Home რუბრიკები საზოგადოება გურამ საღარაძე: “დიდ შვიდეულში” დაავიწყდათ, ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში?

გურამ საღარაძე: “დიდ შვიდეულში” დაავიწყდათ, ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში?

610

სახელგანთქმული ქართველი ფალავანი გურამ საღარაძე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და ჩვენი ყველა სატკივარი გულთან ახლოს მიაქვს. ეს სახელდახელო ინტერვიუც ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზეა. 

 

საუბარს მისთვის დამახასიათებელი ემოციურობით იწყებს: საუბრობს ისე, როგორც ჭიდაობდა _ შეტევით, სწრაფად! მაგრამ კარგად გათვლილი და გააზრებული პოზიციიდან, რომელიც ყოველთვის ისეთივე გულღია და ალალია, როგორიც თვითონ გურამ საღარაძე.

_ ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას იმაზე, რაც ქართულ ტელესივრცეში ხდება. მაშინ, როცა სრულიად საქართველო შეძრულია 13 ივნისის ღამის ტრაგედიით, “რუსთავი 2” და, ჩემდა გასაოცრად, “მაესტროც”, რომელიც ერთ დროს მართალი ტელევიზია იყო, ისე წარმოგვიდგენენ ამ ტრაგედიის მიზეზთა- მიზეზს _ მიხეილ სააკაშვილს, თითქოს არაფერი მომხდარა. სააკაშვილის “მოღვაწეობა” თითქოს ძალიან გვაინტერესებს იქ, ოდესაში _ ხან თათბირს ატარებს, ხან რას აკეთებს, ხან _ რას.. ეტყობა, ამათთვის ყოფილი “შუქურა” დღესაც გზის მანათობელია. “რუსთავი 2”-მა სახელმწიფო დანაშაულში ბრალდებული, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილიც ტელევარსკვლავად წარმოგვიდგინა. ეს კოლექტიური ტელეადვოკატები, პრესის თავისუფლების პრინციპს ამოფარებულები, ცდილობენ, საქართველოს დამღუპველი ყოფილი მაღალი მოხელეები უცოდველ კრავებად დაგვიხატონ, სამშობლოსთვის თავგადაკლულ მოღვაწეებად.

მიკვირს, რატომ არ მიადგა თბილისის მოსახლეობარუსთავი 2”-ის ოფისს და არ გამართა უმწვავესი მიტინგი, კატეგორიულად არ მოითხოვანაცმოძრაობისსარეაბილიტაციო პროპაგანდის შეწყვეტა. დაგვიჩლუნგდა პროტესტის განცდა და მზად ვართ, კვლავ დავადგათ სააკაშვილის მონობის უღელი ჩვენს საყვარელ სამშობლოს?!

კოაბიტაციით მოვიწამლეთ?

ძველი რომაელი ფილოსოფოსი სენეკა თავის ნაშრომში “კეთილ საქმეთა შესახებ” წერს, რომ “ბევრი რამ მოგებულია სისწრაფის წყალობით, ბევრიც წაგებულია სიზანტის გამო. ასე, მაგალითად, ყველა სატყორცნ შუბში ლითონის სიმტკიცე ერთნაირია: მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია განსხვავება (დარტყმის ძალის), რაც დამოკიდებულია იმაზე, ძლიერი თუ სუსტი მკლავი სტყორცნის შუბს” (წიგნი მეორე, თავი მეექვსე).

ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლების მკლავის ძალის დასუსტება მაშფოთებს, ორგანიზატორულ უნარს ვგულისხმობ, კონტრარგუმენტების სიმყარეს, სწრაფ აზროვნებასა და მოწინააღმდეგეზე ერთი ნაბიჯით მაინც წინ ყოფნას. იმიტომ კი არ გენდეთ, ბატონებო, რომ ჩვენ, ხალხი, საკუთარ გულს შევასკდეთ და ნერვები დავიწყვიტოთ! მართალია, ცხოვრება ისე გვიჭირს, რომ თვალში ვერ გამოგვიხედია, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს. სააკაშვილებსა და ადეიშვილებს თავს ვერ გავაბითურებინებთ!

