Home რუბრიკები საზოგადოება ქალებზე ძალადობის დონე გაცილებით მაღალია დასავლეთის ქვეყნებში ვიდრე საქართველოში

ქალებზე ძალადობის დონე გაცილებით მაღალია დასავლეთის ქვეყნებში ვიდრე საქართველოში

2360

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ ვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია

ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობის მაჩვენებლები დაბალია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ისე წარმოაჩენენ, თითქოს ქალების ჩაგვრისა და მათზე ძალადობის მეტი ჩვენს ქვეყანაში არაფერი ხდება. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ პრობლემაშექმნან და მსუყე დაფინანსებაც მიიღონ. ეს ორგანიზაციები ასიათასობით (თუ მილიონობით) დოლარის გრანტებს იღებენ, სამაგიეროდ, დამფინანსებლების ინტერესებს კბილებით იცავენ ეროვნული ინტერესების საზიანოდ, ეროვნულ სატკივარზე კი კრინტს არ ძრავენსწორედ ამ პრობლემას ეძღვნება გაზეთსაქართველოს დემოგრაფიაშიგამოქვეყნებული მასალა, რომელსაც თითქმის უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხი ზოგს მეტად აქტუალურად მიაჩნია, რადგან თითქოს არსებობს ოჯახში ქალის მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და სხვა შემაშფოთებელი მონაცემები. ოჯახში ქალის მიმართ ძალადობის ფაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებშიც არსებობს და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება ნაადრევი ქორწინების ფაქტებს, ამ მაჩვენებელმა საქართველოში მართლაც მოიმატა, მაგრამ არა შემაშფოთებლად.

დასავლეთის ქვეყნებში 13-15 წლის გოგონების საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურ ცხოვრებას ეწევა და ამის გამო უამრავ პრობლემას აწყდება, მათ შორის, ჯანმრთელობისა და განათლების მიღების უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით. როდესაც გოგონა სექსუალურ კონტაქტს თვლის, როგორც ადამიანის არსებობის უმთავრეს მიზანს, ახალგაზრდულ ენერგიას ვერ იყენებს თავისი პიროვნების სრულყოფისთვის, ვიწროვდება მისი ინტერესების სფერო, ინერტული ხდება ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ და ყველაფერი ადამიანური მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების გარშემო იყრის თავს. სწორედ ამ მოვლენაზე თქვა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფრენსის ბეკონმა: “თავაშვებული ახალგაზრდობა შეთქმულებაა სიბერის წინააღმდეგ. ჩვენ საღამოს ძვირად ვზღავთ დილით ჩადენილი ცელქობისათვის”. შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რაც დასავლურ სამყაროს ემუქრება. რაც შეეხება გოგონების ნაადრევი ქორწინების ფაქტებს, იგი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ, სულიერ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარი კატაკლიზმების შედეგია და ბოლო წლებში, გარკვეულწილად, შემცირდა.

გოგონების მიერ სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება უამრავ უარყოფით მოვლენას უკავშირდება და ეს კარგად უნდა გააცნობიერონ სრული გენდერული თანასწორობის აპოლიგეტებმა.

ამ საკითხებს ჩვენ ქვემოთ ფართოდ შევეხებით, ახლა კი ცოტა რამ ისტორიიდანაც გავიხსენოთ.

თანამედროვე ეპოქაში ქალზე ძალადობის ფორმები თითქმის არ შეცვლილა და დღეს ისინი დიდად არაფრით განსხვავდება, თუ უფრო მძიმეც არ გახდა შუა საუკუნეების ფორმებთან შედარებით. ძველ დროში სამართალი და მორალი განსაკუთრებით მკაცრი იყო ქალების მიმართ. ქმრის დაუკითხავად ქალის შინიდან გასვლაც კი საკმარისი მიზეზი იყო განსაქორწინებლად. ეს სათავეს იღებდა შორეული წარსულიდან, როდესაც ქალი სრულიად უუფლებო და ქმრის ყოველი სურვილის უყოყმანო შემსრულებელი გახლდათ. მოგვიანებით ქალის აუტანელი მდგომარეობა ტრადიციული წეს-ჩვეულებების ფარგლებში მოექცა, ღრმად გაჯდა საზოგადოების გონებაში და ადამიანებს დღესაც უჭირთ ქალზე ათეული საუკუნეების წინათ ჩამოყალიბებული თვალსაზრისისგან განთავისუფლება.

