Home რუბრიკები საზოგადოება ერთობლივი პროექტი

ერთობლივი პროექტი

1079

დღეს “საქართველო და მსოფლიო” გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას პროექტზე, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი გაზეთისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ და გულისხმობს აქტუალურ სამედიცინო პრობლემებზე ქვეყნის წამყვანი მედიკოსების მიერ მომზადებული წერილების რეგულარულად გამოქვეყნებას.

ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ხელმძღვანელობდა და რომლის მითითებითაც დამუშავდა აღნიშნული პროექტი, მიიჩნია, რომ ისეთ ინტელექტუალურ და პოპულარულ გაზეთთან, როგორიცსაქართველო და მსოფლიოა”, ამ ფორმით თანამშრომლობა უეჭველად სასარგებლო საქმეა და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სამედიცინო სფეროში გათვითცნობიერებასა და არსებულ სისტემაში მის სწორ ორიენტირებას.

პროექტის რეალიზება, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო დანერგვაში დაეხმარება სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სტრუქტურებს.

ბატონმა ამირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომსაქართველო და მსოფლიოსთანსაქმიანი ურთიერთობა ცენტრისთვისაც და პირადად მისთვისაც დიდი პატივია. ჩვენი მხრიდან იმავეს თქმა შეგვიძლია!

ჭირვეული დაავადების მორჯულება

თბილისში, .. საავადმყოფოების უბანში, ლუბლიანის ქუჩის #5-ში, ცხრასართულიან შენობაში განთავსებულია კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიეროკვლევითი ეროვნული ცენტრი. თანამედროვე სამკურნალო დაწესებულება. ამ სამედიცინო დარგზე ჩემი დროის ახალგაზრდების წარმოდგენა პუშკინის ქუჩის ბოლოს ერთი გაუბედურებული ვენდისპანსერის არსებობით შემოიფარგლებოდა. ერთიც, ყოფილი ლენინის სახელობის სპორტდარბაზის მეზობლად, პლეხანოველებში იყოპოპულარული”. სხვა რაიონებშიც მოქმედებდა თითოთითო. გაგონილი გვქონდა, იქ ტრიპერითა და სიფილისით დაავადებულებს მკურნალობდნენ. სიფილისს, კეთრთან გათანაბრებულად წარმოგვიდგენდნენ, _ მოურჩენელიაო. ამით ამოიწურებოდა ჩვენისანიტარული განათლება”, რომელსაც, სხვათა შორის, ძლიერი ეფექტი ჰქონდა _ იმ დისპანსერებთან ჩავლასაც კი ვერიდებოდით. ერთი ინსტიტუტიც იყო იმხანად თბილისში, რომელიც მუშაობდა ვენერიულ და კანის დაავადებათა პრობლემებზე, მაგრამ შემდეგ ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილა. ლუბლიანის #5-ში მდებარე ცენტრი კერძო სტრუქტურაა.

_ როგორ მოახერხეთ ამ ცენტრის შექმნა? _ ვეკითხები გენერალურ დირექტორს გიორგი გალდავას, რომელსაც ამ შენობის კედლებში უფრო ბატონ გოგად მოიხსენიებენ.

_ ალბათ, იმით, _ მიპასუხებს იგი, _ რომ მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი დარგი.

გიორგი გალდავა ახალგაზრდა კაცია, 41 წლის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ სამეცნიერო საბჭოს წევრია, არჩეულია საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად:

_ ფაქტობრივად, აღარ არსებობს პედიატრიის ინსტიტუტი; პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი რეორგანიზებულია და ისიც, მგონი, აღარ არსებობს; თვალის კლინიკა ცალკე იყო და ისიც აღარ არის; კარდიოლოგიის ცენტრი ერთ პატარა შენობაშია შეყუჟული. ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.

ჩვენს დარგსაც დაემუქრა მსგავსი რეორგანიზაცია, მაგრამ დაჟინებული მტკიცებით, არგუმენტებით, დერმატო-ვენეროლოგიის მნიშვნელობის უტყუარი დასაბუთებით მოვახერხეთ ის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ დარგი, არამედ განვავითარეთ კიდეც.

