიტანეთის პრემიერი “ბოლომდე მიუშვა” (ვიდრე თვითონ არ მოიტეხდა კისერს _ გრ. ონიანი). ყოველ შემთხვევაში ვარშავის აჯანყება ცნობილი არავისთვის ყოფილა. თვით როკოსოვსკიმაც კი, რომლის შენაერთებიც ვარშავასთან ახლოს იდგნენ, განაცხადა, რომ აჯანყების დაწყების შესახებ მხოლოდ მეორე დღეს, 2 აგვისტოს შეიტყო.

ჩერჩილი აქტიურად ეხმარებოდა ემიგრანტ პოლონეთის მთავრობას და აჯანყებულებს. მან ამ ავანტიურის წამომწყებებს თვითმფრინავებით იარაღი და ტყვია-წამალიც კი ჩაუყარა, მაგრამ პოლონელები საშინელ დღეში ჩააგდეს გერმანელებმა.

პანიკაში ჩავარდნილმა ჩერჩილმა 1944 წლის 4 აგვისტოს #331 წერილით მიმართა სტალინს:

“პოლონეთის იატაკქვეშა არმიის სასწრაფო თხოვნით, ამინდის მიუხედავად, დაახლოებით 60 ტონა აღჭურვილობასა და ტყვია-წამალს ჩამოვაგდებთ ვარშავის სამხრეთ-დასავლეთ უბანში, სადაც, როგორც იტყობინებიან, გააფთრებით იბრძვიან გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყებული პოლონელები, ისინი, აგრეთვე, აცხადებენ, რომ ითხოვენ რუსების დახმარებასაც, რომელიც ძალზე ახლოს ჩანს. მათ უტევს გერმანელთა ერთ-ნახევარი დივიზია”. (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 320)

სტალინმა უკვე კარგად იცოდა, რა ავანტიურასთან ჰქონდა საქმე და მეორე დღესვე, 5 აგვისტოს, # 313 წერილით უპასუხა ჩერჩილს:

“მივიღე თქვენი წერილი ვარშავის შესახებ.

ვფიქრობ, პოლონელთა ინფორმაცია ძალზე გაზვიადებულია და ნდობას არ იმსახურებს. ასეთ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ თუნდაც იმის საფუძველზე, რომ პოლონელმა ემიგრანტებმა სამხარეო არმიის რომელიღაც ნაწილებს უკვე მიაწერეს ვილნოს აღება და რადიოშიც კი გამოაცხადეს ამის თაობაზე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. პოლონელთა სამხარეო არმია რამდენიმე რაზმისგან შედგება, რომლებიც არამართებულად იწოდება დივიზიებად. მათ არ აქვთ არც არტილერია, არც ავიაცია, არც ტანკები. ვერ წარმომიდგენია, ასეთი რაზმები როგორ აიღებენ ვარშავას, რომლის დასაცავადაც გერმანელებმა 4 სატანკო დივიზია გამოიყვანეს, მათ შორის დივიზია “ჰერმან გერინგი”. ი. სტალინი” (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 321).

12 აგვისტოს ჩერჩილი კვლავ პანიკაშერეული თხოვნით უგზავნის წერილს (#317) სტალინს:

“გავეცანი ვარშავიდან პოლონელების სამწუხარო დეპეშას. Pპოლონელები 10 დღის შემდეგ კვლავ ებრძვიან გერმანელთა დიდ ძალებს, რომლებმაც სამ ნაწილად გაჰყვეს ქალაქი. გვევედრებიან ტყვიამფრქვევებისა და საბძოლო მასალების გაგზავნას. ხომ არ გაუწევდით მათ კიდევ რაიმე დახმარებას, რადგან იტალიიდან მანძილი ძალზე დიდია…” (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 324)

სტალინი მოკლედ და კონკრეტულად უპასუხებს ჩერჩილის ვედრებას: (წერილი # 321, 16 აგვისტო):

“როდესაც უფრო ახლოს გავეცანი ვარშავის საქმეს, დავრწმუნდი, რომ ვარშავის აქცია უაზრო, საშინელი ავანტიურაა, რომელიც დიდ მსხვერპლად დაუჯდა მოსახლეობას. ეს არ მოხდებოდა, საბჭოთა სარდლობა ინფორმირებული რომ ყოფილიყო ვარშავის აქციის დაწყებამდე და პოლონელებს კონტაქტი ჰქონოდათ ჩვენს სარდლობასთან. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭოთა სარდლობა მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა გაემიჯნოს ვარშავის ავანტიურას, რადგან ვერ იკისრებს ვერც პირდაპირ და ვერც არაპირდაპირ პასუხისმგებლობას ვარშავის აქციის გამო. ი.სტალინი” (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 327).

