Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნები ისევ მოვა, თანაც _ ძალიან მალე!

არჩევნები ისევ მოვა, თანაც _ ძალიან მალე!

552

გასული კვირის განმავლობაში მხოლოდ ძალიან ზარმაცებს არ უქილიკიათ ბიძინა ივანიშვილისწამოცდენებზე”, “სათადარიგო მოთამაშისსტატუსზე დაარარსებულშეუსრულებელ დაპირებებზე. ამოიყარა და დაიყარა სოციალურ ქსელებში სწორედ ის დაპირებები, რომელთა შესრულებაზე ლაპარაკი უკვე სასაცილოც კია.

 

2013 წლის ბოლოს ასაშენებელი ყბადაღებული 60 (შემდეგ 100) ქარხნის მისამართების მოპოვებას უშედეგოდ ცდილობენ “ნაციონალები”, თუმცა თავიანთი ლიდერის მიერ ორჯერ და სამჯერ გახსნილ კერძო ობიექტებს არ ახსენებენ. ჩვენც ვეძებთ, მაგრამ ვერ გვიპოვნია.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები 2012 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ მომავალი წლის იანვრიდან პენსიები გადაისინჯება და საარსებო მინიმუმს გაუტოლდებამინიმუმი 160 ლარია, მაგრამ გადაიხედება და 220 გახდება”. 220-ლარიანო პენსიონერებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!

“შეუსრულებელი დაპირებები არ არსებობს! მე არ მგონია, რომ ჩვენი დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მრავალჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ხელისუფლებაში არ ვარ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ, რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ, გნებავთ, მედიასთან, გნებავთ, სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც ექსპერტებს ეძახიან საკუთარ თავს; დავასაბუთოთ, რა ვთქვით, რა დავპირდით და რა არ გავაკეთეთ. დაპირებები რაც იყო, ყველაფერი შესრულდა და სრულდება.” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

და იქვე, იმავე ინტერვიუშიცუდი, უკეთესი, კარგი და ძალიან კარგი წლებისშესახებ ბრძანა: “მესამე წელი ეკონომიკურ სტაბილურობას რაც შეეხება, მე რაზეც ვსაუბრობდი და რაც მქონდა მხედველობაში, მე რომ ვთქვი, ყველა ჯიბეს დაეტყობა, ეს წამოცდენაა და არ არის გააზრებული”!

არადა, მისივე თანაგუნდელები 2012 წლის არჩევნებამდე გვიმტკიცებდნენ, რომ გაზის ტარიფი განახევრდებოდა, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავიდოდა, განათლება გაიაფდებოდა! ერთი დღევანდელი “მეოცნებე” მინისტრი ამომრჩეველს გონებაჩლუნგი ბავშვებივით მარტივად უხსნიდა: “

ელექტროენერგია ჩვენი მდინარეებიდან ამოღებული დენია. ეს არ არის ნავთობი ან გაზი, რომელიც შემოგვაქვს. მისი ღირებულება 5-6 თეთრია კილოვატსაათზე”.

სამი წელი გავიდა და დღეს ურცხვად გვიცხადებენ, რომ, თუ ისევ უშუქობაში ჯდომა არ გვინდა, კილოვატზე თითქმის ოთხი თეთრით მეტი უნდა გადავიხადოთ! დენი კი გვაქვს, მაგრამ ბნელა, ბატონებო?

შორს რომ არ ვიაროთ, მხოლოდ ჩვენი გაზეთის მიერ მოპოვებულ წინასაარჩევნო დაპირებებს შემოგთავაზებთ.

შალვა მექვაბიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, “ქართული ოცნებისიმჟამინდელი აქტიური წევრი:

“დღეს მინიმალური პენსია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენსაზე ექვსჯერ მეტია. აფხაზეთში კილოვატსაათი ელექტროენერგია 2 თეთრი ღირს, ანუ დანარჩენ საქართველოზე 11-ჯერ იაფი. იფიქრებს ის, აფხაზი იქნება თუ ოსი, საქართველოში დაბრუნებაზე? _ არა. გვყვლეფდნენ: 2-თეთრიან კილოვატსაათს 23 თეთრად ყიდდნენ. უზარმაზარ ზემოგებაზე მუშაობენ “თელასი” და “ენერგოპრო”, რომლებიც ასპროცენტიანი რუსული კომპანიებია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზემოგების მეტი წილი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებში მიდიოდა.

