Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

491

10 სტალინური დარტყმა

დარტყმა # 3

ჟუკოვის არათანმიმდევრული მხედრული მოქმედების გამო, ფელდმარშალმა მანშტეინმა მცირე საჯარისო ქვედანაყოფით შეძლო, გამომძვრალიყო კამენეცკადოვსკის რკალიდან და ჰიტლერს ფერხოვის საზაფხულო რეზიდენციაში ხლებოდა დახმარების სათხოვნელად.

ჰიტლერმა მოუსმინა ფელდმარშალს და უთხრა:

_ არ მაქვს საშუალება, მოგცეთ დამატებითი ძალები თქვენი მიზნების განსახორციელებლად, თქვენ ყოველთვის მზად ხართ მანევრირებისთვის. შემოდგომაზე მეუბნებოდით, რომ შეინარჩუნებდით დნეპრს, მას შემდეგ, რაც დნეპრი დაკარგეთ, მარწმუნებდით, რომ გამაგრდებოდით დნეპრის მეორე ნაპირზე, იქიდანაც გაგაძევეს. თქვენ ჩააბარეთ კიევი, შემდეგ კი _ დნეპრის მარჯვენა მხარის უკრაინა.

ამით თითქოს დასრულდა საუბარი ფელდმარშალ მანშტეინთან, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფიურერმა ის კვლავ თავის კაბინეტში დაიბარა ევალდ ფონ კლეისტთან ერთად (ეს ხდება 1944 წლის 30 მარტს _ გრ. ონიანი). ჰიტლერი ფელდმარშლებს გულითადად შეხვდა, შემდეგ კი განუცხადა, თადარიგში ღირსეულად წასულიყვნენ და ფელდმარშლები სამხედრო დამსახურებისთვის სამახსოვრო ხმლებითა და რკინის ჯვრებით დაჯილდოვა.

ჰიტლერის ეს ღირსეული ჟესტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა სტალინისთვის. თუ ჰიტლერი ბრძოლიდან გაქცეულ დამარცხებულ ფელდმარშლებს აჯილდოებს უმაღლესი ჯილდოთი, მას უფრო დიდი საფუძველი ჰქონდა, თავისი შერცხვენილი და ნაკლებად დამარცხებული “გამარჯვების მთავარსარდალი” დაეჯილდოვებინა, მაგრამ სტალინმა ეს, რა თქმა უნდა, ჰიტლერის სცენარის მიხედვით არ გააკეთა.

1944 წლის 10 აპრილს, როდესაც მთელი მოსკოვი გრგვინავდა მორიგი გამარჯვების სალუტისგან, დიქტორი იური ლევიტანი მსოფლიოს გასაგონად კითხულობდა ბრძანებას, რომ ბრძოლებში გამარჯვებისა და გამოჩენილი მამაცობისთვის შეიქმნა უმაღლესი ორდენი (გამარჯვების ორდენი), რომლითაც პირველი დაჯილდოვდებიან საბჭოთა კავშირის მარშლები _ ვასილევსკი და ჟუკოვი.

“გამარჯვების ორდენით” ჟუკოვის დაჯილდოების ბრძანებაში არაფერი იყო ნათქვამი უახლოესი პერიოდის ბრძოლებზე, რომლებშიც ჟუკოვმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ბრძანება მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა _ ჟუკოვი შეფასებული იყო, როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებების საუკეთესო შემსრულებელი და სხვ.

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჟუკოვისთვისგამარჯვების პირველი ორდენის მინიჭებამისი ბრძოლის, სიმამაცისა და შემოქმედების შედეგი კი არ იყო, არამედ ფელდმარშალ მანშტეინის დაჯილდოებისა და იმ კაცურკაცობის გამოხატვის წყალობით მოხდა, რომელიც ჰიტლერმა თავისი დამარცხებული ფელდმარშლების მიმართ გამოიჩინა.

მაგრამ ეს არ დაინახა რუსმა მარშალმა, როდესაც სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველა მისი დიდება და აღიარება თავის სრულ დამსახურებად მიიჩნია და შეეცადა, სტალინი გვერდზე გაეწია. მაგრამ განა შეიძლება კავკასიონის დაძვრა ადგილიდან? ვერც ჟუკოვმა დაძრა სტალინის სახელი.

რუსებს უნდა რცხვენოდეთ, რომ სტალინი ოქროსღილებაჭრილი მარშლის მუნდირით მიწაში უწევთ და ნაგავს აყრიან, ხოლო ჟუკოვი ცხენზე ამხედრებული წითელ მოედანზე გამარჯვების მთავარსარდლად ჰყავთ გამოჭიმული. ამიტომაც უჭირს მსოფლიოს, რუსეთის სიმართლე დაიჯეროს.

