Home რუბრიკები საზოგადოება ფრიდონ თოდუა: რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის...

ფრიდონ თოდუა: რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის მეტი, არაფერი მოგვიტანა

590

თუ რეალურად არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული მოძრაობა “ექიმები საზღვრების გარეშე”, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის _ ფრიდონ თოდუასა და მისი კოლეგების საქმიანობაზეა ზედგამოჭრილი. სახელი კაცის წინ მიდისო, უთქვამთ…   

 

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა უდავოდ ავტორიტეტული ადამიანია არა მხოლოდ სამედიცინო წერეებში, არამედ აღიარებულია, როგორც პიროვნება, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაზე აქტიური გავლენა აქვს. ამ სახელგანთქმული მკურნალისა და მეცნიერის სახელი, შეიძლება ითქვას, ის ვიზაა, რომელიც საქართველოს ნებისმიერი საზღვრის გადმოკვეთის უფლებას იძლევა. მოჰყვებიან ამ ორიენტირს პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან _ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან, ასევე _ აფხაზეთიდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან, მოდიან თოდუას კლინიკაში სამკურნალოდ. სიცოცხლის სურვილის ძალას მოჰყვებიან, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გაუცხოების გადამლახავია.

_ სოხუმიდან და ცხინვალიდან პაციენტები ჩვენთან რომ ჩამოდიან დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ, ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურებაა, _ ამბობს ბატონი ფრიდონი, _ ამ პაციენტებს ისევე ვემსახურებით, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს. ისიც სათქმელია, რომ მათ არ დავიწყებიათ წარსულში ჩვენი მეგობრობა, რაც ტრადიციულად გვაკავშირებდა. ეს აიოლებს მათთან ურთიერთობას. თუმცა გასაიოლებელიც არაფერია, ისინი ჩვეულებრივი პაციენტები არიან და ჩვენც მათი მკურნალი ექიმები ვართ.

ჩვენი კლინიკისკენ მოძრაობა ბოლო წელიწად-ნახევარში განსაკუთრებით გააქტიურდა: მრავალმა ადამიანმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

პირადი ურთიერთობაც სერიოზული სტიმულია. მე კარგად ვიცნობდი და საქმიანი ურთიერთობა მქონდა აფხაზეთის მრავალ ცნობილ პიროვნებასთან, სხვადასხვა დონის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებთან, მეცნიერებთან, განსაკუთრებით, მედიკოსებთან.

არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად სოხუმსა და ცხინვალში იქაურების მიწვევით. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება დღეს შეცვლილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია, აღვადგინოთ ადრინდელი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება.

ომი ყველა მხარისთვის დიდი ტრაგედიაა, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მუდმივი ურთიერთდაპირისპირების პირობებში არსებობის გაგრძელება არანორმალურია, ვერ თავსდება ისტორიული განვითარების ლოგიკაში.

რა უნდა გავაკეთოთ?

პასუხი ერთადერთია: უნდა ვეძებოთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალი გზები. ეს აქსიომაა. ერთ-ერთი ასეთი გზის კონტურები ისახება სწორედ ამ მოძრაობაში ჩვენკენ, რომელიც, ჩემი აზრით, ცალკეული ფაქტების მექანიკური რიგი კი არ არის, არამედ უკვე ტენდენციაა, ჩემი აზრით, ტენდენცია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ურთიერთდაახლოებასთან, ძველი მეგობრული, ადამიანური ურთიერთობების აღდგენასთან.

შესაძლოა, რამდენადმე ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ შინაგანი ალღო იშვიათად მღალატობს და მჯერა, რომ ამ კარგ წამოწყებას, რომელიც ახლა ვითარდება, ყველასთვის კარგი შედეგი მოჰყვება.

მოხარული ვარ, ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ჩვენი ძმები და დები ჩამოდიან აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და დახმარებას ვუწევთ, ვმკურნალობთ, თანაც უანგაროდ.

ფაქტი თემაში

დერეფანში ვიდექით ცნობილი ქართველი ფერმწერის _ რადიშ თორდიას ტილოებთან (კლინიკის კედლებზე თვალსაჩინო ქართველი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი). ბატონი ფრიდონი მედიცინაში ესთეტიკის მნიშვნელობაზე, პაციენტებზე და, საერთოდ, ადამიანზე ხელოვნების დადებით გავლენაზე ლაპარაკობდა.