ასე იყო ძველ საქართველოშიც. “შუშანიკის წამების” მიხედვით, ქალს არ შეეძლო ოჯახიდან ქმრის დაუკითხავად სადმე წასვლა და ამით ქმრის “ხატის დამხობა”. ახლაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შინიდან ქალის დაუკითხავად გასვლა ოჯახის ღირსების შელახვად მიაჩნიათ. მაგალითად, იორდანიაში მამამ ქალიშვილი რკინის ჯაჭვის ცემით მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მეგობრებთან ერთად დაუკითხავად გავიდა ქუჩაში სასეირნოდ. ამჟამადოჯახის ღირსებისდაცვის მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 4 ათას ქალს უსპობენ სიცოცხლეს.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ თანამედროვე მსოფლიოში არაფერი შეცვლილა? შეიცვალა და თანაც ბევრი რამ. ქალი სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება, იგი ესწრაფვის სრულად გამოიყენოს თავისი ინტელექტუალური შესაძლელობები, ზრუნავს კარიერაზე, თანდათან ქრება დისკრიმინაცია განათლებისა და დასაქმების სფეროში. ამაში ქალს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიც ეხმარება. მიუხედავად ამისა, ქალის მდგომარეობა მაინც მძიმეა, განსაკუთრებით _ განვითარებად ქვეყნებში.

როგორი იყო ქალის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში?

ძველ საქართველოში ოჯახის მეტად მყარი და ყოველმხრივ ჩამოყალიბებული ინსტიტუტი არსებობდა. ამას ნათლად მოწმობს ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ძეგლი “შუშანიკის წამება”, რომელშიც წარმოდგენილია საოჯახო ცხოვრების სურათები. მართალია, ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობა შეზღუდული იყო, მაგრამ ეს დამახასიათებელი გახლდათ იმჟამინდელი ცივილიზებული სამყაროსათვის _ ქმარი ოჯახის უფროსია და ქალი მას ემორჩილება.

“შუშანიკის წამების” მიხედვით, ქალს ნება არ ჰქონდა, მამაკაცთან ერთად ეჭამა პური. ამასთანავე, ნაწარმოებიდან არ ჩანს, რომ ქალი მთლიანად ქმრის მონა-მორჩილია _ შუშანიკი ხშირად არაფერს უთმობს თავის მეუღლეს და საკმაოდ გამომწვევადაც იქცევა. გავიხსენოთ სცენა, როდესაც შუშანიკმა ქმრის თანდასწრებით მაზლის ცოლსჭიქა პირსა შეალეწა”. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მისი ღრმა რწმენით, საიქიოში ბოლო მოეღება მამაკაცისა და ქალის უთანასწორობას, სადაც “არა არს რჩევაი მამაკაცისაი და დედაკაცისაი”, ანუ შუშანიკს გათვითცნობიერებული აქვს ამ უთანასწორობის არსი და მას ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც ებრძვის. ასეთი ქალი კი ქმრის მონა-მორჩილად, არ შეიძლება, შევრაცხოთ. ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია “ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამი სიტყვები, რომლებიც უფლისაგან მოისმინა ქართველთა განმანათლებელმა ნინო კაბადოკიელმა მცხეთაში წასვლის წინ: არცა დედაკაცები არს, არცა მამაკაცები, არამედ ყოველნი ერთ ხართ. ეს ამბავი IV საუკუნის პირველ მეოთხედში ხდება.

