Home რუბრიკები საზოგადოება ჯარისკაცის მამის სიკვდილს ჯარისკაცები მისამძიმრებდნენ

ჯარისკაცის მამის სიკვდილს ჯარისკაცები მისამძიმრებდნენ

1160

46 წლის წინანდელი საუბარი სერგო ზაქარიაძესთან

1969 წლის ზაფხულია. მე, ახალგაზრდა ჟურნალისტი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის გაზეთსაქართველოს კინემატოგრაფისტშივმუშაობ. _ , ბიჭო, გაიქეცი ერთი ქუთაისში, რუსთაველის თეატრი ხომ იქაა საგასტროლოდსერგო ზაქარიაძე 60 წლის გახდა და ჩვენ არ აღვნიშნოთ? _ მეუბნება ერთ დღეს გაზეთის რედაქტორი, ჩემი უნივერსიტეტელი ძმა და მეგობარი ვასიკო მჭედლიშვილი (დღეს ცოცხალი აღარ არის, აცხონოს ღმერთმა)… ჩადი, ესაუბრეთან შენიანები მოინახულე მაღლაკში, _ მაქეზებს ვასო.

რად მინდა წაქეზება, ხვალ დილით უკვე იქ ვიქნები!..

მართლაც, მეორე დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ვარ. მითხრეს, ბატონი სერგო ქალაქშია გასული და საცაა, მოვაო… გამოვდივარ შენობიდან, თეატრის წინ ვდგავარ და, ვხედავ, ისიც მოდის… თითქოს, ოდნავ მოხრილია ბეჭებში… არა, ეს შეიძლება უცებ მოჩვენებოდა კაცს. ბეჭებში მოხრილი კი არა, წინ იყო გადახრილი მთელი ტანით, საოცრად მყარად ადგამდა ფეხს და, გეგონებოდათ, რაღაცაზე ან ვიღაცაზე, ჯიქურ მიდიოდა… ბოლო დროს სვანურ ქუდს არ იცილებდა… ასე მოსიარულე მინახავს იგი ხშირად, ასე მოდიოდა ახლაც…

მიცნო, მოვიდა, ხელი ჩამომართვა, _ აქაც მომაგენით ხომ ჟურნალისტებმა!.. შევიდეთ შიგნით… ხვალ-ზეგ დავამთავრებდით გასტროლებს და გვესაუბრა მერე თბილისში, დაწყნარებულად…

_ ისედაც დავაგვიანეთ, ბატონო სერგო

_ ჰო, კაი… აგერ ჩამოვსხდეთ და დავიწყოთ…

* * *

_ ბატონო სერგო, ამ საიუბილეო დღეებში, უკვე ცხოვრების ნაშუადღევი რომ გიდგათ, რისი და ვისი გახსენება განიჭებთ სიამოვნებას?

_ ქუთაისში ყოფნამ საშუალება მომცა, ამ ზაფხულზე, მესამოცე ზაფხულზე მშობლიური სიმონეთი მომენახულებინა, მისი სიახლოვე მეგრძნო. მისი ყოველი ხე და შარა ჩემს ბავშვობას მახსენებს ხოლმე, მისი ცისა და მზის ღიმილი კი _ დედაჩემის ღიმილსა და სათნოებას.

_ საინტერესოა, ახლა რომ ცხოვრების გზას ირჩევდეთ, ისევ სამსახიობო ხელოვნებას მიანიჭებდით უპირატესობას?

_ მე ვერავინ გადამიყვანდა იმ გზიდან, რომელსაც ერთხელ დავადექი დიდი სურვილითა და სიყვარულით.

_ მაშ, გვიამბეთ ამ გზის დასაწყისზე

_ ეს იყო 1916 წელს ბაქოში. ქართველ სცენისმოყვარეთა ჯგუფმა დადგა ეგნატე ნინოშვილის “ტარიელ მკლავაძე”, პიესაში ბავშვები სჭირდებოდათ. ჩვენ მაშინ იქვე ვცხოვრობდით და მე, 7 წლისა, სხვებთან ერთად გამიყვანეს სცენაზე. შემდეგ, უკვე მოზრდილმა, ზესტაფონში ვითამაშე რამდენიმე პიესაში. იქ ზაფხულობით ჩამოდიოდნენ ვასო აბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვასო არაბიძე, ცაცა ამირეჯიბი და სხვები. ამ ადამიანებმა საბოლოოდ დამმუხტეს სცენის სიყვარულით. მოგეხსენებათ, 1928 წელს თბილისში გაიხსნა თეატრი, რომელიც დღეს მარჯანიშვილის სახელს ატარებს. აქ უკვე პროფესიონალმა მსახიობმა ერთ-ერთი ეპიზოდი ვითამაშე ტოლერის პიესაში “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”. პიესა რამდენიმე ადგილზე კადრებით მიდიოდა და პირველად სწორედ მაშინ მომიხდა აპარატის წინ დგომა. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ ამ პიესაში კინომსახიობადაც მოვინათლე. რახან კინოც ვახსენე, გეტყვით, რომ იმავე წელს კოტე მარჯანიშვილი იღებდა “კომუნარის ჩიბუხს” და ამ ფილმში მეც მქონდა ეპიზოდური როლი.

…აი, ასე შეიძლება მოიხაზოს ჩემი შემოქმედების სათავე. შემდგომი გზა, ასე თუ ისე, ცნობილია. მხოლოდ ერთს დავუმატებ: თეატრის სცენაზე მითამაშია ასზე მეტი, ხოლო კინოში _ ოცამდე როლი.