ორი ქალბატონი მოგვიახლოვდა.

ეტყობოდა, პირველად იყვნენ ამ სამკურნალო დაწესებულებაში.

_ სად შეიძლება თქვენი სახელგანთქმული თოდუას ნახვა? _ მიმართეს ბატონ ფრიდონს.

ვერ გეტყვით, დაიბნამეთქი ასეთი მოულოდნელი კომპლიმენტისგან ბატონი ფრიდონი, მაგრამ, ცოტა რომ ეუხერხულა, აშკარად შეეტყო.

პაუზა

უნდა გენახათ იმ ქალბატონების შეცბუნებული, გაოცებული, გახარებული სახეები, პასუხი რომ მოისმინეს

აფხაზები აღმოჩნდნენ, სოხუმიდან ჩამოსულები.

_ ბატონო ფრიდონ, აფხაზეთიდან ჩამოსულებს პრობლემები ხომ არ უჩნდებათ იქ, ადგილზე?

_ მგონი, არა. ვისთან, რა დონეზე ათანხმებენ თბილისში ჩამოსვლის საკითხს, არ ვიცი და არც არასოდეს მიკითხავს პაციენტებისთვის. იქნებ, არც სჭირდებათ ნებართვა, მაგრამ თავისთავად ჩამოსვლა, როგორც მოვლენა, ჩვენი ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტია.

ხალხის დაახლოებაზე ვლაპარაკობ, რომელიც დამნაშავე არ არის მომხდარ ტრაგედიაში.

2008 წლის ომმა ერთბაშად შეწყვიტა დაახლოების ის პროცესები, რომლებიც 90-იანი წლების გაუცხოების შემდეგ მაინც ამოქმედდა და ძალას იკრეფდა. გვქონდა სისტემატური პროფესიული კონტაქტები, შეხვედრები, რომლებიც არცთუ იშვიათად მეგობრული სუფრით მთავრდებოდა.

ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ, უკეთესის იმედი ყოველთვის არის. მჯერა, რომ უბრალო ხალხს არ სურს ასეთ დაპირისპირებაში ყოფნა, 100 პროცენტით მართალი ან 100 პროცენტით მტყუანი არავინაა. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელსაც ურთიერთობით გავარკვევთ და მოვაგვარებთ. მე ასე მჯერა.

მახსოვს, როგორ ჩავედი ერთხელ ცხინვალში. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში, სადაც საგანგებოდ ჩემთან და ჩემს თანამშრომლებთან შესახვედრად შეკრებილი იყვნენ იქაური მედიკოსები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები.

ბევრი თბილი სიტყვა ითქვა მაშინ ჩვენი მისამართით. დღემდე მადლობელი ვარ მათი.

შემთხვევა მომეცა, შევხვედროდი ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის წევრს _ ნაფი ჯუსოითის. ვისაუბრეთ. ამ საუბრის დროს მან გულდაწყვეტით მითხრა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობიდან ამომრიცხესო. ვუპასუხე, რომ თქვენ იყავით და ხართ ჩვენი აკადემიის წევრი, რომ აკადემია ვერ შეელევა ასეთი დამსახურების მქონე ადამიანსმეთქი, და ჩემი სიტყვების დასტურად ვაჩვენე აკადემიის ნამდვილ წევრთა სია, რომელშიც შავით თეთრზე მისი სახელი და გვარი ეწერა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა…

ცხინვალიდან და აფხაზეთიდან პაციენტების ჩამოსვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ამ მოძრაობაში გამოჩნდა რეალური კონტურები ურთიერთობის აღდგენის ახალი გზის, გნებავთ, ამასსახალხო დიპლომატიადაარქვით, გნებავთ, “ექიმები საზღვრების გარეშე”, გნებავთ, “სიცოცხლის წყურვილი”…

_ აფხაზეთიდან ჩამომსვლელების კონტინგენტი გალის რაიონით ხომ არ შემოიფარგლება?

_ არა! ჩამოდიან ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებიდან, გაგრიდან, სოხუმიდან _ აფხაზეთის ყველა რეგიონიდან.