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ოჯახის სიწმინდეს და ასეთ ოჯახს ერისა და ქვეყნის საფუძვლად მიიჩნევდნენ. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ქალის, როგორც დედის, მეოჯახის, სიწმინდისა და ნამუსის, როგორც სიცოცხლის მუდმივი განახლების წყაროს კულტი აგრერიგად გამოიკვეთა ქართულ მწერლობაში. ძველქართულ საერო ლიტერატურაში შემთხვევით როდია ნათქვამი: ქალისა მზითევი არს სიწმინდე და ნამუსი”. არც ახალგაზრდობისადმი შემდეგი დარიგებაა შემთხვევითი: ცოლი ღირსი იყოლიედა მზითვად ბუნება იკითხე მისი”.

ქართული სამართალი ქალის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უფრო ლოიალური იყო, ვიდრე მეზობელ და ევროპის ქვეყნებში. მაშინ, როდესაც მე-16 საუკუნის ევროპაში კუდიანების დევნამ აპოგეას მიაღწია და, ზოგიერთი მონაცემით, მილიონზე მეტიკუდიანისიცოცხლეს საშინელი წამებით გამოასალმეს (მათი 85 პროცენტი ქალი იყო), საქართველოში არც ერთი ქალი სიკვდილით არ დაუსჯიათ _ ამას არც სამართალი ითვალისწინებდა. ამასთანავე, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდში საბერძნეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში, ქმარს შეეძლო მოეკლა ცოლი, შვილიც კი და ამისთვის პასუხს არ აგებდა. სომხეთში ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში პატრიარქალური ოჯახის უფროსს, მამაკაცს, შეეძლო ცოლის, შვილსა და უშვილო ძმის ან დის მოკვლაც კი. ამის შესახებ მოგვითხრობს სირიელი გნოსტიკოსი ვარდესანი. ფეოდალურ საქართველოში კი სამართლის ნორმების მეშვეობით იკრძალებოდა ქალზე ფიზიკური ძალადობა, მისი ლანძღვა და გინება. ვახტანგ ბატონიშვილის სამართლის 64-ე მუხლი სწორედ ამ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას: კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს, და ურიგოს უშურებოდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს, ავად მოეპყრას. და კათალიკოზმაც ასრე იყოს”. სამაგიეროდ, “თუ ცოლმან ქმარს ან სცეს, ან დაჭრას, დიდი გვემა და ტანჯვა უყოს კათალიკოზმან”.

ასეთი სამართლებრივი ნორმების მქონე ქვეყანაში ძნელია, საუბარი ქალების მიმართ მასობრივ ძალადობაზე.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების მიხედვით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში იდეალური იყო. ქალის უფლებრივი მდგომარეობა, მამაკაცებთან შედარებით, განიხილებოდა როგორც დამცირებული და საზოგადოებრივი შეგნება ჯერ კიდევ არ იყო მზად, თამამად ემსჯელა ამ მტკივნეულ პრობლემაზე. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ქალი ქმრის მონამორჩილი, მისი ყოველგვარი სურვილის უსიტყვო აღმსრულებელი იყო. სამართლებრივი ნორმების გარდა, ამის თქმის უფლებას გვაძლევს ჰაგიოგრაფიული და საერო ლიტერატურა, იტალიელი მისიონერებისა და ევროპელი მოგზაურების ნაშრომები _ მაგალითად, ფრანგი კონსულის _ გამბას, იტალიელი მისიონერის _ კასტელისა და სხვ. რუსთაველმა კი დაგვიხატა “უთვალავი ფერით” შემკული მშვენიერი სამყარო, სადაც ქალი ყოველმხრივ სრულყოფილ ადამიანად არის მიჩნეული, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო შუა საუკუნეების ისტორიაში.