ახლა უეჭველად გაირკვევა, სად და ვის ჯიბეში ილექებოდა ყოველწლიურად ამ 8 წლის განმავლობაში ის მილიარდობით ზემოგება, რომელსაც ჩვენ, ყველანი, ვიხდიდით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე”.

სამი წელი გავიდა, მაგრამ ვერც ის გაირკვა, ვის ჯიბეში ილექებოდა ის მილიარდები და ვერც ის, ახლა ვინ ხეირობს ჩვენი ჯიბიდან უკანასკნელი თეთრების ამოფხეკით! გაიაფების მომლოდინეებს ჯერ ელექტროენერგია გაგვიძვირეს, ზამთრამდე კი, ალბათ, გაზის საფასურსაც გაზრდიან და მერე ჩვენი გაკვირვებით გაბრაზებულები პირში მოგვახლიან: _ განა ყველა დაპირება არ შეგისრულეთ?

არადა, გაზი, ელექტროენერგია, წყალი უნდა გაიაფებულიყო, როგორც გვპირდებოდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ “კარგად ვერ დაუთვლიათ”. “ვერდამთვლელებში”, ალბათ, შალვა მექვაბიშვილიც იგულისხმება სხვა ეკონომისტებთან ერთად, რომელთა გათვლები ასე გამოიყურებოდა: “გაზის ტარიფი საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა; არადა, უნდა შემცირებულიყო.

ამუშავდა შაჰდენიზის გაზსადენი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიყვანეს. ვიდრე ეს მოხდებოდა, ერთი კუბური მეტრის ფასი 27 თეთრი იყო, 2006 წლის შემდეგ 34,2 თეთრი გახდა, 2007 წლიდან _ 51 თეთრი, ზოგიერთ რეგიონში _ 54-55 თეთრი. ამ დროს კი შაჰდენიზიდან გატარებული გაზის 5 პროცენტი სრულიად უფასოდ გვრჩებოდა, რამაც შარშან 300 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, კიდევ 5 პროცენტი ძალიან იაფად _ ერთი მილიონი კუბური მეტრი 55 დოლარად გვეძლეოდა, ამას ემატებოდა სომხეთში გატარებული გაზის 10 პროცენტი უფასოდ, რაც დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი იყო წელიწადში.

ეს უფასო გაზი, რომელსაც ჩვენ სისტემატურად გვიძვირებენ, უზარმაზარ ზემოგებად ილექებოდა იმ ხელისუფალთა პირად ანგარიშებზე, რომლებიც “კორუფციის დამარცხებით” იწონებდნენ თავს. ექსპერტების აზრით, გაზის საფასური უნდა განახევრდეს _ 30-35 თეთრი უნდა იყოს…

რა ხდება თბილისში, სადაც მილიონ ორას ათასამდე ადამიანი ცხოვრობს? ეს ოდენობა წყლის დღევანდელ ტარიფზე (რომელიც ასევე დენზეა მიბმული) რომ გავამრავლოთ, ანუ სულზე 3 ლარსა და 15 თეთრზე, 3 მილიონ 780 ათას ლარს მივიღებთ ერთ თვეში. ეს ოდენობა გავამრავლოთ წელიწადის 12 თვეზე და მივიღებთ 45 მილიონ 400 ათას ლარს

უზარმაზარ ზემოგებას ითვისებდნენ ამ საქმეში გასული ოლიგარქები და მათთან ერთად მმართველი ელიტა ეროვნული ბუნებრივი სიმდიდრის ხელში ჩაგდებით. 39 მილიონ ლარს ყოველწლიურად ჯიბეში იდებდნენ ვიღაცები, რომლებიც კორუფციის დამარცხებაზე გველაპარაკებოდნენ, სინამდვილეში კი ხალხს სისხლს სწოვდნენ. ამვიღაცებს”, რომლებიც ისედაც ვიცით, ვინც არიან, ახალი ხელისუფლება მშრალზე გამოიყვანს”.

თქვენ პირს შაქარი, ბატონო შალვა, მაგრამ, ალბათ, თქვენც გაოცებული ხართ იმით, რომმშრალზე გამოყვანისმაგივრად, ახალი პრეზიდენტი ძველს ნამუსს სწმენდს, ხოლო მისი ადმინისტრაცია გვამუნათებს, რომ “7 პიჯაკისა და 3 სუშის ქვითრის გამო ყოფილი პრეზიდენტის დევნა არ გამოიყურება სათანადოდ”!

