Home რუბრიკები ისტორია მესამე მსოფლიო ომის საფრთხე

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე

2372

კაცობრიობის ისტორიაში XX საუკუნე ორი მსოფლიო ომით გამოირჩევა _ პირველი და მეორე მსოფლიო ომებით. თავისი გრანდიოზულობითა და მსხვერპლით განსაკუთრებით შთამბეჭდავია მეორე მსოფლი ომი. წლეულს, 2 სექტემბერს, მსოფლიო საზოგადოებამ ამ ომის დამთავრებიდან 70- წლისთავი აღნიშნა.

მეორე მსოფლიო ომის კერა 1933-35 წლებში ევროპის ცენტრში აღმოცენდა _ გერმანიაში. გერმანიის მესვეურები _ სამხედრო წრეები, გენერალიტეტი, მრეწველები, ფინანსური მაგნატები ვერ ურიგდებოდნენ გერმანიის დამარცხებას პირველ მსოფლიო ომში და ვერსალის ხელშეკრულების პირობებს, რომლის მიხედვით, გერმანიამ თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ამ ხელშეკრულების პირობებით გერმანიას ესპობოდა ეკონომიკური და სამრეწველო პოტენციალის გაზრდის ყოველგვარი პერსპექტივა. გერმანიის მესვეურები ფიქრობდნენ რევანშზე და ეძებდნენ ძალას, რომელიც შეძლებდა რევანშის აღებას. ასეთ ძალად მათ აღიარეს გერმანიის ნაციონალსოციალისტური დაჯგუფებები: ფაშისტური ძალები ლიუდენდორფის, ჰიტლერის, რემისა და სხვათა სახით.

ამ დაჯგუფებებს შორის პოლიტიკურ ბრძოლაში გაიმარჯვეს ჰიტლერის მომხრეებმა.

1933 წელს, მოვიდა რა ხელისუფლებაში, პირველივე გამოსვლაში ვერმახტის გენერლების წინაშე ჰიტლერმა გამოაცხადა თავისი ფაშისტური პროგრამა:

*საშინაო პოლიტიკაში _ ყოველგვარი დემოკრატიულობის მოსპობა, ახალგაზრდობის აღზრდა საომარი სულისკვეთებით;

*საგარეო პოლიტიკაში _ მოქმედება ვერსალის ხელშეკრულების წინააღმდეგ, ერთა ლიგის წევრებში მოკავშირეთა შეძენა.

სახელმწიფოს ძირითად ქვაკუთხედად ცხადდებოდა არმიის მშენებლობა, როგორც ძირითადი წყარო პოლიტიკური ძალაუფლების დასამყარებლად.

ფაშისტთა ლიდერის მიერ წარმოდგენილი პროგრამა სრულად უთავსდებოდა გერმანიის მესვეურთა გეგმებს და მათ რევანშისტულ იდეებს, კერძოდ, გერმანიის ბატონობას ევროპაში. გერმანიის ვერმახტის წინაშე ფაშისტთა ლიდერის მიერ წარმოდგენილ პროგრამას მძლავრი მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდებოდა, რომელიც უზრუნველყვეს გერმანიის მსხვილმა მაგნატებმა და კონცერნებმა: . . ფარბენინდრუსტიმ, ტისენმა, კრუპმა, სიმენსმა და სხვებმა. გარდა ამისა, ფინანსები მათ სხვა უცხოური ბანკებიდანაც მიიზიდეს.

შედეგად გერმანიაში შეიქმნა რევანშიზმის ერთიანი ბლოკი _ ფაშისტური პარტია, გენერალიტეტი, მრეწველები.

ევროპაში ომის ახალი კერა აღმოცენდა, ამიტომ მსოფლიოს დემოკრატიული ძალები დაუპირისპირდნენ ევროპის რევანშისტულ ძალებს და მშვიდობის დაცვის მიზნით გამოვიდნენ პაციფისტური ლოზუნგებით ომის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შესაქმნელად. ამავე მიზნით, 1933 წელს განიარაღების მსოფლიო კონფერენციაზე განისაზღვრა აგრესორი სახელმწიფოს სტატუსი. იზრდებოდა დემოკრატიული მოძრაობა მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა თავისი დემოკრატიული პროგრამით ცნობილმა დემოკრატმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა.

დემოკრატიული ძალების მცდელობას, არ დაეშვათ გერმანიის რევანშისტული ძალების გაერთიანება და მათი მხრიდან აგრესია, რეალური შედეგი ვერ მოიტანა.

ვერსალის ხელშეკრულება იგნორირებული იქნა. გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ გაძლიერდა.

1939 წლის 31 აგვისტოს საღამოსა და მეორე დღის, 1 სექტემბრის დილით გაზეთებმა გამოაქვეყნეს სენსაციური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლონელი პარტიზანები სასაზღვრო ქალაქ გლეივიცში თავს დაესხნენ გერმანიის რადიოსადგურს. ფაქტობრივად, ეს იყო პირადად ჰიტლერის ბრძანებით განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც შეასრულა გერმანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, რომ შექმნილიყო ომის დაწყების საბაბი.