მიუხედავად ყველაფრისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აგრეთვე, ტელეკომპანიარუსთავი 2”-მა და სხვა ტელევიზიებმაც ერთი ამბავი ატეხეს, _ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მძვინვარებს, სამართალდამცავი ორგანოები კი ამ მძიმე პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებენო. ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ. რამდენიმე თვის წინათ ყოფილმა ქმარმა ლექტორ მეუღლეს ილიას უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა, იარაღის გასროლით მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ახლახან თელავში შემზარავი ფაქტი მოხდა: მამაკაცმა ქალი სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ორივე შემთხვევაში ფსიქიკის დარღვევასთან გვაქვს საქმე და სამართალდამცავი ორგანოები არაფერ შუაშია. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები, განსაკუთრებით _ ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და კახა კოჟორიძე, როდესაც მძიმე ეროვნული პრობლემებია გადასაწყვეტი, ხმას არ იღებენ, ასეთ შემთხვევაში კი აკაკანდებიან და ყველაფერს მთავრობას აბრალებენ… აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ: როდესაც საზოგადოებას მოვუწოდებთ სრული გენდერული თანასწორობისკენ, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ გამოიწვევს ეს ოჯახის კრიზისს, რომლის ნიშნები თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო აშკარად იკვეთება. ბუნებამ ქალს სიცოცხლის გაგრძელების დიდი მისია დააკისრა. ბავშვის დაბადება, “ბუნების უმშვენიერესი აქტი”, როგორც მას ოსი ხალხის დიდმა შვილმა კოსტა ხეთაგუროვმა უწოდა, არსთა გამრიგემ ქალს დააკისრა და ჩვილის მოვლის პრიორიტეტიც მასვე არგუნა წილად. ჩვენს წინაპრებს ოჯახი ერის, ქვეყნის ბურჯად, ხოლო ქალები ეროვნული სულიერი ცხოვრების დამცველებად, ახალგაზრდების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის მთავარ ძალად მიაჩნდათ და მათდამი უდიდეს პატივისცემას გამოხატავდნენ, მაგრამ ისინი უთავბოლო გენდერული თანასწორობის მომხრენი არ ყოფილან. უფალმა ამ ცხოვრებაში ქალსა და მამაკაცს თავიანთი როლი დააკისრა და ნუ ვეცდებით, მათ ფუნქციებში ხელოვნურად ჩარევას. მამაკაცისა და ქალის შრომას შორის დიდი განსხვავებაა. მამაკაცის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი უფრო მეტად შემოქმედებითი შრომისათვის არის მოწოდებული, ხოლო ქალი მონოტონურ შრომასაც სიამოვნებით ასრულებს. ხშირად მკვეთრად გამიჯნულია პროფესიები სქესის მიხედვით. მაგალითად, ვერსად ნახავთ კონვეიერზე მომუშავე მამაკაცს, რომელზეც შრომა მონოტონურია. საბავშვო ბაგა-ბაღებშიც მხოლოდ ქალებია დასაქმებული, მედიცინის დებადაც მხოლოდ ქალები მუშაობენ, სამაგიეროდ, ვერსად ნახავთ ტექნიკის შემკეთებელ ქალს, თუმცა ეს სამუშაო მაინცდამაინც მძიმე არ არის და შემოსავლიანია. ქირურგების დიდი უმრავლესობაც მამაკაცები არიან და ა. შ. მამაკაცი ბუნების მიერ უფრო შემოქმედებითი, ახლის ძიების უნარით არის დაჯილდოებული. დიდი ტექნიკური მიღწევები, კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრული შედევრები, ხუროთმოძღვრების ძეგლები, უკლებლივ მამაკაცების შექმნილია, და იქ ქალის ხელი საერთოდ არ ურევია, თუმცა ქალის თანადგომის, მათი როგორც შთაგონების წყაროს გარეშეც, ღირებული არაფერი შექმნილა.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას მამაკაცებიც განიცდიან ქალების მხრიდან, როცა, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, დიაცს ჭკვა ენაზე აკრავს, ფიქრი თმებშია წასული”. და ამის მომსწრენიც ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ამ პრობლემას არავინ იკვლევს.