სტალინის მიერ ბევრჯერ დაუმსახურებლად დაჯილდოებული და ამაღლებული ჟუკოვი, როგორც მეომარი, სალდაფონური ჟინით დაჯირითობდა ფრონტზე, ის არაფრად აგდებდა ადამიანებს და მათ მხოლოდ იმ ტყვიად მიიჩნევდა, რომელსაც ან პირადი იარაღიდან გაისროდა, ან საარტილერიო ჭურვად გამოიყენებდა.

ჟუკოვმა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ოპერაცია ჩააგდო, მაგრამ სტალინის მეურვეობით კვლავ ჩაუდგა ტრაგიკულად, ბენდერების ღალატით მოკლული ვატუტინის ფრონტს, სასწრაფოდ თათბირი მოიწვია. მოკლე სიტყვაში მან ჩამოაყალიბა, ვინ უნდა დაეჯილდოებინა, ვინ მოეხსნა თანამდებობიდან და ვინ დაეხვრიტა. ის განურჩევლად ყველას პირველ პირში და დედის გინებით მიმართავდა, რასაც ფრონტის ხელმძღვანელი ელიტა ძალაუნებურად იტანდა.

ფრონტის საინჟინრო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ბლაგონრავოვმა, რომელიც უხეში მიმართვის მსხვერპლი გახდა, მარშალ ჟუკოვს უთხრა:

გთხოვთ, შეცვალოთ მიმართვის ტონი და ტექსტი, ყოველგვარიშენ”-ისა და დედის ხსენების გარეშე”.

შენიშვნის მოსმენისთანავე ჟუკოვმა ბუდიდან მაუზერი დააძრო, მაგრამ, ვიდრე მარშალი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანდა იარაღს, გენერალ ბლაგონრავოვის უსწრაფესი მოძრაობით შემართული პარაბელუმი მარშლის მკერდზე იყო დამიზნებული. გენერალი, დარწმუნებული, რომდუელსაუცილებლად მოიგებდა, ჩახმახის გამოსხლეტას არ ჩქარობდა. ჟუკოვმა თავისი მაუზერი კი გაასწორა, მაგრამ გასროლა ვერ გაბედა, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ სწრაფი რეაქციის მქონე მოწინააღმდეგე სროლას უკეთ შეასრულებდა, ან გაუელვა აზრმა, რომ არ აპატიებდნენ (თვით სტალინიც კი) სახელგანთქმული გენერლის სახალხოდ დახვრეტას (თუკი მოახერხებდა _ გრ. ონიანი). იარაღი პირველმა ჟუკოვმა დაუშვა და ადიუტანტს გადააწოდა. ბლაგონრავოვმა კი თავისი იარაღი მშვიდად ჩააბრუნა ბუდეში. “დუელიარ შედგა, მაგრამ მოხდა ის, რომ ახალჩაბარებული ფრონტის ხელმძღვანელობის წინაშე ფრონტის სარდალმა პირველივე საათში ჩაისვარა. გენერალმა ბლაგონრავოვმა კი ღირსეულად დაასრულა ომი.

ჟუკოვს ახასიათებდა ასეთი გამოხდომები და თვითნებობა, რისთვისაც ბევრჯერ დაუსჯია სტალინს, მაგრამ არცთუ იშვიათად დაუსჯელიც დარჩენილა.

“სტალინმა ერთხელ დანანებით შენიშნა:

_ რომ შეიძლებოდეს ადამიანების ხასიათების შერწყმა, სიამოვნებით შევაერთებდი ვასილევსკისა და ჟუკოვის ხასიათებს და შუაზე გავყოფდი მათ”, _ იგონებს მარშალი გოლოვანოვი.

მესამე სტალინური დარტყმის განხორციელებას უზარმაზარი ძალისხმევა და დრო დასჭირდა. ჯერ უნდა მომზადებულიყო პლაცდარმი ქერჩთან, რათა განხორციელებულიყო ერთიანი დარტყმა, როგორც ყირიმზე, ასევე შავ ზღვისპირეთზე. ქერჩის პლაცდარმის დაკავება წარმატებით განხორციელდა, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა უშუალოდ სტალინის მიერ შექმნილმა “პლასტუნების” (კაზაკების) დივიზიამ მეტალინიკოვის მეთაურობით, რომელსაც უშუალოდ მთავარსარდალი აძლევდა დავალებას და უშუალოდვე იღებდა პატაკს დივიზიის მეთაურისგან. ქერჩის პლაცდარმის შექმნის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა მარშალმა კლიმენტი ვოროშილოვმა, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა, მას ახლდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე სერგეი შტემენკო.