მეტიც _ თბილისის გარდა, ქვეყნის მსხვილ ქალაქებშიც არსებობს და ვითარდება რეგიონული სპეციალიზებული ცენტრები _ ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, რომლებიც მაღალკვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული.

ყველას მოეხსენება, რომ ექიმი მხოლოდ თეთრი ხალათით არ არის გამორჩეული, არც მხოლოდ განათლებით. ექიმობა სულიერი მოწოდებაა და საქმის გულით სიყვარულ ნიშნავს.

_ ძალად ექიმი?

_ დიახ. ერთ დროს მოდური იყო და სამედიცინო ინსტიტუტის დიპლომს ზოგს მზითვად ატანდნენ.

საუბარი ლოგიკურად დარგის დღევანდელ მდგომარეობაზე გადადის:

_ ათი-თხუთმეტი წლის წინათ ჩვენი დარგი საკმაოდ ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო. მთელი ჩვენი განათლება დამოკიდებული იყო თვალზე, თეორიულ ცოდნაზე, წიგნსა და გამოცდილებაზე.

ევროპელი და ამერიკელი მედიკოსების საქმიანობის პრინციპები რომ შევისწავლეთ და ღრმად რომ ჩავიხედეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი დარგი სამოციან წლებში იყო ჩარჩენილი.

ბოლო ათ წელიწადში განვავითარეთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც დამუშავებულია გერმანიის, ამერიკის, ავსტრალიის და ა.შ. დერმატო-ვენეროლოგიის სკოლებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები კანის დაავადებების დროს _ დერმატოსკოპია, ტრიქოსკანირება, დემოსკანირება, კანის ბიოფსია და, რაც მთავარია, მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც დამოკიდებული არ არის მხოლოდ გარეგანი საშუალების წასმაზე და აბების მიღებაზე.

მკურნალობა მიმდინარეობს სხივური და ფოტოთერაპიის, ფიზიოთერაპიის მიმართულებით, აბაზანებით და მკურნალობის აპარატული და ქირურგიული მეთოდებით, რაც ასევე შედის დერმატოლოგების კომპეტენციაში.

და კიდევ _ ესთეტიკური მედიცინა და კოსმეტოლოგია.

_ თქვენთანაც არის?

_ ჩვენთანაც არის კი არა, ეს უშუალოდ ექიმ-დერმატოლოგის საქმეა, მისი უფლება და კომპეტენციაა. თბილისის სილამაზის სალონების რეკლამებს თვალი რომ გადაავლოთ, აუცილებლად შეამჩნევთ, როგორი პრეტენზიულობით არის გამორჩეული: ლაზერული ეპილაცია, გაჯანსაღება, გაახალგაზრდავება, ბოტოქსი… მთელი თაიგულია, მაგრამ ვინ არის ამ ყველაფრის მკურნალი და შემძლე? _ სტილისტი, პარიკმახერი, თერძი ან, ვთქვათ, ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ან, თუნდაც, ჰუმანიტარი… მოისმინა კოსმეტოლოგიის კურსები უმუშევრად დარჩენილმა ახალგაზრდამ და მიიღო კოსმეტოლოგის დიპლომი. “კოსმეტიჩკებს” ვეძახი ასე სახელდახელოდ გამომცხვარ “სპეციალისტებს”.

