Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: დასავლეთს საქართველოს დახმარება არ ძალუძს

თამარ კიკნაძე: დასავლეთს საქართველოს დახმარება არ ძალუძს

597

გასული კვირა პარლამენტარის, მსახიობ გოგი ქავთარაძის მწვავე განცხადებით დაიწყო: “რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლისთვის. 

 

დავიჯერო, ნატოს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი უფრო მეტად იმსახურებს ნატოს წევრობას? შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმად ქირქილებენ, როდესაც უყურებენ, როგორ ვიხვეწებით ნატოში შესვლას, ისინი კი არ გვიღებენ. ადამიანის მსგავსად, ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა”. გოგი ქავთარაძის ეს განცხადება მკვეთრად ლიბერალური ძალებისთვის გოგი თოფაძის ცნობილ განცხადებაზე მწვავე და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა…

კვირის ბოლოს საზოგადოების აღშფოთების მიზეზი რუსეთის მიერ ორჭოსანსა და ხურვალეთში საზღვრის კილომეტრ-ნახევრით გადმოწევა გახდა. ორჭოსანის ხსენებაზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილე გაახსენდა, ალბათ, ყველას. 2008 წლის ომში ხალხს რომ ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, რუსის ჯარმა ორჭოსანისკენ გადაუხვია, თბილისისკენ არ მოდისო. ეკა ზღულაძეს ორჭოსანი, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაც არ ეგონა… ეს რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოადგილეს, მაგრამ უფრო საინტერესო იყო თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის _ თინა ხიდაშელის განცხადება, რომელმაც ყელი მოიღერა და თქვა: “ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტებისა თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა”.

საქართველოსა და მსოფლიოს გასული კვირის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორე პარლამენტარმა გამოხატა თავისი არცთუ მოკრძალებული მოსაზრება ნატოში გაწევრებაზე. პარლამენტარ გოგი თოფაძის შემდეგ ამ თემაზე ვრცელი მოხსენება გოგი ქავთარაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ერის შეურაცხყოფაა ნატოსთვის ამდენი ხვეწნა-მუდარის წერილების გაგზავნა. ეს ადამიანები ვინმეს აზრს ხომ არ ახმიანებენ?

_ გოგი თოფაძესა და გოგი ქავთარაძეს კოალიციის სხვა წევრებისგან განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცის აზრს ახმიანებენ, თორემ სხვანაირად ვერ გაბედავენ, გეტყვით, რაც მეტი ადამიანი გაბედავს და იტყვის სიმართლეს, უკეთესია. საჭიროა, დამთავრდეს აბსურდი, რომელშიც ვცხოვრობთ. დღეს სიმართლის თქმა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და ასეთი ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ.

ხურვალეთში რუსეთმა საზღვარი გადმოწია და “ბრიტიშ პეტროლიუმის” მილსადენი ჩვენი საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. მცოცავი ანექსია გრძელდება. ამ ფაქტმა, ე.წ. პრორუსული ორიენტაციის ადამიანებიც კი გააღიზიანა. ასეთი ქმედებები მოსახლეობას რუსეთისადმი უარყოფითად განაწყობს, მაგრამ ეს არის რუსეთის პასუხი და გზავნილი საქართველოსთვის ნატოს რიტორიკაზე. ამ ქმედებით რუსეთი გვაჩვენებს, რომ დასავლეთს საქართველოს დახმარება არ ძალუძს, მხოლოდ განცხადებებით, აღშფოთებითა და შეშფოთებით იფარგლება.

ასე იყო 2008 წლის ომის დროსაც ბევრს ეგონა, რომ შავ ზღვაში ჩვენი პარტნიორების გემებს ვიხილავდით და ისინი საომარ მოქმედებებში ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ომი ჩვენი ბიჭების დაღუპვითა და ტერიტორიების დაკარგვით დამთავრდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის რიტორიკა, რომ მალე რუსეთი იძულებული იქნება, ტერიტორიები დაგვიბრუნოს, მხოლოდ პიარის ელემენტია.

ასეთი ქმედებებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

_ და მაინც, ქალბატონო თამარ, შესაძლოა, რომ მალე პოლიტიკური კურსის გადახედვის საკითხი დადგეს?

_ არასოდეს მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ შეიძლება მკვეთრი და უეცარი ცვლილება მოხდეს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს. დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის მაგალითი, რომ უკიდურეს გაჭირვებაშიც კი ამ ქვეყნის დახმარება დასავლეთმა ვერ შეძლო.

ქვეყანამ, როდესაც საკუთარი პრობლემების პირისპირ რჩება, პრაგმატული პოლიტიკა უნდა გაატაროს. დღეს საქართველო დიდი პრობლემების წინაშე დგას.

შეიძლება, ევროასოცირების ხელშეკრულება საქართველომ სასიკეთოდ გამოიყენოს. ჩვენი მეზობელი სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია, რუსეთსა და ევროპას შორის ხიდის ფუნქცია შევასრულოთ. ანგელა მერკელიც კი ალაპარაკდა ეკონომიკურ სივრცეზე ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.

რამდენიმე დღის წინათ უფაში გაიმართა ბრიჩსისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა _ ე. ნ.) და თშო-ს (თანამშრომლობის შანხაიური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ამა წლის 10 ივლისიდან ინდოეთი და პაკისტანიც _ ე. ნ.) ქვეყნების შეხვედრები. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელსაც ირანის პრეზიდენტიც დაესწრო. თშო-ში გაერთიანდნენ პაკისტანი და ინდოეთიც. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, პაკისტანსა და ინდოეთს შორის სერიოზული უთანხმოებაა პროვინცია ჯამუ და ქაშმირის გამო. ეს არის ორი დიდი ატომური ქვეყანა, მათ ტერიტორიული პრობლემები აქვთ ჩინეთთანაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერები ერთმანეთს შეხვდნენ და დღეს ჩინეთთან ერთად ერთ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებულნი.

თშო-ში დამკვირვებლად შესვლის სურვილი გამოთქვა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ამასთანავე, შეიქმნა ბრიჩსის ბანკი, რომელიც აბრეშუმის გზის ინფრასტურქტურის პროექტებს დააფინანსებს. საუბარია, აგრეთვე, დოლარის ამოღებაზე ურთიერთანგარიშსწორებისას. ეს ყველაფერი კი არსებული წესრიგის შეცვლისკენ არის მიმართული. ვექტორი აზიისკენ ინაცვლებს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ეს სივრცე გეოპოლიტიკური თამაშების სივრცე არ არის. აქ ხალხი ცხოვრობს და მთავარი მათი კეთილდღეობაა. შეიძლება ციტირება ზუსტი არ არის, მაგრამ აზრი ასეთი იყო.

_ ქართველი პოლიტიკოსები თუ ხვდებიან ამას?

_ ჩვენ სიურრეალიზმში ვცხოვრობთ. ინფორმაცია ხალხს ისე მიეწოდება, პოლიტიკოსები და ექსპერტებიც ისე საუბრობენ, ვერასდროს გაიგებ, რა არის საქართველოს რეალური ამოცანა. გამუდმებით გვარწმუნებენ და გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია და პირიქით. ისევ გავიმეორებ: დღეს პრაგმატული პოლიტიკის დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის საქმე ცუდად წავა. ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საუბარი აღარ არის იმაზე, თუ როგორ უჭირს ხალხს, საფრთხეშია ჩვენი გენოფონდი. ხალხი ვერ იღებს საკვების საჭირო რაციონს, რაც ფსიქიკურ აშლილობასა და ჯანმრთელობის შერყევას იწვევს. სიტუაცია სულ უფრო მძიმდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here