Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ყიზლარის ზამთრის საძოვრები

სტალინი და ყიზლარის ზამთრის საძოვრები

2935

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ოდითგანვე მეცხვარეობით იყო დაკავებული. სახნავ-სათიბი მიწების სიმცირის გამო მთის მოსახლეობას ყოველთვის უჭირდა ზამთრის პერიოდში ცხვრის გამოკვება, რის გამოც ქართველი კაცი ცდილობდა, ცხვარი მთიდან გაეყვანა უთოვლო და შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში, ცხოველებს თვითონვე რომ გამოეკვებათ თავი. 

 

კახეთის ბარის მოსახლეობამ ცხვარს შირაქისა და ელდარის შედარებით თბილი ადგილები დაუთმო საძოვრებად, მაგრამ მთის რაიონები, ცხვრის ზამთარში გამოკვების თვალსაზრისით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ცხვართან ერთად თვითგადარჩენისთვის მეცხვარეც იბრძოდა და ეს ბრძოლა ხშირად აღემატებოდა ფრონტის წინა ხაზზე გასული მეომრების ბრძოლას.

მეომრებს ბრძოლის ველზე მეთაური ჰყავთ, აქვთ იარაღი, ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა; მეცხვარე კი ყოველგვარი დახმარების გარეშე ებრძვის ბუნებას, ნადირს, ყაჩაღს. მეცხვარის ყოფა ხშირად არის გაუსაძლისი. ქვემოთ ფაქტებით გიამბობთ მათ რთულ ცხოვრებაზე, მაგრამ ჯერ მინდა, გითხრათ, რამდენი ბრძოლა და სისხლის გაღება დასჭირდა ქართველ კაცს გადაელახა კავკასიონის ქედი და თავისი მკლავით, თავისი სისხლით სხვის ქვეყანაში, სხვა ხალხში ადგილი დაემკვიდრებინა.

ყიზლარში ქართველი მეცხვარის გმირობის აღწერა შემთხვევითიმწერლუკასხვედრი არ არის. ყიზლარი ქართველი კაცისათვის უცხო მიწაზე მოგებული დიდგორია, მარტყოფი და ტაშისკარიადა ვინ არის ამ ურთულესი და უგრძესი ომების მთავარსარდალი და გენერალური შტაბის უფროსი? _ მეცხვარე, ქართველი მეცხვარე თავისი თუშური ქუდითა და კომბლით ხელში.

მეცხვარე სეთურიძე მიყვებოდა: “უკვე 57-ედ ჩამოვედი წელს ყიზლარში. თუ გავითვალისწინებთ, რომ იქეთ და აქეთ, საქართველოში წასვლა-წამოსვლას სჭირდება 1700 კილომეტრის გავლა და, თუ ამ 1700-ს 57 წელზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ მხოლოდ ყიზლარში ჩასვლა-ჩამოსვლით 100 000 კილომეტრზე მეტი მაქვს გავლილი. ამას დაუმატეთ ამ ხნის განმავლობაში ულოგინობა, უძილობა და ათასგვარი ხიფათი გზაზე, _ აი ასეთია მეცხვარის ცხოვრება”.

გიყვებით იმას, რაც მინახავს და გამომიცდია, მაგრამ არც ის იქნება ინტერესმოკლებული, რაც არ მინახავს…

ბათუმის ციხის საკანში სტალინთან ერთად პოლიტპატიმარი ელიბო ჩოფიკაშვილიც იყო გამოკეტილი. მოხევე კაცს ცხვარ-მეცხვარეობაზე აქტიური თემა არ აქვს. სტალინს თანამესაკნე ელიბო დაწვრილებით უყვებოდა მთაში თუ ბარში ცხვარში გატარებული დღეების ქრონიკებს:

“საზაფხულო იალაღებზე წასულ ფარებში გარეკვამდე განცალკევებულად მდგარი გოლიათი ვერძები და დუმადასქელებული დედალი ცხვრები იალაღებზე გაილაღებენ და ერთმანეთშიც აირევიან. სწორედ ამ პერიოდში შედის მეცხვარეც თვეობით მიტოვებულ თავის ოჯახში და, მსგავსად იმ გოლიათი ვერძებისა, ვეფხვი მეცხვარეც მის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს თავის ლოგინში, ამიტომ არის, რომ ვაჟკაცების დოღიც და ცხვრის ფარებში დოღიც მთასა თუ ბარში თებერვალ-მარტში იწყება და აპრილში მთავრდება. სულ სხვა ამბავია ნაბიჭვარი ბატკანი, რომელიც საეჭვო პირობებშია დაბადებული. ყიზლარში ამბავი ჩამოვიდა, ბინაში მცხოვრები შვიდი მეცხვარის მეუღლეებიდან ერთი ცუდ საქმეზე დადისო (ბოზობს). ექვსმა მეცხვარემ გადაწყვიტა ხინკლის მოხარშვა და ერთ-ერთ ხინკალში საცვლიდან აწყვეტილი ღილის ჩადება. თანაც, გამოაცხადეს, რომ, ვისაც ღილიანი ხინკალი შეხვდება, იმისი ცოლი ცუდ გზას ადგას, ამიტომ ოჯახი უნდა მოინახულოს და ცოლს მიხედოსო. ექვსმა მეცხვარემ იცის, რომ ის ღილიანი ხინკალი მეშვიდეს უნდა არგუნონ, რათა აიძულონ, სახლში წავიდეს და ცოლთან ურთიერთობა გაარკვიოს. ეჭვმიტანილ მეცხვარეს ღილიანი ხინკალი კი არგუნეს, მაგრამ მეცხვარემ არ გათქვა, რომ ეს ხინკალი მას ერგო და ღილიანად გადაყლაპა, გადაყლაპა არა მხოლოდ ღილი, არამედ სირცხვილიც”.

არ ვიცი, მოსწონდა თუ არა სტალინს ეს მონათხრობი, მაგრამ ელიბო განაგრძობდა:

“როდესაც ცხვარი მთიდან ყიზლარისაკენ მიგვყავს, უნდა გავიაროთ ოსეთი, რუსეთი, ჩეჩნეთი, ყალმუხეთი. კასპიის ზღვამდე გადასარეკი ტრასა 700 კილომეტრზე მეტია, ჩვენ უსაფრთხოდ ერთი კილომეტრის გავლაც არ შეგვიძლია, გზაზე ცხენოსანთა შეიარაღებული ბანდები გვხვდებიან. მათ ხელში გრძელი თოკის გორგალი უჭირავთ. ფარაში თოკის გორგალს ოსტატურად გასტყორცნიან, მეორე მხარეს მდგომი თოკის ბოლოს ხელში იჭერს და ნახევარ ფარას მოსწყვეტენ, შემდეგ კი იწყება სროლა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფარას გაყოლილი შვიდი მეცხვარიდან შვიდივე დაუხოცავთ. ეს ერთ და ორ წელს კი არა, ასეულობით წელია, ასე ხდება. სხვა შემთხვევაში ცხვრის გადასარეკ ტრასებზე თხრიან ორმოებს, რომლებსაც ზემოდან ძეძვსა და ბალახს აყრიან. ცხვარი ზედ გავლისას შიგ ვარდება, მეცხვარე კი ამას ვერ ამჩნევს, ამიტომ მეცხვარეებს უამრავი დანაკლისი აქვთ.

ქართველი მეცხვარეები შეუიარაღებლები არიან, ისინი მხოლოდ კომბლებითა და ხანჯლებით ებრძვიან კბილებამდე შეიარაღებულ ბანდებს. თუ დღემდე ნოღაის ველები შენარჩუნებული გვაქვს, ეს ხდება ქართველი მეცხვარის სისხლის ფასად”.

ამ და სხვა მაგალითების თხრობაში ბევრი უძილო ღამე გაუტარებიათ თანამესაკნეებს.