იმავე წლის 1 სექტემბერს გერმანიის სამხედრო გემმა “შლეზვიგ ჰოლდშტეინმა” ცეცხლი გაუხსნა პოლონეთის ქალაქ გდანსკს. გერმანიის სამხედრო ნაწილები გადავიდნენ პოლონეთის საზღვარზე. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

1942 წლის 1 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ხელი მოეწერა დეკლარაციას ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის შესახებ, მიმართულს გერმანია-იტალია-იაპონიის სამმხრივი ღერძის წინააღმდეგ. ანტიფაშისტური კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, არ მოეწერათ ხელი სეპარატისტულ ხელშეკრულებაზე გერმანიასთან ომის დამთავრებამდე. ასე გაფორმდა ანტიჰიტლერული კოალიცია.

დიდმა სამამულო ომმა 1941-45 წლებში საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ანტიჰიტლერულ მოძრაობას და ხელი შეუწყო პროგრესული ძალების გაერთიანებას დემოკრატიული მომავლისათვის ბრძოლაში. ამ პროცესში გაერთიანდა მთელი პროგრესული საზოგადოება. ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის მთავარი შემოქმედი კი გენერალისიმუსი იოსებ სტალინი იყო. სამამულო ომის მთავარი ეპიზოდები, რომელთა დროს განხორციელდა უძლეველი არმიის მითის მქონე გერმანიის სამხედრო ძალების კრახი, შემდეგია:

*ბრძოლები მოსკოვთან, სადაც გერმანელთა ჯარებმა განიცადეს პირველი მარცხი.

*ბრძოლები სტალინგრადთან და გერმანიის მეექვსე არმიის დატყვევება.

*ბრძოლები კავკასიაში.

*ბრძოლები კურსკის რკალთან.

* ბერლინის შტურმი.

დიდი სამამულო ომის პერიოდში კოალიციის ლიდერები რეგულარულად იკრიბებოდნენ საკოორდინაციო შეხვედრებზე და იხილავდნენ ერთობლივი მოქმედების სტრატეგიულ გეგმებს.

პირველი ასეთი შეხვედრა შედგა 1943 წლის 28 ნოემბერი _ 1 დეკემბერს თეირანში, სადაც მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა ლიდერები სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივ მოქმედებაზე და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების ჩაბმაზე ამ ბრძოლაში.

თეირანში დიდმა სამეულმა, მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა, შეძლო მსოფლიოს დემოკრატიული ძალების მობილიზება საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მსოფლიოს მოწყობის საკითხი განიხილებოდა ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე, შემდგომ გაგრძელდა იალტაში _ სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრაზე.

1944 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დუმბარტონოქსში, ანტიჰიტლერული კოალიციის წარმომადგენლების მიერ შემუშავდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატუსი. ამ ორგანიზაციის წესდება დამტკიცდა 1945 წელს, შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კონფერენციაზე სანფრანცისკოში.

გეგმავდა რა აგრესიას აღმოსავლეთში, ჰიტლერმა იტალიასა და იაპონიასთან გააფორმა სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც “ანტიკომუნისტური პაქტის” სახელწოდებითაა ცნობილი. ამ პაქტს შეუერთდნენ უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

ჰიტლერის მითითებით, გერმანიის გენერალურ შტაბში დამუშავდა სსრ კავშირზე თავდასხმისა და საომარი მოქმედებების წარმოების გეგმა, კოდური დასახელწოდებით “ბარბაროსა”.

რაიხსკანცლერ ჰიტლერის 1940 წლის 18 დეკემბერს #21 დირექტივით გეგმა დამტკიცდა.

გეგმაში ჩადებული იყო ორი იდეა:

*რუსეთის იდეურ-პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალის განადგურება;

*სტრატეგიული ამოცანა _ “ელვისებური ომის” წარმოება.

გერმანიამ საომრად პოლონეთის ტერიტორიაზე სსრ კავშირთან საზღვრებზე თავი მოუყარა 153 დივიზიას, ხოლო სატელიტებთან ერთად _ 190 დივიზიას. ეს იყო უზარმაზარი სამხედრო ძალა _ 5-მილიონიანი არმია 4300 ერთეული ტანკით, 4980 მოიერიშე ავიაციით, 192 საბრძოლო ხომალდით. ჰიტლერის წინასწარი გათვლით ომი უნდა დამთავრებულიყო ხუთ თვეში, რუსეთში ცივი ზამთრის დადგომამდე.

ფაშისტურმა გერმანიამ რუსეთზე თავდასხმა განახორციელა 1941 წლის 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად. მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ ეწვია გერმანიის ელჩი ფონ შულენბერგი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ მოლოტოვს და აცნობა, რომ გერმანია იმყოფება საომარ მდგომარეობაში რუსეთთან.