აბა, მილიარდები მიითვისეს, მაგრამ დაისჯებიანო? ვერა? პიჯაკები და სუში დაუთვალეთ სააკაშვილს და დანარჩენი დიდსულოვნად აპატიეთ? თანაც ჩვენ ხარჯზე?

ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყოფილი პრემიერის კრიტიკას. ის კი, თავის მხრივ, მარგველაშვილის მხრიდან სააკაშვილის მუდმივ ქომაგობას იწუნებდა: “როდესაც სააკაშვილზე გამოძიება მიდიოდა პროკურატურაში და მის ხარჯებს უკანონოდ გრიფი საიდუმლო ჰქონდა დადებული, მოხსნა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. სამჯერ მიმართა პროკურატურამ და სამჯერვე უთხრა უარი. მან კარგად იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა. არც ერთ შემთხვევაში გრიფს არ ხსნიდა და იცავდა სააკაშვილს… გამობრძანდნენ თვითონ, თავისი მხარდამჭერები და გააკრიტიკონ, რომ მე ეს არასწორად მივანიშნე”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზები განმარტა. მისი ვერსიით, ვეტოს დადებაც და საიდუმლო გრიფის მოხსნაცქართული ოცნებისწინასაარჩევნო დაპირებების დაცვით იყო განპირობებული!

ესეც ასე! ივანიშვილს თვით მის მიერ რუდუნებით შერჩეული და “ბავშვივით ხელით ნატარები” პრეზიდენტიც შეუსრულებელ დაპირებებს უხსენებს!

ამიტომ არც ის არის გასაკვირი, რომ სოციალურ ქსელებში სერიოზული ეჭვები გაჩნდა; გამოითქვა ვარაუდები, რომ კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალების შემდეგ “დემოკრატია კიდევ უფრო იზეიმებს” და საახალწლოდ ჩვენი პრეზიდენტი მერაბიშვილს, ახალაიასა და უგულავასაც შეიწყალებს!

აბა, მაშინ ნახეთ გნიასი სამართლიანობის აღდგენის “შესრულებულ” დაპირებაზე!

რას ამოვიჩემე შალვა მექვაბიშვილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენზე ნაკლებად არ არის გაოცებული იმ რეალობით, რომელშიც ერთად გვიწევს არსებობა, მაგრამ მის შემდეგი ციტატა ზუსტად ასახავს იმ მოლოდინებს, რომლებიც ქართველი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში 2012 წელს იყო: “მე მჯერა იმ ადამიანის, რომელმაც 2 მილიარდ 800 მილიონზე მეტი თავისი ფული საქართველოს მოახმარა ისე, რომ ამის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა. ბატონმა ბიძინამ უკვე რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მისი მთავრობის ვერც ერთი მინისტრი, ვერც ერთი თანამდებობის პირი ელიტარულ კორუფციაში ვერ ჩაებმება, ვერ გამდიდრდებიან ბიუჯეტისა და მოსახლეობის ხარჯზე. მე მჯერა, რომ უმკაცრესი კონტროლით იგი ამას გააკეთებს.

ამას გააკეთებს ისე, როგორც თავის დროზე მიაღწიეს ფრანკლინ დელანო რუზველტმა აშშ-ში, ათა თურქმა – თურქეთში, ბენ-გურიონმა – ისრაელში, კონრად ადენაუერმა _ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დე გოლმა _ საფრანგეთში; უმკაცრესი კონტროლის გზით თითოეულ თეთრზე. ასე თუ მოხდა, საქართველო ორ-სამ წელიწადში სულ სხვა ქვეყანა იქნება”.

ასე უკვე არ მოხდა და არც საიმისო პირი უჩანს, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში მოხდება. სამაგიეროდ, “ნაციონალებინავარდობენ თბილისსა და ოდესას შორის, ხოლო ძველი და ახალი პრეზიდენტი სხვადასხვა ფორუმზედემოკრატიულ გამოცდილებასუზიარებენ ერთმანეთს.

