Home რუბრიკები პოლიტიკა სმენა! სწორება მკერდზე!

სმენა! სწორება მკერდზე!

770

დედამიწაზე ფემინიზმი დააბიჯებს _ ქალებმა არა მხოლოდ მოიპოვეს თანასწორუფლებიანობა თითქმის ყველა სფეროში, არამედ მამაკაცების ხელმძღვანელობაც კი დაიწყეს. 

ბოლო ხანს . . გენდერული ბალანსი გასწორდა სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებშიც კი, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ზოგიერთი ფსიქოლოგისა და პოლიტიკოსის აზრით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად ქალის დანიშვნა გამართლებულია, რადგან ქალს შეუძლია კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით, მისთვის ხომ, პირველ რიგში, შექმნაა დამახასიათებელი და არა _ ნგრევა, გარდა ამისა, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან სიცოცხლის ფასი და ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ ომი არ დაიწყოს. მაგრამ ასეა კი? მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრად ქალი დაინიშნა, ომი აღარ არის? ან სამხედრო ოპერაციებში არავინ დაღუპულა? რას ნიშნავს თავდაცვის მინისტრად ფოტომოდელის დანიშვნა, ან ჯაზის მომღერლის თუ 7 თვის ფეხმძიმე ქალბატონის? თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით:

პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირველი ქალი იყო ელიზაბეტ რენი. ის ფინეთის არმიას 1990-1995 წლებში სარდლობდა, შემდეგ კი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე გახდა. სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ხელმძღვანელობდა გაეროს სამშვიდობო ოპერაციას და მომხრეა ფინეთის გაწევრებისა ნატოს სტრუქტურებში. ელიზაბეტ რენმა თავი გამოიჩინა იმით, რომ თავის სამშობლოს ხშირად აკრიტიკებდა გაეროს სამშვიდობო მისიებში ფინელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების გამო.

თავდაცვის მინისტრადფეხმძიმე

2008 წლის აპრილში ესპანელი საზოგადოება ემოციურად განიხილავდა მინისტრთა კაბინეტში პორტფელების დარიგების პროცესს. ყველაზე მეტს კი ლაპარაკობდნენ თავდაცვის ახალ მინისტრზე, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ კარმე ჩაკონზე (სრული სახელი _ კარმე ჩაკონ პიგერასი). თვითონ სიახლე სენსაცია არ იყო, _ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქალი მანამდეც დაუნიშნავთ სხვა ქვეყნებში, მაგრამ იმხანად 37 წლის მინისტრი 7 თვის ფეხმძიმე გახლდათ. ფოტოზე ჩანს, რომ სამხედროები ძლივს იკავებენ ღიმილს ქალის მიმართ, რომელიც ცდილობს, გაერკვეს, რა არის სამხედრო საქმე. ზოგიერთი მამაკაცი პოლიტიკოსი ამ დანიშვნას დღესაც გაუგებრობად მიიჩნევს. პრესაც თავშეკავებულად, მაგრამ მაინც წერდა ჩაკონისა და ესპანეთის იმჟამინდელი პრემიერმინისტრის _ ხოსე ლუის საპატეროს მარჯვენა ხელის, მიგელ ბაროსოს კავშირზე. თუმცა კარმე ჩაკონმა (“ღიპიანი მინისტრი” _ ასე ეძახდნენ მას ესპანეთში) აქტიურად დაიწყო ესპანელი გენერლების ინსპექტირება. ვაჟის შეძენის შემდეგ კი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ბარსელონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული კარმე ჩაკონი 2011 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს, შემდეგ კი საცხოვრებლად აშშ-ში, მაიამიში (?!) გადაბარგდა და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.

საფრანგეთისპოლიტიკის გრეტა გარბო

“როდესაც ვიღებები, ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო თავდაცვისა და საფრანგეთისთვის,” _ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ. როგორც ჩანს, ამ ქალბატონს ყველა თვისება აქვს, რომელიც კი წარმატებულ პოლიტიკოსს სჭირდება: არის ამბიციური (გააუქმა უზბეკეთში ვიზიტი, როდესაც შეიტყო, რომ საუბარი მოუწევდა არა პრეზიდენტთან, არამედ კოლეგასთან _ უზბეკეთის თავდაცვის მინისტრთან), მშვიდი და აუღელვებელია, უყვარს ექსტრემული სიტუაციები (პარაშუტით ხტომა) და, ამასთანავე, ელეგანტურია. ლამაზი თვალების გამო მას “პოლიტიკის გრეტა გარბოს” ეძახიან.