ბრესტ-ლიტოვსკიდან (სადაც სტალინი მეთვალყურედ იყო მივლინებული ლენინის მიერ) სტალინი საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, რომ გზად გუდაურში შეჩერდა _ “ფოშტის” შენობაში, სადაც ოდესღაც ილია ჭავჭავაძემაც ღამე გაათია. სწორედ აქ იცვლებოდა ფაეტონში შესაბმელი ცხენებიც.

სტალინი მასპინძელს გამოელაპარაკა და, როდესაც შეიტყო, მოხევე იყო, სიტყვა ელიბო ჩოფიკაშვილზე ჩამოუგდო და მისი ამბავი იკითხა. მასპინძელმა სტალინს აცნობა, რომ ელიბო ყაზბეგში იყო, მისივე თხოვნით “ფოშტის” გამგემ წინასწარვე შეატყობინა ელიბოს, რომ უცხო სტუმარს, რომელიც ყაზბეგისკენ მიემართება, მისი ნახვა სურს. სტალინი და ელიბო ერთმანეთს ხევში შეხვდნენ და მასპინძელმა ვლადიკავკაზამდე მეგზურობაც შესთავაზა სტუმარს. სტალინმა სხვა საკითხებთან ერთად მეცხვარეობის მდგომარეობაც გამოკითხა და ელიბოსგან კიდევ უფრო მძიმე ამბები შეიტყო. გზაზე სტალინს ტიფი შეეყარა, რის გამოც ძალზე გართულდა როგორც მისი მოგზაურობა, ასევე ზოგიერთი საკითხის სწრაფად მოგვარებაც. კავკასიაში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და კუთხურმა დაპირისპირებებმა შექმნა იმის აუცილებლობა, რომ სახკომსაბჭოში ჩამოყალიბდა კავკასიის მიწათმოწყობის სახელმწიფო საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარეობაც ერთპიროვნულად კავკასიელ სტალინს დაეკისრა. 1922 წელს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკას ჩრდილოეთ კავკასიაში, მახაჭყალასა და ასტრახანს შორის მდებარე ნოღაის კასპიისპირა სტეპებში, მუდმივი სარგებლობით გადაეცა 740 000 ჰექტარი მიწის ფართობი.

დეკრეტის უგულებელყოფა არავის შეეძლო და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა ის რუკაზე არასოდეს ყოფილა მონიშნული საქართველოს ტერიტორიად.

როგორც ყველა საკითხს, სტალინი დეტალებამდე ჩაუღრმავდა ქვეყნის მიწათსარგებლობის საკითხსაც. და, როდესაც სტალინის ყურს მისწვდა, რომ საქართველოდან ნოღაის ველებზე გადასასვლელ ტრასებზე კვლავ ძალმომრეობა ხდებოდა, 1940 წლის 5 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს #2005 დადგენილებით, დაკანონდა, რომ საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონის საზღვრიდან (დარიალის ხეობა) კასპიის ზღვამდე გადასარეკ ტრასაზე არსებული მიწის ნაკვეთი _ 49 000 ჰექტარი, მასზე განლაგებული არტეზიული ჭები, დასასვენებელი მოედნები, ცხვრის დასაწყურებელი ადგილები და კაპიტალური თუ დროებითი ნაგებობები სათანადო ინვენტარით რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის საკუთრებიდან მიეყიდოს საქართველოს სსრ, რომლის საფასურადაც მყიდველმა გამყიდველს უნდა გადაუხადოს 200 000 მანეთი. დადგენილებაზე ხელს აწერს მოლოტოვი.

ასე აღმოჩნდა საქართველოს საკუთრებაში არა მხოლოდ 740 000 ჰექტარი საძოვარი, არამედ საძოვრებამდე მისასვლელი პირველხარისხოვანი სახნავ-სათესი ფართობი _ 49 000 ჰექტარი, რომელიც მდებარეობდა საბჭოთა კავშირის 4 რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

1953 წელს ყიზლარის საძოვრებზე ცა ჩამოიქცა და ტრაგედია დატრიალდა. აღელვებულმა კასპიის ზღვამ საძოვრებს შეუტია, რასაც თან დაერთო გაუგონარი თოვლი და ყინვები. სტიქიურმა უბედურებამ 2 მილიონამდე ცხვარი შეიწირა. მეცხვარეები, რომლებმაც მილიონობით ცხვარი ჩარეკეს ყიზლარის საძოვრებზე, შინ მხოლოდ კომბლებით დაბრუნდნენ.