წასული პრემიერი კი ამტკიცებს, რომ შეუსრულებელი დაპირებები არ არსებობს და ამ ეტაპზე მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს. ივანიშვილის ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში სახალხო ხელისფლებაა _ ქვეყანას კარგი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს. და, როგორც ყოველთვის, “კარგზე უკეთესს” ნატრობს: “ჩვენ უკეთესი მთავრობა გვინდა… გვჭირდება უკეთესი პარლამენტი”. გვჭირდება, რადგან, მისივე სიტყვებით, “ძალიან ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი “იქ მოსაწყენად ზის და არ იცის, რა აკეთოს”.

ჩვენც მაგას ვჩივით, მაგრამ ვინ გვპირდებოდა, რომ “მოწყენილი სახეები იქ არ იქნება”? ბიძინა ივანიშვილს თვითონაც მოსწყინდა გაუთავებელი კრიტიკა და ბოლოს გვითხრა: “თუ გინდათ, მე ვიმართლებ თავს _ მეტი ვერ შევძელი”.

საინტერესოა, რომ მის მიერ დატოვებულ მთავრობას იგი საკუთარ თავზე უფრო მეტად ზოგავს: “მთავრობა აკეთებს ძალიან მიახლოებულს იმასთან, რაც შეუძლია, შეიძლება ოდნავ მეტსაც ან ოდნავ უარესსაც… ჩვენ _ ყველა და მათ შორის ჩვენი ხელისუფლებაც, რეალობიდან გამომდინარე, უნდა შევაფასოთ _ რისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ”.…

და მაინც, თვითონ აკეთებენ მთავრობის წევრები (ან არ აკეთებენ) თუ მაინც ბიძინა ივანიშვილი აკეთებინებს (ან არ აკეთებინებს)? ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ “ადამიანი ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებს. ძალით როგორ გააკეთებინებ? საკუთარ შვილს ვერ გააკეთებინებ, ჩემი პატარა – ცოტნე ათი წლისაა და იმას ვერ გააკეთებინებ ძალით ვერაფერს. სხვას როგორ გააკეთებინებ? მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი, ოპოზიცია ხშირად შფოთავს, რომ ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას კულისებიდან და ღარიბაშვილი არის მარიონეტი, შეურაცხმყოფელ სიტყვას იყენებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ მოვმართო, მე არ მაქვს არავითარი ბერკეტი, გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მხარი არ დავუჭირო და საჯაროდ წავიდე მის წინააღმდეგ”.

ამაზე დიდი ბერკეტი მართლაც რთული მოსაფიქრებელია; სად იქნებოდნენ დღესქართული ოცნებისის სახეები (თავდაცვის ძველი და ახალი მინისტრების ჩათვლით), რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა; ან ის დეპუტატები, რომლებიც ბორდელსა და იბიარდს ვერ ასხვავებენ, მაპსა და ბისეკზე კი წარმოდგენაც არ აქვთ?

ივანიშვილი კი კვლავ საყვარელ საქმეს _ საზოგადოების მენტალიტეტის კვლევას განაგრძობს: “ჩემს მეტი ვინმე თუ აკეთებს იმის ანალიზს, როგორი მენტალური ცვლილებები ხდება საზოგადოებაში, როგორ იმსხვრევა ის, რაც არ უნდა იყოს; ის, რომ ძალიან ბევრს ისევ ბატონი ენატრება. იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელობას ვიჩემებთ, მაგრამ ჩვენ ბევრი საფეხური კიდევ გასავლელი გვაქვს და მენტალურად ძალიან ბევრი რამე უნდა შევცვალოთ. ეს პრობლემაა, ამის დამსხვრევას დრო სჭირდება”.

ჩვენც ვიცით, რომ ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს, მაგრამ, ტრადიციულად, არც ერთი ხელისუფლება, დღევანდელის ჩათვლით, საზოგადოებას ყურს არ უგდებს. ეს თუნდაც ელექტროენერგიის გაძვირების მაგალითზე ჩანს, “აღდგენილ” სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

ახლა გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: 2012 წლის არჩევნების წინ რომ გცოდნოდათ, რა ვითარება იქნებოდა დღეს, “ქართულ ოცნებასხმას მისცემდით?

დიახ, რადგანნაციონალური მოძრაობისატანა უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამქართულ ოცნებასკარგად უნდა ახსოვდეს, რომ არჩევნები ისევ მოვა, თანაც _ ძალიან მალე!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here