Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

939

ჩემს მეხსიერებას შემორჩა სასკოლო მერხებზე ჩამორიგებული წითელი ისრებით აჭრელებული ფურცლები, რომლებსაც თავზე დიდი შრიფტით ეწერა “ათი სტალინური დარტყმა”. 

ბავშვის გონებისათვის აღუქმელი იყო, სასწაულმოქმედი წითელი ისრების ცხოვრებაში მოქმედება, რომელიც მსოფლიოს თვალწინ იშლებოდა _ იმხანად ჩვენთვის, მოზარდებისთვის, ჯერ კიდევ ადრე იყო ამის გაცნობიერება, შემდეგ კი ყურადღებას აღარავინ აქცევდა არც იმ ფურცლებს და არც იმ ისრებს. ახალგაზრდობა იმ დიდი მოვლენების მიღმა დარჩა, რომელსაც პლანეტის მოსახლეობა გადაურჩა. ბოროტება, რომელმაც მთელი ცივილიზებული ერის სახელით განაცხადა მსოფლიოს ხალხებზე ბატონობის პრეტენზია, ერთისულელიკაცის ნააზრევი და განზრახვა არ უნდა ყოფილიყო. ადამის მოდგმას, ჩადენილი ცოდვების გამო, ანტიქრისტე მოევლინა და გერმანელ ერს ვალდებულება დაეკისრა, ყოველ მისალმებაზე მისთვის ლოცვა აღევლინა: “ჰაილ, ჰიტლერ!”.

დარტყმა # 2

ღვთისმსახურთაგან ხშირად ისმის მუქარა უფლის მიერ რჯულის კანონის დამრღვევის დასჯაზე, დამსჯელი კი მხოლოდ ერთხელ მოევლინა კაცობრიობას და ისიც ყველაზე განათლებული და ცივილიზებული ერისგან _ გერმანელებისგან.

თუ სიკეთე და ბოროტება ქვეყანაში და ადამიანში ერთდროულად იბადება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მე-20 საუკუნეში სიკეთე ბოროტებაზე ათი წლით ადრე დაბადებულა, მაგრამ ბოროტება, როგორც სარეველა, უფრო მძლავრად იდგამს ფესვებს, უფრო ადვილად ეგუება გარემოს და ნაყოფსაც უფრო ადრე ამწიფებს. ევროპაში ფაშიზმის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები, ვფიქრობ, არც ღმერთს ჰქონდა ბოლომდე გააზრებული, როდესაც დედამიწაზე ამ ყავისფერ ჭირს ამკვიდრებდა და ჰიტლერს აკვანს ურწევდა.

ღმერთმა ადამიანს ბევრი რამ დააკლო სრულყოფილებამდე და გამოთქმა, რომ ღმერთმა ადამიანი თავისი სახის გამომხატველად გააჩინა, სწორი არ არის. ცხოველი გაცილებით მაღალ მაჩვენებლებს ამჟღავნებს თავისი ქცევით, ფიზიკური აღნაგობითა და ჯანმრთელობით, ვიდრე ადამიანი. მაშ, რატომ არის ადამიანი უმაღლესი ქმნილება? არა და არა. ადამიანი ცხოველია, მაგრამ აზროვნებისა და მეტყველების უნარით.

მიხეილ კვესელავა, რომელიც, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, ნიურნბერგი პროცესში თარჯიმნად მონაწილეობდა, თავის ისტორიულ-დოკუმენტური ნაშრომის “ას ერგასის დღის” ერთ-ერთ თავში წერს:

“გერმანიაში ერთ-ერთი ქალაქის თავი და მისი მეუღლე ომის მიმდინარეობისას თავიანთი ქალაქის გარეუბანში იმ ადგილის დასათვალიერებლად წავიდნენ, სადაც საკონცენტრაციო ბანაკი იყო მოწყობილი. დათვალიერების დროს ერთ-ერთ ორმოს მიადგნენ, სადაც დახოცილი ადამიანები იყო ჩაყრილი. ორმოში მიცვალებულთა შორის მოძრაობა შენიშნეს, აღმოაჩინეს პატარა ბავშვი, რომელიც მიცვალებულებს შორის დაფოფხავდა და მიცვალებულებს მუცელში ხელს უყოფდა. თურმე ადამიანის სხეულზე ყველაზე ადრე მუცლის არე ლპება და სწორედ ამ დამპალი ადგილიდან ბავშვს ადამიანის ნაწლავები გამოჰქონდა და ღეჭავდა (“დადგება დრო ნაწლავთა ღეჭვისა” _ სახარებიდან) ცოლმა და ქმარმა უხმოდ შეხედეს ერთმანეთს, მანქანაში ჩასხდნენ და შინ გაემართნენ. ორივემ თავ-თავიანთ აბაზანებს მიაშურეს. განიბანეს, განიშრეს, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვეს და ,კომოდის უჯრიდან რევოლვერები გამოიღეს. ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ გამოსამშვიდობებელი, ერთდროულად ორი გასროლა მოხდა და ორი პატიოსანი ადამიანის სულები უკვდავებაში გადასახლდა”.

