Home რუბრიკები პოლიტიკა კორუფციული სქემა თუ დერეფანი ტერორისტებისათვის?

კორუფციული სქემა თუ დერეფანი ტერორისტებისათვის?

855

ზურაბ ადეიშვილის მიერ 2011 წელს ხელმოწერილი ბრძანებით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს მოქალაქის ბინაში, ისე, რომ მფლობელმა არაფერი იცოდა, უცხოელი ჩაწერა.

საინტერესოა, როგორ გუნებაზე დადგებოდა თითოეული ჩვენგანი, როცა შეიტყობდა, რომ მის კუთვნილ ბინაში კანონიერად ჩაწერილია ვინმე ვერეოვაჯი კლიფ-ნჯაჰი? დარწმუნებული ვარ, სიხარულისგან ნამდვილად არ ვიხტუნავებდით! ეს გამაოგნებელი ამბავი ჩვენს თანამემამულეს, თბილისში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მანანა ეჯიბაძეს შეემთხვა.

_ აგვისტოს შუა რიცხვებში, _ მიყვება ქალბატონი მანანა, _ მივიღე კომუნალური გადასახადების ქვითარი. ჩემი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, ამ ქვითრის მიხედვით კი, ოჯახს, ჩემს დაუკითხავად, კიდევ ერთი _ მეექვსე წევრი დაემატა. იმ დროს აგარაკზე ვისვენებდით და ამ გაუგებრობის გასარკვევად რეესტრს განცხადებით 8 სექტემბერს მივმართე. ვითხოვდი, რომ სათანადო სამსახურს გაერკვია იმ მეექვსე პირის ვინაობა და ბათილად ეცნო ჩემს ბინაში, ჩემს დაუკითხავად ჩაწერილი უცხოელის რეგისტრაცია. რეესტრში მითხრეს, რომ პასუხს მივიღებდი ათი სამუშაო დღის განმავლობაში. 22 სექტემბრის დღის პირველ ნახევარში პასუხი რომ არ მივიღე, გადავწყვიტე, წავსულიყავი რეესტრში. იქ კი მითხრეს, თქვენი განცხადების განხილვის ვადა გაგრძელებულიაო.

_ იმ მეექვსე სულის ვინაობა თუ გაამხილეს?

_ დამისახელეს ვიღაც ვერეოვაჯი კლიფნჯაჰი და მითხრეს, ეს პირი თქვენს ბინაში კანონიერად არის ჩაწერილიო. რის საფუძველზე-მეთქი? რა ვქნათ, ქალბატონო, კანონით, მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშეც შეიძლება თქვენს ბინაში ნებისმიერი მოქალაქის ჩაწერა, თუ ის მოწმედ მოიყვანს ორ სრულწლოვან ადამიანს, რომლებიც დაადასტურებენ, ეს პირი ნამდვილად ცხოვრობს თქვენს ბინაშიო. გამწარებულმა რეესტრის თანამშრომელს შევეკითხე: გამოდის, მე შემიძლია, ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩავეწერო-მეთქი?

_ რა გიპასუხათ?

_ არსებული კანონის მიხედვით, შეგიძლიათო!.. დავბრუნდი შინ. პირველ განცხადებაზე პასუხი მივიღე 24 სექტემბერს, მეორეზე კი, ჩანს, ძალზე ოპერატიულად იმუშავეს _ 26 სექტემბერს.

_ მეორე განცხადებაში რას მოითხოვდით?

_ მოვითხოვდი, აეხსნათ, როგორ ჩაწერეს ჩემს ბინაში ეს უცხოელი.

ქალბატონმა მანანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ორივე პასუხი გადმომცა.

გამოგიტყდებით, იურისპრუდენციაში ძალიან მოვიკოჭლებ, ამიტომ ამ ორი დოკუმენტის კვალიფიციური განმარტებისთვის მივმართე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატს, შოთა იმნაძეს.

_ ბატონო შოთა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე?

_ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია საქართველოს კანონით _ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”. რაც შეეხება კონკრეტულ წერილებს, ისინი გაწერილია იუსტიციის მინისტრის #98 ბრძანებით. ზემოხსენებული ქვემდებარე ნორმატიული აქტი (#98 ბრძანება) იცნობს მისამართზე რეგისტრაციის ორ წესს. პირველია რეგისტრაცია თვითონ ბინის მესაკუთრის თანხმობით და მეორე _ ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი მოწმის დასტურით. მეორე შემთხვევაში მოწმეებმა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლის წინაშე წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ კონკრეტული პიროვნება (დასარეგისტრირებელი პიროვნება) ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეებმა უნდა იცოდნენ მესაკუთრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ანუ მათ შეხება უნდა ჰქონდეთ იმ მისამართთან, რომელზეც ხდება დასარეგისტრირებელი პირის რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ დაადასტურებენ დასარეგისტრირებელი პირის ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. აღვნიშნავ, თუ მოწმეები მისცემენ სააგენტოს ცრუ ჩვენებას, ამ კანონითვე გათვალისწინებულია მათი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით.

აქედან გამომდინარე, თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე, რასთან გვაქვს საქმე, გამიჭირდება კვალიფიციური განმარტება, თუმცა, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებულია უხეში შეცდომა, ვინაიდან არ შეიძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია მოწმეთა დასტურით.

_ თქვით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებულია უხეში შეცდომა. ხომ არ შეამჩნიეთ მაგ წერილებში სხვა იურიდიული შეუსაბამობებიც?

_ სააგენტოს წერილში მოყვანილ სამართლებრივ საფუძვლებს ნამდვილად იცნობს მოქმედი კანონმდებლობა, მაგრამ მასში, სამწუხაროდ, აღრეულია ზემოხსენებული კანონისა და ბრძანების მუხლები. კერძოდ, წერილში ნაცვლად ბრძანების მე-11 მუხლისა, მითითებულია კანონის მე-11 მუხლი, რის გამოც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება გაუჭირდეს წერილის სამართლებრივი საფუძვლების მიკვლევა.

_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოსული ყველა ხელისუფლება გვეუბნებოდა, ევროპისკენ მივისწრაფვითო. ევროპაში კი კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლიც მიგვითითებს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია! ამ კანონით ხომ არ ირღვევა მესაკუთრის უფლებები?

_ ზემოხსენებული კანონის პირველივე მუხლი განმარტავს, რომ “საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად”.

რაც შეეხება კითხვას: ირღვევა თუ არა მესაკუთრის უფლებები მისამართზე რეგისტრაციის ასეთი წესით, გეტყვით, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტი არ იქნება საკმარისი, რომ მისამართზე ჩაწერილი პირი შეედავოს მესაკუთრეს საკუთრების უფლებაზე (მხედველობაში მაქვს ის უძრავი ქონება _ ბინა, სადაც ჩაწერილია), ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებით და ეს მონაცემები ითვლება უტყუარად, ვიდრე არ დამტკიცდება საწინააღმდეგო, მაგრამ, თუ ამ ფაქტს შევხედავთ უფრო ფართო ჭრილში, მისამართზე რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს საწარმო, გამოიტანოს სესხი და ა.შ. გარდა ამისა, სააღმსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით, მისამართზე რეგისტრაცია საკმარისია იმისათვის, რომ ამ მისამართზე მცხოვრები პირის მოძრავი ნივთები დააყადაღონ იძულებითი აღსრულების პროცესში. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მესაკუთრის უფლებები იზღუდება და ის ზარალდება მატერიალურადაც, აღარაფერს ვამბობ მორალურ ზიანზე.

_ მესაკუთრეს ვინ აუნაზღაურებს ზარალს?

_ ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც თავისი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით დააზარალა მესაკუთრე. ამ კერძო შემთხვევაში პასუხისმგებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგანტო. მეტსაც გეტყვით, ბრძანების მე-11 მუხლი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მის საკუთრებაში არსებულ მისამართზე დარეგისტრირდეს პირი ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს, ლახავს მესაკუთრის პატივსა და ღირსებას, ანუ უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის მე-17 მუხლს!

