Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: “ნაციონალებმა” მიიღეს დირექტივა, რათა სიტუაცია არიონ

თამარ კიკნაძე: “ნაციონალებმა” მიიღეს დირექტივა, რათა სიტუაცია არიონ

561

გასული კვირა პოლიტიკურად ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა სოფლებში ვითარება არ გამძაფრებულა, ხელისუფლებას ბრძოლა, როგორც პოლიტოლოგები უწოდებენ, დესტრუქციულ ძალასთან _ “ნაციონალებთან” უწევდა. ხალხისა და ოპოზიციის დასაშოშმინებლად პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ საქართველო წართმეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. 

 

მანამდე კი ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ განცხადებებს? რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას აპირებენ თუ რუსეთის შესუსტებასა და დამხობას ელოდებიან? საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტრადიციულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე ყველას სხვადასხვა ვერსია აქვს

_ მართალია, სხვადასხვანაირი ინფორმაცია ვრცელდება. ოფიციოზის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ბანერი გადმოწეულია, ზოგი ამბობს, რომ _ არა. ფაქტია, ამ ყველაფერს პროვოკაციის ელფერი დაჰკრავს. ალბათ, “ნაციონალებმამიიღეს დირექტივა, რათა სიტუაცია არიონ. ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ე.წ. სასაზღვრო ზოლის პერიმეტრი გადაკეტა. ვითარების დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის სახიფათოა. დესტრუქციული ძალები ამას გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიას არქმევენ, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, სადაც არ არის მყარი პოლიტიკური სისტემა, ინსტიტუტები და გარეშე ძალებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, დესტაბილიზაციას მძიმე შედეგები მოაქვს.

დასავლურ ქვეყნებში გამოხატვისა და პროტესტის უფლება კონსტიტუციით არის გამყარებული, მაგრამ, როდესაც პროტესტი ქვეყნის სტაბილურიბას უქმნის საფრთხეს, პროტესტანტებს მკაცრად სჯიან. ჩვენთან და ჩვენნაირ ქვეყნებში კი დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება მანიპულირების საგანია და მას ისეთი ინტერპრეტაცია ეძლევა, როგორიც გარკვეულ გარეშე ძალებს აძლევთ ხელს. როგორც წარსულის მწარე გამოცდილებამ დაგვანახვა, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ქვეყანაში კარგად დაფინანსებული ძლიერი მეხუთე კოლონა მოქმედებს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: რუსეთის გინებაში სააკაშვილმა ამ ქვეყნის საქმე კარგად შეასრულა. როგორ შეიძლება ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ვიღაცის დაკვეთას ასრულებდნენ?! კოდორის ხეობას გადაარქვა სახელი და ზემო აფხაზეთი უწოდა… ისტორიას არ ახსოვს, ეს ხეობა უცხოს ხელში ყოფილიყო. ხელი შეუწყო აფხაზეთისა და ოსეთის დე იურედ აღიარებას და ახალგორისა და 140 სოფლის დაკარგვას. იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთთან კონსტურქციული დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, მოღალატეებად აცხადებენ, ხოლო მათ, ვინც რეალურად დაკვეთას ასრულებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ და, ამასთანავე, ანტირუსულ რიტორიკას ეწევიან, _ პატრიოტებად.

დღეს ახალი სახეობის ომი მიმდინარეობს. პირველ რიგში, ეს არის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ, ხოლო ჩვენი განათლების სისტემის ჩართვა გლობალური განათლების სისტემაში და იქ ახალგაზრდა თაობის აღზრდა და სოციალიზაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პროცესების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ საზოგადოებაში არის ჯანსაღი ნაწილიც, თუმცა იმავე ტექნოლოგიებით ხდება ამ ნაწილის მარგინალიზაცია, ამიტომ საჭიროა საღი აზრის უფრო მეტი აქტიურობით გავრცელება.