მაშ, სად არის აქ ადამიანი: იქ, საერთო სამარხში, სადაც უწესრიგოდ ეყარა ადამიანთა გვამები, თუ იქ, სადაც პატარა ბავშვი ადამიანებს დამპალი მუცლიდან ნაწლავებს აცლიდა, რათა ეღეჭა, თუ იქ, იმ ოთახში, სადაც მომხდარის ნახვით შეძრწუნებულმა ცოლქმარმა ერთმანეთი დახოცეს?

იმპერიის მცველს, თხრილში გვამების ჩამყრელს, ქამრის ბალთაზე ეწერა “ღმერთი ჩვენთანაა”. ბავშვი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად დამპალი მუცლიდან ნაწლავებს ექაჩებოდა და ღეჭავდა, ცდილობდა, უფრო ცხიმიანი ნაწლავი შეხვედროდა. ცოლი და ქმარი, რომლებიც ერთმანეთს ტყვიას უმიზნებდნენ, თავიანთი სულის გადასარჩენად სწირავდნენ სიცოცხლეს. მაშ, რომელია აქ მოვალეობის გარეშე დარჩენილი? _ ფიურერი, რომელიც საერთო ორმოში ყრიდა სრულიად უდანაშაულო ადამიანების გვამებს; ბავშვი, რომელმაც თავი უნდა გადაირჩინოს თუ მორწმუნე ცოლ-ქმარი, რომლებიც თვისტომის ქმედებამ შეაძრწუნა?

ადამიანო, ეს შენ ხარ! ეს ჩვენ ვართ, თითოეული!..

სამი წლის განმავლობაში მეორე ფრონტის გაუხსნელობით ნაღალატევი სტალინი სულ სხვა მიზნებითა და გეგმებით ხვდებოდა დამდეგ 1944 წელს.

ოპერატიულ რუკებზე დაუტანელ და სამხედრო საიდუმლო თათბირებზე ჯერ კიდევ გაუმჟღავნებელ საკითხებს კიდევ ერთხელ აზუსტებდა და აკონტროლებდა გონებაში და გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადებოდა.

ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთ თავს უნდა ემუშავა და სხვას შეესრულებინა. ახალი წლის წინა ღამეს სტალინმა კიდევ ერთხელ დახედა სალვადორ დალის მიერ არცთუ დიდი ხნის წინათ შექმნილ სურათს _ “გეოპოლიტიკური ბავშვი აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას” _ და გაახსენდა, რომ ახლის დაბადება უმტკივნეულოდ და სისხლის გარეშე შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს შეეძლო მარტივი, მაგრამ შინაარსიანი ტილოების შექმნა, მან იმ ღამეს რატომღაც კვერცხი აირჩია ტილოდ (ვარაუდობენ, რომ სალვადორ დალის მიბაძვით), დალის გატეხილი და სისხლიანი კვერცხი გაამთელა და წითლად შეღება, რაც, როგორც სანდო წყაროები გვიმტკიცებენ, ევროპის სრულად გაწითლებას ნიშნავდა.

თავისი ბლოკნოტის ფურცელზე კი ფანქრით ჩამოწერა:

*პირველი დარტყმა: იანვარი, 1944 წელი. ლენინგრადი. ბლოკადის მოხსნა.

*მეორე დარტყმა: თებერვალი, 1944 წელი. უკრაინა. კორსუნშევჩენკოს ბლოკადაში მოქცევა.

*მესამე დარტყმა: აპრილი, 1944 წელი. ოდესის, ყირიმისა და სევასტოპოლის გათავისუფლება.

