Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: თუ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაკვეთებს შევასრულებთ, დამოუკიდებლობა არასდროს გვეღირსება

ტრისტან წითელაშვილი: თუ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაკვეთებს შევასრულებთ, დამოუკიდებლობა არასდროს გვეღირსება

510

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. რუბრიკის სტუმარია სამხედრო ექსპერტი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი.

_ უკვე 24 წელია, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ გამართლდა საზოგადოების მოლოდინი _ არის დღეს დამოუკიდებელი ჩვენი ქვეყანა?

_ 1989 წლიდან ვმონაწილეობდი პროცესებში და, სადაც ჩემი ხალხი იდგა, მეც იქ ვიდექი, მაგრამ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა და დღეს სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეს ყველაფერი კი ჩვენმა არასწორმა ქმედებებმა განაპირობა. მეზობელ ქვეყანასთან _ რუსეთთან, თავიდანვე არასწორი პოლიტიკური კურსი ავირჩიეთ. როდესაც რუსეთის ხელისუფლება გარკვეული სახის თანამშრომლობას გვთავაზობდა, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებაში არსებული ე.წ. ეროვნული ძალები რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. არადა, სწორედ რუსეთისთვის ზურგის შექცევამ, რადიკალურმა განცხადებებმა და არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი და განაპირობა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, ცხადია, დამოუკიდებლობა მხოლოდ ფურცელზე არ უნდა იყოს აღნიშნული. როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% უცხო ქვეყნის _ რუსეთის _ ჯარს აქვს დაკავებული, ბუნებრივია, სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.

_ ანუ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის პირობებში, ფიქრობთ, რომ საქართველო შეძლებდა სრულიად დამოუკიდებელი ყოფილიყო?

_ მე, როგორც სამხედრო სპეციალისტი, ვამბობ, რომ, ვიდრე ომი დაიწყებოდა და რუსეთი გვთავაზობდა თანამეგობრობაში შესვლას, მაშინ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი და კონფლიქტურ რეგიონებს არ მივიღებდით. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წინააღმდეგობა წარმოიშვა პარლამენტში, როცა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი თანამეგობრობაში შესვლის წინააღმდეგი გამოვიდა. თუმცა, როდესაც არა მხოლოდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, დავთანხმდით თანამეგობრობის წევრობას. ამას ხომ სჯობდა, თავიდანვე გონივრული პოზიციებით გვეხელმძღვანელა?

როდესაც ვამბობდით, რომ უნდა გავმხდარიყავით ნატოს წევრი ქვეყანა და საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზები განლაგებულიყო, ბუნებრივია, ამან რუსეთს დისკომფორტი შეუქმნა, რადგან ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, და ჩვენ წინააღმდეგ განეწყო.

ჩვენ ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან და დავიწყოთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის საკითხების მოგვარება.

_ დღევანდელი საგარეო კურსის პირობებში ვითარების გამოსწორება შესაძლებელია? მართალია, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აღარ არის ისეთი დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა.

_ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებები რომ შევადაროთ, დიდ განსხვავებას დავინახავთ. დოზირებულად იდგმება ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის დასაბალანსებლად. აბაშიძეკარასინის ფორმატმა მნიშვნელოვნად დააბალანსა ეკონომიკური საკითხები და ქართულმა პროდუქტმა ფეხი მოიკიდა რუსულ ბაზარზე. მართალია, ახლა ბევრი გაიძახის, რუსული ბაზარი არამყარი და დროებითიაო, მაგრამ კარგად დავინახეთ, რომ ევროპამ რუსეთთან ემბარგოს გამო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა მიიღო და ამით ისევ ევროპამ იზარალა და არა რუსეთმა.

მართალია, იმ პერიოდმა უკვე ჩაიარა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისი მოულოდნელი განცხადებებითა და რიტორიკით სისულელეებს აკეთებდა, მაგრამ ქვეყანაში დღესაც არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმავეს ქადაგებენ, რასაც სააკაშვილი. მათ კარგად იციან, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, მაგრამ ვალდებულები არიან, ასე ილაპარაკონ, რათა ასეთი განცხადებების წყალობით საკმაოდ დიდი ფინანსება მიიღონ. სწორედ დასავლეთი აცოცხლებს ამ პარტიებს. ვგულისხმობ ირაკლი ალასანიასთავისუფალ დემოკრატებს”, რესპუბლიკელებს და კიდევ რამდენიმე პატარა პარტიას, რომლებიც დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ.

დღეს ოფიციალური ხელისუფლებას სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ისეთი პოლიტიკური კურსი უნდა ჰქონდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სიძლიერისა და კეთილდღეობისთვის არის საჭირო და მუდამ არ გავიძახოდეთ, _ აი, ნატოში შევალთ, ხვალ ნატოს კარს გაგვიღებენ, ზეგ ნატოს ჯარი შემოვა საქართველოშიო და მთელი ცხოვრება პრობლემების წინაშე ვიდგეთ, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც ანგრევს ქვეყანას. ნახეთ, როგორი საზოგადოებრივი განწყობაა ქვეყანაში, შეხედეთ, ქუჩაში რა მდგომარეობაშია ხალხი… ეს ყველაფერი ამ გაუთავებელმა რიტორიკამ და არარეალურმა განცხადებებმა გამოიწვია.

_ რა უნდა გაკეთდეს, საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა რომ გახდეს?

_ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს აქტიურობა და დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა არის ამაში ცუდი? მივიდეთ და დაველაპარაკოთ არა იარაღითა და ლანძღვა-გინებით, არამედ გონივრული პოლიტიკით.

_ რუსეთის ხელისუფლების თანხმობის მიუხედავად, რატომ ვერ შედგა ეს მოლაპარაკება აქამდე?

_ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არიან პროდასავლური კურსის გამტარებელი პარტიები, ხოლო პრეზიდენტი, რომლის პრეროგატივაცაა ამ საკითხის გადაწყვეტა, პირიქით იქცევა _ ლომჯარია-გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და “თავისუფალ ზონასთან”, ამ მასონურ ორგანიზაციებთან ერთად, კულუარებში წყვეტს სახელმწიფოებრივ საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ამერიკაში და იქიდან გვიღიმის ამერიკული ღიმილით. არადა, ჩვენ საქმე გვინდა და არა ღიმილი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ რუსეთთან ურთიერთობა. ყველას ყელში ამოუვიდა ეს ამერიკული ღიმილი. უნდა გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას: გვინდა, ამ მიმართულებით ვიაროთ და გვიჭერთ თუ არა მხარსო. როგორც მთავარსარდალს, მას აქვს ბერკეტები, რომლებიც უნდა გამოიყენოს, მაგრამ ასე არ იქცევა, რადგან დასავლეთისა და რესპუბლიკელების გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს ცოტა ართულებს და ახანგრძლივებს ამ ვითარებას, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.

_ არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თუ დარჩა შანსი, იქცეს სუვერენულ სახელმწიფოდ?

_ რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ეს შანსი. რუსეთის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისმა რომელიმე მეზობელმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს სხვა ქვეყნის შეიარაღება, რომელიც მას პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ ჩვენ უნდა დავაყენთ სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი. ამას ვამბობ, როგორც სამხედრო სპეციალისტი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, აღვადგინოთ სუვერენიტეტი და დავიწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის შანსიც გვაქვს გონივრული და ეროვნული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში. თუ ასე მოვიქცევით, მერწმუნეთ, მართლაც გავხდებით სუვერენული სახელმწიფო და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. ხოლო, თუ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაკვეთებს შევასრულებთ, დამოუკიდებლობა არასდროს გვეღირსება. ერთადერთი გამოსავალი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here