Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სამგორის სარწყავი სისტემა

სტალინი და სამგორის სარწყავი სისტემა

1117

1931 წლის ადრე შემოდგომაზე იოსებ სტალინი დასასვენებლად და სამკურნალოდ ბორჯომს ეწვია. როგორც წესი, სტალინი, სადაც ჩავიდოდა, დიდ ყურადღებას აქცევდა ადგილობრივ მთავრობას, გამონაკლისი არც საქართველო იყო. სტალინმა დასვენების პერიოდში გადაწყვიტა, შეხვედროდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ადგილზე შეემოწმებინა მოსკოვამდე (კრემლამდე) მისული არცთუ სასიამოვნო ფაქტები.

 

იმხანად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო სამსონ მამულია, სახკომსაბჭოს თავმჯდომარე _ ლადო სუხიშვილი. ზემოხსენებული პირების შეხვედრა სტალინთან წყალტუბოში გაიმართა, რომელსაც შორიდან უშიშროების იმჟამინდელი შეფი ლავრენტი ბერია აკონტროლებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამ და მათთან საუბარმა სტალინს კიდევ ერთხელ გაუჩინა ეჭვი საქართველოს პარტიული ელიტისადმი და გადაწყვიტა, მეორედ შეეცვალა ის. რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ სტალინს ცუდი შთაბეჭდილება დარჩა. სწორედ ამ შეხვედრაზე სტუმართა უკონტროლო ქმედება გახდა იმის საბაბი, რომ იმავე წლის გვიან შემოდგომაზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა სამსონ მამულია და ლადო სუხიშვილი ჩამოაცილა ხელმძღვანელ ბირთვს და საქართველოს სათავეში ჩაუდგა ლავრენტი ბერია.

ბორჯომში სტალინის შეხვედრები ამით არ დამთავრებულა, მან აგარაკზე იხმო სახელგანთქმული ინჟინერი პეტრე მამრაძე. ვიდრე სტალინთან შეხვედრის აღწერაზე გადავალთ, შემოგთავაზებთ ამ უნიკალური ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონიკებს.

პეტრე მამრაძე 1877 წელს დაიბადა, ის ორი წლით უფროსი იყო სტალინზე. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1912-1924 წლებში დაამუშავა ქუთაისის თბოელექტროსადგურის, ალაზნის ველის, დოღლაურის ველის მიდამოებისა და მლაშემისაქციელის მიწების მორწყვის პროექტები და სხვ. 1921-1925 წლებში დანერგა პირველი საბჭოთა სარწყავი სისტემა და დააშრო ჭაობი ქობულეთის რაიონში, რამაც დასაბამი მისცა საუკუნის პროექტს კოლხეთის ჭაობის დაშრობის შესახებ. 1926-1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობას, დაასრულა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა; 1932-1937 წლებში დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა და სათავეში ედგა წყალტუბოს ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობას. ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პეტრე მამრაძემ შეასრულა მთაწმინდაზე ილიას ქანდაკების _ “მწუხარე საქართველოს” _ არქიტექტურაც.

მკითხველს ფანტაზიად რომ არ მოეჩვენოს სტალინისა და პეტრე მამრაძის შეხვედრის დეტალები, მოგითხრობთ ანალოგიურ შეხვედრაზე, რომელიც სტალინსა და ჰიდროტექნიკოს სერგეი ჟუკს შორის გაიმართა და რომელიც ძალიან ჰგავდა წყალტუბოში შეხვედრას.

სტალინთან გამოიძახეს საბჭოთა კავშირის პირველი ჰიდროტექნიკოსი, აკადემიკოსი სერგეი ჟუკი, რომელსაც გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის _ კუიბიშევჰესის პროექტი უნდა შეექმნა.

_ თქვენ იმაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ, _ მიმართა სტალინმა ჟუკს, _ ივარგებს თუ არა ის იმ ადგილზე… ელექტროსადგურის ადგილმდებარეობა ჩვენთვის გასაგები და გადაწყვვეტილია. თქვენი მოვალეობაა, შექმნათ ტექნიკური პროექტი მშენებლობისათვის და აი რა პირობებით:

1. ელექტროსადგურში მოხმარებული ვოლგის წყლით უნდა მოირწყას უზარმაზარი მასივები;

2. კუიბიშევი ახლოს არის ისეთ სამრეწველო ცენტრთან, როგორიც ურალია, რომლისთვისაც მოგვიწევს ენერგიის გადაცემა;

3. ვოლგა-დონის არხით ასორმოცი კილომეტრით ვამოკლებთ გზას სამარამდე.