*მეოთხე დარტყმა: ივნისი, 1944 წელი. კარელიაფინეთის გათავისუფლება.

*მეხუთე დარტყმა: ივნისი, 1944 წელი. ბელორუსიის გათავისუფლება.

*მეექვსე დარტყმა: აგვისტო, 1944 წელი. შეტევა უკრაინაზე, მდინარე ვისლის გადალახვა. სანდომირისა და მაგნუშევსკის პლაცდარმების შექმნა ბერლინზე შეტევის განსახორციელებლად.

*მეშვიდე დარტყმა: აგვისტო, 1944 წელი. მოლდავეთის გათავისუფლება, ბულგარეთში შესვლა.

*მერვე დარტყმა: შემოდგომა, 1944 წელი. ბალტიისპირეთის გათავისუფლება.

*მეცხრე დარტყმა: ოქტომბერდეკემბერი, 1944 წელი. უნგრეთში შეჭრა.

*მეათე დარტყმა: ოქტომბერი, 1944 წელი. ფაშისტების განადგურება. იმიერპოლარეთში.

შევეცდები, მოგითხროთ ზოგიერთი სტალინური დარტყმის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. როდესაც სამხედრო სპეციალისტები იკვლევენ ერთი სტალინური დარტყმიდან მეორეზე გადასვლის პროცესს როგორც მოწინააღმდეგის, ისე წითელი არმიის გადაადგილების დროს, ამბობენ, რომ ეს დარტყმები, მათი უზუსტესი გაანგარიშებები ისევე მიეკუთვნება ადამიანს, როგორც ღმერთს. ამიტომაც აღვნიშნე წინა წერილში, რომ 1944-ის ახალი წლის წინა ღამეს ან კაცი მივიდა ღმერთთან ან მძიმე განსაცდელის ჟამს თვითონ ღმერთი გამოეცხადა ადამიანს-მეთქი.

1944-ის ახალი წლის წინა ღამე და მთლიანად 1944 წელი დიდხანს დარჩება ისტორიის მკვლევართა ბერმუდის სამკუთხედად.

1944 წლის იანვარში, თანამედროვე პოლიტიკოსთა ენაზე რომ ვთქვათ, დასრულდა დაუმარცხებელი ხალხის მიერ ვირთხებისა და ქვეწარმავლების ჭამა და ნევისპირა ქალაქმა მსოფლიოს აჩვენა ამტანობის, “ჭირთა შიგან გამაგრებისა” და სამშობლოსადმი ერთგულების ჯერ არნახული და გაუგონარი გმირობა.

ზეიმობდა ცხრაასდღიანი ბლოკადაგამოვლილი ხალხი და ზეიმობდაომის ღმერთიცბრწყინვალე გამარჯვებას.

სტალინმა გადაწყვიტა, მეორე დარტყმა 24 იანვარს დაეწყო და უბრძანა ფრონტის სარდალს _ კონევს, მანშტეინის არმია, რომელიცხაზეინივითიყო მოკალათებული უკრაინაში, უსწრაფესად გაენადგურებინა. ასეთი იყო ღმერთისა და სტალინის ნება.

“ახალ საბრძოლო პოზიციებზე გამაგრებულიც არ ვიყავით, რომ “ვეჩეს” აპარატთან გამომიძახეს სტალინთან დასალაპარაკებლად, _ იხსენებს მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი. _ მან მითხრა:

_ ვატუტინი არასახარბიელო მდგომარეობაშია, ძალიან უჭირს, თუ ასე გაგრძელდა, მოწინააღმდეგე ჟიტომირში შემოვა. მდგომარეობა საგანგაშოა, შეიძლება, გერმანელებმა ბელორუსიის ფრონტსაც დაარტყან. გიბრძანებთ, დაუყოვნებლივ გაემგზავროთ პირველი უკრაინის ფრონტის შტაბში, როგორც პირადად ჩემი წარმომადგენელი. შეისწავლეთ მდგომარეობა ადგილზე და მიიღეთ ყველა ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად!

სტალინის ლაპარაკსა და დავალებას სუსხი და შეუწყნარებლობა შევამჩნიე, სტალინი სხვა დროს ასე არ მესაუბრებოდა.