გამწარებულმა ჩერჩილმა საშველად რუზველტს მიმართა და ორივემ ერთად კიდევ ერთხელ სცადა სტალინის გულის მობრუნება 20 აგვისტოს # 322 წერილით:

“ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორი იქნება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის რეაქცია, თუ ვარშაველ ანტინაცისტებს მართლა მივატოვებთ. მიგვაჩნია, რომ სამივემ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა გადავარჩინოთ იქ მყოფი პატრიოტები. ვიმედოვნებთ, რომ პოლონელებს, ვარშაველ პატრიოტებს, მიაწვდით აუცილებელ მომარაგებასა და იარაღს. სხვა შემთხვევაში, ხომ არ დაეხმარებოდით ჩვენს თვითმფრინავებს, სასწრაფოდ გაეკეთებინათ ეს? იმედი გვაქვს, რომ მოიწონებთ ამას. დროის ფაქტორს უკიდურესად დიდი მნიშვნელლობა აქვს” (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 328).

სტალინმა მიზანს მიაღწია. თუ მანამდე მოკავშირეებს ეგონათ, რომ სტალინი ქვეყნის ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ ინდოეთისა და ჩინეთისკენ გაუხვევდა, მან სხვა გზა არჩია და ისევ ბებერ კონტინეტს მიადგა. მიადგა არა ძალით, არა ზარბაზნებითა და ტანკებით, არამედ მოთმინებით და შორიდან ცქერით, ვიდრე მოკავშირეები მუხლებზე არ დაიჩოქებდნენ და შეეხვეწებოდნენ ევროპის განთავისუფლებას. სტალინმაც არ დაახანა და, თუმცა დამადლებით, მაგრამ თანხმობის ნიშნად, 22 აგვისტოს #323 წერილით ბრიტანეთის პრემიერმინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს აცნობა:

“მივიღე თქვენი და ბატონი რუზველტის წერილი ვარშავის თაობაზე. მინდა, გამოვთქვა ჩემი მოსაზრებანი.

ადრე თუ გვიან ყველა შეიტყობს სიმართლეს ბოროტმოქმედთა ჯგუფზე, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ავანტიურა წამოიწყო. ამ ადამიანებმა ბოროტად გამოიყენეს ვარშაველთა ნდობა და ბევრი თითქმის უიარაღო ადამიანი გერმანელთა ქვემეხებს, ტანკებსა და თვითმფრინავებს მიუგდეს. შეიქმნა მდგომარეობა, როცა ყოველ ახალ დღეს პოლონელები კი არ იყენებენ ვარშავის გასათავისუფლებლად, არამედ ჰიტლერელები დაუნდობლად ხოცავენ ვარშავის მცხოვრებთ.

სამხედრო თვალსაზრისით ეს მდგომარეობა, რომელიც გერმანელეთა გაცხოველებულ ყურადღებას მიაპყრობს ვარშავას, ძალზე არახელსაყრელია როგორც წითელი არმიისთვის, ისე პოლონელებისთვის. ამასთანავე, საბჭოთა ჯარები, რომლებიც ბოლო პერიოდში კონტრშეტევაზე გადმოსვლის გერმანელთა ახალ ცდებს წააწყდნენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა ჰიტლერელთა ეს კონტრშეტევები მოიგერიონ და ფართოდ შეუტიონ ვარშავის მისადგომებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ წითელი არმია ძალას არ დაიშურებს, ვარშავასთან გერმანელების გასანადგურებლად და ვარშავის გასათავისუფლებლად. ეს იქნება საუკეთესო დახმარება პოლონელი ანტინაცისტებისთვის. ი.სტალინი” (“მიმოწერა დიდ სამამულო ომში”, გვ. 329).