მძიმე ავადმყოფებიც ჩამოჰყავთ. გადაუდებელ ოპერაციებს დაუყოვნებლივ ვაკეთებთ, ონკოპაციენტებს ვუტარებთ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას. საუკეთესო, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ჩვენი კლინიკა, დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ჩვენთან არის, ამის საშუალებას იძლევა.

ჩამოდიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც, რაც, ასევე, სასიხარულოა.

მიმაჩნია, რომ ამ მოძრაობის გაფართოება ფრიად პერსპექტიულია პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად.

_ არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკისგან შორს დგახართ

_ პოლიტიკაში ვიყავი, პოლიტიკურ თანამდებობაზეც _ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გახლდით, მაგრამ პოლიტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ. დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი; იმ ეტაპზე ვთვლიდი, რომ შემეძლო, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის იმ გზით, იმ ადგილზე მეტი სარგებლობა მომეტანა, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის იყო და არის მედიცინა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

_ თქვენი ნებართვით, მაინცპოლიტიკურ შეკითხვასდაგისვამთ. უფრო ზუსტად, მინდა, რუსეთსაქართველოს ურთიერთობაზე გთხოვოთ კომენტარი.

_ თითქმის 25 წელიწადი ვიცხოვრე და ვიმუშავე მოსკოვში და ეს პრობლემა ჩემთვის სასხვათაშორისო არ არის. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია, არ მგონია, კარგის მომტანი იყოს. ბევრი რამ გვაქვს საერთო ჩვენს ამ დიდ მეზობელთან, რომლის იგნორირება არ შეიძლება. რუსეთს ჩვენ ვჭირდებით, რუსეთი გვჭირდება ჩვენც, მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ზურგი უნდა ვაქციოთ ევროპას _ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ევროინტეგრაციის კურსს.

80-იან წლებში საკმაოდ პოპულარული კაცი ვიყავი მოსკოვში, როცა ავითვისე და ავამუშავე საბჭოთა კავშირში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფი. ახლა რას ნიშნავს ტომოგრაფია, ხომ წარმოგიდგენიათ და მაშინ ფანტასტიკის სფეროდან იყო, მაგრამ არანაკლებ ფანტასტიკად წარმომიდგება ის, თუ როგორი დიდებული ადამიანები ყოფილან ჩემი პაციენტები _ მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორები, მწერლები, კინოსა და თეატრის ვარსკვლავები, მომღერლები და ზესახელმწიფოს ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, რომელთა გარეშე მსოფლიოს ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაწყდებოდა.

ამის თაობაზე ჩემს შვილიშვილს როცა ვუყვები, ვხედავ, რომ მისთვის მაინცდამაინც არაფერს ნიშნავს, რადგან წარსულია.

მაგრამ მომავალი წარსულიდან არის აღმოცენებული. ეს ხომ აღიარებულია? წარსულს ვერ გადავშლით!

_ რა თქმა უნდა: “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”, _ ილია მართლის ფორმულაა.

_ დიახ. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობა ბევრ რამეს ივიწყებს. ჩვენს ინსტიტუტში მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც ორ-სამ ენას ფლობენ, მაგრამ რუსული არ იციან. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. ჩვენ რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობას ვერ გავექცევით.

მე, როგორც ექიმი, მეცნიერი, თუ გნებავთ, საზოგადო მოღვაწე, ვისურვებდი, მომეძებნა კომპრომისული წინადადება, იდეა, აზრი ჩვენი ხელისუფლებისთვის შესათავაზებლად, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის მეტი, არაფერი მოგვიტანა. არც რუსეთისთვის იყო ეს წლები მაინცდამაინც სახარბიელო.

გულწრფელად მივმართავ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს, მონახონ კეთილმეზობლური ურთიერთობის ოპტიმალური ვარიანტი და შევიდნენ ისტორიაში, როგორც კონფრონტაციის დამძლევი მოღვაწენი, მამულიშვილები, რომლებმაც გადალახეს წლების განმავლობაში დაგროვებული წინააღმდეგობანი და თავიანთ ხალხებს მშვიდობისა და აღმავლობის რწმენა დაუბრუნეს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ურთიერთგაგების ატმოსფერო დამყარდება, გადაწყდება საქართველოს გამთლიანების პრობლემა, რა ფორმით, მომავალი გვაჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია: საქართველო უნდა იყოს გამთლიანებული, შემდგარი სახელმწიფო და, უწინარეს ყოვლისა, აღიარებული მეზობელი სახელმწიფოების მიერ.