წინააღმდეგობას ის მიქმნიდა, რომ უკრაინის ფრონტის შტაბში მიმაგრებული იყო სამხედრო საბჭოს წევრი და პოლიტბიუროს წევრი ხრუშჩოვი, რომელიც თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ მაძლევდა, რაც ძალზე მაშფოთებდა, მაგრამ ყველაფრის მცოდნე და გამთვალისწინებელი სტალინი აქაც არ დარჩა უყურადღებოდ და, ვიდრე დანიშნულების ადგილზე ჩავიდოდი, გზაში დაშიფრული ტელეგრამა დამაწიეს. დეპეშაში მითითებული იყო:

“საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ აიღეთ ხელში პირველი უკრაინის ფრონტის ხელმძღვანელობა ყოველგვარი დამატებითი განკარგულების გარეშე, უნდა გააგებინოთ ყველას, რომ ეს განგაში მე შევქმნენი”.

სტალინმა იცოდა, რომ ხრუშჩოვი ახალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ავანტიურას მოაწყობდა, მაგრამ ამისთვისაც მზად იყო და გააფრთხილა კიდეც თავისი “ბაგრატიონი”.

როკოსოვსკიმ და ვატუტინმა ერთად შეიმუშავეს ჯარების დისლოკაციის გეგმა და კორსუნ-შევჩენკოს ოპერაციის სტალინისეული გეგმაც ერთად განიხილეს, რომელშიც არც ერთი შენიშვნა არ შეუტანიათ. გადამწყვეტი შეტევაც დაიწყო. სტალინის ღვთაებრივი ნიჭითა და როკოსოვსკის მიერ მისი ბრძანების უზადო შესრულების შედეგად ალყაში მოექცა მტრის 10 დივიზია და ერთი ბრიგადა _ 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი.

კორსუნ-შევჩენკოს ტრაგედიით შეძრწუნებულმა ჰიტლერმა ბლოკადაში მყოფ ჯარების სარდალ შტემერმანს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო: “შეგიძლიათ, დამეყრდნოთ მე ისე, როგორც ქვიტკირის კედელს, გარწმუნებთ, მალე გამოგიყვანთ ქვაბიდან”. ჰიტლერის მცდელობა _ ალყიდან დაეხსნა თავისი მხედართმთავარი _ უშედეგოდ დასრულდა. ჰიტლერის გამოგზავნილი სატრანსპორტო თვითმფრინავი “ТУ-52” საბჭოთა მეომრებმა მიწას დაანარცხეს. საბჭოთა საჰაერო ძალები უკრაინის ცაზე გაბატონდა, მიწაზე კი სულს ღაფავდა ასეულათასობით გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი.

1944 წლის 8 თებერვალს, 15 საათზე, საბჭოთა პარლამენტარებმა დანებება მოსთხოვეს სასიკვდილოდ განწირულ გერმანელთა დივიზიებს. მეორე დღის 11 საათზე გენერალმა შტემერმანმა უარი განაცხადა ულტიმატუმის შესრულებაზე და ბრძოლის გაგრძელება არჩია. თავგანწირულმა გერმანულმა დივიზიებმა შეძლეს გაფართხალება და 11 თებერვალს გერმანელთა მერვე დივიზიამ ნაწილობრივ გაარღვია ბლოკადის ზღუდე შენდეროვკის რაიონში, რასაც სტალინის უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა. საბჭოეთის ხელმძღვანელის მრისხანება სულ სხვა ფრონტის სარდალს დაატყდა თავს _ კონევს:

_ როგორ დაუშვით, თუნდაც მცირე ნაწილზე გარღვევა?! ჩვენ მსოფლიოს ვაცნობეთ, რომ კორსუნ-შევჩენკოში ასიათასი გერმანელი გვყავს გამომწყვდეული. თქვენ კი მათ ბლოკადიდან უშვებთ? არ უნდა იცოდეთ, რა ხდება მეზობელ ფრონტებზე, ამხანაგო კონევ?

იგრძნო რა მთავარსარდლის უკიდურესი აღშფოთება, კონევმა დამაჯერებლად უპასუხა:

_ ნუ ღელავთ, ამხანაგო სტალინ, ალყა არ მოხსნილა, იგი ჩვენმა არმიამ დაუყოვნებლივ შეკრა, მდგომარეობის გართულების გამო მეხუთე სატანკო გვარდიული არმია და მეხუთე კავალერიის კორპუსი წინ წავწიე და კორსუნ-შევჩენკოს ბლოკადა რკინის სალტეში მოვაქციე. ოპერაცია ბრწყინვალედ დასრულდა.