ფაშისტთა მიერ დამყარებული “ახალი წესრიგი” ევროპაში აერთიანებდა რიგი სახელმწიფოების მმართველ წრეებს გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1941 წლის 12 ივლისს ამერიკელებმა და ინგლისელებმა ხელი მოააწერეს საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებას გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. ხელშეკრულებას მოსკოვში ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის წარმომადგენლებმა _ სტაფორდ კრიპსმა და ლორდმა ბივერბრუკმა.

1945 წლის 8 მაისს პოსტდამში ხელი მოეწერა ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის აქტს. დიდი სამამულო ომი დამთავრდა.

თანახმად ანტიფაშისტური კოალიციის შეთანხმებისა, საბჭოთა კავშირი ჩაება იმპერიალისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში.

გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს ანტიფაშისტური კოალიციის სხვა წევრებმაც. ამ მხრივ აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯარების წარმატებული ბრძოლები აფრიკაში, მოკავშირეების სადესანტო ოპერაცია ნორმანდიაში (მეორე ფრონტი) 1944 წლის 6 ივნისს. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. აქვე უნდა აღინიშნოს ის დიდი დახმარება, რაც გაუწიეს მოკავშირეებმა საბჭოთა კავშირს ფრონტის უზრუნველსაყოფად სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალით, საჭურვლითა და სურსათით.

მარტო ქალაქ მურმანსკის ნავსადგურში მოკავშირეებმა 1941-45 წლებში შემოიტანეს 4 მლნ ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი.

ამ ოპერაციების ჩატარებისას მტრის თავდასხმის შედეგად ჩაიძირა 99 გემი, დაიღუპა 2773 მეზღვაური.

1985 წლის მაისში ამერიკის ელჩი საბჭოთა კავშირში არტურ ჰარტმანი ეწვია მურმანსკს და ტრადიციისამებრ გვირგვინით აღნიშნა დაღუპულ მეზღვაურთა ხსოვნა.

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა განახორციელეს იაპონიის ქალაქების _ ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

ისტორიკოსები და საზოგადოება ამ სამხედრო ოპერაციის აუცილებლობას სადავოდ მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზე.

1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ მოაწერა ხელი უსიტყვო კაპიტულაციას. დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი.

შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა:

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე. მასზე უამრავი ნაშრომი, მემუარული ნაწარმოები დაიწერა და სამეცნიერო კვლევა ჩატარდა.

ამ მოვლენაში ყურადღებას იპყრობს მისი მასშტაბები.

ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, დედამიწის მოსახლეობის 80%.

შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იყო 110 მლნ ადამიანი. სამხედრო ხარჯები და მიყენებული ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ომში დაიღუპა 50 მლნ ადამიანი.

მეორე მსოფლიო ომმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს პოლიტიკურ მოწყობაში.

მეორე მსოფლიო ომის პროცესში დიდი სამამულო ომი იყო ძირითადი ომი, რომელმაც განაპირობა გამარჯვება, საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული პროგრესის გზას მსოფლიოში.

70 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და დღეს მსოფლიოში, სამწუხაროდ, კვლავ გაჩნდა მესამე მსოფლიო ომის საშიშროება.

*მსოფლიო პოლიტიკაში გაისმის ხმები გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, წიაღისეული და ენერგეტიკული რესურსების ძალისმიერი გზით დაუფლებაზე.

*გახშირდა ტერორიზმის, სეპარატიზმის ფაქტები. გაფართოვდა იარაღით ვაჭრობა და ნარკობიზნესი; არის მცდელობა, ახალგაზრდობას თავს მოახვიონ ანტისაზოგადოებრივი ზნე-ჩვეულებანი.

აღნიშნული მოვლენები შეიძლება გახდეს მესამე მსოფლიო ომის პროვოცირების მიზეზი.

აქვე უნდა აღინიშნოს გაეროსა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების უეფექტო სანქციები ამ საშიში მოვლენების აღსაკვეთად.

ასეთ ვითარებაში მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერებს მართებთ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნული მოვლენების განვითარებას.

მათ უნდა გაითვალისწინონ წინა ომების შედეგები და გაიზიარონ წინამორბედთა გამოცდილება აგრესორთა მცდელობის აღკვეთის საქმეში.

მსოფლიოში ისე უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესები, რომ კაცობრიობას ააცილონ ისეთი უბედურება, როგორიც იქნება მესამე მსოფლიო ომი ატომურ ეპოქაში.

საჭიროა, დღის წესრიგში დადგეს გაეროს რეფორმირების საკითხი. ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს უფრო ქმედითი, ავტორიტეტული, სათანადოდ აღჭურვილი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით.

რევაზ ნაცვლიშვილი,

საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე,

გადამდგარი გენერალლეიტენანტი, პოლკოვნიკი;

გურამ გვეტაძე,

კავშირის ბიუროს წევრი;

მამია დოლიძე,

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის

ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here