Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავით (ნოზაძე): “ცისფერი კომისრები” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან და ძირს...

მამა დავით (ნოზაძე): “ცისფერი კომისრები” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან და ძირს უთხრიან სახელმწიფოს

904

ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ოძისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ნოზაძე).

 

_ მამაო, 13 ივნისს დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ სრულიად საქართველო შეძრა. დაიღუპა ხალხი, განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, არის უდიდესი მატერიალური ზარალიბევრი საუბრობს გამოძიების აუცილებლობაზე (რომელიც უკვე დაწყებულია) და კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობაზე. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას ფიქრობთ მომხდარზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე?

_ საერთოდ, როდესაც ადამიანები შორდებოდნენ ღმერთს, მის მცნებებს, ივიწყებდნენ ზნეობას, ყოველთვის ხდებოდა განსაცდელი. ასე წერია წმინდა წერილში და ასეა, ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. რაც შეეხება ვინმეს ბრალს, ცხადია, გამოძიება ჩატარდება და შესაბამისი უწყებები დაადგენენ, სად რა შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი; ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანია, მეტი დრო დავუთმოთ სულიერებას და ისე ვიცხოვროთ, როგორც წმინდა ეკლესია გვეუბნება…

_ თქვით, როდესაც ადამიანები შორდებიან ღმერთს, ყოველთვის არის განსაცდელიო. ნუთუ ისე ძალიან დაშორდა დღეს ქართველი ხალხი ღმერთს და წმინდა ეკლესიას, რომ ასე მძიმედ დაისაჯა?

_ ვფიქრობ, ღმერთმა კიდევ დაგვინდო. შეიძლებოდა, იქ გაცილებით მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ უბედურებას შეეწირნენ, ყველაზე ცოდვილნი იყვნენ, პირიქით _ ისინი ნებისმიერ ჩვენგანზე სუფთა შეიძლება ყოფილიყვნენ. მაგალითად, იქ დაღუპული ერთ-ერთი მაშველი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა, გმირია. მან თავგანწირვით მაგალითი გვიჩვენა, როგორ უნდა გვიყვარდეს მოყვასი. საერთოდ, უფალს განსაცდელის დროს რჩეულები მიჰყავს. ამით გვეუბნება, რომ უნდა დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ გზას და განვიწმინდოთ ცოდვებისგან

რაც შეეხება შეკითხვას _ დავშორდით თუ არა უფალსა და ეკლესიას, საუბედუროდ, ეს უკვე აშკარაა და ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები გაშმაგებით ცდილობენ, ამ გზიდან გადაგვახვევინონ. სამწუხაროდ, მათ მცდელობას გარკვეული შედეგიც აქვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ეს მცდელობები კრახით დასრულდება იმიტომ, რომ ნებისმიერი გალაშქრება ღმერთის წინააღმდეგ იმთავითვე განწირულია მარცხისთვის.

_ ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავაკონკრეტოთ: ვინ არიან ის ძალები, რომლებიც ეკლესიისგან ხალხის დაშორებას ცდილობენ და რაში გამოიხატება ეს ქმედება?

_ ავიღოთ ბოლო ორი წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე ისეთი კანონი, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სწავლებას, ისე საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს; მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არის ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტში მიზანმიმართულად ჩადებული ნაღმი და რომლის შედეგებსაც ძალიან მალე ვნახავთ.

რაც შეეხება მთავარ ძალას, ანუ დამკვეთს, რომლისგანაც მოდის ეს ყველაფერი, ვიცით, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი და სოდომური ცოდვით შეპყრობილი ადამიანების აღლუმების მოწყობა დასავლეთის დირექტივაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უყოყმანოდ ასრულებს. აი, ამის შედეგია ის დაცემა, რომელსაც დღეს ვხედავთ, მაგრამ ეს არ არის უცხო ძალების საბოლოო მიზანი; მათი უმთავრესი ამოცანაა, ადამიანი არა მხოლოდ დააშორონ უფალს, დაუპირისპირონ კიდეც, ანუ აქციონ ანტიქრისტეს მსახურად.

_ აღწევენ ეს ძალები მიზანს, როგორ ფიქრობთ?

