Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საღი აზრი ანტირუსული ისტერიის შეწყვეტასა და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოებაშია

თამარ კიკნაძე: საღი აზრი ანტირუსული ისტერიის შეწყვეტასა და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოებაშია

518

გასული კვირა დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარის _ დავით უსუფაშვილის საინტერესო განცხადებით, რომლითაც აღიარა, რომ ნატო აბაშიძე-კარასინის შეხვედრების მომხრეა: “ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას. 

 

მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ, თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არცთუ ეფექტიან, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან საქართველოსთვის მაპის მოცემა, საქართველოს შესვლა ნატოში არ არის გააზრებული და მონდომებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზსა და საბაბს”, _ განაცხადა უსუფაშვილმა. ევროპა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ურჩევს ხელისუფლებას და ეს არახალია. დადგა თუ არა დრო, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ კვირა საინტერესო ინფორმაციით დაიწყო, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მოგვაწოდა. თურმე ნატოში ამბობენ, რომ აბაშიძეკარასინის შეხვედრების ფორმატის შეწყვეტა მაპის მიღების პროცესს შეაფერხებს.

_ სამწუხაროა, როდესაც ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯს თვითონ კი არ დგამ, არამედ სხვისი კარნახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებ. ყველამ კარგად იცის, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა. მას ძალისმიერი გზით პრობლემის გადაჭრა არ ძალუძს. ნებისმიერი პროვოკაცია კი შეიძლება ქვეყნისთვის სავალალოდ დასრულდეს. საქართველოს გამო რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაბმას არავინ მოინდომებს.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ეთნოკონფლიქტები გააქტიურდეს, რაც იმის ნიშნავს, რომ პროვოკაციები იგეგმება. ახლახან ჩვენთან ატეხილი ე.წ. სასაზღვრო ხმაურიც ამ გეგმის ნაწილი იყო.

_ აბაშიძე და კარასინი სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ. ეს შეხვედრები პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნის. თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შეხვედრების ფორმატი გაფართოვდეს, ამას ევროპა მხარს დაუჭერს? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპა, რასაც ხმამაღლა ამბობს, შემდეგ კულუარებში ამ ნათქვამის შესრულებას უკრძალავს საქართველოს ხელისუფლებას.

_ ევროპელებს სიტუაციის გართულება ხელს არ აძლევთ. ეს ასეც რომ არ იყოს, საჭიროა მუშაობა ყველა მხარესთან, საკუთარი და არა სხვისი ინტერესების შესაბამისად მოქმედება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. დიპლომატიური მუშაობა ყველა ქვეყანასთან საჭიროა. მოსაძებნია ის მატრიცა, რომელიც ჩვენ გვაძლევს ხელს და ყველა მხარეს დააკმაყოფილებს, მაგრამ ამას სიბრძნე, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პოლიტიკის კეთების ცოდნა სჭირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ საქართველომ თავის სასიკეთო ნაბიჯები გადაადგმევინოს პარტნიორებს.

რუსეთმა სააკაშვილის წყალობით ყველაფრი მიიღო, რაც სურდა. ჩვენ ვართ რთულ მდგომარეობაში და ამიტომაც უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. თაობა იცვლება და ახალგაზრდებს არც კი უნახავთ აფხაზეთი, შესაბამისად, ეს ტკივილიც ნელდება, დევნილები გაიბნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, ბევრი მათგანი ქვეყნიდანაც გავიდა. მალე მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური სარჩოსაბადებლის მოპოვებით არის დაკავებული, დაკარგული ტერიტორიები აქტუალური აღარ იქნება. ამას სოციოლიგიური კვლევებიც ადასტურებს. ასე მოხდა კვიპროსშიც. 2004 წელს კუნძულის ბერძნულმა ნაწილმა, რომელიც ევროკავშირში შევიდა, უარი თქვა გაერთიანებაზე და თურქული ნაწილი ევროკავშირის მიღმა დარჩა, კვიპროსი კი ორად გაიხლიჩა.

რუსეთთან კომუნიკაცია აუცილებელია. ნახეთ, რა დაძაბული ურთიერთობაა რუსეთსა და ამერიკას შორის. მიუხედავად ამისა, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ წყდება – პრეზიდენტები ტელეფონით უკავშირდებიან ერთმანეთს, საგარეო საქმეთა მინისტრები კი თითქმის მუდმივ კავშირში იმყოფებიან. კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს.

_ წინა ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ გასაგები იყოახალი ხელისუფლება, ერთი შეხედვით, თითქოს ცდილობს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების მოგვარებას, მაგრამ ამას გაუბედავად აკეთებსპარალელურად ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან _ ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ბაზების განლაგებითა და ნატოში შესვლის რიტორიკით არიან დაკავებულნი.

_ ამჟამინდელ ხელისუფლებას ხელს უშლის საერთაშორისო კონიუნქტურა; წინა ხელისუფლებების დამსახურებით, მოქმედების არეალი შეზღუდულია, მაგრამ საკუთარი ინტერესების დაცვა აუცილებელია. ამის კარგი მაგალითია სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს ორი ქვეყანა ახერხებს დასავლეთთანაც და რუსეთთანაც ურთიერთობის მოგვარებას. ახალ ხელისუფლებას უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს. დაველოდოთ, რას მოიმოქმედებენ.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. გვაქვს კადრებისა და მეხუთე კოლონის სერიოზული პრობლემა.

_ ხშირად ვახსენებთ მეხუთე კოლონას. ვინ არიან ისინი? ზოგი ამ სახელს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე ადამიანებს უწოდებს.