სახმელეთო და საზღვაო დაჯგუფებების შეთანხმებას, რომელიც ძნელად მისაღწევი იყო, ათმა კაცმა მოაწერა ხელი. საფრონტო გადაწყვეტილებს, რომლებიც სტალინს ეგზავნებოდა, ფრონტის სარდალი და შტაბის უფროსი აწერდა ხელს, ხოლო სხვა უფრო რთული საკითხის გადაწყვეტისას ემატებოდა მესამე ხელმოწერა (სამხედრო საბჭოს წარმომადგენლის). ეს კარგად იცოდა შტემენკომ, მაგრამ არ იცოდა კლიმენტი ვოროშილოვმა და სტალინთან თავის დაზღვევის უფრო მეტი გარანტიის გასანაღდებლად გადაწყვიტა, შექმნილ დოკუმენტზე ათი კაცისთვის მოეწერინებინა ხელი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც შტემენკო იყო, მაგრამ მარშლისა და სამხედრო საბჭოს წევრის წინაშე ვერაფერს გახდა. სტალინმა, მოგვიანებით, როდესაც ქერჩის ოპერაციის ბრწყინვალე შესრულებისთვის ჯილდოებს ანაწილებდა, ანტონოვს უბრძანა, შტემენკოსთვის მისაცემი ჯილდოს ხარისხი ერთი საფეხურით დაემდაბლებინა, _ ქერჩში კოლექტივის კრების არჩევნები მომიწყო, ვოროშილოვმა კარგი და, არ იცოდა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, როგორც გენშტაბის წევრმა, როგორ დგებოდა ზემდგომთან წარსადგენი მოხსენებაო.

ყირიმის ოპერაციის ბოლო მომენტიც დადგა. 28 მარტს უკრაინის მესამე ფრონტი თავის შემადგენლობაში ითვლიდა 57 მსროლელ და 3 ცხენოსან დივიზიას. სატანკო და მექანიზებულ კორპუსებში გაერთიანებული იყო 470 000 კაცი 12 678 ერთეული იარაღითა და ყუმბარსატყორცნით, 435 ტანკითა და თვითმავალი ჯავშანმანქანით, 436 საბრძოლო თვითმფრინავით. მოწინააღმდეგეს კი ამ მომენტისთვის ჰყავდა 6 გერმანული და 3 რუმინული არმია (20 დივიზია _ 16 გერმანული და 4 რუმინული), ორი სატანკო ბატალიონი, 6 ბრიგადა, რომელშიც გაერთიანებული იყო 350 000 კაცი, ყუმბარსატყორცნებითა და 160 ტანკით. ამავე მიმართულებით შეიძლება გამოეყენებინათ 550 საბრძოლო თვითმფრინავი.

26 მარტს უკრაინის ფრონტის მარჯვენა ფრთამ და ცენტრმა უმძლავრესი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეს და საბჭოთა მეომრებმა გადალახეს ბუგის სამხრეთი ტერიტორია, ფრონტის მარცხენა მხარემ კი დაიწყო შეტევა ნიკოლაევის მიმართულებით.

ლეგენდარული მარშლის, კონევის, მარცხენაფლანგელებმა გააფართოეს ბრძოლის არეალი და 45 კილომეტრით წინ წაიწიეს. მალინოვსკის ჯარებმაც დაგეგმილ საზღვრებზე გაცილებით წინ წაიწიეს და მიუახლოვდნენ ახალ ოდესას.

26 მარტს, ღამის 4 საათსა და 15 წუთზე, საზღვაო ქვეითებმა ფარულად შეაღწიეს პორტში, მოხსნეს საყარაულო პოსტები და მთლიანად დაიკავეს პორტი და მიმდებარე რაიონი.

დილით გერმანელებმა ცხარე ბრძოლა გაუმართეს მეზღვაურებს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. პორტში გამაგრებული მედესანტეები გააფთრებით იბრძოდნენ. ორი დღის განმავლობაში მათ მოიგერიეს მტრის 18 შემოტევა, მაგრამ უმრავლესობა დაიხოცა. გადარჩა მხოლოდ 11 მეზღვაური ზემდეგი კირილე ბოჩკოვიჩის მეთაურობით, რომელიც პოზიციებს 28 მარტის დილამდე იცავდა, შემდეგ კი პორტში შემოიჭრნენ საბჭოთა მეომრები “ვაშას” ძახილით.

 იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული 11 მეთაურის თავგანწირვის ამბავი ყველასთვის არ არის ცნობილი, ისტორია არასდროს დაივიწყებს მათ გმირობას, როგორც სამშობლოს ერთგულებისა და პატრიოტიზმის უბრწყინვალეს მაგალითს.

1944 წლის 10 აპრილს საბჭოთა ჯარების გმირულმა თავგანწირვამ უზრუნველყო ოდესის გაწმენდა ფაშისტი დამპყრობლებისგან.

მსგავსი და უფრო რთული საბრძოლო მოქმედებები ჩატარდა ყირიმისა და სევასტოპოლის გასათავისუფლებლად.

აი, ასეთი იყო ათი სტალინური დარტყმის მესამე დარტყმა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here