ბოლო ხანს ბეჭდვითი და განსაკუთრებით ელექტრონული მედიასაშუალებები ერთხმად გაჰყვირიან საქართველოში გენდერული უთანასწორობისა და ქალების მიმართ ძალადობის მომატების შესახებ. განსაკუთრებით აქტიურობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან, თუ პრობლემა მწვავედ არ წარმოაჩინეს, არავინ დააფინანსებს. შედეგად ქმნიან არასწორ, ხშირად უაღრესად მძიმე წარმოდგენას ქვეყანაში ქალების მდგომარეობის შესახებ _ თითქოს ქალების მდგომარეობა საქართველოში ყველა ქვეყანაზე გაცილებით მძიმე იყოს. არადა, ჩვენთან ჩატარებული ფუნდამენტური გამოკვლევები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განზრახ დაჩემებული მოსაზრებების საწინააღმდეგო ვითარებას გვიჩვენებს. კერძოდ, 2006 წელს მოსახლეობის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევის ეროვნული ინსტიტუტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩაატარა პირველი ტალღა გამოკვლევისა “ოჯახური ურთიერთობები და თაობათა ურთიერთდამოკიდებულება”. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ რეგიონში გამოკითხულ იქნა 18-79 წლის 10 ათასი რესპოდენტი, მათ შორის, 4405 მამაკაცი და 5595 ქალი. 2009 წელს ჩატარდა გამოკვლევის მეორე ტალღა. 2006 წელს გამოკითხული ათი ათასი რესპონდენტიდან მოიძებნა და განმეორებით გამოიკითხა 8303.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის მხრივ კატასტროფული ან რამდენადმე მძიმე ვითარებაა, არადა, სწორედ ასეთი სურათის წარმოჩენა სურთ, “ნაციონალური მოძრაობისლიდერებს, მათი ჯიბის ტელევიზიებსა და მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია, გაურკვევლობა დათესონ საზოგადოებაში.

ოჯახში გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მამაკაცისა და ქალის თანაბარი მონაწილეობა ბიუჯეტის მართვაში. ზემოაღნიშნული გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახების ნახევარზე მეტში მეუღლეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ოჯახის ბიუჯეტის ხარჯვისას, თუმცა ქვეყნის ყოველ მეხუთე ოჯახში ფულად შემოსავალს ქმარი განკარგავს.

რესპონდენტთა 36,4 პროცენტის აზრით, ქალებსა და მამაკაცებს შორის სრული თანასწორუფლებიანობაა, ანალოგიური გამოკვლევის მიხედვით, საფრანგეთში იგივე მდგომარეობაა (36,6 პროცენტი). ამასთანავე, საქართველოში ოჯახში გადაწყვეტილებების მიღებისას დომინირებენ ქალები _ 41,3 პროცენტი, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 56,0 პროცენტია, მამაკაცების დომინირება საოჯახო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაბამისად, 22,3 და 7,4 პროცენტით გამოიხატება. ამრიგად, გამოკვლევის მიხედვით, “გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალის როლის თვალსაზრისით საქართველო დიდად არ ჩამორჩება საფრანგეთს. ორივე ქვეყანაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული ისეთი ოჯახები, სადაც ქალი დომინირებს საოჯახო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან პარტნიორები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას ყველა საოჯახო საკითხზე.

ქალთა მიმართ ძალადობის დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფუნდამენტურმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა საქართველოში 2010 წელს 15-44 წლის ქალებში. ინტერვიუ აღებულ იქნა 6292 ქალისაგან ქვეყნის ყველა რეგიონში. კვლევა ჩაატარა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად. კვლევისას ტექნიკური დახმარება კითხვარის შემუშავების, წვრთნის, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასწია. კვლევამ გამოავლინა ფიზიკური და სქესობრივი ძალადობის დაბალი მაჩვენებლებიბოლო 12 თვის განმავლობაში”. კერძოდ, გამოკითხული ქალების მხოლოდ 1,4 პროცენტმა აღნიშნა პარტნიორისაგან ფიზიკური ძალადობის, ხოლო 0,5 პროცენტმა სქესობრივი ძალადობის შემთხვევები. სიტყვიერი ძალადობის მაჩვენებელი 8,4%- უდრიდა, რაც მაღალი გენდერული თანასწორობის მაჩვენებელია.

ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესწავლს შედეგად ყველა მკვლევარი აღიარებს, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესწავლისას ზოგიერთი კითხვა სრულიად უადგილოდ და არაფრის მომცემად მიგვაჩნია, ერთ-ერთი კითხვა ითვალისწინებდა იმ მიზეზების შესწავლას, რომელთა გამოც ქალს შეუძლია, მეუღლეს უარი უთხრას სქესობრივ აქტზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ცოლს არ სურს. გავბედავ და ვიტყვი, რომ საქმე სწორედ ისეა, როგორც დავით გურამიშვილი აღნიშნავს “ქაცვია მწყემსში”: “ქმარს რომ უნდოდეს მასთან მიდება, ეტყვის: “დამეხსენ, მე არ მინდება”. მაგრამ დავით გურამიშვილთან ისეთ ცოლზეა საუბარი, რომელიც “მალვითა, ფარვითა, ქურდულად პარვითა უცხოს კი მისცეს”. მთავარი აქ არის ის, რატომ ცდილობენ რესპონდენტის ლოგინში ქექვას. ქართული სიბრძნე ამბობს, _ ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო. და თუ ქმარმა მრავლისმომსწრე ლოგინში მეუღლე ცოტა დაჟინებითაც შეაწუხა, მით უმეტეს, “როცა სისხლი დუღს, ენა ფიცით არ იღლება,” და თუნდაც სურვილის გარეშე დაითანხმა, ეს უკვე ცოლის გაუპატიურებად ითვლება(?!). საინტერესოა, რას დაარქმევენ ამ გამოკვლევის ავტორები საპირისპირო შემთხვევას, ანუ როცა ქმარი ეუბნება უარს ცოლს

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ისტორიულად, სამართლებრივი ნორმები, ადათები, ტრადიციები და ცხოვრების წესი გაცილებით უკეთესად იცავდა ქალის ღირსებასა და პატივს, ვიდრე რიგ მეზობელ თუ ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, იმდროინდელი საზოგადოებრივი ცნობიერების ფარგლებში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ ვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს მოსაზრება გამყარებულია სტატისტიკური მონაცემებითაც, რომლებიც წარმოაჩენს ვითარებას სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკელმა მამაკაცებმა 1967-1973 წლებში 17 500 ქალი და ბავშვი მოკლეს. აშშში ქალთა სამოცი პროცენტი მოკლულია ქმრის ან მეგობარი მამაკაცის მიერ. შვედეთში პარტნიორის მსხვერპლია 16 ქალი, რაც წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობის ერთ მეექვსედს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, ქალებზე ძალადობის დონე (მაგალითად, მოსახლეობის ყოველ 100 ათას კაცზე მოძალადე მამაკაცების მიერ მოკლული ქალების რაოდენობა) გაცილებით მაღალია დასავლეთის ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ბოლო წლებში ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებმა რამდენადმე მოიმატა, მაგრამ ამაში, ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს სატელევიზიო არხები. ქართული ტელევიზიები, წლებია, განაგრძობენ უშინაარსო, მხატვრულ და შემეცნებით ღირებულებას მოკლებული ფილმების ჩვენებას, რომლებშიც წინა პლანზე წამოწეულია აღვირახსნილი და გაუკუღმართებული სექსი, უაზრო მკვლელობები და სხვა საშინელება. ცოტა ხნის წინათ მის უწმინდესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან მქონდა საუბარი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს დემოგრაფიულ პრობლემებზე. ეს პრობლემები უწმინდესის ინიციატივით წმინდა სინოდსაც მოხსენდა. პატრიარქის მოსაზრებით, უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების გამო საჭიროა, შეიქმნას მთავრობასთან მუდმივმოქმედი საბჭო, ხოლო ახალგაზრდობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა იზრუნონ მთავრობამ, ეკლესიამ და ოჯახმა. ჩვენი ბრძენი პატრიარქის ამ დიდ ეროვნულ მიწოდებას, საჭიროა, მასმედიამაც აუბას მხარი.

დასასრულ, მკითხველს ინგლისურ ხალხურ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებ: “სახლი, რომელშიც მამალი დუმს და დედალი ყივის, უბედური სახლია!”

ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

გაზეთისაქართველოს დემოგრაფია” #4,

2015 წლის აგვისტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here