_ მეხუთე კოლონაანაციონალური მოძრაობა”, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური პარტია, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მასმედიის ნაწილი. პოლიტილოგიასა და სოციოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება _ გავლენის აგენტი. ეს აგენტები მოსახლეობაში გარკვეული ღირებულებების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ასეთი აგენტებია: საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მასმედია, პოლიტიკური პარტიები, რელიგია და სხვ. დღეს ყველა ეს გავლენის აგენტი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, საეჭვო ღირებულებებს უყალიბებს ადამიანებს, ეს ტექნოლგიების შემადგენელი ნაწილია. ანტირუსული პროპაგანდაც ტენოლოგიაა.

_ ქვეყანაში არიან დიპლომატები და პოლიტოლოგები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ, თუ მთავრობა ვერ ახერხებს საერთაშორისო კონიუნქტურის გამო რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, მაშინ ლეგიტიმაცია ოპოზიციას უნდა მისცეს და მთავრობის სახელით ალაპარაკოსო. ასეთი მიდგომა მართებული იქნება?

_ პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი. პოლიტიკა ხომ შესაძლებლობების ხელოვნებაა. საჭიროა, მივიდეთ საღ აზრამდე. საღი აზრი ანტირუსული ისტერიის შეწყვეტასა და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოებაშია. არ შეიძლება ფაშისტური ელფერის მქონე გადაცემების ტირაჟირება, სადაც ადამიანების ავკარგიანობა ეროვნების მიხედვით განისაზღვრება და ჟურნალისტები იმას ამტკიცებენ, რომ ყველა რუსი ცუდია და ყველა უბედურების მიზეზი მხოლოდ რუსეთია. ასევე, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ყველა ამერიკელი ან ევროპელი ცუდია. რუსეთი უდიდესი მეზობელია და მას ვერავინ შეგვიცვლის, რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და იქიდან არჩენს ოჯახს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, შეიძლება თუ არა ოპოზიციამ ილაპარაკოს რუსეთთან, რატომაც არა, თუ ეს ქვეყანას წაადგება.

რუსეთის ვექტორი დღეს პოპულარული არ არის. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საკეთილდღეოდ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე ლაპარაკობენ, ამას თავისი კარიერის რისკის ფასად აკეთებენ, რადგანაც მყისიერად იწყება მუშაობა მათი მარგინალიზაციისთვის. ისინი ამისთვის მატერიალურ დივიდენდებს არ იღებენ, განსხვავებით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მხოლოდ პროდასავლურ ვექტორზე აპელირებენ. სამშობლოს კეთილდღეობისთვის დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობაა საჭირო.

ჩვენი საშინაო პრობლემების უდიდესი ნაწილი საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული. მივესალმები სარბიელზე საღად მოაზროვნე ადამიანების გამოსვლას, რომლებიც დაუფარავად გამოხატავენ თავიანთ აზრს პრაგმატული პოლიტიკის წარმოების შესახებ.

_ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გამოიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში არც პარლამენტი გვივარგა და არც ხელისუფლება. რა მოხდება მომავალ არჩევნებზე?

_ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ უნდა დასრულდეს უცოდინარი და მხოლოდ თავისი პრობლემებით დაკავებული დეპუტატების ყოფნა პარლამენტში, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში არავითარ სასარგებლო საქმიანობას არ ეწევიან. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ჩვენთვის სასარგებლო კანონებს იღებს. განუწყვეტლივ აპელირებენ, კანონმა დასავლეთში გაიარა ექპერტიზა და სრულყოფილიაო, სინამდვილეში კი მთელი რიგი ხარვეზებით არის სავსე. მაგალითად, ამბობენ, კონსტიტუცია ვენეციის კომისიის მოწონებულიაო. მე ერთი რიგითი პროფესორი ვარ და მეც კი ვხედავ, რომ კონსტიტუციაში ელემენტარულად არ არის დაცული ხელისუფლების შტოებს შორის ლეგიტიმაციის ბალანსი. მიმდინარეობს გამუდმებული კინკლაობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დღეს კი ამის დრო ნამდვილად არ არის. საქართველოს სჭირდება კონსოლიდირებული, შეკრული ხელისუფლება, რომელიც ძალისხმევას ქვეყნის კეთილდღეობას მოანდომებს და არა კინკლაობას.

_ რა ხდება მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში? რუსეთის პრეზიდენტმა ახლახან ახალი საზღვაო დოქტრინა აამოქმედა.

_ ეს დაკავშირებულია რუსეთის საზღვაო ფლოტის გაძლერებასთან. ჩემი აზრით, ოდესაში სააკაშვილის დანიშვნასთან ერთად ძლიერდება რეგიონში ამერიკული გავლენის გაზრდის მცდელობა. სააკაშვილი პირდაპირ ეპატიჟება ამერიკელებს. რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა ოფიციალურად ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტის გაძლიერებას და არგუმენტირებულია ნატოს რუსეთთან მოახლოების საშიშროებით.

სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენ უნდა ველოდოთ კუნთების დემონსტრირების ახალ ეტაპს. რაც შეეხება სააკაშვილს, უკრაინელები, მგონი, უკვე ხედავენ მის ნამდვილ სახეს და სააკაშვილის კოლაფსი მხოლოდ დროის ფაქტორია.

_ რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში საქართველომ?

_ საქართველო, სამწუხაროდ, სუბიექტი არ არის, ის ობიექტია და ფრთხილი მოქმედება მართებს. აუცილებელია ინფორმაციის მოპოვება და ჩვენს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის თავიდან აშორება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here