სტალინი ჩაფიქრდა. მას ყოველთვის სწამდა კონევის, ალბათ, ათასმა აზრმა გაუელვა თავში, ვიდრე რამეს ეტყოდა.

_ ამხანაგო კონევ, ეს თვითონ მოიფიქრეთ და გააკეთეთ?

_ თვითონ გადავწყვიტე, ამხანაგო სტალინ.

_ ძალიან კარგია. მე მოვეთათბირები უმაღლესი მთავარსარდლის შტაბს და მალე დაგელაპარაკებით.

ათი წუთის შემდეგ სტალინმა კვლავ დაურეკა კონევს და ოფიციალურად განუცხადა, რომ უკრაინის ფრონტის ხელმძღვანელობა მას ეკისრებოდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, კორსუნ-შევჩენკოს ბლოკადის გარღვევის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჟუკოვის არაშორსმხედველი სამხედრო სტრატეგია იყო, რაც ხშირად მოსდიოდა “სახელგანთქმულ” მარშალს და რაც ხშირად მიუტევებია მისთვის მთავარსარდალს, მაგრამ სტალინმა ამჯერად ვეღარ მოუთმინა ჟუკოვს და 12 თებერვალს, 16 საათზე, ფრონტის შტაბმა სტალინის დირექტივა მიიღო:

“1. დაჯგუფებები, რომლებიც იბრძვიან კორსუნშევჩენკოს მიმართულებით, დაუყოვნებლივ დაუქვემდებარეთ უკრაინის მეორე ფრონტს (კონევს), იმ მიზნით, რომ უსწრაფესად მოხდეს მტრის განადგურება აღნიშნულ რაიონში.

2. ამხ. იურევი (ჟუკოვი) განთავისუფლდეს კორსუნშევჩენკოს ბრძოლის მეთვალყურის მოვალეობისაგან”.

ტელეგრამას ხელს აწერს სტალინი და ანტონოვი.

აღნიშნული ბრძანების გარდა, 12 თებერვალს, 16 საათსა 45 წუთზე სტალინმა ვრცელი დეპეშა გაუგზავნა ჟუკოვს, რომელშიც დაწვრილებით მიუთითა მის შეცდომებზე გერმანელთა მიერ კორსუნ-შევჩენკოს ბლოკადის გარღვევაში, “რომლებიც გამოწვეული იყო, _ აზუსტებს სტალინი, _არა მხოლოდ თქვენი მხედრული გამოუცდელობის, არამედ ჩემი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანების შეუსრულებლობის გამო. თქვენ ბლოკადის გასამაგრებლად არათუ არ გყოფნიდათ ძალები, არამედ გაცილებით მეტი გყავდათ, მაგრამ თქვენ არ გამოიყენეთ”.

ძირითადი ბრძოლები 17 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო. ენით აუწერელია ის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გერმანულმა არმიამ განიცადა.

“გზები ჩახერგილი იყო დამწვარი ტექნიკითა და გერმანელი ჯარისკაცების გვამებით. გადარჩენილი ჯარისკაცები და ოფიცრები შემჭიდროებული რიგებით მიდიოდნენ მწყობრად, მაგრამ არ იცოდნენ, საით. ჩვენ მათ, _ იგონებს კონევი, რამდენჯერმე შევთავაზეთ შეჩერება და დანებება, მაგრამ მხედრული ფიცის ერთგულნი დარჩნენ. მოგვიხდა ტანკებისა და ზარბაზნების გამოყენება. დახოცილთა რაოდენობას სათვალავი არ ჰქონდა. დაღუპულთა შორის გერმანელმა ჯარისკაცებმა თავიანთი სარდალი შტემერმანიც აღმოაჩინეს, რამაც ერთობ ტრაგიკული სურათი შექმნა გადარჩენილ გერმანელ მეომრებს შორის. შეძრწუნებულმა კონევმა უფლება დართო გერმანელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, თავიანთი სარდალი სამხედრო პატივით დაეკრძალათ, რაც მტერმაც კი რაინდულ ჟესტად ჩათვალა. შტემერმანის ცხედარი საპატიო ყარაულმა სამგლოვიარო ზალპით ჩაუშვა სახელდახელოდ გაჭრილ საფლავში.

