Home რუბრიკები პოლიტიკა დემურ გიორხელიძე: მთავრობა ხალხს ატყუებს

დემურ გიორხელიძე: მთავრობა ხალხს ატყუებს

525

თითოეული ოჯახის ხარჯი 300 ლარზე მეტით მოიმატებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდა. 

ტარიფიენერგო პრო ჯორჯიასმოთხოვნის საფუძველზე, თავდაპირველად, რეგიონებს გაეზარდათ, ხოლო მოგვინებით სემეკმათელასისმოთხოვნაც დააკმაყოფილა და შედეგად დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის დენის ტარიფი 3-4 თეთრით მოიმატებს. საუბარია ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაზეც. “ელექტროენერგიის გაძვირება ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან ეს ყოველთვის იწვევს ისეთი პროდუქტის გაძვირებას, როგორიცაა, მაგალითად, პური და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები. ასეთი ჯაჭვური რეაქცია სავსებით ბუნებრივია და უნდა ველოდოთ, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასი მართლაც გაიზრდება”, _ ამბობენ ექსპერტები. ხელისუფლება კი თვლის, რომ ტარიფების მომატება გარდაუვალი იყო და ამ პროცესს დოლარის გამყარებასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებს. ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასა და უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობის შესაძლო მდგომარეობაზე, ანუ როგორი შემოდგომა და ზამთარი გველის

_ ბატონო დემურ, სემეკის გადაწყვეტილებამ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ზოგიერთი პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. როგორი შემოდგომა გველის?

_ ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ტენდენციას უნდა დავაკვირდეთ. ფასების ზრდა უკვე გამოიკვეთა, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ლარის დევალვაციით, არამედ იმ პოლიტიკით, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს, ასევე, გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორებიც.

_ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობთ?

_ არა, საზოგადოდ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ეკონომიკური პოლიტიკა.

იმის პროგნოზირება, რაც დღეს ხდება, შესაძლებელი იყო, ამაზე ყველა საღად მოაზოვნე ეკონომისტი საუბრობდა, მათ შორის, მეც. ვიცოდით, რომ ყოველი მომდევნო წელი უარესი იქნებოდა ეკონომიკის მხრივ, რაც დღეს აშკარაა.

თუ ჩვენი მთავრობა საბაზრო ეკონომიკაზე საუბრობს, საუბრობს კანონმდებლობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოზე, ანუ დასავლური ტიპის სახელმწიფოზე, მაშინ ამ სახელმწიფოს ინსტიტუტები უნდა მართავდნენ და თამაშის წესებსაც უმაღლესი ხელისუფლება უნდა აწესებდეს. საქართველოში კი ყველაფერი მორღვეულია _ ხელისუფლება ხელს უწყობს მონოპოლიებს, რომელთა მადაც შეზღუდული არ არის. ქვეყანაში ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთშია შერწყმული. ხელისუფლების გარეშე ბიზნესის კეთება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, სწორედ ამან განაპირობა დღეს ფასების ზრდა.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია

_ შუაღამეს ნოტარიუსის თანდასწრებით ბიზნესს სხვის სახელზე არავინ აღარ აფორმებს, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მონოპოლიური ჯგუფები შესანიშნავად გრძნობენ თავს, პრობლემები არ აქვთ; რადგან თამაშის წესები არ შეცვლილა, ახალ ჯგუფებს კონკურენციის არ არსებობის გამო დამკვიდრება უჭირთ.

ქვეყანაში ჩაკეტილი საბანკო სისტემაა, მაგალითს მოგიყვანთ ბანკების საზიზღარ ლობირებაზე: რამდენიმე ბანკის დამსახურებით, საქართველოში ბაზარზე მხოლოდ ჩაი “გურიელი” არსებობს, რადგან მეწარმეებს, რომლებსაც უკეთესის შეთავაზება შეუძლიათ, გასაქანს არ აძლევენ. ეს კანონის დარღვევაა. ბანკის საქმე არ არის, ბაზარზე რომელი ფირმა იმუშავებს, მათი საქმეა, კონკურენტულ პირობებში თანხის გაცემა, მაგრამ ბანკი ამ ახინჯი სისტემის ნაწილია და ყველა ერთმანეთს იცავს. ბიზნესის სფერო ახალი მოთამაშეებისთვის ჩაკეტილია.

ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების პროფანული განცხადება, რომფასებს ბაზარი არეგულირებს და ჩვენ არ ვერევით”, სასაცილოა თავისი შინაარსით, რადგან ფასებს არეგულირებს კონკურენცია, დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკა, სადაც არსებობს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები და ერთიანი თამაშის წესები. თუ არც ერთი საბაზრო ინსტიტუტი დასავლური საბაზრო ეკონომიკისა ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, მაშინ ძალიან შეუფერებელია, ამბობდებაზარი დაარეგულირებს ფასებს და ჩვენ ამაში არ ვერევით”. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ხელისუფლება ნიღბავს თავის ინტერესს ბიზნესში.

_ ბატონო დემურ, თვლით, რომ შიგა ტარიფების ზრდა შიგა პოლიტიკის ბრალია, თუმცა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს _ მოსახლეობას უხსნიან, რომ ეს გარე ფაქტორების ბრალია და რომ დოლარის კურსის გამყარების გამო სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

_ ტარიფების ზრდა ხელისუფლების უდიდესი შეცდომაა. ტყუილია, როცა ამბობენ, სხვა გამოსავალი არ იყოო, ტყუილს ამბობს მარეგულირებელი კომისიაც. მთავრობა ხალხს ატყუებს. ენერგომატარებლებიც ეკონომიკის სფეროა და ერთი სფეროს ხარჯზე სხვა დარგებისკარგი მდგომარეობისშენარჩუნება უფრო დიდ პრობლემას გამოიწვევს.

 ახლა საუბარია, რომ ბუნებრივ აირზეც გაიზარდოს ფასები, რაც კატასტროფა იქნება, რადგან ბუნებრივი აირის ფასი ისედაც ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ხელისუფლება კვლავ ხელს უწყობს დიდი ხნის ჩამოყალიბებულ მახინჯ სტრუქტურებს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული განაგებენ ენერგეტიკის სფეროს.

_ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობა ცოტა ხანში და აქვე მინდა, გკითხოთ: ახალი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტია დასაქმებული?

_ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 585 ათასი ადამიანი. სოფლად თვითდასაქმებული ადამიანები არიან, რომელთა მფლობელობაშიც ნახევარი ჰექტარი მიწაა, ისინი ათას ლარსაც ვერ აგროვებენ წლის განმავლობაში. თუ ჩვენ სამუშაო ადგილებზე ვსაუბრობთ, უნდა ვილაპარაკოთ არა სასოფლო-სამეურნეო ადგილებზე დასაქმებულ ადამიანებზე, არამედ ხელფასიანთა რაოდენობაზე. ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს. 585 ათას ადამიანზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში კი ჯანმრთელი, შრომისუნარიანი ადამიანი თითქმის მილიონ 800 ათასამდეა, რა უნდა ვუყოთ მათ? რამდენი წელი უნდა ვიაროთ ამ გზით? როდემდე უნდა ვითვალოთ თვითდასაქმებული ადამიანები? ამ გზით სიარული 2016 წელს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს.

_ მთავრობა სუბსიდირებას გვპირდება, შეძლებენ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას?

_ ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია, ღარიბი მოსახლეობის სუბსიდირება შეუძლებელია, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია. ხელისუფლებამ ამ ღარიბებს შორის უფრო ღარიბი უნდა ამორჩიოს… ვერ ვხედავ რესურსს, რომლითაც ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან.

_ ბატონო დემურ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, განაცხადეთ, რომ ყოველი მომდევნო წელი უკეთესი იქნებოდა. როდის გაგიცრუვდათ იმედი?

_ მე თვითონ ვიყავი “ქართულ ოცნებაში” ეკონომიკისა და გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი და გახლდით იმ კონცეფციის თანაავტორი და ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან კარგ სპეციალისტებთან ერთად შევადგინეთ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ კოალიციაში კვოტებით განაწილდა თანამდებობები და მოდერნიზაციაზე, რეფორმებზე საუბარი აღარ იყო. 2012 წლის აგვისტოსთვის ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ არაფერი სერიოზული აღარ გამოვიდოდა. “ოცნებამაც” ვიწრო, ქართულ პარტიულ ინტერესებზე დაიწყო ზრუნვა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანებს დაავიწყდათ ქვეყანა.

_ თქვენ ეკონომიკური გუნდიც მოგწონდათ.

_ ეკონომიკური გუნდი არ მომწონდა.

_ ეკონომიკის ახლა უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე ამბობდით, რომ ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე იცისო.