ხომ ცნობილია, რომ ხალხს ბელადი სჭირდება. წინამძღოლის გარეშე ადამიანების მასა ცხვრის ფარას ემსგავსება, რომელიც შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხოს. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმის ორგანიზებით თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეგწევთ თავკაცობა.

ამიტომ მოგიწოდებთ: ყოველთვის იბელადეთ, ახალგაზრდებო, ჩვენ, ვეტერანები, მხარში ამოგიდგებით!

_ კრიტიკა, რომლითაც ასეთი სიუხვითა და პრინციპულობით არის გაჯერებული იგივე ტელესივრცე, ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას, თუ მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული?

_ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. რაც ახლა მსოფლიოში ხდება, კატასტროფაა. თქვენი გაზეთის მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ, ერთი შესანიშნავი ფილმი “ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო”. იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდება მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, იმ ფილმის “შეშლილობა” მსუბუქი დისკომფორტია, ნეოგლობალიზმი უფსკრულისკენ უბიძგეს კაცობრიობას. დასამალი არაფერია, ყველამ იცის, ვინც მართავს ამ პროცესებს _ ამერიკის შეერთებული შტატები, სუპერსახელმწიფო. თუ არ შეჩერდა ეს დამღუპველი ტენდენცია, მაშინ ისევ უფალმა უნდა გადმოგვხედოს და გვიშველოს. ჩემი სალოცავი კუთხე მაქვს სამსახურში, სადაც დილა-საღამოს ვლოცულობ, რათა ღმერთმა გადაგვირჩინოს ჩვენი სამშობლო და ხალხი.

ამდენი შინაური მტერი თუ ეყოლებოდა საქართველოს, ვერც კი წარმოვიდგენდი. მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, როგორც წესი, არაკონსტრუქციულია და ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს. საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს.

სწორად გამიგეთ, კრიტიკა ისევე აუცილებელია ხელისუფლებისთვის, როგორც წახალისება, მაგრამ ჩვენთან განწყობილების ისეთი ველია შექმნილი, რომ, თუ სიტყვა წამოგცდება ხელისუფლების სასარგებლოდ, დაუყოვნებლივ კონფორმისტობას დაგაბრალებენ.

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ კარგი სახელმწიფო მოხელეებითა და ცუდი კანონებით ქვეყანა ნორმალურად იმართება, მაგრამ, თუ სახელმწიფო მოხელე ცუდი გყავს, რაგინდ კარგი კანონები გქონდეს, ქვეყანას ვერ გაუძღვები.

ჩვენი მოხელეები, სამწუხაროდ, შორს არიან იდეალისგან, ამიტომ, თუ ვინმეს სჭირდება კრიტიკა, უწინარეს ყოვლისა _ მათ. მაინცდამაინც დაბალი რანგის მოხელეებს არ ვგულისხმობ, მთავრობის გარკვეულ წევრებსაც არ გამოვრიცხავ.

_ გეკითხებით, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს: ერთი მხრივ _ ქრისტეს მცნებანი, მეორე მხრივ _ ადამიანის უფლების მოშველიებით მამათმავლობის ქადაგება. თქვენ რომელ მხარეს დგახართ?

_ ღვთის წინააღმდეგ წასვლა უდიდესი ცოდვაა და დაღუპავს ადამიანს. სოდომის ცოდვაზე სიტყვას არ გაგიგრძელებთ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ, თუ კრიტიკის მსგავსი რამ წამოგცდებათ ლგბტ ოჯახის მისამართით, ჰომოფობად მოგნათლავენ. ჩასაფრებულები არიან .. არასამთავროები, იმავე წამს თავს დაესხმიან ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ მათ პრინციპებს. თუმცა რა გასაკვირია, _ რაც უფრო მეტია დაფინანსება, უფრო ძლიერიაპრინციპების ერთგულება”.

არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ: ვერავინ შეეხება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას _ საქართველოს, მის მარადიულ ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის სულიერ სისპეტაკეს ვერ დაგვიბინძურებს.

_ კრიტიკას მივუბრუნდეთ, ბატონო გურამ, კრიტიკოსებს.

_ უფრო ზუსტი იქნება, თუ უმეტესობას კრიტიკანებს ვუწოდებთ. ჩემთვის მიუღებელია კრიტიკული შენიშვნები მისგან, ვინც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევს, თავისაში კი _ დირესაც ვერა.

მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო უნდა წავიდეს კეთილი გზით. ისევ ბატონმა ბიძინამ უნდა იტვირთოს ეს საქმე.

_ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში?

_ დაბრუნდება თუ არა, ივანიშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ მგონია, რომ იგი უნდა იდგეს საქართველოს გადარჩენის ეპიცენტრში. მის გარშემო უნდა დაირაზმონ საღი აზროვნების ადამიანები, ისინი, ვისაც უყვარს საქართველო და ჩვენი ხალხი.

_ გინდათ, თქვათ, რომ დღეს ასეთი ადამიანები არ დგანან ქვეყნის მართვის საჭესთან? ვერ ხედავთ ასეთებს?

_ ყველას _ ვერა. უამრავი, მანამდე საქვეყნო საქმეების კეთებაში შეუმჩნეველი ადამიანი წარმოაჩინა, დააწინაურა პასუხსაგებ თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ბევრმა ვერ გაუმართლა.

ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ახალგაზრდა კაცია, დიდ პატივს ვცემ და ღმერთმა ქნას, რომ ის მძიმე უღელი, რომელიც ქედზე დაიდო, ღირსეულად ეტარებინოს, ბოლომდე გაეწიოს ჭაპანი. უმადურობა იქნებოდა იმის დაუნახაობა, როგორ იბრძვის და ცდილობს ქვეყნის მართვას, ეროვნული კაცია, მაგრამ ყველაზე ამას ვერ იტყვი.

სათქმელი სხვაც დაგროვდა, ბევრი. ისევ ძველებურადაა ბიძაშვილ-მამიდაშვილობა. უფრო მეტიც. ახლა რომ ნეპოტიზმია, ისეთი კომუნისტების პერიოდში არ ყოფილა. ამას ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ. გულდასაწყვეტია, რომ ნეპოტიზმზე “ნაციონალებს” ალაპარაკებენ, მაშინ, როცა ნეპოტიზმის ჩემპიონები ისინი იყვნენ და ახლა, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, რაიონიდან რაიონში დადიან და იქ “აღმოჩენილ” ფაქტებს ტელეეკრანებიდან კარგი სნაიპერებივით ესვრიან საზოგადოებრიობას.

საპარლამენტო უმრავლესობას კი ასეთ დარაზმულობასა და აქტივობას, თუნდაც ამ ნეგატიური მოვლენის აღმოსაფხვრელად, ვერ ვამჩნევთ.

სად არიან მაჟორიტარი დეპუტატები? რას აკეთებენ? რა დაეტყო მათი მისვლით იმ რაიონებს, რომლებშიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს?

ჰაერზე არ ვლაპარაკობ. უამრავი ადამიანი მირეკავს, მხვდება, თავის გასაჭირზე მელაპარაკება… ვცდილობ, დავეხმარო, მაგრამ სად ჩემი შესაძლებლობები, სად _ მაჟორიტარი დეპუტატების?!

ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა ხალხს, შრომა დაავიწყდა, არა იმიტომ, რომ გავზარმაცდით, არამედ იმიტომ, რომ დასაქმების ადგილის უქონლობის გამო გადავეჩვიეთ. ამას კი სხვა უბედურება დაერთო. უპირველესად დავასახელებ შინაგანი კულტურის დაკარგვას. თბილისი, მაგალითად, ჩვენს ქალაქად აღარ მიგვაჩნია, ისე ვიქცევით, ვითომ მხოლოდ დავით ნარმანიას საზრუნავია დედაქალაქის მოვლაპატრონობა.

