Home რუბრიკები საზოგადოება ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

766

თამბაქოს მავნეობაზე საუბრობენ ექიმები, იბეჭდება საგაზეთო წერილები, კეთდება ტელე და რადიოგადაცემები, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც წესი, ფუჭი შრომაა: ადამიანები კვლავ ერთგულებენ სიგარეტს და… თავს იღუპავენ.

 

დღეს ჩვენს მკითხველებს მივაწვდით სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მოამზადა და დაამუშავა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა რობიზონ წიკლაურმა.

ალკოჰოლი _ გლობალური პრობლემა

2009 წლის მონაცემებით, 15 წელზე მეტი წლოვანების ადამიანთა მიერ “სუფთა” ალკოჰოლის წლიური მოხმარების საშუალო მაჩვენებელი ევროპაში შეადგენს 12.5 ლიტრს (მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით), ანუ _ 27 გრამ “სუფთა” ალკოჰოლს დღეში (დაახლოებით 3 სტანდარტული ერთეული).

ალკოჰოლს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე, არგენტინაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. (იხ. ცხრილები)

დადგენილია, რომ “სუფთა” ალკოჰოლის დღიური მოხმარების 10-დან 90 გრამამდე გაზრდით ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებებისგან სიკვდილის აბსოლუტური წლიური რისკი იზრდება დაახლოებით 14-ჯერ, ხოლო ტრავმებით გამოწვეული სიკვდილის რისკი _ დაახლოებით 30-ჯერ. ევროპის ქვეყნებში ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე მოდის საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილის 20-48%.

ევროპა ყველაზე “მსმელი” რეგიონია მსოფლიოში. ევროგაერთიანების ქვეყნებში (EU) 23 მილიონი ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებულია. 15-16 წლის სტუდენტების 43%-მა აღნიშნა, რომ ჰქონდა მძიმე სიმთვრალე. 9 მილიონი ბავშვი და მოზარდი ცხოვრობს ერთ ალკოჰოლზე დამოკიდებულ მშობელთან მაინც. 4-დან 1 უბედური შემთხვევა დაკავშირებულია ალკოჰოლთან. დათვლილია, რომ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი, სადაც მთავარი რისკფაქტორი ალკოჰოლია, 2005-2030 წლების პერიოდისთვის შეიძლება შეადგინოს 25 ტრილიონ ევრო; ევროპაში ალკოჰოლი განიხილება ძირითადი ოთხიდან ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორად ისეთი არაგადამდები დაავადებებისთვის, როგორიცაა კიბო და კარდიოვასკულური დაავადებები; 25-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ალკოჰოლი ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთ მთავარი რისკფაქტორია მსოფლიოში; ალკოჰოლი ითვლება ტოქსიკურ ნივთიერებად, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტების გათვალისწინებით, რომლებიც 60-მდე დაავადების განვითარებას განაპირობებს.

ალკოჰოლი და ახალგაზრდობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებული იყო გლობალური გამოკვლევის ჩატარება სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შორის. გამოიკითხა 13-15 წლის ასაკობრივი ჯგუფები.

2008 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში მოცემულია ალკოჰოლის მოხმარების ზრდის ხუთწლიანი ტენდენცია. 73 ქვეყანაში არასრულწლოვნებს (13-15 წელი) შორის ალკოჰოლის სმის მატების ტენდენცია აღინიშნა 72%-ში, შემცირება _ 4%-ში, სტაბილურად შენარჩუნდა _ 8%-ში, ხოლო 16%-ის პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

82 ქვეყანაში გამოიკითხა 18-25 წლის ახალგაზრდები: ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა აღირიცხა _ 80%-ში, შემცირება _ 11%-ში, სტაბილურობა _ 6%-ში, არადამაჯერებელი პასუხი _ 12%-ში. ახალგაზრდებს შორის საშიში და მავნე სასმელით ინტოქსიკაციის რაოდენობა იზრდება, შესამჩნევად მომატებულია ალკოჰოლის ეპიზოდური მიღებაც.

კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც იწყებენ ალკოჰოლის სმას 15 წლამდე, 5-ჯერ მეტად არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკის ქვეშ, ვიდრე პირები, რომლებიც 21 და მეტი წლისა იწყებენ ალკოჰოლის მოხმარებას.

საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა

2009 წელს ჩატარდა კვლევა თბილისის სკოლის მოსწავლეებში (მე-10 კლასელთა შორის, რომლებიც კვლევის პერიოდში საშუალოდ 16.1 წლისანი იყვნენ).

მათი უმრავლესობა ალკოჰოლის მიღებას აღიქვამს დადებით მოვლენად. ყველაზე პოპულარული სასმელებია ღვინო და ლუდი. გამოკითხულ მოსწავლეთა 70%-მა აღნიშნა, რომ, სულ ცოტა, ერთი ჭიქა ღვინო მაინც აქვს დალეული 13 წლამდე, შამპანური _ 66%-ს, ხოლო ლუდი _ 63%-ს. მაგარი სპირტიანი სასმელი კი _ 36%-ს. ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით კი _ ლუდი და ღვინო, შესაძლებელია, სრულიად თავისუფლად შეიძინოს მომხმარებელმა (მათ შორის, მოსწავლემ). მოსწავლეთა 90%-მა აღნიშნა, რომ, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ყოფილა ნასვამი (მთვრალი). ბოლო 12 თვისა და 30 დღის პერიოდში ეს მაჩვენებლები შესაბამისად იყო 80% და 40%. ბოლო სიმთვრალის შემთხვევათა 40%-ში მიღებული იყო ღვინო, ხოლო 38%-ში _ ლუდი. შამპანური და მაგარი სპირტიანი სასმელი _ შესაბამისად, 29% და 22 %-ში. მოსწავლეთა დაახლოებით 50% აღნიშნავს, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 40% აღნიშნავს ინტოქსიკაციის შემთხვევას ბოლო 12 თვის, ხოლო 12% ბოლო 30 დღის განმავლობაში. ბოლო 30 დღის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელის 5 და მეტი ერთეულის მიღება “მძიმე ეპიზოდური დალევა” აღნიშნა მოსწავლეთა 40%-მა (45% ბიჭი, 33% გოგო). საზოგადოდ, შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში მოსწავლეები ალკოჰოლს იღებენ საკუთარ ან მეგობრის ბინაში, 10%-მდე _ რესტორანში, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში _ ბარში, სკვერში, ქუჩაში და სხვ.

