Home რუბრიკები საზოგადოება ღირსეული წინაპრის დავიწყება არ შეიძლება!

ღირსეული წინაპრის დავიწყება არ შეიძლება!

646

1941 წლის 22 ივნისს მე-9 კლასში ვსწავლობდი, როდესაც იოსებ სტალინი რადიოთი გამოვიდა და გვაუწყა, რომ ჩვენი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა და ყველანი სამშობლოს დასაცავად უნდა გამოვსულიყავით. იმხანად ჩვენი სამშობლო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო.

დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია. ფრონტზე გზავნიდნენ 19-დან 27 წლის ახალგაზრდებს _ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მეცნიერებისა და მედიცინის მუშაკებს და სხვ. დევიზი იყო: ყველაფერი ომისთვის, ყველაფერი ჯარისკაცისთვის!

1942 წლის 3 მაისს, მე-10 კლასის დამთავრებამდე 25 დღით ადრე, არაფრის მცოდნე, არაფრის მქონე და არაფრის მნახველი ბიჭი მშობლების, მეგობრებისა და ახლობლების დაუკითხავად გავიპარე საბჭოთა ჯარში მსახურებისთვის. სწორედ მაშინ ვნახე თბილისი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი და სხვ. ჩვენმა გამცილებელმა 10 ახალგაზრდა მიგვიყვანა ნავთლუღის გამანაწილებელ პუნქტში, საღამო ხანს სატვირთო მატარებლის ვაგონებში ჩაგვსხეს და ეშელონი თბილისიდან გავიდა.

ვფიქრობდი, მატარებელი, ნეტავ, ჩქარა მივიდეს დანიშნულების ადგილას, წერილობით რომ ვამცნო ჩემს ოჯახს, სად ვარ და რას ვაკეთებ-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ 9 თვის შემდეგ შევძელი… 38 დღე-ღამის მოგზაურობის შემდეგ კურილიის კუნძულებთან მიგვიყვანეს, დაგვადებინეს სამხედრო ფიცი და ჩაგვრიცხეს მესაზღვრეთა ნაწილში. ეს მოხდა 1942 წლის ივნისში. 1942 წლის ნოემბერში მდინარე ვოლგამდე მოსულ კბილებამდე შეიარაღებულ ფაშისტებს სნაიპერის შაშხანით ვებრძოდი სტალინგრადის დასაცავად. ორი თვის განმავლობაში 40 ჯარისკაცი და ოფიცერი გამოვიყვანე მწყობრიდან. იმჟამინდელი პრესა რუსულად აქვეყნებდა წერილებს ჩემი ბრძოლის შესახებ. წინა ხაზზე მომიტანეს გაზეთი და მითხრეს, _ შენზე წერია, წაიკითხეო, მაგრამ არც დამიხედავს, რადგან რუსული ენა არ ვიცოდი და ვერაფერს გავიგებდი, რა ეწერა ჩემზე. 1943 წლის 14 იანვარს პირველად დამჭრეს. მოვხვდი საველე ჰოსპიტალში და სწორედ მაშინ, 9 თვის შემდეგ, მივწერე ჩემს ოჯახს, რომ ვიბრძოდი სტალინგრადის დასაცავად. ჭრილობა მოშუშებული არ მქონდა, როდესაც ისევ ფრონტის წინა ხაზზე გამამწესეს. გავათავისუფლეთ ბელორუსია, მისი დედაქალაქი მინსკი, გააფთრებული ბრძოლების შედეგად ავიღეთ ბობრუისკი, გომელი და სხვა ქალაქები. ვმონაწილეობდი უკრაინის ტერიტორიაზე დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ნიკოლაევის გათავისუფლებაში. შემდეგ გავათავისუფლეთ პოლონეთი, ბესარაბია, რუმინეთი. 1945 წლის 9 მაისს ბერლინში აღვნიშნე ფაშიზმზე გამარჯვება. სამჯერ დამჭრეს, მაგრამ მწყობრიდან გამოვიყვანე 59 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. მკითხველო, ახლა თქვენ განსაჯეთ, რის ღირსნი ვართ მე და ომის სხვა მონაწილეები. ზოგმა მეტი გააკეთა, ზოგმა _ ნაკლები, მაგრამ ომი მოვიგეთ და დღეს ცოცხლები ვართ. მაგრამ გერმანიას რომ გაემარჯვა, არც ინგლისი იქნებოდა არც ამერიკა, არც იტალია და არც საფრანგეთი.

