Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ზექალაშვილი: ომი არ დაუწყია საქართველოს, ომი სააკაშვილმა დაიწყო!

სოსო ზექალაშვილი: ომი არ დაუწყია საქართველოს, ომი სააკაშვილმა დაიწყო!

652

აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ რთულია იმ საშინელების დავიწყება, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს იმ უმძიმეს დღეებში განიცადა. როგორი იყო ეს ომი ერთი რიგითი გორელის თვალით, “საქართველო და მსოფლიოსსოსო ზექალაშვილი მოუთხრობს

 

_ ბატონო სოსო, რა ვითარება იყო ომის წინა დღეებში გორში, იგრძნობოდა თუ არა ომის დაწყების საფრთხე?

_ რა თქმა უნდა, იგრძნობოდა. მახსოვს, 8 აგვისტოს წინა დღეებში ქართული სამხედრო ეშელონები გადაადგილდებოდნენ. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რატომღაც ერიდებათ თქმა, ვინ დაიწყო ომი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ომი დაიწყო სააკაშვილმა თავისი ქალაქის მასირებული დაბომბვით. ომი არ დაუწყია საქართველოს, რადგან ეს არ ყოფილა ოფიციალურად საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის გადაწყვეტილება. ეს იყო სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება, მისი ახირება.

8 აგვისტოს დილას, რომელიც ოფიციალურად ითვლება სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღად, 4 საათის განმავლობაში ცა სულ წითელი იყო…

_ წინა ხელისუფლება თავს იმართლებდა, წინა დღეებში საწინააღმდეგო მხრიდანაც იყო სროლები და პროვოკაციებიო

_ სიცურეა, რომ ამბობენ, პროვოკაციები იყო და ომი იმიტომ დაიწყოო, რადგან ეს სროლები და პროვოკაციები 1990-იანი წლებიდან არ წყდებოდა. თითო-ოროლა გასროლა ყოველთვის ხდებოდა. ჩნდება კითხვა: თუ ასეთი რაღაც ხდებოდა და წინა დღეებში ქალაქი იბომბებოდა, რატომ არავინ გამოვიდა ჩვენი ხელისუფლებიდან ოფიციალური განცხადებით _ რუსები შემოგვესივნენ და გვბომბავენო? მერე ხომ ატყდა ამბავი და მოუწოდებდნენ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, _ გვიშველეთო?! მაგრამ პირიქით კეთდებოდა განცხადებები, რომ, აი, ცხინვალი ავიღეთ და ვიმარჯვებთო. სხვათა შორის, თავდაპირველად რუსებს არც ახსენებდნენ. კოსმოსიდან გადაღებულია კადრები, როდის გადმოკვეთა რუსის ჯარმა საზღვარი, ეს იყო უკვე 9 აგვისტოს.

_ 8 აგვისტოს ტელევიზიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, ქართული ჯარი ომს იგებსო, რა ხდებოდა რეალურად გორში?

_ დიახ, ერთი დღე მოსახლეობაც ეიფორიაში იყო, ვფიქრობდით, რომ ომს ვიგებდით. ქალაქშიც სიმშვიდე იყო და არც არავინ გარბოდა, მაგრამ მეორე დღეს, 9 აგვისტოს, უკვე ქალაქის დაცლა დაიწყო. გარბოდა მოსახლეობა. როცა ჯარმა უკან დაიხია, მოსახლეობაც გაიქცა. გორი და მის გარშემო სოფლები პანიკამ მოიცვა.

სამ დღეში გორი უკვე მკვდარ ქალაქს ჰგავდა. როგორც სასაფლაოზე, ისეთი სიჩუმე იყო. წინა დღეებში ოსი “ბოევიკები” გორის რაიონის სოფლებს შეესივნენ და ძირითადად შურისძიების მიზნით, წინა ომიდან ვისი ბოღმაც ჰქონდათ, ყველას ხოცავდნენ. სოფელ ტყვიავში ახლობლები მყავს და მიყვებოდნენ, რომ იმ ადამიანების სახლებიც კი გადაწვეს, რომლებიც 1990-იან წლებში იბრძოდნენ ან ოდესმე ოსი ვინც მოკლაო. ხალხიც დახოცეს. მეშინოდა, გორშიც არ შემოსულიყვნენ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერს გაანადგურებდნენ.