ზოგი ირწმუნება, რომ აქვს უებარი სამკურნალო საშუალება, მალამო, რომლის რეცეპტის საიდუმლოებას მაინცდამაინც მისი ოჯახი ფლობს… წაუსვან და უმკურნალონ, თუ შედეგი ექნება. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

დერმატოლოგიის მიმართულებით ჩვენი ცენტრი თანამედროვე აპარატურით საკმაოდ კარგადაა უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით, უცხოეთის წამყვან პროფილურ კლინიკებთან შედარებით, 2010 წელში ვიმყოფებით _ 5 წლით ჩამოვრჩებით. მაგრამ, ვფიქრობ, 2020 წლისთვის დავძლევთ ამ ჩამორჩენას. ისეთი ტემპი გვაქვს აღებული, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეწევით. ამაში იგულისხმება როგორც ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე, ჩვენი ცენტრის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და ამ აპარატურის მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი სპეციალისტებით.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ (რომლებიც ოცზე მეტია), შემიძლია გითხრათ, რომ თანამედროვე მედიცინის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა მეთოდს ვფლობთ. იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა დიაგნოზის დასაზუსტებლად სხვადასხვა კლინიკიდან პაციენტებს ჩვენთან აგზავნიან.

_ ცალკე პრობლემაა ფსორიაზი, რომლითაც (ინტერნეტში ამოვიკითხე) დედამიწის მოსახლეობის 4 პროცენტია დაავადებული.

_ 5 პროცენტი! დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია ფსორიაზით დაავადებული 3958 პაციენტი. მათ შორის, ცხოვრებაში პირველად დადგენილი დიაგნოზით _ 2284. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მონაცემი სრული არ არის. სამწუხაროდ, მოსახლეობაში დამკვიდრებულია გარკვეული სტიგმა _ ნეგატიური ასოციაცია რაიმე სამარცხვინო მოვლენაზე, სტერეოტიპი, როცა ადამიანები მალავენ, არ ამჟღავნებენ ამ დაავადებას.

მართალია, ფსორიაზი არ იკურნება, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც პაციენტს შვებას აძლევს რამდენიმე წლის ხანგრძლივობითაც კი. ეს, მერწმუნეთ, თითქმის იგივეა, რაც განკურნება.

და ბატონმა გიორგი გალდავამ მირჩია, მივსულიყავი ექიმდერმატოლოგ, ფოტოთერაპევტ ნონა ბაგდადიშვილთან, რომელიც აღნიშნულ ცენტრში ფოტოთერაპიისა და სხივური თერაპიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და თვალსაჩინო შედეგებიც აქვს მოპოვებული.

_ თუ რამ ახალი არსებობს ფოტოთერაპიაში, ჩვენც გაგვაჩნია. ამ ზაფხულისთვის კი ვაპირებთ ე.წ. აბაზანების მეთოდის _ პუვა-აბაზანების _ დანერგვას, რომელიც პირველი იქნება საქართველოში, _ ამბობს გენერალური დირექტორი.

და მას შემდეგ, რაც გარკვეული შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდება ამ ცენტრის საქმიანობასა და შედეგებზე, დაიჯერებ, რომ ასეთი პერსპექტივა სულაც არ არის ჰაერში ნასროლი წინასაარჩევნო დაპირება, შეუსრულებელი, როგორც წესი.

დერმატოლოგიის პრაქტიკაში ფოტოთერაპიული მეთოდით მკურნალობაზე საუბარი, ბუნებრივია, გაგრძელდა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიეროკვლევითი ეროვნული ცენტრის ფოტო და სხივური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნონა ბაგდადიშვილთან.

_ რატომ იზრდება ფსორიაზით დაავადებულთა რაოდენობა, ქალბატონო ნონა?

_ უპირველესი ნეგატიური როლი მიუძღვის გარემო ფაქტორებს: უკიდურესად სტრესულ ცხოვრებას, დაბინძურებულ გარემოს და ა.შ. ხოლო კანი ადამიანის ორგანიზმის სარკეა.

_ აუტოიმუნური ბუნებისააო ფსორიაზი, გვეუბნება თანამედროვე მედიცინა. ეს რას ნიშნავს?

_ ეს ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნური სისტემის დაზიანების გამო ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს საკუთარი კანის უჯრედების წინააღმდეგ. ერთ-ერთი თეორიით სწორედ იმუნური დარღვევა იწვევს ამ დაავადებას, ხოლო ფოტოთერაპიით მკურნალობა არეგულირებს იმუნურ პროცესებს.