_ მთელი კვირის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ კანონზე ოკუპაციის შესახებ. არ იყო ეს კანონი მისაღები თუ ფორმა არ ვარგა?

_ როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის დე იურე დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენმა ხელისუფლებამ საპასუხოდ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფალნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ გამოუცდელები იყვნენ. მსოფლიო პოლიტიკა სხვა მექანიზმებით იმართება, ამის გამოცდილება კი ჩვენს პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას ხშირად იღებდა ემოციურ ფონზე, რაც დაუშვებელია. დასავლეთი, რომელიც პოლიტიკური ამინდის შემქმნელია, თავის გეგმებს ასწლიანი პერსპექტივით განსაზღვრავს. საჭიროა პოლიტიკის კეთების მექანიზმების ცოდნა, ობიექტური ინფორმაციის მოპოვება პოლიტიკური აქტორების მიზნებზე, პროცესებში გარკვევა და პოლიტიკის რთულ ლაბირინთებში გზის გაკვალვა. საქართველოში კი ანალიტიკური სამსახურები, რომლებიც რეალური სურათის კვლევასა და აღქმას უნდა ემსახურებოდნენ, არ არსებობს. მათზე დაკვეთაც არ არის. ყველა ასეთ სამსახურში ტენდენციურ ანალიზს აკეთებენ _ ამბობენ, რომ რუსეთი ცუდია და დასავლეთი _ კარგი.

პოლიტიკა წინააღმდეგობების თამაშია, ამიტომ სათანადო სამსახურები კარგად ინფორმირებული უნდა იყვნენ. ყველა წინააღმდეგობა შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყნის სათავეშია, ყველაფერში გათვითცნობიერებულია.

ვეთანხმები ყველას, ვინც არასამთავრობოების ლუსტრაციას ითხოვს. ცოტა ხნის წინათ ეს რუსეთშიც განხორციელდა, ყველა არასამთავრობოს, რომელიც კი უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოეთის აგენტის სტატუსი აქვს. თითოეული ცენტი კონტროლდება. საქართველოში კი ამინდს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიან და თავიანთ დირექტივებს გვკარნახობენ და გვაკონტროლებენ.

_ მას შემდეგ, რაც საზღვართან არეულობა დაიწყო, პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთო. რა უდევს ამ განცხადებებს საფუძვლად? ხომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთს დაელაპარაკონ?

_ შიგნით რა ხდება, არ ვიცი. შესაძლოა, ეს მხოლოდ პიარის ელემენტებია, რადგან პიარი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არ ვიცი, რა აძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს.

რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკა გამძაფრებულია, თანაც _ ყველა მიმართულებით. ავიღოთ, თუნდაც სააკაშვილის დანიშვნა, ირანთან ხელშეკრულების მიღწევა, ნავთობის ფასის დაცემა. ამიტომ არ ვიცი, ჩვენს ხელისუფლებას რა აქვს მხედველობაში, როდესაც მიწების დაბრუნებაზე საუბრობს _ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება თუ რუსეთის პოზიციების შესუსტება. ამას მომავალი გვიჩვენებს.

ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის აღსასრული დადგა, რბილად რომ ვთქვათ, პრიმიტიულად აზროვნებენ. რუსეთი ამაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობიდანაც გამოსულა, ეს მისი დამახასიათებელი თვისებაა. რუსეთის შესუსტებაზე საუბარი ნაადრევია, განსაკუთრებით _ დღეს, როდესაც მოხდა ალტერნატიული ძალების კონსოლიდაცია ბრიჩსისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და თშო (თანამშრომლობის შანხაიური ორგანიზაცია) სახით. ვითარება მარტივი არ არის. მსოფლიოში ძალთა დაბალანსებისა და მრავალპოლუსიანი სამყაროს ელემენტები იკვეთება.

_ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დასავლეთზე ძალიან გაბრაზებულია. რა საფრთხე ემუქრება ამ ქვეყანას?

_ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა შეინიშნება. დასავლეთის მხრიდან გაისმის განცხადებები, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანში მაიდანი განმეორდეს და, როგორც ჩანს, ალიევი ზემოქმედებას განიცდის. საუბრობენ, რომ აზერბაიჯანში ავტორიტარული რეჟიმია და კორუფცია მძვინვარებს. დასავლეთი შეეცდება, სიტუაციის დესტაბილიზაციას იმ შემთხვევაში, თუ პრორუსულ განწყობებს შეამჩნევს. ალიევი არის ლიდერი, რომლის პერიოდშიც ქვეყანა სტაბილურია, ეკონომიკურად ძლიერია, ხოლო მოსახლეობა ყოველწლიურად 90 ათასით იმატებს. ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ახლახან განაცხადა, რომ ყარაბაღის პრობლემა ახლებურ მიდგომას საჭიროებს. ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზება ილჰამ ალიევის მამის _ ჰეიდარ ალიევის პერიოდში დაიწყო. აზერბაიჯანმა ყარაბაღი პირველი პრეზიდენტის _ აბულფაზ ელჩიბეის პერიოდში დაკარგა, რაც ანტირუსული პოლიტიკისა და განწყობის შედეგი იყო.

_ რა ვითარებაა მსოფლიოში?

_ გაზსადენმა “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-მა, შესაძლოა, გერმანიაზე გაიაროს. უკრაინამ უარი თქვა რუსული გაზის შესყიდვაზე და ამით დაკარგა ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია, რომელსაც გერმანია შეიძენს. სანკტ-პეტერბურგის შეხვედრაზე გაფორმდა მემორანდუმი გერმანიასა და რუსეთს შორის, რაც თურქეთთანაც ხელსაყრელი ვაჭრობის საფუძველია გაზსადენზე.

ჯერჯერობით ევროპა რუსული ბუნებრივი აირის გარეშე ვერ იარსებებს.

დასავლეთმა და, პირველ რიგში, აშშ-მა, ირანთან მოახერხა შეთანხმების მიღწევა. ახლა საჭიროა რატიფიცირება დოკუმენტისა, რომლის თანახმადაც, ირანს ემბარგო მოეხსნება. ირანისთვის ემბარგოს მოხსნა ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოჩნდება მილიონობით დამატებითი ბარელი ნავთობი, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს. ირანს აქვს ტანკერების უდიდესი ფლოტი, რომლითაც ნავთობის გადაზიდვა შეუძლია. გარდა ამისა, ამერიკელებმა რეზერვები გახსნეს და, თუ კონგრესმა დაამტკიცა რეზერვებიდან ნავთობის მოპოვების უფლება, მაშინ მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი, რომლებიც რუსეთის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. თუმცა ამის საპირწონედ დაიწყო რუსეთის ვექტორის გააქტიურება აღმოსავლეთით _ ბრიჩს-ისა და თშო-ს გაძლიერებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცვლილებებს განიცდის იაპონიაც. ხდება იაპონიის კონსტიტუციის გადახედვა იმ ნაწილში, რომელშიც ლაპარაკია პაციფიზმსა და საომარი მოქმედებების შეზღუდვაზე. იაპონიის პრემიერმინისტრის _ შინზო აბეს ამერიკაში ვიზიტის შემდეგ გადაიხედა მთელი რიგი ხელშეკრულებებისა.

აშშ-მა, ასევე, მიაღწია შეთანხმებას წყნარ ოკეანეში, ავსტრალიაში სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხედრო პოტენციალს აფართოებს ჩინეთიც.

მსოფლიო დიდი ცვლილებების წინაშე დგას. მთავარია, ამ კატაკლიზმებიდან საქართველო უმტკივნეულოდ გამოვიდეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ფრთხილი პოლიტიკა გვჭირდება. ნატოზე რიტორიკა უნდა შესუსტდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არის ფრთა, რომელიც კატეგორიულია, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სამხედრო ძლიერება, აუცილებელია, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here