Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებთან” წამსვლელების ნაკადის შემცირებას ცდილობს

საქართველო “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებთან” წამსვლელების ნაკადის შემცირებას ცდილობს

524

“საქართველოს პარლამენტის დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების სირიაში მებრძოლ “ბოევიკებთან” წასვლის დასაბრკოლებლად, თუმცა, ხელისუფლების მიერ ბოლო ხანს მიღებული ზომების მიუხედავად, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია”, _ ნათქვამია ამერიკული გამოცემა “ევრაზიანეთ”-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ჩამოთვლილია ბრძოლებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობისა და მათი დაღუპვის ფაქტები, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია ქალების სირიაში წასვლის თაობაზეც _ “ბოევიკებზე” გათხოვებისა თუ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების მიზნით.

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფოს” მეომრებთან მხარდამხარ ბრძოლა სურთ, სირიაში, ჩვეულებრივ, თურქეთის გავლით მიდიან. ზუსტად არავინ იცის, საქართველოს რამდენი მოქალაქე მონაწილეობს სირიასა და ერაყში მიმდინარე სამოქალაქო ომში, მაგრამ, რადგან საქართველოში შემოდგომაზე ნატოს საწვრთვნელი ცენტრის გახსნა იგეგმება, საზღვრების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“ბევრი ფიქრობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს საბრძოლველად მხოლოდ პანკისის ხეობელები მიდიან (პანკისელია “ისლამური სახელმწიფოს” ჯარების ერთ-ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-ომარ ალ-შიშანი), თუმცა არის ცნობები, რომ სირიაში იბრძვიან საქართველოს სხვა მუსლიმანური თემიდან წასულებიც _ აჭარიდან და ქვემო ქართლიდან, რომლებიც გეოგრაფიულად თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებია.

სირიაში წასვლის მსურველთა ნაკადის შესამცირებლად 29 მაისს საქართველოს პარლამენტმა გამკაცრებული კანონი მიიღო (ისჯება 9-წლიანი პატიმრობით), მაგრამ ოფიციალური წრეების აღიარებით, მხოლოდ სადამსჯელო ზომებით ვითარება არ გამოსწორდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა, რომ პანკისის ხეობაში მოქმედებენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებას ეწევიან და მათ სირიაში გზავნიან. “ეს გლობალური პრობლემაა, რომელსაც განვითარებული ქვეყნებიც კი აწყდებიან _ ქართველ ახალგაზრდებზეც ისეთივე გავლენას ახდენენ, როგორც ევროპელებზე”.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 1990-იან წლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობისას, პანკისის ხეობაში ხშირად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კომპლექსური ღონისძიებები უნდა გაატაროს “ისლამურ სახელმწიფოში” საბრძოლველად წამსვლელი ახალგაზრდების რაოდენობის შესამცირებლად. “პირველ რიგში, სოციალური პრობლემებია გადასაწყვეტი. ახალგაზრდები ხაფანგში არიან მოქცეულნი, მათ განვითარებისთვის პირობები არ აქვთ. ადგილობრივმა და ცენტრალურმა ორგანოებმა აქტიურობა უნდა გამოიჩინონ, თუმცა ამას ვერ ვხედავ”.

შოთა უტიაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას შსს-ს ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ახლა პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელია, ირაკლი ალასანიას პოზიციას ეთანხმება: “ხელისუფლება თვალს ხუჭავს მოხალისეთა გადაბირების ფაქტებზე. მთავრობა ფიქრობს, რომ ეს მათი საქმე არ არის”.

ქართველ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ორი პანკისელი ახალგაზრდის _ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაგაკაშვილის სირიაში წასვლას. პანკისის ხეობის მოსახლეობა ამ ფაქტმა აღაშფოთა და მთავრობას საჩივრით მიმართა. როგორც ამ სტატიის ავტორთან შს მინისტრის მოადგილემ თალაკვაძემ განაცხადა, იმ პოლიციელებმა, რომელთა მუშაობის დროსაც ახალგაზრდებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, “მკაცრი საყვედური დაიმსახურეს”.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დიდი თანხები დახარჯეს საქართველოს სასაზღვრო კონტროლის გასაუმჯობესებლად. მართლაც, ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება დადებითია. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს აქვს ტექნიკური შესაძლებლობები სირიაში წამსვლელთა მიერ საზღვრის გადაკვეთის აღსაკვეთად, მაგრამ არ ხდება სხვადასხვა უწყების ძალისხმევის კოორდინაცია, რომლებიც მართლწესრიგის დაცვითა და ტერორიზმთან ბრძოლით არიან დაკავებულნი.

პოლ რიმპლი

Eurasianet (აშშ)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here