2010 წელს ჩატარდა “ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების”კვლევა საქართველოში, რომელიც მოიცავდა 18-64 წლის მოსახლეობას (STEPS).

ალკოჰოლის მოხმარების საერთო პრევალენსი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და 78.5%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მაღალია მამაკაცებში (90,3), განსაკუთრებით, 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ალკოჰოლის მომხმარებელ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა 1:3 ტოლია. კვლევის ჩატარებამდე 12 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარების პრევალენსმა 22.5% შეადგინა, ალკოჰოლის ყოველდღიურად მიღების მაჩვენებელი საშუალოდ _ 1.6%-ია; გაირკვა, რომ ალკოჰოლს ყოველდღიურად იღებს 35-44 წლის მამაკაცთა 3.4% და 55-64 წლის მამაკაცთა 4.7%. რეგიონების მიხედვით ამჟამად მსმელთა ყველაზე მაღალი პროცენტი გვხვდება კახეთში (51,7%), ხოლო ყველაზე დაბალი _ სამცხე ჯავახეთსა (28%) და აჭარაში (32%). რესპონდენტ მამაკაცთა დიდი უმრავლესობა (42.6%) ალკოჰოლს თვეში 1-3 დღეს იღებს, ხოლო 22.4% _ კვირაში 1-4 დღეს. ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 2-ჯერ და 7-ჯერ ჭარბობს ანალოგიურ მაჩვენებლებს ქალებში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ერთ ჯერზე იღებენ საშუალოდ 6-ს, ხოლო ქალები – ალკოჰოლური სასმელის 2 სტანდარტულ ერთეულს. ამ მხრივ გამოირჩევიან 35-44 წლის მამაკაცები და 25-34 წლის ქალები. საგულისხმოა, რომ გამოკითხვამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთ ჯერზე მიღებული სასმელის მაქსიმალური რაოდენობა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა მამაკაცებში (9.3 სტანდარტული ერთეული); ქალები კი, საშუალოდ, 3 სტანდარტულ დოზაზე მეტს არ იღებდნენ.

ალკოჰოლის გავლენა ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელობის საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი რისკფაქტორი ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენებაა: 60-მდე დაავადება, ტრავმები, ინვალიდობა და 2,5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ყოველწლიურად. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მოკვდავობა გაცილებით მაღალია შიდსით (იმუნოდეფიციტის სინდრომი) და ტუბერკულოზით გამოწვეულთან შედარებით. განსაკუთრებით დამღუპველია ალკოჰოლის მოხმარება ახალგაზრდულ ასაკში. ტრავმების 4,5%, თირკმლის დაავადებების 20-50% დაკავშირებულია ალკოჰოლის საზიანო მოხმარებასთან. კიბო, ეპილეფსია, კრუნჩხვები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ძირითადად, გულის იშემიური დაავადება), ციროზი, პანკრეატიტი (მწვავე და ქრონიკული), ინტოქსიკაცია, საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი, ძალადობა, ინვალიდობა, ბავშვებში სხეულის მასის ინდექსის შემცირება, ეს ყველაფერი ალკოჰოლის გამოყენებით გამოწვეული დაავადებების არასრული ჩამონათვალია. ალკოჰოლის რეგულარულმა (ჭარბად) გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმლის, სარძევე ჯირკვლების, ღვიძლის, პირის ღრუსა და საყლაპავი მილის კიბო. რისკფაქტორები იზრდება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის მატებასთან ერთად. მატულობს ტრავმების, ინვალიდობისა და საგზაო შემთხვევების ალბათობა. ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულია არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტი, ფეხმძიმობის ნაადრევი შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და თანმდევი გართულებები, დიაბეტი და სხვ.

კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ სასმელის ჭარბად მოხმარება ასუსტებს იმუნურ სისტემას. მსმელის ორგანიზმი დაუცველია პათოგენური მიკრობებისაგან და ადვილად ავადდება პნევმონიითა და ტუბერკულოზით. არსებობს კავშირი ალკოჰოლის მოხმარებასა და შემდეგ დაუცველ სქესობრივი კავშირებს, და შედეგად აივ ინფექციის ან სხვა, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას შორის. მსოფლიოში სიკვდილის 3,8% ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მოხმარებული ალკოჰოლის ხარისხი, რაოდენობა, მიღების რეგულარობა, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი მაღალია რუსეთში, მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ყველაზე უფრო ხშირად ამ ქვეყნებში მოიხმარენ კუსტარული წესით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს.

ალკოჰოლთან დაკავშირებული ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შემცირება შეიძლება, თუ მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული პროგრამები იქნება განხორციელებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1999 წელს 34 ქვეყნის მონაწილეობით დაიწყო ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და პოლიტიკის შემუშავება. გარკვეულწილად შეიზღუდა ალკოჰოლის მარკეტინგი და სიმთვრალეში სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულიაალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირებისეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლებიც განხილვის პროცესშია.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here