მეტი საბაბი რა უნდოდა ქართველთმოძულე ხრუშჩოვს და მან საგანგებოდ მოწვეულ პარტიულ ფორუმზე განაცხადა, რომ სტალინი დამპყრობი და მოღალატე იყო, ამის დამადასტურებელ მაგალითად კი საქართველოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში 740 000 ჰექტარი მიწისდაპყრობამოიყვანა. იქვე იქნა გამოტანილი დადგენილება, რომ საქართველოს ჩამორთმეოდა სტალინის მიერ უკანონოდ ნაჩუქარი ნოღაის ველის მიწები.

უამრავი ფაქტის მოყვანა გახდა საჭირო, დაემტკიცებინათ ხრუშჩოვისთვის, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ექვს რაიონს არ შეუძლია არსებობა ყიზლარის გარეშე. ხრუშჩოვის ნება ვერაფერმა გატეხა და ბოლოს მაინც იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ჩამოართვა 400 000 ჰექტარი საძოვარი და დარჩენილი 340 000 ჰექტარი 20 წლის ვადით, 1974 წლამდე, დროებით სარგებლობაში დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. ამას მოჰყვა ყიზლარით მოსარგებლე ქართული რაიონების შემცირებაც და ის 6-დან 5 რაიონამდე შემცირდა _ ახმეტის რაიონი აღარ იყო ყიზლარით მოსარგებლე.

ახლოვდებოდა 1974 წელი, დროებით სარგებლობაში დატოვებულ ზამთრის საძოვრების ექსპლუატაციას, რა თქმა უნდა, ქართველები ეწეოდნენ, მაგრამ არავინ ფიქრობდა მის პერსპექტივაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცხვარ-მეცხვარეს ყიზლარში მზრუნველობა არასოდეს მოჰკლებია.

1970 წლიდან ყიზლარში არავითარი კაპიტალური დაბანდება აღარ განხორციელებულა, მეცხვარეობაზე საერთო გულაცრუება დაიწყო.

1972 წელს რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლამ და ქვეყნის სათავეში შევარდნაძის მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიშნით. ამის გარჩევას აქ არ ვაპირებ.

1974 წელს გაზაფხულზე ყიზლარის საძოვრები ედუარდ შევარდნაძემ მოინახულა. უკიდეგანო ველების დანახვამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და თბილისში დაბრუნებისთანავე შექმნა ყიზლარის გადარჩენისა და პერსპექტივის განსაზღვრის სამთავრობო მუშა ჯგუფი.

ჯგუფს ადგილზე უნდა განესაზღვრა ყიზლარის ადგილი საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში და მისი აღორძინების კონკრეტული გეგმა მთავრობისთვის წარედგინა.

ყიზლარის განვითარებისთვის შექმნილი მუშა ჯგუფის წევრთა შერჩევის პერიოდში შევხვდი ბატონ ნოდარ ჭითანავას, რომელმაც თავისი ინიციატივით ყველაფერი გააკეთა, ვყოფილიყავი ამ კომისიის წევრი და შემდგომში _ ჩვენ მიერ შექმნილი ყიზლარის ზამთრის საძოვრების სამმართველოს უფროსი.

ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე 5 ქართული რაიონი ზამთრობდა: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, ლენინგორი და ჯავა. შესაბამისად, ყიზლარში დაკავებული ჰქონდათ: ყაზბეგს _ ლაპასი, დუშეთს _ ბაჯიგანი, თიანეთს _ სუხოკუმსკი, ლენინგორს _ ზელიონი, ჯავას _ “მეცამეტე ასახვევი”.