ჩვენ, მეორე მსოფლიო ომის 90 წელს გადაცილებული მონაწილენი, დასავიწყებელი არ ვართ. ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლეთ, ფაშისტური გერმანია საქართველოში არ შემოვუშვით, მშვიდობიანად რომ გეცხოვრათ. ნუ გვეტყვით გულსატკენ სიტყვებს ზოგიერთივით, _ “თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ?!”. დიახ, ცოცხალი ვართ და ბევრი რამის მოყოლა შეგვიძლია, დიდ სამამულო ომში მოპოვებულ დიად გამარჯვებაზე! დიდ სამამულო ომში ჩემი ოჯახის სამი წევრი ვიბრძოდით. სამივე ძმა, რამდენჯერმე დაჭრილი, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ოჯახს დავუბრუნდით. ვინც ჩემს წერილს წაიკითხავს და კითხვები გაუჩნდება, პირადად შევხვდები და ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრები _ რას ვაკეთებდით, რა გადავიტანეთ სამშობლოს დამცველმა მებრძოლებმა 1400 დღე-ღამის განმავლობაში ამ სისხლისმღვრელ ომში.

ძვირფასებო, ღირსეული წინაპრის დავიწყება არ შეიძლება იმიტომ, რომ მას ისტორია არ დაივიწყებს. ავიღოთ მაგალითად, დავით აღმაშენებელი, ვის უნდა ექო მისი ბრწყინვალე უდიდებულესობა, რა თქმა უნდა, მის ღირსეულ მემკვიდრე თამარ მეფეს. აი, იოსებ სტალინი კი მსოფლიომ აქო. ძვირფასებო, მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხება საბჭოთა ჯარმა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით შეძლო. ამის დავიწყება ამის დაუფასებლობა როგორ შეიძლება?! ახლა ზოგიერთი ამბობს, ომი ამერიკა-ინგლისმა მოიგოო, არა, ძვირფასებო, ჩვენ ამ დიადი გამარჯვების უშუალო მონაწილენი ვართ და ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის. დიდ სამამულო ომში გამარჯვება მოიპოვა ქართველმა მხედართმთავარმა იოსებ სტალინმა. გამარჯვების დროშაც ბერლინში, რაიხსტაგზე, რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად ქართველმა მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა. 300 ათასმა ქართველმა სიცოცხლე შესწირა ამ ომში გამარჯვებას! მაგრამ დღეს საქართველოში (და არამხოლოდ) არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, დააკნინონ ეს დიადი გამარჯვება, ასეთები არიან სააკაშვილი, ფანჯიკიძე, ბოკერია, თორთლაძე და სხვები. ასეთი უვიცების ადგილი საქართველოში არ არის. იმ ადამიანმა, რომელიც ჰიტლერს სტალინს შეადარებს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ფანჯიკიძეს ვგულისხმობ, საქართველოში არ უნდა იცხოვროს…

წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავი ზეიმი ისე დაიწყო, როგორც ვოცნებობდი. 8 მაისს მიგვიწვიეს გრიბოედოვის თეატრში შესანიშნავი კონცერტის სანახავად. თეატრიდან პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორზე, საბანკეტო დარბაზში მიგვიპატიჟა ვახშამზე. 9 მაისს ვაკის პარკში შეგვხვდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ახალი თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი და სხვ. ვაკის პარკიდან პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში მიგვიწვია სადილზე. 8 ვეტერანი დაგვაჯილდოვა დიდების ორდენით. გადმოგვცეს საჩუქრები _ 1000 ლარი თითოეულ ვეტერანს და ომში დაღუპულ ოჯახებს _ 500 ლარი. ქალაქის რაიონის გამგებლებმა შინ მოგვიტანეს ვაუჩერები. უღრმეს მადლობას უხდით მათ მხარში ამოდგომისთვის, აგრეთვე, ვეტერანთა ცენტრალური კავშირისა და ქალაქის ვეტერანთა კავშირის თანამშრომლებს, ჩვენს ყველა გულშემატკივარს!

ვფიქრობ, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71 წლისთავს კიდევ უფრო კარგად აღვნიშნავთ!

ტარასი იჩქიტიძე,

ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, 93 წლის

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here