გარდა იმისა, რომ მესაკუთრისათვის უცნობია მის საკუთრებაში დამატებით სხვა პირის რეგისტრაციის ფაქტი, მას, ასევე, უწევს გარკვეული კომუნალური გადასახადების გადახდა სულადობის მიხედვით, რაც, ამ საყოველთაო გაჭირვების დროს, ჩემი აზრით, დაუშვებელია.

_ ასეთი დრაკონული კანონი, რომელიც ხელყოფს კერძო საკუთრებას და აშკარად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, როდის არის მიღებული?

_ კანონი მიღებულია 1996 წლის 27 ივნისს და მასზე ხელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აწერს, თუმცა ეს კანონი თავის პირვანდელი სახით საკმაოდ უწყინარი იყო. რაც შეეხება ბრძანებას ის, ნამდვილად დრაკონულია და მიღებულია 2011 წლის 27 ივლისს. მასზე ხელს აწერს იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი; რეგისტრაციის კონკრეტული საკითხები ზუსტად ამ ბრძანებითაა გაწერილი. თუ ამგვარ ფაქტებს სისტემური ხასიათი მიეცა აუცილებელი იქნება, როგორც ბრძანებაში, ასევე კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ხსენებული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს.

 ჩნდება კითხვები: როგორ აღმოჩნდა ჩაწერილი საქართველოს მოქალაქის ბინაში, თანაც ბინის მფლობელის დაუკითხავად, ეს ვერეოვაჯი კლიფნჯაჰი? რატომ დაარღვია მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის), მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ”, რომლის მიხედვით დაუშვებელია დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მისამართზე რეგისტრაცია მოწმეთა დასტურით?

“საქართველო და მსოფლიოს” თავის ვარაუდი გაუზიარა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ:

“ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს უცხოელი იყოს რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და აქ, უბრალოდ, იმალება. ეს მას არ გაუჭირდება, რადგან ჩვენი საზღვრების დაუცველობა ყველასთვის ცნობილი ამბავია”.

ბატონ მაისაიასთან საუბრის შემდეგ დავუკავშირდი ყოფილ სამხედრო ოფიცერს, რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო მთხოვა, მისი ვინაობა არ დამესახელებინა. აი, მისი ვარაუდი:

_ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ცუდი დასაშვებია. კი, ბატონო, შესაძლოა, საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უცხოელები უბრალო გასტარბაიტერები არიან, სურთ, ევროპაში გადაბარგდნენ ლუკმაპურის საშოვნელად და საქართველო მათთვის, ამ შემთხვევაში, ტრანზიტული ქვეყანაა. მაგრამ მაინც მგონია, ეს საეჭვო უცხოელები არიან დაქირავებული “ბოევიკები”, რომლებიც საქართველოს გავლით ჩავლენ უკრაინაში, რომელთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, და შეავსებენ იმ “უცხოელთა ლეგიონს”, აღმოსავლეთ უკრაინაში  დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო ლაშქარს რომ ებრძვის. აბა, სხვა რისთვის სჭირდება მას საქართველოში რეგისტრირება და ბინადრობის ნებართვა?! საქართველოში რეგისტრირებულ უცხოელთა გარკვეული ნაწილი სამხედრო მომზადებას თბილისში ახლახან გახსნილ ნატოს ე.წ. საწვრთნელ ცენტრში გაივლის და მერე მათ  უკრაინაში გადაისვრიან.

და, თუ გავიხსენებთ, რა ხდება ევროპაში ჩრდილოაფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების (რომელთა უმრავლესობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია) უზარმაზარი ნაკადის შესევის გამო, სრულიად დასაშვებია, რომ ჩვენმა პროდასავლურმა ხელისუფლებამ იტვირთოს, უფრო ზუსტად, საქართველოს მოსახლეობას ზურგზე აჰკიდოს “ლტოლვილთა” გარკვეული კვოტა, ანუ გუგულივით, გამოსაკვებად თითო-თითო “ბარტყი” დააბინავოს ჩვენს “ბუდეებში” _ სახლებში.

მოამზადა გიორგი კორძაძემ

მფლობელებისგან მალულად საქართველოს მოქალაქეების ბინებში ასობით უცხოელია ჩაწერილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here