ყიზლარში 2 მილიონზე მეტი ცხვარი იყრიდა თავს, დიდი რაოდენობით იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. ზოგადი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ამ უზარმაზარ მასივზე, უნდა გითხრათ, რომ აქ საქართველოს ცხვრის ფარებს თითქმის 1 მილიონი ბატკანი ემატებოდა ყოველწლიურად, დასაქმებული იყო 3 000-მდე კაცი. ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაა 1974 წელს ყიზლარის საძოვრების კიდევ 20 წლით დატოვება საქართველოს გამგებლობაში. უზარმაზარი პროექტი, რომელიც ერთპიროვნულად ედუარდ შევარდნაძის უშუალო მითითებითა და კონტროლით ხორციელდებოდა, მოიცავდა უდიდეს სამუშაოებს _ სტეპის 20 000 ჰექტრის გასარწყავებას, მრავალწლიანი ბალახების უმაღლესი ტექნოლოგიებით თესვასა და სასუქების შეტანას, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენების გაყვანას 700 კილომეტრზე, ყველა ფერმისა და ბინის ელექტროფიკაციას. კატეგორიულად აიკრძალა ნაკელის ცეცხლზე საჭმლის დამზადების პრაქტიკა, ყველა ბინას გაზით მომსახურეობას ვუწევდით, რისთვისაც დაბა კოჩუბეიში თხევადი გაზის ბაზაც შევქმენით.

დაბა კოჩუბეიში ავაშენეთ მეცხვარეთა ქალაქიივერიასაავადმყოფოთი 100 საწოლზე, კულტურის სახლით, ფოსტატელეგრაფით, ქართული სკოლითა და საბავშვო ბაღით, ხორცის გადამამუშავებელი კომბინატით, მუშათა სასადილოთი, სასტუმროთი, მუშამოსამსახურეთათვის საცხოვრებლი ბინებით, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებით, სასპორტო მოედნითა და სხვ.

მოსკოვიდან ჩამოსული სპეციალური კომისია, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთა საჩივრის საფუძველზე იკვლევდა დროებით სარგებლობაში მიცემულ მიწაზე კაპიტალური მშენებლობის წარმოების კანონიერებას, მივიდა დასკვნამდე, რომ ეშუამდგომლა საკავშირო მთავრობაში ქართული მხარისთვის ამ მიწების მუდმივ სარგებლობაში გადაცემაზე. საკავშირო მთავრობამ მოიწონა ჩვენ მიერ გაწეული მუშაობა, როგორც სტეპის გასარწყავება-გაკულტურების საქმეში, ასევე კულტურის იმ ცენტრების შექმნაში, რომლებსაც ვაშენებდით თვალუწვდენელი სტეპებისა და დასახლებულ ადგილებში.

ყიზლარში დოლი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი იყო მეცხვარეეებისთვის. დაძაბული შრომა და დოლის პერიოდში ყოველთვის ავდარი ორმაგად ძაბავდა ვითარებას და იმატებდა ნერვიულობა. მეცხვარეები ამბობენ, რომ დოლის მიმდინარეობის პერიოდში, თუ ცხვრის ბინაზე მიხვალ, მეცხვარეს არც კი უნდა მიესალმო, რადგან პასუხის გაცემის დროსაც ვერ პოულობს. დღე-ღამეში თითქმის 150-200 ბატკანი იბადება ერთ ბრიგადაში, ცხვრების ნახევარზე მეტს ბატკნის გაჩენაში მეცხვარე ეხმარება. უნდა ნახოთ, როგორ მუშაობს ამ დროს მეცხვარე მშობიარე დედალ ცხვრებს შორის. ზოგიერთი გაგუდული ნაყოფი პირთან მიაქვს, სველ ნაყოფს ტუჩებზე ტუჩებს ადებს და ძლიერად ჩაბერავს, ფილტვები რომ გაუხსნას. ახალშობილიც ამოიკვნესებს და… სიცოცხლეც გადარჩენილია. საძოვარზე გაყვანილი ცხვრების მიერ დაყრილი ბატკნები მეცხვარეს ხშირად უბით, ჩანთით, კისერზე შესმული, იღლიაში ამოდებული მოჰყავს _ 5-6 ბატკნის თანხლებით დაღლილი-დაქანცული მოდის ბინაში, მას ხომ მხოლოდ კავკასიური თუ მოხეური ჯიშის ნაგაზები ჰყავს თანამგზავრად და დამხმარედ. ასეთია მეცხვარის რთული გზა, რომელიც შრომის კლასიფიკაციაში ყინულოვან ოკეანეებში მომუშავე მეთევზეების შემდეგ მეორე ადგილზეა სირთულის მიხედვით, მეშახტეებისა კი _ მეშვიდეზე.