მიშელ ალიო-მარი საფრანგეთის ძალოვან სტრუქტურებში 2002 წლიდანაა _ ჟან-პიერ რაფარენის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო. 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზის დაუჭირა მხარი და შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი მიიღო (2007-2009 წლები), შემდეგ _ იუსტიციის მინისტრის, მოგვიანებით _ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაგრამ 2011 წელს სკანდალში გაეხვია და საფრანგეთის პარლამენტმა მისი გადაყენება მოითხოვა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია ალიო-მარის კავშირის შესახებ ტუნისის იმჟამინდელ პრეზიდენტ ზინ ალ აბიდინ ბინ ალისთან, რომელმაც 2011 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების (“ჟასმინის რევოლუცია”) შედეგად ხელისუფლება დაკარგა და იძულებული შეიქნა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. ფრანგი საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ალიო-მარიმ ამ ჩრდილოაფრიკულ ქვეყანაში შვებულება გაატარა და ურთიერთობა ჰქონდა ტუნისის პრეზიდენტის ახლო გარემოცვასთან, დაფრინავდა ბიზნესმენ მოჰამედ აზიზ მილედის თვითმფრინავით, რომელიც ბინ ალის ოჯახის უახლოესი მეგობარია. სწორედ ამ ბიზნესმენისგან შეისყიდეს უძრავი ქონების სააგენტო Ikram-ის აქციები ალიო-მარის მშობლებმა.

2011 წლის თებერვალში ალიო-მარიმ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.

სამხედრო კოლეჯიდან მინისტრობამდე

კარინ ენსტრიომი შვედეთის თავდაცვის მინისტრად 2012 წლის 18 აპრილს დაინიშნა. მანამდე კი (1987 წელს) სამეფო სამხედრო კოლეჯი დაამთავრა და სანაპირო დაცვაში მსახურობდა. მისი მეუღლეა შვედეთის სანაპირო დაცვის პოდპოლკოვნიკი ანდერს ენსტრიომი. ჰყავთ სამი შვილი. კარინ ენსტრიომი იყო რიქსდაგის _ შვედეთის პარლამენტის _ წევრი, 2010 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე, ხელმძღვანელობდა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას ნატოში. თავდაცვის მინისტრის პოსტი 2014 წლის ოქტომბერში დატოვა.

პედიატრი _ თავდაცვის მინისტრად

რასა იუკნიავიჩენე (ქალიშვილობის გვარი _ ურბონაიტე) 2008-2012 წლებში იყო ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი. დამთავრებული აქვს კაუნასის სამედიცინო ინსტიტუტი, მუშაობდა პანევეჟისისა და პასვალისის საავადმყოფოებში პედიატრად. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1988 წელს, როდესაც “საიუდისის” წევრი გახდა. იყო ლიტვის პარლამენტის (სეიმი) წევრი, ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე ნატოს ასამბლეაში, ნატოს საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2000). მანამდე კი სტაჟირება გაიარა საფრანგეთში (1993 წ.), გერმანიაში (1995 წ.), დიდ ბრიტანეთსა (1996 წ.) და აშშ-ში (1998 წ.). ყოფილი პედიატრი აქტიურად ლობირებდა და ლობირებს ნატოს სამხედრო ოპერაციებში ლიტვის მონაწილეობას.

ჟურნალისტი _ თავდაცვის მინისტრი

35 წლის ლინდა აბუ მერი (2012 წლამდე ლინდა მურნიეცე) ლატვიის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა, თუმცა ამ უწყებას ცოტა ხანს ხელმძღვანელობდა _ სულ ოთხ თვეს _ 2006 წლის იანვრიდან აპრილამდე. მოგვიანებით მან ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა _ 2009-დან 2011 წლამდე. ლინდა განათლებით ჟურნალისტია, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ლატვიის შს სამინისტროს პრესცენტრში. იყო ლატვიის პარლამენტის დეპუტატი. 2011 წელს გაშორდა ქმარს, უშიშროების თანამშრომელს, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს, და ცოლად გაჰყვა არაბ ექიმ-გასტროენტეროლოგ ჰოსამ აბუ მარის.