თქვენ ადგილმდებარეობას ვერ შეცვლით, ეს საკითხი გადაწყვეტილია, მით უმეტეს, რომ ეს ადგილები ძალიან კარგად შევისწავლე იქ გადასახლებაში ყოფნის პერიოდში.

_ ამისათვის ათი დღის მივლინება დამჭირდება ადგილზე, _ შეჰბედა ჰიდროტექნიკოსმა დამკვეთს.

 _ წაბრძანდით, _ იყო მოკლე პასუხი.

ადგილზე ჩასული სერგეი ჟუკი თავის გუნდთან არკვევდა, რომელი “შლუზებითა” და არხებით შეექმნათ ეს გიგანტური ენერგეტიკული კვანძი, რომელიც რეგიონის სასიცოცხლო ცენტრი გახდებოდა.

არხის პარამეტრებზე მსჯელობისას შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ჟუკი იძულებული შეიქნა, კუიბიშევიდან სტალინს დაკავშირებოდა.

“გასაოცარი იყო ის, რომ, _ იგონებს ჟუკი, _ სტალინმა ზეპირად მითხრა არხის სიღრმე, ფსკერისა და ზედაპირის ზომები. მოგვიანებით, როდესაც პროექტი დასრულდა, პროექტზე მომუშავენი გაოცებას ვერ ფარავდნენ, რადგან თავაუღებელი მუშაობის შედეგად მიღებული ზომები ზუსტად ისეთი იყო, როგორც სტალინმა სავარაუდოდ განსაზღვრა. ამის დადგენა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი საპროექტო ჯგუფის გარდა, არავის შეეძლო და ისიც გარკვეული დროისა და მუშაობის შემდეგ. როდესაც საპროექტო ჯგუფმა გადაწყიტა, შეეცვალა სტალინის მითითება _ ოთხი შლუზის ნაცვლად ორი გაეკეთებინა, სტალინმა კატეგორიულად არ მიიღო ეს წინადადება და, გზის ასორმოცი კილომეტრით შემოკლების აუცილებლობიდან გამომდინარე, კვლავ ოთხ “შლუზზე” გადაგვიყვანა. საბოლოოდ მივხვდით, რომ სტალინს ყოველი წვრილმანი, რომელიც კი პროექტში წარმოდგენით ჰქონდა ჩადებული, აბსოლუტურად ზუსტად ჰქონდა გაანგარიშებული. ვოლგა-დონის არხის გაყვანამ და ხუთი ზღვის ერთ სანაოსნო სისტემად გადაქცევის რეალობამ საფუძველი მისცა კაცობრიობას, ეფიქრა, რომ დედამიწაზე არსებულ შვიდ სასწაულს დაემატებოდა მერვეც _ ვოლგა-დონის არხი, რომელიც სტალინის “გამოცხადების” შედეგი იყო”.

_ქართულად ვისაუბროდ თუ რუსულად? _ ღიმილით შეეკითხა სტალინი სტუმარს

_ ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ, მაგრამ მე თქვენგან უფრო ქართული სიტყვების გაგონება გამიხარდებოდა, _ თავაზიანად უპსუხა სტუმარმა მასპინძელს.

_ შევთანხმდით: მე ქართულად ვისაუბრებ, თქვენ კი რუსულად მიპასუხეთ.

_ თანახმა ვარ!

_ ამხანაგო პეტრე, თუ თქვენ ბელსა და გაბს ელოდებით სამგორის სარწყავი სისტემის ასაშენებლად, დაგაგვიანდებათ. მგონი, ისინი ცოცხალიც აღარ არიან.

_ არა, ამხანაგო სტალინ, ჩვენ არავის ველოდებით, საქმე ბევრია, ფული კი _ ცოტა; რასაც ჩვენი ბიუჯეტი სწვდება, იმას ვაკეთებთ.

_ მე საყვედური არ მითქვამს. თქვენ ბევრს მუშაობთ. ვიცი თქვენი ქობულეთური ამბავი და ისიც ვიცი, რომ საქართველოში აგროტექნიკური მორწყვის პიონერი ხართ.

ალაზანზე თქვენი ღვაწლი აღნიშვნის ღირსია, სამწუხაროდ, მე ნაკლებად ვიცნობ კახეთს. ნამყოფიც კი არ ვარ, მაგრამ კახეთი ქართველი ხალხის ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. რას შვრება შირაქის წყალსადენი? ვაჟას სოფლები უწყლობით არ უნდა დავჩაგროთ…

_ შირაქმა გაამართლა, ამხანაგო სტალინ, სოფლებს წყალი უკვე მივაწოდეთ.