_ როგორც ამბობენ, თქვენ და რეჟისორები კარგად უგებთ ერთმანეთს, ზოგიერთი დიდი მსახიობისგან განსხვავებით, თქვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ზედმეტს არ ჭირვეულობთმართალია?

_ ნაღდი შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ იქ იბადება, სადაც მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთგაგებაა… სხვაგვარად არაფერი გამოვა, თუ გამოვა _ შემთხვევით.

_ ბატონო სერგო, იმასაც ამბობენ, თუ რა გულმოდგინებით მუშაობთ თითოეულ როლზეგვიამბეთ თქვენი მუშაობის სტილზე და, საერთოდ, იმაზე, როგორ უნდა მუშაობდეს ჭეშმარიტი ხელოვანი.

_ როლზე მუშაობის კანონი არ არსებობს. მას თვითონ იმუშავებს ინდივიდი. ერთია მხოლოდ: თუ შემოქმედს ესა თუ ის სახე ხიბლავს, აწუხებს, არა მგონია, სხვა რაიმეთი იყოს დაკავებული მისი გონება. რა თქმა უნდა, თუ ის ჭეშმარიტი შემოქმედია… მეც ასე ვმუშაობ…

_ რომელია თქვენი საყვარელი ქართველი რეჟისორი თეატრში, კინოში?

_ მე სცენაზე კოტე მარჯანიშვილმა ამადგმევინა ფეხი, ჩემი საყვარელი რეჟისორიც ის არის… სიკო დოლიძის ბევრ ფილმში მიმიღია მონაწილეობა… ბოლო წლებში შემოქმედებითად ძალზე დავმეგობრდით მე და რეზო ჩხეიძე. ასე რომ, ვგონებ, გასაგებია…

_ შესრულებული როლებიდან, რომელს გამოარჩევთ?

_ მე ყოველი სახისადმი ერთნაირად ვარ განწყობილი. ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო მეტიც: იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი. ჩემი როლები შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა… ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია, და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მიყვარს ყველა ერთნაირად.

_ გიორგი მახარაშვილი თქვენი შესაძლებლობების ზღვრად ერთი წუთითაც არ შეიძლება ჩაითვალოს. როგორი როლის შესრულებაზე ოცნებობთ?

_ ვოცნებობ ისეთ როლზე, რომელშიც ჩემს ფიქრსა და წუხილს ჩავაქსოვ. ეს ფიქრი და წუხილი კი უფრო საზოგადოებრივია, ვიდრე პირადული.

_ რას იტყვით ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობებზე?

_ მთლად ცუდად არ არის საქმე, მაგრამ მათგან მეტს მოველით.

_ სად უფრო გსიამოვნებთ მუშაობა _ თეატრში თუ კინოში?

_ თეატრში. კინოში მუშაობა ტანჯვაა…

_ საინტერესოა. სხვა რა საქმიანობა გიტაცებთ?

_ თუ დასვენების დროს საქმიანობას გულისხმობთ, ოც წელზე მეტია, ერთი წუთითაც არ დამისვენია. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ავად გავხდი ცოტა ხნის წინათ და მაშინ “ვისვენებდი” საწოლზე. ისე კი, წუთშესვენების დროს, შვილიშვილებთან ვერთობი ხოლმე.

_ იქნებ, გაიხსენოთ რაიმე კურიოზული შემთხვევა თქვენი შემოქმედებიდან?

_ კურიოზული შემთხვევა ის იყო, რომ რამდენჯერმე გადავრჩი სიკვდილს გადაღების დროს… ერთხელ პალიასტომის ტბაში ვიხრჩობოდი. “ჯარისკაცის მამაზე” მუშაობისას კინაღამ ტანკმა გამიტანა… და ასე კიდევ რამდენჯერ…

_ ბატონო სერგო, თქვენ ერთ დროს ფეხბურთელიც იყავით, თუმცა არა ისე ცნობილი, როგორც მსახიობი. რას იტყვით ჩვენს ფეხბურთელებზე, ხართ თუ არა მათი გულშემატკივარი?

_ ფეხბურთმა გარკვეული როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში. გამომიმუშავა ნებისყოფა, გამძლეობა, შემაჩვია შრომას. ზუსტად ეს თვისებები აკლიათ, ჩემი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს…

_ როგორია თქვენი აზრი ქუთაისში ოპერის თეატრის გახსნის თაობაზე?

_ შეიძლება ითქვას, ეს ამბავი დაგვიანებულიც იყო. ყველა პატრიოტი მამულიშვილი კმაყოფილი უნდა იყოს ამ დიდმნიშვნელოვანი მოვლენით.

* * *

გეგმებზეც მესაუბრა, დიდ და საინტერესო ჩანაფიქრებზე. ზოგი შეასრულა კიდეც. ბევრი ვერ მოასწრო… რა ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო შეხვედრა იყო დიდ მსახიობთან. მალე სამხედრო სამსახურში გამიწვიეს და იქ შევიტყვე მისი უეცარი სიკვდილი. იქ ერთხელ კიდევ დავინახე, როგორ უყვარდათ ზაქარიაძე ჯარისკაცებს… იმ დღეს თითქმის ყველა ჩუმად და უხალისოდ იყო _ რუსი და უკრაინელი, უზბეკი და მოლდაველი… ბიჭები მე მისამძიმრებდნენ, როგორც ქართველს, და ისეთი თვალებით მიყურებდნენ, თითქოს მათაც ახლობელი ადამიანი დააკლდათ. სერგო ზაქარიაძე ხომ ყველა ჯარისკაცის მამა იყო.

ვილენ მარდალეიშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here