ჩვენს მეცხვარეებს ახსოვდათ 1942-43 წლები, როდესაც მახაჭყალა-ასტრახანის რკინიგზას აშენებდნენ. ამ გზის მშენებლობის ისტორია ცალკე თემაა, მაგრამ აქაც შეიძლება ითქვას, რომ ეს სარკინიგზო მაგისტრალი სტალინის ბრძანებით შენდებოდა. და შენდებოდა შემდეგი გარემოებების გამო:

როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობა ძალზე გართულდა და არაორდინარული გადაწყვტილებების მიღება იყო საჭირო, სტალინმა ბრძანება გასცა, აეყარათ ბაიკალამურის მშენებარე რკინიგზა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადმოესროლათ. მოიყარა რა თავი ერთ ხელში ყველა ძალაუფლებამ, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე სტალინმა რამდენიმე დივიზია შიშველი ხელებით ბამიდან გადმოტანილი რკინიგზის რელსებს შეუსია და დღე და ღამე მუშაობით ხუთ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დატვირთული ეშელონები კასპიის ზღვის ნაპირებისკენ დაიძრა. სტალინის გენიით შექმნილი მახაჭყალაასტრახანის სარკინიგზო მაგისტრალი რომ არა, გროზნოსა და ბაქოს ნავთობსაბადოებს ვერაფერი გადაარჩენდა. მართალი იყო პოეტი, როცა ამბობდა:

“ყველგან სტალინის

სიბრძნე ანათებს

ყველგან ბელადის

მარჯვენა ვიცან”.

ყიზლარში დღემდე ახსოვთ ერთი საოცარი შემთხვევა:

“მეცამეტე ასახვევი”, სადაც საძოვრები ლენინგორისა და ჯავის ცხვარ- მეცხვარეებს ეკავათ, სწორედ იმიტომ დაერქვა, რომ იმ ადგილზე გადიოდა ასტრახან-მახანჭყალის რკინიგზა. იმხანად კასპიისპირეთის სტეპისთვის უცხო ხილი იყო “რკინის რაში”, რომელიც აღმა-დაღმა დაჰქროდა და მატარებლის ხმასა და სწრაფად ქროლვას ჯერ კიდევ არ იყო შეჩვეული ცხვარი და მეცხვარე, რომ საძოვარზე ხმაურით მოახლოებულ ეშელონს ფარის მეთაურმა ვაცმა გადაურბინა. ცხვრის ფარა რისი ცხვრის ფარაა, მეთაურს ჩამორჩეს და, ვიდრე მატარებლის შემადგენლობა ფარის ადგილსამყოფელს მთლიანად გასცდებოდა, 1200 სული ცხვარი ჩაუვარდა მატარებელს ბორბლებში.

ყაზბეგის საძოვრებზე, კლდის კორწოხზე შეფენილმა ცხვრის ფარამ თვალი მოჰკრა, რომ მეთაურმა ვაცმა, რომელსაც ციცაბო კლდეზე ფეხი დაუცდა, ჰაერში შეიკუნტრუშა და ხევში ჩაიჩეხა. 300-მა სულმა ცხვარმაც კამარა შეკრა ჰაერში და ყველა კლდეზე გადაიჩეხა.

ასეთია ცხვარის ბუნება, იგი “ცხვარია”, მაგრამ, თუ გაცხარდა, ცხარია.

გრიგოლ ონიანი

 

1 COMMENT

  1. ბატონო გრიშა ძალიან მომწონს თქვენი სტატიები . რაც შეეხება სტალინის ის ყველა ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს იმიტომ რომ მხოლოდ ამ ქართველმა შექმნა უდიდესი იმპერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here