კონევმა კორსუნ-შევჩენკოს ოპერაციის ბრწყინვალე დამთავრება უპატაკა მთავარსარდალს და აცნობა შტემერმანის დაკრძალვის ამბავიც, რომელმაც სტალინს სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა:

_ გილოცავთ წარმატებას! საბჭოთა მთავრობას სურს, მოგანიჭოთ საბჭოთა კავშირის მარშლის საპატიო წოდება.

მეორე დღეს სპეციალური თვითმფრინავი მიფრინავდა უკრაინის მიწაზე, რათა სახელგანთქმულ სამხედრო მეთაურისთვის მარშლის ოქროს სამხრეები და მარშლის საპატიო ვარსკვალი ჩაეტანა, სტალინის მადლობითა და ხელმოწერით.

სატანკო შენაერთების მარშლები გახდნენ როტმისტროვი და ფედორენკო.

სტალინის ბრძანებაში არაფერი იყო ნახსენები არც ჟუკოვის შენაერთებზე და არც თვითონ ჟუკოვზე, რომელმაც ჯილდო ვერ დაიმსახურა.

1944 წლის 18 თებერვალს მოსკოვი სალუტს აძლევდა კორსუნ-შევჩენკოს განმათავისუფლებელ გმირ მებრძოლებს. ბრძანებაში ნათქვამი იყო:

“ამ ოპერაციის შედეგად გერმანელებმა ბრძოლის ველზე დატოვეს მოკლულთა სახით 52 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ხოლო 11 000 ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ იქნა აყვანილი”.

სტალინური გეგმით, 18-20 თებერვალს უნდა დაეწყოთ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლება, რომლის მიზანი იყო კარპატების მიმართულებით ძლიერი შტურმი, რაც ორად გახლეჩდა გერმანიის სამხრეთის ფრონტს. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის მომზადების დროს ბენდერებმა ვერაგულად მოკლეს ფრონტის სარდალი ვატუტინი მის რვა მცველთან და სამხედრო საბჭოს წევრ კრაინუკოვთან ერთად.

ვატუტინის ნაცვლად ფრონტის სარდლად სტალინმა კვლავ პატარა ბავშვივით დასჯილი ჟუკოვი შეარჩია. ჟუკოვმა თავისი შეცდომების გამოსასწორებლად დაუნდობლად გაიმეტა როგორც თავისი თავი, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარისო შენაერთები.

1944 წლის 4 მარტს ჟუკოვის პირველი ბრძოლა ტერნოპოლის რაიონში გამაგრებულ გამოცდილ მანშტეინთან უშედეგოდ დამთავრდა. ჟუკოვი ღრმა დაცვაში გადავიდა. მეორე შეტევა 21 მარტს განავითარა, რომელიც წარმატებით დამთავრდა და პირველად უპატაკა სტალინს გამარჯვება მსხვილმასშტაბიან ოპერაციაში, რომელიც 10 სტალინური დარტყმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

მეორე უკრაინულმა ფრონტმა, კონევის მეთაურობით, ბრწყინვალედ დაასრულა უსმანსკბოტოშანსკის ოპერაცია. 10 მარტს კონევმა აიღო უსმანსკი, ერთი კვირის შემდეგ გადალახა მდინარეები დნეპრი და ბუგი. სამასი კილომეტრით წინ წასწია ფრონტის ხაზი, გაათავისუფლა ასობით ქალაქი, ათასობით სოფელი და 26 მარტს მიადგა მდინარე პრუტს _ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარს.

კამენეცპოდოლსკის რაიონში ერთმანეთს შეუერთდნენ უკრაინის პირველი და მეორე ფრონტები და ბლოკადაში მოაქციეს გერმანელთა 23 დივიზია. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელსაც შენარჩუნება სჭირდებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, აქაც იჩინა თავი ჟუკოვის არათანმიმდევრულმა მოქმედებამ და მხედართმთავრული ნიჭის დეფიციტმა, ამიტომ ამ ბლოკადას ისეთივე ბრწყინვალე დასასრული არ მოჰყვა, როგორიც კორსუნშევჩენკოს ბლოკადას.

გენერალმა მანშტეინმა თავისი მოხერხებულობით შეძლო, ნაწილობრივ გამომძვრალიყო ამ ქვაბულიდან, მაგრამ ეს ოპერაცია მაინც დარჩა ერთ-ერთ დიდ და წარმატებულ ოპერაციად დიდი სამამულო ომის ისტორიაში.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here