_ ფოტოთერაპია მაინცდამაინც ფსორიაზზეა აქცენტირებული?

_ არა. ამ მეთოდით მკურნალობა სხვა დაავადებების შემთხვევაშიც შეიძლება. ეს არის: ვიტილიგო, სებორეული დერმატიტი, ფუნგოიდური მიკოზი, ალოპეცია, იქტიოზი, ქავანა დერმატიტი, ეგზემა, პარაფსორიაზი, სკლეროდერმია და ა.შ.

დაავადებები საკმაო რაოდენობითაა.

_ რა შეიძლება, ჩავთვალოთ ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორად?

_ ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტრესი. სტრესული სოციალური გარემო ხშირად იწვევს ფსორიაზის პირველადი გამოვლინების სიხშირის მატებას.

_ როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტირება?

_ ფსორიაზის დიაგნოზი ხშირად ისმევა კლინიკურად ანუ დათვარიელებით. რთულ შემთხვევებში, როცა კლინიკური სიმპტომები არაა საკმარისად გამოკვეთილი (კებნერის სიმპტომი, სისხლის ნამის სიმპტომი და სტეარინის ლაქა) შესაძლოა ბიოფსიის ჩატარება.

_ ვინ შეიძლება დაავადდეს ფსორიაზით ?

_ ფსორიაზით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი სქესის, ასაკის პირები, თუმცა დაავადების პირველადი გამოვლინების პიკი 16-35 წლამდე ახალგაზრდებში გვხვდება. ჩვენთვის მოუმართავთ სამკურნალოდ 2 წლამდე ასაკის და 80 წელს გადაცილებულ პაციენტებსაც.

_ აქვს თუ არა ფოტოთერაპიულ მეთოდს ასაკობრივი შეზღუდვა?

_ ზოგადად ფოტოთერაპიის მეთოდით მკურნალობა რეკომენდირებულია 5-დან 75 წლამდე შუალედში. ამჟამად ბევრ ევროპულ და აზიურ ქვეყანაში არსებობს სპეციალური დანადგარები 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის; ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით დასაშვებია ფოტოთერაპიული კურსი 80 წელს გადაცილებულ პაციენტებშიც, რა თქმა უნდა, მკურნალობის კურსი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეირჩევა მკაცრად ინდივიდუალური წესით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფსორიაზით დაავადებულთა რაოდენობა ყველა ასაკის ადამიანებში იზრდება. თოთო ბავშვების ფოტოთერაპიით მკურნალობა ცოტა სარისკოა და, მართალი გითხრათ, მეც ვერიდები.

არც 75 წელს გადაცილებული პაციენტების მკურნალობაა რეკომენდებული. თუმცა ისრაელის კლინიკებში მკურნალობენ ყველას და შედეგებიც დადებითია.

_ იქნებ ცოტა უფრო დეტალურად ახსნათ მკურნალობის სპეციფიკა?

_ ფოტოთერაპია დამყარებულია ულტრაიისფერი სხივის უნიკალურ თვისებაზე, კანის შრეებში შეღწევისას მოახდინოს სამკურნალო ეფექტი. ძველ საბერძნეთში და ინდოეთშიც იყენებდნენ მზის ენერგიას, როგორც სამკურნალო საშუალებას.

ჩვენ დროში ფიზიკოსებისა და მედიკოსების თანამშრომლობით შექმნეს და მეცნიერების უახლესი მიღწევების საფუძველზე დაამუშავეს ეს მეთოდი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპში დაინერგა 1974 წლიდან, საქართველოში 1979 წლიდან ვიყენებთ და დღემდე ძალიან ეფექტიან მეთოდად არის მიჩნეული.

_ საუბარში ისრაელის მედიკოსების გამოცდილება დაიმოწმეთ. პრაქტიკული ურთიერთობა თუ გქონიათ მათთან?