ისე არ გამიგოთ, რომ ქადაგად დავვარდი და სხვების ჭკუის დამრგებლის როლი მოვირგე. ერთი პროექტის განხორციელებას შევუდექით _ ქართული წყლის პროექტის, რომელსაც აკადემიკოსი პაატა გიორგაძე ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი აქციონერი მეც ვარ. ამ პროექტის სიკეთეზე სიტყვას არ გავაგრძელებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მისი განხორციელებით საქართველო უმოკლეს ხანში გაიმართება წელში, გამთლიანდება, შურიც უკან დაიხევს, ბოროტებაც. მოლოდინში ვართ იმისა, რომ მთავრობაც მხარს დაგვიჭერს. პროექტი მზად არის, სპეციალისტები მობილიზებულები არიან… ინვესტორებიც ნაპოვნი გვყავს. ყველა წინაპირობა გააქტიურებულია “სიცოცხლის ამ ელექსირის” ასამოქმედებლად.

_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!.. სხვა პრობლემაზე მაინტერესებს თქვენი აზრი _ საქართველოს გაერთიანებას რა ეშველება? ხომ არ აჯობებდა, ამ პრობლემის მოგვარება კანონით დაკისრებოდა ჩვენს პრეზიდენტს?

_ საქართველოს პრეზიდენტს _ გიორგი მარგველაშვილს პატივს ვცემ. მის ოჯახსაც ვიცნობ. მას სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი საქართველოს, ქართველობის სიყვარული. თუ განუხრელად ივლის ამ გზით, რომლიდანაც ვერ გადაახვევინებენ ვერავითარი ლიბერასტები, ლგბტ-ები და ასე შემდეგ, თუ საქართველოს გამთლიანებას, როგორც მიზანს, გულის ფიცარზე დაიწერს, მაშინ არავითარი სპეციალური კანონის მიღება საჭირო არ იქნება.

თუმცა არც კანონის მიღება გააფუჭებს საქმეს. დრო საქართველოზე მუშაობს.

_ მაგრამ ამ დრომ და უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახადეს. თქვენი დამოკიდებულება როგორია?

_ სახტად დავრჩი. როგორ დაუშვა უკრაინელმა ხალხმა, ჩვენმა მოძმე, დიდი ტრადიციების ერმა, როგორ აიტანა სახელმწიფო დანაშაულობათა გამო ძებნილი კაცის, რომელსაც თავის ქვეყანაში არ დაედგომება, თუნდაც ერთ მხარეში, მაგრამ მაინც ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღზევება?! არაადეკვატურ კაცზე ვლაპარაკობ, რომელმაც საქართველოს ყოფა უტირა და უარესს უზამდა, რომ დასცლოდა

_ რით დამთავრდება სააკაშვილის გაგუბერნატორება?

_ არ დამთავრდება კარგად, არც პოროშენკოსი და არც სააკაშვილის. არიან საღი ძალები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ.

_ ორიოდ დღის წინათ დიდი შვიდეული შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ

_ დიდ შვიდეულშიდაავიწყდათ, ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში? მას შემდეგ რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ათჯერ უფრო გაძლიერდა. ნუ იზამენ ისე, რომ მან დაიწყოს ახალი ომი. ღმერთმა ნუ ქნას, თორემ მსოფლიოს სამი მეოთხედი განადგურდება. არ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება. ჩვენ კი რუსეთთან უნდა გვქონდეს მეზობლური, მეგობრული ურთიერთობა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა რუსეთში გავატარე, ათი წელიწადი საბჭოთა კავშირის თავისუფალ მოჭიდავეთა გუნდის წევრი ვიყავი, მათგან შვიდი წელიწადი _ ნაკრების კაპიტანი. სადაც მივდიოდი, ყველგან სიხარულის ზეიმი მხვდებოდა. ეს იყო კარგად შეკრული უდიდესი ოჯახი. ისტორიას ვერ გადახაზავ, ვერ შეცვლი. მოვა დრო, ყველაფერი დალაგდება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here