_ არიან ადამიანები, რომლებზეც ზემოქმედება იოლია და ადვილად ექცევიან ამა თუ იმ იდეოლოგიის, პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ასეთი ადამიანების ხარჯზე მათი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია. და რაში ვლინდება ეს? მაგალითად, უფალი გვეუბნება: არ იმრუშო, არა კაც ჰკლა… დღეს ბევრი გამოდის და აცხადებს, რომ აბორტი ჩვეულებრივი ამბავია, აკრძალვაზე კი, საერთოდ, საუბარიც არ უნდა იყოსო. ან მამათმავლობა ავიღოთ, კბილებით იცავენ, ასეთ ადამიანებზე ვინმემ რამე რომ თქვას, დააცხრებიან, პირველ რიგში _ არასამთავრობოები. საერთოდ, ეს არასამთავრობოები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ვფიქრობ, მათ საქმიანობას ვინმემ სერიოზულად უნდა მიაქციოს ყურადღება. ესენი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ძირს უთხრიან სახელმწიფოს. მე მათ დავარქმევდი ცისფერ კომისრებს, ან შეგიძლიათ, ჭრელი კომისრებიც უწოდოთ, იმიტომ, რომ ცისარტყელას დროშას აფრიალებენ ხოლმე. სხვათა შორის, ეს დროშა შემთხვევით არ აურჩევიათ, მოგეხსენებათ, ცისარტყელა პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა წარღვნა დასრულდა და ამით უფალმა მშვიდობა აუწყა ადამიანს, ანუ ცისარტყელა არის ღმერთისა და კაცის შერიგების სიმბოლო, ესენი კი ამ დროშით გამოხატავენ ღმერთთან, ღვთის კანონებთან დაპირისპირებას და ამას ეძახიან ადამიანის უფლებებს. ეს არის ქრისტეს უარყოფა და ის ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან ამ დროშის ქვეშ, იქნებიან ისინი ხელისუფლებისა თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ებრძვიან ქრისტეს. კიდევ ვიმეორებ: მათი ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის, ისევე, როგორც განწირულია მათი დასავლელი მამა-მარჩენლების მცდელობა, დაასუსტონ სამღვდელოება, დაქსაქსონ საზოგადოება და ხალხი დააშორონ დედაეკლესიას…

_ ის, რაც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ვთქვათ, იმავე ცისარტყელას დროშის ფრიალი, .. სექსუალური უმცირესობების აღლუმები, ერთსქესიანთა ქორწინებები და .., დასავლეთის _ ამერიკისა და ევროკავშირის _ დირექტივებია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიგვანიშნებენ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე არც იოცნებოთო. რა გამოსავალს ხედავთ? ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ეს ევროატლანტიკური სტრუქტურები ჩვენი ისტორიული არჩევანია; მეორე მხრივ კი, ამ სტრუქტურებში გაწევრება უმნიშვნელოვანეს ზნეობრივ პრინციპებზე უარის თქმას მოითხოვს.

_ ვფიქრობ, ქართველი კაცის ისტორიული არჩევანი არ იყო ევროკავშირი, ქართველი კაცის არჩევანი იყო და არის ქრისტე.

რაც შეეხება დირექტივებს, თუ ევროკავშირი გვთხოვს, რომ ქრისტეს მცნებები უარვყოთ, ასეთი ევროკავშირი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს, არც ნატო მოუტანს და არც რომელიმე სხვა გაერთიანება. მხსნელი ჰქვია მხოლოდ იესო ქრისტეს, რომელიც არის ღმერთიც და კაციც.

_ ფაქტია, რომ ანტიეკლესიურ ძალებს აქვთ დათმობილი მთელი ასპარეზი, მათია მედია, პოლიტიკური სპექტრი, ფინანსური რესურსები. რას უპირისპირებს ამ ყველაფერს სამღვდელოება?

_ მადლობა ღმერთს, ყველა სასულიერო პირს აქვს ამბიონი, საიდანაც ღვთის სიტყვას ქადაგებს და ეს მორწმუნე ერს გადაეცემა. კი, მათ ხელშია ყველაფერი _ მედიაც, ფინანსური რესურსებიც და პოლიტიკური სპექტრიც, მაგრამ ჩვენთან არს ღმერთი და ვერანაირი მედიით, ვერანაირი პროპაგანდით ჭეშმარიტ საქმეს ვერ გადაფარავენ. საერთოდ, მორწმუნე ადამიანი უძლეველია, რადგან უფალი ბრძანებს: ვინც ჩემს სიტყვას საქმედ აქცევს, ის არის გონიერი კაცი; ხოლო ვინც ჩემს სიტყვას მოისმენს და არაფერს გააკეთებს, უგუნურია. გონიერი სახლს ააშენებს კლდეზე და ამ სახლს ვერაფერი დაანგრევს, უგუნური კი ააშენებს ქვიშაზე. ის ხალხი, რომელიც ეკლესიაში დადის და უფლის გზას მიჰყვება, კლდეზე აშენებული სახლია, მას ვერაფერი მოერევა, ეკლესიის მტრები კი ქვიშაზე დგანან, ამიტომაა მათი იდეოლოგია სუსტი, ლიბერალიზმი დგას ცოდვაზე…