ამის შემდეგ სტალინს სრული უფლება ჰქონდა, გაეთავისუფლებინა ევროპა ფაშისტი დამპყრობლებისგან, რისთვისაც გამზადებული ჰქონდა კიდეც დარტყმა, რომელიც ევროპის გათავისუფლებასა და მის გაერთიანებას ითვალისწინებდა. ამ მომენტში ეს-ეს-ის ნაწილებს ჰიტლერისგან უკვე ნაბრძანები ჰქონდათ, მიწასთან გაესწორებინათ ვარშავა და ეს ქალაქი ტოტალურად გაეწმინდათ პოლონელებისგან. ეს-ეს-ელთა მოიერიშე ნაწილები ოსკარ დირლევანგერის მეთაურობით გაუგონარი სისასტიკით არბევდა აჯანყებულებსა და მოხალისეებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირებოდა.

ვარშავაში არა მხოლოდ ჯარისკაცი, ტყვე, ოფიცერი და მშიერ-მწყურვალი დაჭრილი ხალხი ირეოდა, არამედ ღალატი, გამცემლობა, ორპირობა, უნდობლობა. ეს ხდებოდა არა მხოლოდ დაბალ, არამედ უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ დონეებზე. ყველაფერი კი მიმართული იყო წითელი არმიისა და სტალინის წინააღმდეგ.

1944 წლის 23 სექტემბერს გერმანელები გააქტიურდნენ და გაანადგურეს პოლონელთა პლაცდარმი მდინარე ვისლაზე, ამის შემდეგ პოლონელთა ნაწილები კაპიტულაციაზე დათანხმდნენ. გერმანელებმა ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს, ხოლო აჯანყების მეთაური ბურ-კომაროვსკი თვითმფრინავით ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი ლონდონში გაფრინდა. ფაშისტური ობობას ქსელში გახვეული ვარშავა სულს ღაფავდა, ამის ძირითადი შემოქმედი კი დიდი ბრიტანეთი იყო. არავინ იცოდა გამოსავალი, გარდა ერთი კაცისა, და ეს კაცი იყო სტალინი.

მაგრამ სტალინი არ იყო ის “ბიჭი”, რომელიც “მოწინააღმდეგეს ნაღვერდლიდან წაბლს გამოუჩხრეკდა”. სტალინის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ ადამიანურ, უფრო ქართულ პრინციპებზე იყო აგებული. სტალინი გერმანიასთან სსრკ-ის სამარცხვინო ზავის ჩამორეცხვას ცდილობდა და იაპონიას 1904-1905 წლების ომის დროს რუსეთისგან წაღებული ნაალაფარის უკან დაბრუნებას სთხოვდა. გამორიცხული არ არის, პოლონეთს რაღაც ზომით წარსულის ანგარიშებს უსწორებდა, მაგრამ 1945 წლის 17 იანვარს მან ვარშავა ტრიუმფით აიღო.

საინტერესოა, როგორ გაგრძელდებოდა XX საუკუნის 20-იან წლებში ომის თეატრად ქცეული საქართველოს ისტორია, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა და თურქეთს უკვე დაწყებული ჰქონდა თავის ვილაიეთად საქართველოს გადაქცევის პროგრამა, სტალინი და ორჯონიკიძე ისევე რომ გაჩერებულიყვნენ საქართველოს საზღვრებთან, როგორც სტალინი _ ვარშავასთან.

ანდა ახი არ იქნება ჩვენზე, რუსეთმა ხელი რომ არ გაანძრიოს, როდესაც საქართველოს ასაოხრებლად შემოსული მტერი დედაბუდიანად დაგვიწყებს ამოხოცვას და არც ამერიკა დაგვეხმარება და არც ევროპა?!

სტალინის მაგინებლებო! თქვენ არაფერი იცით სტალინის პიროვნების, მისი ნამოღვაწარის შესახებ და სრულიად დაუმსახურებლად აგინებთ მას. არადა, უმჯობესია, აგინოთ თქვენს აღმზრდელებს, რომლებმაც ჯეროვნად არ შეგასწავლეს თქვენი ქვეყნის ისტორია და შორეულ ქვეყნებში ნებაყოფილობით გაგგზავნეს მამლუქებად. თქვენ არ გიყვართ საქართველო და მისი შვილები! და, ვისაც გვიყვარს, კეთილი ინებეთ, დაგვანებეთ მამა-პაპათა გზაზე სიარული!

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here