ჯაზის მომღერალი მინისტრი და ამერიკული რადარები

ჯაზის ყოფილი მომღერალი ვლასტა პარკანოვა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს 2007-2009 წლებში ხელმძღვანელობდა (მანამდე _ 1997-1998 წლებში _ იუსტიციის სამინისტროს). ვლასტა გამოდიოდა ორკესტრში, მღეროდა ხალხურ სიმღერებს, შანსონს, ჯაზს, 2000 წელს გამოსცა ალბომი, 1975 წელს დაამთავრა კარლოვის (პრაღაში) იურიდიული ფაკულტეტი.

ქალბატონმა ვლასტამ სახელი გაითქვა სიმღერით, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო ამერიკული რადარის განლაგების სურვილს მიუძღვნა. “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვარსკვლავებიან-ზოლებიანო დროშავ, შენ აფრიალდი ჩვენს თავზე, რასაც ჩვენ ჯიპებით მივესალმებით! კეთილი იყოს შენი მობრძანება, რადარო, როგორც იქნა, მოხვედი, მე შენ აპლოდისმენტებით მოგესალმები!” _ უმღერის ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ამერიკულ დროშასა და რადარს, თუმცა მისი ოცნება რადარის ჩეხეთში განლაგებაზე მაინც არ ახდა.

მინისტრის პრობლემა _ რა ჩაიცვას?

იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, იყო იურიკო კოიკე, თუმცა მან ამ პოსტზე ორ თვესაც ვერ გაძლო. კოიკე თავდაცვის მინისტრად 2007 წლის 3 ივლისს დაინიშნა, 25 აგვისტოს კი პოსტიდან გადადგა. მიზეზი იყო სკანდალი, რომელიც ატყდა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “იჯისის” შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო.

იურიკო კოიკემ, წარსულში პოპულარულმა ტელეწამყვანმა, აღიარა, რომ მისი მთავარი პრობლემა არის არა ის, როგორ უხელმძღვანელოს მამაკაც-გენერლებს, არამედ ის, რა ჩაიცვას მწყობრის დათვალიერებისას.

ფოტომოდელი მინისტრი და გენერლები

წარსულში პროფესიონალი ფოტომოდელი მარტა ლუსია რამირესი 2002 წელს გახდა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, მანამდე საგარეო ვაჭრობის მინისტრი იყო.

მარტა ლუსია რამირესმა ამ პოსტზე წელიწადზე ცოტა მეტ ხანს გაძლო. პოსტიდან მისი გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ თავკერძა ხასიათის ქალბატონი გადაწყვეტილებებს გენერლებთან შეუთანხმებლად იღებდა. განსაკუთრებით რეზონანსული იყო სკანდალი ესპანეთიდან მოძველებული მოდელის თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე. გენერლები მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, ქალბატონმა მინისტრმა კი მათი (ყველას) დათხოვნა კოლუმბიის პრეზიდენტს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა _ ან მე, ან ისინი! კოლუმბიის პრეზიდენტმა კი… მინისტრი გაათავისუფლა.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ ქალები არგენტინაში _ ნილდა გარე (2005-2010), ეკვადორში _ უნივერსიტეტის პედაგოგი გვადელუპე ლარივა (2007 წელს დაიღუპა ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად) და ლორენა ესკუდერო (პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი).

ნორვეგია _ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქალი ქალმა შეცვალა

ნორვეგიის თავდაცვის უწყებას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს ინე მარი ერიქსენ სიორეიდე, რომელმაც ამ პოსტზე ქალბატონი ანე-გრეტე სტრიომ _ ერიქსენი შეცვალა (თავდაცვის მინისტრი იყო 2012-2013 წწ.), ერიქსენ სიორეიდეს იურიდიული განათლება აქვს. 2005 წელს არჩეული იყო ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატად.

ნორვეგიის თავდაცვის ახალი მინისტრი ნატოს პრინციპების ერთგულია და აშშ-თან მჭიდროდ თანამშრომლობს.