ხომ არის ამის მაგალითები მსოფლიოში! გამოვიყენოთ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გამოცდილება. ყველამ იცის, რომ დამარცხებული მხარე, გერმანია, დღეს ევროპული ქვეყნების ლიდერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განა ჩვენი თაობის თვალწინ არ მოხდა იმავე გერმანიის გაერთიანება?! ხომ მოინახა კომპრომისი დაპირისპირებულ მხარეებს შორის!

უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე მემკვიდრეობის დაძლევა. ცხოვრება გრძელდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი უმოქმედობით ვფლანგოთ დრო.

_ მედიცინას დავუბრუნდეთ, ბატონო ფრიდონ.

_ უწინარეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკა, რომელიც უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი (თამამად შემიძლია, ნებისმიერ ევროპულ კლინიკას დავუდგეთ გვერდით), უნდა მოემსახუროს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. რატომ უნდა იყვნენ გამონაკლისი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები და არამხოლოდ ისინი?! ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან, ბევრი _ რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდანაც.

გულწრფელად მახარებს, როცა ჩვენი კლინიკის ეზოში ვხედავ ავტომანქანებს რუსული სანომრე ნიშნებით: ასეთი ურთიერთობა შლის საზღვრებს და პრაქტიკული მაგალითია იმისა, რომ მედიცინა მართლაც საზღვრების გარეშე არსებობს.

არა მგონია, გამინაწყენდნენ ჩვენი თანამემამულენი, თუ ვიტყვი, რომ ჩამოსულ პაციენტებს ჩვენი ექიმები მაქსიმალური ყურადღებით ეპყრობიან.

ბევრი პაციენტი გვყავს აზერბაიჯანიდან, ბოლო დროს იმატა სომხეთიდან ჩამოსულთა რაოდენობამ. ახლახან გვესტუმრა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მოეწონა ჩვენი კლინიკა და მიესალმა ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას: ახლა ის დრო დადგა, როცა პაციენტი თვითონ ირჩევს ექიმს და სამკურნალო დაწესებულებას.

_ იქნებ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩამოსულების აფხაზური პასპორტების გრაფაშიეროვნებაქართველებს უწერიათ, “ქართველი”…

_ თითქოს ფორმალური დეტალია, მაგრამ იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთში არ სურთ ყველა ხიდის დაწვა, რომელიც საქართველოსთან აკავშირებთ. რადიკალიზმი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ასეთ რადიკალებთანაც უნდა მოვნახოთ მისასვლელი გზები, მათ შორის, მედიცინის საშუალებითაც.

შეუძლებელია, არ მივესალმოთ თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ გალის რაიონის სიახლოვეს, ენგურის ნაპირზე, შენდება დიდი კლინიკური საავადმყოფო. ამას წინათ მინისტრს ვუთხარი, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც რეგულარულად ჩავალთ ამ კლინიკაში პრაქტიკული სამედიცინო დახმარების გასაწევად.

მინდა, შევთავაზო კოლეგებს: ჩავიდეთ აფხაზეთში, თუნდაც ეგიდითექიმები საზღვრების გარეშე”; შევხვდეთ აფხაზებს, იქ დარჩენილ ქართველებს, პაციენტებსაც და არა მხოლოდ მათ. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მიკარნახებს, რომ ეს შეხვედრა თბილი და, რაც მთავარია, ურთიერთსასარგებლო იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ახსოვთ ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა რუხის ციხესთან, არაერთხელ ჩამოვსულვარ მოსკოვიდან ამ ზეიმზე და პირადად მიგრძვნია ის ამაღლებული განწყობილება, რომელიც აქ სუფევდა.

მოდით, ისტორიას მივანდოთ იმის გარკვევის უფლება, ვინ, სად, როდის რა შეცდომა დაუშვა; ჩვენ კი _ ხელისუფლებამ, პროფესიულმა გაერთიანებებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა _ ვცადოთ, აღვადგინოთ იმ შეცდომების გამო ჩატეხილი ჩვენი ერთობის ხიდი. სახალხო დიპლომატია დიდი ძალაა…

ოპტიმალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება კი ხელისუფლების მოვალეობაა, მისი საქმეა.

ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here