_ დიახ, მქონდა. მივლინებული ვიყავი თელ-ავივის ჰაიმ შჰებას სახელობის ტელა-შომერის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც სიდიდით პირველია ისრაელში. ეს არის უდიდესი კლინიკა ძლიერი ფოტოდერმატოლოგიური დეპარტამენტით, რომელიც დღეში 180-მდე პაციენტს მკურნალობს. იქ გავეცანი და შევისწავლე მუშაობა ულტრათანამედროვე ფოტოთერაპიულ დანადგარებზე. ვმუშაობდი საკმაო ხანს, ვეხმარებოდი იმ დროს, როცა განსაკუთრებით გამწვავებული მდგომარეობა იყო ქვეყანაში. უფრო ადრე, 90-იან წლებში, სტაჟირება გავიარე ავსტრიასა და გერმანიაში.

_ თქვით, რომ თელავივის კლინიკა, რომელშიც მუშაობდით, დღეში 180 პაციენტს ატარებდა. ეს ბევრია?

_ ბევრია, მაგრამ ეს მხოლოდ ფსორიაზით დაავადებულებს არ ეხება. გეტყვით, რომ მატება ხდება იმ დაავადებათა ხარჯზეც, რომელთაც ფოტოთერაპიით შეიძლება ვუმკურნალოთ. 22-23 წლის წინათ, როცა პრაქტიკული მუშაობა დავიწყე, ვმკურნალობდით მხოლოდ ფსორიაზს, ვიტილიგოს, ნეიროდერმიტს და პარაფსორიაზს. ამჟამად დაავადებათა რაოდენობა გაიზარდა. ამ ჩამონათვალში შედის ისეთი დაავადებებიც, რომელთა სამკურნალოდ ფოტოთერაპიული მეთოდი უკუჩვენებად ითვლებოდა მაგალითად სკლეროდერმია. ჩვენს კლინიკაში დაინერგა ამ დაავადების სამკურნალოდ UVA-1 გამოყენების მეთოდიკა. ჩვენი დერმატოლოგიური დეპარტამენტის ექიმ-დერმატოლოგების _ ირმა ბუჩუკურის და ნინო ლორთქიფანიძის მონაწილეობით, ამერიკის ფოტოდერმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

_ რა უპირატესობით ხასიათდება ფოტოთერაპიული მეთოდი?

_ ფოტოთერაპიით მკურნალობა მრავალმხრივი უპირატესობით ხასიათდება: მაღალეფექტიანია; მკურნალობის შედეგები რამდენიმე პროცედურის შემდეგ შესამჩნევია; ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, რადგან არ აქვს რადიაციული გამოსხივება; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილ საწიინააღმდეგო მოქმედება; უმტკივნეულოა, მოხერხებული და ადვილად გადასატანია; მნიშვნელობა არ აქვს დაავადების ხანგრძლივობას, სტადიას და სხვ.

ერთი განმარტებაც:

ცნობილია, რომ მზის სპექტრი, სამად არის გაყოფილი: A _ გრძელტალღოვანი, B _ საშუალოტალღოვანი და C _ მოკლეტალღოვანი, რომელიც მავნეა და მედიცინაში არ გამოიყენება. მედიცინაში ვიყენებთ UVA და UVB სხივებს და მათ კომბინაციებს. უფრო დეტალურმა განხილვამ შეიძლება მხოლოდ დააბნიოს თქვენი მკითხველი. დავუმატებ მხოლოდ, რომ ფოტოთერაპიისას გამოყენებული სხივები ჩ გამოსხივებისგან გაწმენდილია.

ალბათ, იმის თქმაც აუცილებელია, რომ ჩვენი დეპარტამენტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილობა ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და არაფრით ჩამოუვარდება უცხოეთის წამყვან კლინიკებს. შეგვიძლია მკურნალობა ჩავატაროთ სხეულის როგორც ლოკალურ, მათ შორის, თმიან ნაწილებზე, ასევე, მთელ სცეულზე დაავადების შემთხვევაშიც. მომავალში ჩვენი ტექნოლოგიური აღჭურვილობა მუდმივად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უახლოეს მომავალში მიზნად გვაქვს შევიძინოთ აპარატურა წერტილოვანი მკურნალობისთვის.