_ რას ფიქრობთ სამგორის მორწყვის შესახებ? ბელისა და გაბის პროექტი უკვე მოძველებული იქნება. ხომ არ დაიწყებთ პროექტის განახლებას? თუ კარგად მახსოვს, გაბი და ბელი იორის წყლით აპირებდნენ სამგორის უდაბნოს მორწყვას და მათ მლაშე ტბებიც ჰქონდათ მინიშნებული, მე იმ მლაშე ტბებთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა და კონსპირაციული საქმიანობა მომიწია. ეს ქვაბული უდიდესი საშუალება იქნება არა მხოლოდ უდაბნოს მოსარწყავად, არამედ თბილისის წყლით მომარაგების თვალსაზრისითაც. მახსოვს, თბილსის მცხოვრებლებს ვედროებით რომ უნაწილებდნენ სასმელ წყალს.

_ ბელისა და გაბის პროექტი, ამხანაგო სტალინ, გზის მანიშნებელია, როგორ უნდა განვითარდეს სამგორის გასარწყავება, მაგრამ მისი მაშტაბები და შესაძლებლობები არ შეეფარდება იმ მოცულობას, რომელიც სინამდვილეშია. სამგორის პროექტის თუნდაც მცირე ნაწილის ამოქმედებას იმანაც შეუშალა ხელი, რომ ბელისა და გაბის შემდეგ ამ პროექტის ლობირება სომხურმა ჯგუფმა დაიწყო ხატისოვის მეთაურობით, მთავარ როლს კი არცთუ უპერსპექტივო ჰიდროტექნიკოსი მელიქ ფაშაევი ასრულებდა. სხვა პიროვნებების მონაწილეობა ამ პროექტში თითქმის შეუძლებელი იყო. სამგორის პროექტს 1926 წლიდან ვამუშავებთ და იგი თითქმის დასრულებულია, თუ დამავალებთ, სამგორის საწყავი სისტემის პროექტის გადამუშავებას უახლოეს პერიოდში დავიწყებ.

_ ჩათვალეთ, ამხანაგო პეტრე, რომ ეს არა სახელმწიფოს, არამედ ჩემი დავალებაა.

_ ვამაყობ ამ დავალებით! _ განუცხადა პეტრემ მამრაძემ სტალინს.

_ ამხანაგო პეტრე, ეს დავალება რომ მიიღე, დიდად მასიამოვნე, მაგრამ ერთი პატარა სათხოვარი კიდევ მაქვს და ვიცი, უარს არ მეტყვით. გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი რამით დაგვაჯილდოვა ბუნებამ _ მთები, ტყეები, მინდვრები, ძვირფასი წყლები, შესანიშნავი ადამიანები. ხომ შეიძლება, ამ მხარესაც მივხედოთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ?! ვიცი, ჰორიზონტალური არქიტექტურის შესანიშნავი წარმომადგენელი ხართ, მადლი ქენით და, მიხედეთ წყალტუბოს, თუ მოინდომებთ, მეც ხელს შეგიწყობთ. წყალტუბო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და უძვირფასესი კურორტი გახდება, ამისათვის მას ყველაფერი აქვს, თუ საჭიროდ ჩათვლით, გააჩერეთ სამგორის პროექტი და წყალტუბოს მიხედეთ.

_ ორივეს პარალელურ რეჟიმში დავამუშავებ, რაც შეიძლება, მოკლე პერიოდში, _ უპასუხა პეტრე მამრაძემ.

კმაყოფილმა მასპინძელმა ბატონი პეტრე სახლის აივანზე, სუფრასთან მიიპატიჟა. ცოტა ხნის შემდეგ მასპინძელმა სტუმარი ზღურბლამდე მიაცილა და კეთილი მგზავრობა უსურვა. ასე დასრულდა “ქართველი ჟუკისა” და დიდი ბელადის წყალტუბოს შეხვედრა.

ფოთიდან ბაქომდე რკინიგზის გაყვანის საძიებო სამუშაოების შესასრულებლად კავკასიის მეფისნაცვალმა, თავადმა ბარიატინსკიმ 1858 წელს მოიწვია ინგლისელი სპეციალისტები _ გაბი და ბელი. ამ სამუშაოს შესრულებას მოწვეულმა ინჟინრებმა ორი წელი მოანდომეს და 1861 წელს პროექტი ჩააბარეს. მუშაობის პერიოდში გაირკვა, რომ გაბი და ბელი არა მხოლოდ რკინიგზის გამოცდილი მშენებლები იყვნენ, არამედ კარგად ერკვეოდნენ სამელიორაციო სამუშაოებშიც, რის გამოც იმავე ბარიატინსკიმ მათ დაუკვეთა, შეედგინათ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მორწყვის პროექტიც. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მორწყვის პროექტის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა სამგორის სარწყავი სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა იორის წყლით მლაშე ტბების შევსებას და სასმელი წყლით ქალაქის მომარაგებას, ხოლო წყალსაცავში ჩასვლამდე _ წყლის სარწყავად გამოყენებას.