მაგალითად, ასეთ ფაქტსაც შევესწარი, სტალინის ქუჩაზე მიდიოდა ქართულნომრიანი ავტომანქანა, სამხედროებს იარაღი მომარჯვებული ჰქონდათ და ესროდნენ რუსებს, იყო ერთი ამბავი. გაირკვა, რომ ისინი ოსი “ბოევიკები” იყვნენ, რომლებმაც მანქანა თურმე ქართველებს გასტაცეს.

ომის დღეებში ჩვენი პატრონი და დამცველი არავინ იყო _ არც პოლიცია, არც ჯარი, არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, არავინ. მახსოვს, ჰუმანიტარული ტვირთიც კი დარჩენილმა მოსახლეობამ ყოველგვარი პანიკისა და არეულობის გარეშე თვითონ დაარიგა და გაინაწილა, ქალაქშიც ძალიან ცოტანი დავრჩით.

_ ამბობთ, რომ ქალაქში ოფიციალური პირებიდან აღარავინ იყო, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, გმირულად ვიბრძოდით ომის დღეებშიო.

_ სიცრუეა. იმხანად გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი იყო. არც გამგებელი, არც გუბერნატორი… ვისაც კი პასუხი მოეთხოვებოდა, არც ერთი ოფიციალური პირი ქალაქში არ იყო და, ტყეში თუ გავიდნენ და იქიდან იბრძოდნენ, არ ვიცი.

_ თქვენ ომის დღეებშიც არ დაგიტოვებიათ ქალაქი, არ გეშინოდათ?

_ სიმართლე გითხრათ, ქალაქში თვითონ რუსის ჯარის მხრიდან საშიშროება არ მიგრძვნია. მართალია, სამხედრო ბაზა გაძარცვეს და წასვლისას გადაწვეს კიდეც, ხალხს არაფერს გვიშავებდნენ; ალბათ, უბრძანეს, მშვიდობიან მოსახლეობას არ შეხებოდნენ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ჭურვს მოეკალი. ოჯახი თბილისში გამოვუშვი, მე კი გორში დარჩენა გადავწყვიტე.

_ განაცხადეთ, ომი სააკაშვილმა დაიწყოო, რატომ უნდა ყოფილიყო ის დაინტერესებული ომის დაწყებით?

_ ვფიქრობ, სააკაშვილი დასავლელმა პარტნიორებმა წააქეზეს, უბრალოდ, იმედი მისცეს და შემდეგ “გადააგდეს” ან რატომღაც უკან დაიხიეს; ისევე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა და შემდეგ უკრაინა რუსეთის წინაშე მარტო აღმოჩნდა. მოგვიანებით კი ამბობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სააკაშვილს, არ იომოო, მაგრამ იმ დონის გიჟი არ იყო სააკაშვილი, თავისი სიცოცხლე და ქონება სასწორზე შეეგდო და ეფიქრა, რომ ქართველები რუსებს ომს მოვუგებდით. ჟანგიანი ტანკები ჰყავდათ რუსებსო, რომ ამბობდნენ, იმდენი არიან, ჩექმები რომ გვესროლონ, მოგვერევიან.

_ როგორ ხვდება გორი 7 წლის შემდეგ 8 აგვისტოს?

_ დამწვარ-დანგრეული სახლები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ აუშენა ყველას, ამ შემთხვევაში ვერავის დავძრახავ. ჩემს კორპუსში ორ მცხოვრებს ბინები დაეწვათ და უზრუნველყვეს საცხოვრებლით, სახლებიც შეღებეს და გაალამაზეს.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ომის თარიღს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, კონცერტებს ატარებდნენ, მანქანები დადიოდნენ სამგლოვიარო სიგნალებით, მაგრამ უკვე მეორე წელია, გორი მშვიდად ხვდება აგვისტოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here