თავდაცვის მინისტრი _ ლგბტ-თა უფლებებისთვის მებრძოლი

ჟანინ ანტუანეტა ჰენის-პლასშერტი ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა, მანამდე იყო ევროპარლამენტის დეპუტატი. არის ლგბტ თემის აქტიური დამცველი, თუმცა არც ისეთი მშვიდობისმოყვარეა. ცოტა ხნის წინათ გერმანელ კოლეგასთან ერთად ჩავიდა თურქეთში სირიის საზღვართან ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების (“პეტროტი”) დამონტაჟებისას, რომელთა მომსახურებისთვისაც 400 სამხედრო გაიგზავნა გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან.

გინეკოლოგი. 7 შვილის დედა. მთავარსარდალი

2013 წელს, გერმანიის ისტორიაში პირველად, თავდაცვის სამინისტროს ქალი ჩაუდგა სათავეში. ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც 1991 წელს მედიცინის დოქტორის წოდება მოიპოვა, შემდეგ კი აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, გერმანიაში ძლიერი ქალის რეპუტაციით სარგებლობს.

მან უკვე მოასწრო გერმანელი პოლიტიკოსების განცვიფრება, როდესაც მთავრობას არც კი აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, ბუნდესვერის ჯარისკაცები უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებში გაეგზავნა(?!). ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოდის ევროპის ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით. გარდა ამისა, ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია აქტიურად ჩაერთვება საბრძოლო ოპერაციებში, მათ შორის, სირიაში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

აი, მშვიდობისმოყვარე და სიცოცხლის დამფასებელი ქალბატონი!

* * *

ზემოაღნიშნულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობენ, ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ _ ისინი ამ მაღალ პოსტზე იმიტომ დაინიშნენ, რომ პროამერიკელები არიან, ანუ თავიანთი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა თუ არა, ერთ დონეზე აყენებენ აშშ-ის ინტერესებს. თავდაცვის მინისტრებადაც, ალბათ, აშშ-ის ძალისხმევით დაინიშნენ. სწორედ ასე მოხდა საქართველოში, სადაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის სტუმრობიდან მეორე დღეს მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარში მდგომი, შემდგომში ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის იდეური დებისა და ძმების, აშშ-ისგან მხარდაჭერილი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი დანიშნა.

“თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე აშშ-ის მითითებით დანიშნეს”

უკრაინულმა გამოცემამ Slovo.net-მა რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის _ სერგეი კირნიკის (ეს ის პიროვნებაა, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე თინა ხიდაშელი უკრაინაში ყოფნისას ფარულად შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს) ვიდეომიმართვა, რომელშიც ის უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა უკრაინისა და საქართველოს პროცესებში და თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მითითებით დანიშნეს.

აი, რას ამბობს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი სერგეი კირნიკი ვიდეომიმართვაში:

“მე ვარ სერგეი ნიკოლოზის ძე კირნიკი, დაბადებული ქალაქ ლვოვში 1981 წელს. პრეზიდენტ პოროშენკოს აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. ჩვენ გვსურდა, უკრაინელებს თვითონ გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი და ამიტომაც ვიბრძოდით კლანებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, მაგრამ მათ, ვინც ხელისუფლებაში მოვიდნენ, თავზე დაგვასვეს ამერიკელები, გერმანელები და პოლონელები. ყირიმი რუსეთმა წაგვართვა, დონბასისთვის კი ბრძოლა მიმდინარეობს.

ჩვენ, სლავები, უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთს ვხოცავთ და ჩვენი სიცოცხლით ამერიკა და რუსეთი გეოპოლიტიკურ თამაშს აწარმოებენ. კიევში ბინძური დაპირისპირებაა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკს შორის.

იაცენიუკი ამერიკის დავალებებს ასრულებს და ძებნილი სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მიამაგრეს გასაკონტროლებლად. ჩვენ, უკრაინელებს, მსოფლიოში წარმოგვაჩენენ, როგორც შეუმდგარ ერს.

მინისტრის თანამდებობასაც არ გვანდობენ და უცხოელებს ნიშნავენ. სააკაშვილმა ჩამოგვიყვანა თავისი ხალხი და დაიწყო უკრაინის ძარცვის ახალი ეტაპი; ყიდიან იარაღს, აწარმოებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და უზარმაზარ შემოსავალს იღებენ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის საფასურად _ მათ ორგანოებს ევროპაში ყიდიან.

ცოტა ხნის წინათ მე გამოვააშკარავე სააკაშვილის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლესთან, რომელიც ამერიკელებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნეს…”

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here