_ დასავლეთის მიერ თავსმოხვეული .. ნეოლიბერალური იდეოლოგიის უპირველესი სამიზნე ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით _ სკოლის მოსწავლეები. წელს, მაგალითად, თბილისისა და ბათუმის რამდენიმე სკოლაში ახალის საგნის (“მე და საზოგადოება”) შემოღება იგეგმება, რომლის მიზანიც ბავშვებისთვისგანსხვავებულისადმიპატივისცემის სწავლება იქნება. ეს საგანი გამიზნულია თაობათა ცნობიერებაში ძირეული ცვლილებებისთვის. რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე?

_ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია ამ საგანზე და ვიცით, რეალურად რაზეა საუბარი. ეს არის ცნობიერების შეცვლაზე გათვლილი პროგრამა, რომელმაც ახალგაზრდების აზროვნება თავდაყირა უნდა დააყენოს. წლების წინათ ხშირად გვესმოდა ხოლმე სიტყვებიმენტალური რევოლუციადა ცოტა თუ სვამდა შეკითხვას, რა იგულისხმებოდა ამაში. ეს უკვე ჩანს შედეგში, ამათი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ საზოგადოების ზნეობა ფუნდამენტურად შეცვალონ, რომ ის, რაც ქართველისთვის ოდითგანვე ითვლებოდა დასაძრახად, ჩვეულებრივი ამბავი გახადონ და გააუბრალოონ. ცხადია, ეს საგანი არ უნდა შევიდეს სასწავლო პროგრამაში, ამას ყველა ერთად _ მშობლებიც, მასწავლებლებიც და სრულიად საზოგადოება _ წინ უნდა აღუდგეს.

_ და მაინც, თუკი განათლების სამინისტრო თავისას გაიტანს, რის გაკეთება შეუძლია ეკლესიას, რა ფორმით შეეწინააღმდეგებით ამ საგნის შემოღებას?

_ შეიკრიბება ეკლესია, იქნება საუბარი, მსჯელობა და მოიფიქრებს, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს. კიდევ ვიმეორებ: მთავარი არის ის, რომ ეკლესიასთან არის ღმერთი. რაც შეეხება ხელისუფლებას, მან უნდა იცოდეს, რომ, როდესაც მიდის ღმერთის წინააღმდეგ, მას კურთხევა არ აქვს, შესაბამისად, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს…

_ დასასრულ, რუსულქართულ ურთიერთობებზეც გკითხავთ. ბევრი ფიქრობს, რომ სარწმუნოება ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის განსამუხტავად, ზოგი კი ამას არარეალურად მიიჩნევს. თავის მხრივ, “ლიბერალებიამაზე ბევრს ქილიკობენ, _ ერთმორწმუნეობა არაფერს ნიშნავსო. თქვენ როგორ ფიქრობთ: რა როლი ეკისრება ეკლესიას ამ პროცესებში?

_ მართლმადიდებლობა საყოველთაო რელიგიაა, ყველგან არის და ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს აქვს ერთი შეგნება, რომ უნდა უყვარდეს მოყვასი, როგორც თავი თვისი.

რაც შეეხება ურთიერთობების დარეგულირებას, თუკი აჭარაში სამასი წლის განმავლობაში ფაშები ისხდნენ და დღეს თურქებს ძმებს ვეძახით (ირანში კიდევ გვახსოვს, წინა პრეზიდენტის ვიზიტისას რა განცხადებები გაკეთდა: ოდითგანვე ცნობილია ირანელებისა და ქართველების მეგობრობაო), ჩვენ და რუსები რომ ისევ დავმეგობრდეთ, რა დაშავდება?! ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და, თუ ღმერთი ინებებს, ასე იქნება. მთავარია, არ გავტყდეთ სულიერად და არ წავიდეთ სარწმუნოებრივ კომპრომისზე, რომელსაც დღეს ამერიკა და ევროპა ითხოვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here