Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ხაბურძანია: საქართველო სრულყოფილი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფო არ არის

ვალერი ხაბურძანია: საქართველო სრულყოფილი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფო არ არის

529

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. ამჯერად რუბრიკის სტუმარია უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.

_ ოც წელზე მეტია, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, გამართლდა მოსახლეობის მოლოდინი და არის დღეს საქართველო ისეთი სუვერენული სახელმწიფო, როგორზეც ვოცნებობდით?

_ როგორ ქვეყანაზეც ვოცნებობდით, დღეს საქართველო ისეთი რომ არ არის, ყველა დამეთანხმება, მაგრამ რატომ მოხდა ასე _ ეს უკვე სხვა მიზეზების შედეგია.

ჩვენი სტრატეგია დამოუკიდებლობისა და ქვეყნის მშენებლობისა იყო არასწორი და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. დღეს სწორედ ამ შეცდომების შედეგებს ვიმკით. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანა სუვერენული არ არის, არც გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია დამოუკიდებლად, ეკონომიკური სირთულეებიც გვაქვს და ტერიტორიების 20% _ დაკარგული

_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ასეთი პრობლემების წინაშე?

_ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ, მარტივად რომ ვთქვათ, ძირითადი მიზეზები, ვფიქრობ, ჩვენი ემოციური ხასიათი და საკითხებისადმი არასერიოზული მიდგომა, მეცნიერული გათვლების უქონლობა და ეკონომიკის უცოდინარობაა, აგრეთვე, შეცდომები, რომლებიც დავუშვით იმ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

_ დღეს რა გვიშლის ხელს, ნამდვილი სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები რომ ვიყოთ?

_ ქვეყანას ძალიან მწირი რესურსი აქვს. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან როლს ვერ თამაშობს. თუ მხოლოდ აზერბაიჯანის ენერგორესურსების გამტარებლები ვიქნებით, ეს მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ გვაქცევს. ასე რომ, რეგიონშიც სუსტად გამოვიყურებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულები ვართ საგარეო სიტუაციაზე, განსაკუთრებით _ ამერიკის შეერთებულ შტატებზე; სირთულეები გვაქვს როგორც ჩრდილოელ მეზობელ რუსეთთან, აგრეთვე, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებშიც, თუმცა ვცდილობთ, ეს არ წარმოვაჩინოთ.

დღეს ჩვენი ადგილი მსოფლიოში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რომ ანგარიშს გვიწევდნენ. სწორედ ეს განაპირობებს, რომ საქართველო სრულყოფილი სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფო არ არის. ამას ემატება რაღაც მოდური ქედის მოხრა და მორჩილება ყოველგვარი დასავლურისა და ამერიკულისადმი, რაც საერთო ვითარებაზე გავლენას ახდენს.

_ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და ცენზურის არარსებობა არის თუ არა დემოკრატიის მონაპოვარი?

_ ეს ინსტიტუტები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტ-ნაკლებად ყველგან განვითარდა და ისიც, თუ როგორი იქნება ეს თავისუფლება ქვეყანაში, ქვეყნის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უფრო მეტი იყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ეს თავისუფლება, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაიყვანა. ახლაც მეტ-ნაკლებად არის სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, ეს კონკრეტულ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ამას მონაპოვარს ნუ დავარქმევთ, ეს უფრო აუცილებელი ატრიბუტია საზოგადოების განვითარებისთვის.

_ რა უნდა გაკეთდეს, ქვეყანა რეალურად რომ გახდეს დამოუკიდებელი?

_ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ თავის ფუნქციას შეასრულებს. მაგალითად, ჩვენ დიდი ჰიდრორესურსი გვაქვს და შეგვიძლია, რეგიონში ამ კუთხით მაინც შევიძინოთ ფუნქცია. ამას გარდა, საქართველო რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გარკვეულ როლს უნდა ასრულებდეს. საქართველო უნდა ჩაერთოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემაში. ამ თვალსაზრისით ევრაზიულ კავშირშიც უნდა მივიღოთ პოლიტიკური მონაწილეობა, რუსეთთან ერთად რეგიონულ უსაფრთხოებას შევუწყოთ ხელი და მასში ჩავრთოთ მეზობელი ქვეყნებიც _ სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამას უნდა დაემატოს ეკონომიკური კავშირები რეგიონში, ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული ხიდის როლი ჩრდილოეთსა სამხრეთს, აგრეთვე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველოს რეალურ სუვერენიტეტზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, როცა ქვეყანა სერიოზულ, მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს. მაგრამ, როცა ქვეყანას ფინანსები არ აქვს და მხოლოდ რუსეთიდან კერძო პირების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებსა და ამერიკიდან შემოსულ რაღაც საკრედიტო ტრანშებზეა დამოკიდებული, დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here