Home რუბრიკები საზოგადოება რა დანიშნულება აქვს პრეზიდენტის სასახლეს ზუგდიდში?

რა დანიშნულება აქვს პრეზიდენტის სასახლეს ზუგდიდში?

990

ათიოდე წლის წინათ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღთან, პოლიტექნიკური კოლეჯის ტერიტორიაზე, აშენდა პრეზიდენტის სასახლე _ “მეგრული ოდა”.

 

2005 წელს პოლიტექნიკური კოლეჯის ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროდან მიიღო შეტყობინება კოლეჯის ტერიტორიიდან პრეზიდენტის რეზიდენციის ასაშენებლად 3410 კვ.მ ფართობის დათმობის თაობაზე. კოლეჯმა ეს ფართობი იმ პირობით დათმო, რომ სახელმწიფო აუნაზღაურებდა იმ უძრავი ქონების საფასურს, რომელიც განადგურდა რეზიდენციის მშენებლობისას.

ეს იყო სასწავლო სახელოსნოები, სპორტული კომპლექსი, საქვაბე და სხვ. თუმცა კოლეჯისთვის არავის არაფერი აუნაზღაურებია, უფრო მეტიც, ორი წლის შემდეგ კოლეჯი გააუქმეს და უკვე შვიდ წელზე მეტია, პოლიტექნიკური კოლეჯის 4333 კვ.მ ფართობის მქონე ოთხსართულიანი შენობა, რომლის მეპატრონე ეკონომიკის სამინისტროა, გაპარტახებული და გაჩანაგებულია.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ის კოლეჟის მიერ დათმობილ ფართობზე მოკლე ხანში აშენდა. ამ რეზიდენციას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებაში. ამ “მეგრულ ოდაში” აფხაზეთის საკითხებზე უნდა გამართულიყო შეხვედრები ენგურს გაღმელ-გამოღმელებთან, თუმცა ეს იდეა იდეად დარჩა და მიხეილ სააკაშვილი ორჯერ თუ სამჯერ ეწვია მხოლოდ ამ სასახლეს, ხოლო 2008 წლის შემდეგ, როცა ამ სასახლეში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი სერგეი ჩაბანი დაბანაკდა ცოტა ხნით, მიხეილ სააკაშვილი ამ სასახლეს საერთოდ აღარ გაჰკარებია. მისი გაყიდვის თაობაზე ბრძანებაც კი გასცა, მაგრამ ისეთი ფასი დაადო, მყიდველი დღემდე არ გამოჩენილა.

საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  არც კი იცის, სად მდებარეობს .. პრეზიდენტის სასახლე ზუგდიდში, რომლის აშენებაც კოლოსალური თანხა დაჯდა. სასახლე დღემდე უფუნქციოდაა და 10 წელია, მის მოსავლელად მომსახურე პერსონალს ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა ერიცხება. რატომ და რისთვის იხდიან ამ თანხებს, გაუგებარია. ასევე გაუგებარია თვით ამ .. სასახლის დანიშნულებაც, რომელიც ასევე ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მესვეურები ცდილობენ, “მეგრული ოდა” დაათმობინონ ეკონომიკის სამინისტროს და იქ ზუგდიდელებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტები განათავსონ.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here