_ ახლა _ შედეგების შესახებ.

_ შედეგები ძალიან კარგი გვაქვს. ჩვენს დეპარტამენტში ნამკურნალებ პაციენტებს აქვთ რამდენიმე წლიანი რემისია, არიან ისეთებიც რომელთაც 20 წლამდე არ აღენიშნებოდათ რეციდივი, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მკურნალობის კურსი წარმატებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ზუსტად იცავს შემანარჩუნებელი თერაპიის მოთხოვნებს და ცხოვრობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს ამ დასკვნის უფლებას მაძლევს ჩემი 23 წლიანი გამოცდილება და დაახლოებით 4000მდე პაციენტის მკურნალობის პრაქტიკა. ბოლო მონაცემებით, ფოტოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების 90-96 პროცენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება. ეს დიდი რიცხვია.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ჯეიმს გრამსმა ამ მეთოდს დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობის “ოქროს სტანდარტი” უწოდა.

ისრაელში ყოფნისას საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი დილის თათბირი ჩემი მუშაობის დადებით გამოცდილებას მიუძღვნეს.

_ მაგრამ ფსორიაზი განუკურნებელი სენია. იმ ჭირვეული ცოლივითაა, რომელიც შეიძლება, კარგა ხნით მოარჯულო, მაგრამ ბოლოს მაინც იფეთქებს.

_ დიახ, ასეა მიჩნეული. მაგრამ ფოტოთერაპიის მეთოდმა სტაბილური რემისიის მდგომარეობის მიღწევის შესაძლებლობა მოგვცა.

ჩვენი დეპარტამენტი დღეში 30 პაციენტს იღებს. მეტის მიღება ფიზიკურად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამუშაო საათები პრაქტიკულად არანორმირებულია.

დასასრულს, ჩვენთან პროცედურის ჩატარება ძალიან იაფი ღირს. თუ სხვა ქვეყნებში პაციენტმა 500 დოლარი უნდა გადაიხადოს, ჩვენთან, საშუალოდ, 20-დან 40 ლარამდე მერყეობს.

ასობით პაციენტი შედის ქალბატონ ნონა ბაგდადიშვილის “ფეისბუქ-გვერდზე” მისდამი მადლიერების გამოსახატავად. გულწრფელობითაა გამორჩეული მათი მიმართვები. მრავალთა მიერ ნათქვამი მადლობის ერთგვარი კვინტენსენციაა აშშ-ში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდის _ ნიკო წეველიძის მიერ მოწერილი: “კეთილშობილების განსახიერება ხართ, ქალბატონო ნონა, დიდ საქმეს აკეთებთ ღვთის წინაშე, უამრავ ადამიანს ცხოვრების ხალისი დაუბრუნეთ”.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. გენერალურ დირექტორს რომ შევეკითხე, არსებობს თუ არა რაიმე შეღავათები გაჭირვებული პაციენტებისთვის, ასეთი პასუხი მივიღე:

_ შეღავათი დამოკიდებულია მენეჯმენტისა და მკურნალი ექიმის კეთილ ნებაზე. ჩანაწერებს ამ თემაზე, მაშასადამე, არც ანალიზს, ჩვენ არ ვაკეთებთ. ძალიან ბევრი უფასო პაციენტი გვყოლია, რომლებსაც კლინიკამ თავისი ხარჯებით უმკურნალა, უფრო მეტისთვის 50-პროცენტიანი ფასდაკლება გაგვიკეთებია.

სამწუხარო ისაა, რომ ჩვენს მიმართულებას სახელმწიფო ნაკლებად აფინანსებს. იმავეს თქმა შემიძლია სადაზღვევო კომპანიებზე. ასეთი ვითარება მსოფლიო გამოცდილების ფონზე ნონსენსია. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ განწყობასაც ვერ ვხედავ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გულდასაწყვეტია!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here