გაბისა და ბელის პროექტის პარალელურად, რომელიც ძვირად ღირებული პროექტი იყო, რამდენიმე სხვადასხვა სიდიდისა და სირთულის პროექტიც არსებობდა, მათ შორის, ზორინის პროექტი. ის დასკვნისთვის გადაეცა ტერ ვართანიანს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ზორინ-ტერ ვართანიანის პროექტი. ეს პროექტი განიხილა საადგილმამულო კომისიამ ჭრელაშვილის თავჯდომარეობით და უარი თქვა მის განხორციელებაზე, რადგან წვრილმან საქმოსნურ წინადადებად მიიჩნია.

1913 წლის 21 აპრილს ქალაქის მიწების მორწყვის პროექტის შედგენა დაევალა ქალაქის წყალსადენის გამგეს _ ქურდიანს. მან გულმოდგინედ შეისწავლა ყველა გზა და საშუალება, ქალაქის მიწების გასარწყავების მიზნით და გაოცებული დარჩა, როცა გაეცნო სარწყავი არხის ნანგრევებს, რომელიც ოდესღაც, თბილისის აღმოსავლეთის გავლით, არაგვიდან გარდაბნის ველისკენ მიემართებოდა.

ქურდიანის სქემით, სამგორის არხი მიწების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს მორწყავდა. რაც შეეხება სრულიად სამგორის მორწყვას, ეს საკითხი ხელახლა დაისვა და მას მელიქ ფაშაევი ამუშავებდა, რომელსაც ღიად თუ ფარულად ხატისოვი მფარველობდა.

ვინ იყო ხატისოვი?

ალექსანდრე ხატისოვი 1875 წელს დაბადებული თბილისელი სომეხია, რომელმაც თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია დაამთავრა და სწავლა მოსკოვსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში განაგრძო. 1910 წლიდან ალექსანდრე ხატისოვი ქალაქ თბილისის თავია, 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, ერევანში წავიდა. იყო ჯერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ, 1920 წლის მაისამდე, _ პრემიერმინისტრი. ხატისოვი იყო მასონთა ლოჟის _ “ჩრდილოეთის ვარსკვლავისწევრი, საფრანგეთისდიდი აღმოსავლეთისმასონთა ლოჟის წევრი, აგრეთვე, შედიოდა მასონთა ლოჟაში, რომელიც აერთიანებდა რუსეთის მე-18 ხარისხის მასონებს. იგი 1945 წლის 10 მარტს პარიზში გარდაიცვალა.

გაბისა და ბელის, ზორინ-ტერ ვართანიანის, ქურდიანის, მელიქ ფაშაევის პროექტებს განხორციელება არ ეწერა. მძიმე პირობებში იყო მოქცეული არა მხოლოდ სამგორისა და ყარაიაზის უდაბნოები, არამედ ამ უდაბნოების ახლოს მდებარე მთებს შეფენილი სოფლები, რომლებიც ნალექისა და ნაჟური წყლების ამარა ატარებდნენ თავიანთ ბედკრულ ცხოვრებას.

ავჭალის, ბალბიანის, პატარა ლილოს, დიდი ლილოს, ნორიოს, მარტყოფის, საცხენისის, სართიჭალის, უჯარმისა და მთის სხვა სოფლების მცხოვრებნი სასოწარკვეთილებამდე იყვნენ მისული უწყლობითა და უმოსავლობით.

სამგორისა და ყარაიაზის გადამწვარი ველები პატრონს ელოდა. აკი, ამბობდა კიდეც პოეტი:

წყალი სწყუროდა დასიცხულ ყამირს,

ამიტომ იყო დღე მუდამ მწყრალი,

სტალინმა სთქვა და სამგორის მიწამ

დღეიდან უნდა დალიოს წყალი”.

გაიცა განკარგულება, რომ ინჟინერ პეტრე მამრაძეს, სტალინის თხოვნითა და დავალებით, საბოლოოდ შეემოწმებინა 1926 წელს დაწყებული პროექტი სამგორის სარწყავი სისტემების შექმნის თაობაზე და დაწყებულიყო საუკუნის მშენებლობა, რომელიც მასშტაბით უტოლდებოდა ფოთიდან ბაქომდე რკინიგზის გაყვანას, თავისი სადგურებით, წიფის გვირაბითა და სხვადასხვა ძირითადი და დამხმარე ნაგებობით.

რას ითვალისწინებდა პერტე მამრაძის საუკუნის პროექტი სამგორის სარწყავი სისტემების თაობაზე და რა გვაქვს დღეს, მომავალ წერილებში გაგაცნობთ.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here