_ კვირიკაშვილზე ახლაც იმავეს ვიტყვი. ის ძალიან წესიერი და კვალიფიციური ადამიანია, მაგრამ დღეს ცალკეული მინისტრი ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც მთავრობისგან მიიღებს. თითოეულ ჩვენგანს პრეტენზია მთავრობასთან უნდა გვქონდეს, რადგან მინისტრები დავალებას ასრულებენ. შედეგიც შესაბამისი გვაქვს.

_ არსებობს თუ არა ოფიციალური სტატისტიკა, რამდენად გაუძვირდება ცხოვრება საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს. აქამდე სავარაუდო მონაცემები არსებობდა.

_ სტატისტიკის სამმართველომ ეს უკვე დათვალა. ცხოვრება არანორმალურად ძვირდება. შეხედეთ მხოლოდ სამკურნალო საშუალებების ზრდის ტენდენციას. შარშან ექვს თვეში საქართველოში შემოვიდა 176 მილიონი ამერიკული დოლარის წამალი, ხოლო წელს, ექვს თვეში _ 405 მილიონი დოლარის, ანუ 226 მილიონით მეტი. გასაგებია, ქვეყანაში ჯანმრთელი ხალხი არ ცხოვრობს, სიღარიბის გამო ავადმყოფობები მძვინვარებს, მაგრამ ასეთი მასშტაბული ზრდა წამლის მოხმარებისა გაუგებარია. ცხადია, დამატებითი 226 მილიონი დოლარის წამალი ბაზარზე იქნა შეძენილი და ამან დამატებით იმოქმედა ლარზე. ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული დარჩა, შემნაცვლებელი არაფერია, ქვეყანა არ ვითარდება, არც განვითარდება, რადგან მონოპოლიური ჯგუფები ადგილობრივი წარმოების განვითარებას არ დაუშვებენ, საქმიანობის არეალს არ შეიკვეცავენ, ამაში კი ხელისუფლებაა დამნაშავე, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ვერ და არ ახდენს.

საქართველოში მცხოვრები ოჯახების ხარჯები 300 ლარზე მეტით გაიზრდება.

_ თუ გსმენიათ რაიმე იმის შესახებ, რომ საქართველოში მიწებს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ყიდულობენ. ძირითადად, ჩეჩნები, ინგუშები, აზერბაიჯანელები

_ მსმენია, მაგრამ ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საფრთხეს ვერ ვხედავ, საფრთხე არის ის, რომ ქართველი აღარ არის მყიდველუნარიანი, ქართველი ვერ ყიდულობს, დღითიდღე ვღატაკდებით. ვხარჯავთ მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, ისიც მინიმალურად. ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვივითარებია, მათ შორის, არც სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარია ინვესტირებული და შედეგად უვარგისი პროდუქცია და არანორმალური ფასები მივიღეთ. ეს არ არის სოფლის განვითარების პროგრამა, ეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების უახლოესი გარემოცვის დასაქმებისა და მათზე რესურსების განაწილების პროგრამაა, რაც ყოველთვის კონტრპროდუქტიულია.

_ თუ გიორგი კვირიკაშვილი ძლიერი ეკონომისტია, დიპლომატიაში რა უნდა აკეთოს? სწორი გადაწყვეტილება იყო მისი ეკონომიკისთვის ჩამოცილება და საგარეო პოლიტიკის ჩაბარება?

_ გიორგი კვირიკაშვილი ნიჭიერი კაცია. ის მთავრობის კურსის შესაბამისად იმუშავებს, არა მგონია, რამე შეცვალოს. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე იქნა გადაყვანილი სხვა თანამდებობაზე. ბოლო წლები საგარეო უწყებაში რეალური დიპლომატები არ არიან, დიპლომატია ჩავარდნილი, ჩაშლილია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ იმუშავა, ჩვენ ყველა მიმართულებით ცუდი შედეგები გვაქვს.

_ ერთი საიმედო სიტყვაც ვერ მოვისმინე თქვენგან. სადამდე მიგვიყვანს ეკონომიკური პრობლემები?

_ პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ახლა ტყუილების თქმის დრო არ არის, ამას აზრი აღარ აქვს. სოციალური ფონი უფრო დამძიმდება, თუმცა აფეთქებას არ ველოდები, რადგან შიმშილი ქართველისთვის პროტესტის გამოხატვის მიზეზი არ არის, ჩვენ სხვა რამ გვჭირდება ასაფეთქებლად. ხელისუფლებამ კი ეს ყველაფერი კარგად იცის, ამიტომ ცხოვრების გაძვირება მთავრობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მთავრობა უეფექტოა, ასეთივე იყო ივანიშვილის პრემიერობის პერიოდშიც.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here