Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სპირიდონი (აბულაძე): თურქეთში ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მათი...

მეუფე სპირიდონი (აბულაძე): თურქეთში ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მათი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და გათურქება იყო!

1174

ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის (აბულაძე) თაოსნობით, უკვე მეშვიდე წელია, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის დაარსების მიზანი ქართველი ახალგაზრდების გადარჩენა იყო, ვინაიდან აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად უამრავი ახალგაზრდა მიდიოდა. საქართველოს საპატრიარქოსა და მეუფე სპირიდონის ძალისხმევის შედეგად კი აჭარელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო უმაღლესი განათლება უკვე საქართველოში მიიღონ.

აჭარის უნივერსიტეტი _ ქართული სულიერების გადარჩენის სადარაჯოზე

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, მთიან აჭარაში, საქართველოს საპატრიარქოსა და მეუფე სპირიდონის შემწეობით, ეროვნული საქმე კეთდება, თუმცა ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და ეს მაშინ, როდესაც იმავე საზოგადოებაში, სასულიერო პირების ჯიპებისა და ფუფუნებით ცხოვრების საკითხები აქტუალურია.

მეუფე სპირიდონი, სხალთის ეპისკოპოსი და უნივერსიტეტის რექტორი:

_ უმაღლესი სასწავლებელი უწმინდესისა და უნეტარესის, ივერიის პატრიარქის _ ილია მეორის ინიციატივით დაარსდა. თურქეთში ძალიან ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და მათი გათურქება იყო. ამაზე სპეციალურად მუშაობდნენ. ეს ისეთი მტკივნეული პროცესი იყო, რომ ჩაერია ეკლესია, პატრიარქი და უწმინდესის ლოცვაკურთხევითა და ძალისხმევით, ეს უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა. უნივერსიტეტში უკვე 18 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს: 10 _ ბაკალავრიატის და 8 _ მაგისტრატურის; ამას გარდა, გვინდა დოქტურანტურის დამატება.

სასწავლებელი 2008 წელს დაარსდა და 2009 წელს ამოქმედდა. დღეს აქ 900-მდე ბავშვი სწავლობს. ჩვენთან სავალდებულოა სამი საგანი _ ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს ისტორია და ქართული ხელოვნების ისტორია. ეს საგნები სამი კურსის, ანუ 6-7 სემესტრის განმავლობაში გაძლიერებულად ისწავლება.

_ მეუფე სპირიდონ, უნივერსიტეტში სწავლა უფასოა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს? ხელისუფლების მხარდაჭერა თუ გაქვთ?

_ ამ ყველაფერს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მხარდაჭერით ვაკეთებთ. აგრეთვე, ძალიან გვეხმარება ბიძინა ივანიშვილი, ის ყოველთვიურად გვირიცხავს თანხას; გვეხმარება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც მოინახულა უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტში ახალგაზრდები ეროვნული სულისკვეთებით იზრდებიან. ამას ადასტურებს ისიც, რომ აქ თითქმის ყოველ დღე ნათლობაა. ახალგაზრდები მოდიან საკუთარი სურვილით და ინათლებიან. ჩვენ არავის ვეუბნებით, რომ მართლმადიდებლურად მოინათლოს, მეტიც _ თუ ბავშვი არასრულწლოვანია, მშობლების თანხმობის გარეშე არ ვნათლავთ და ხშირად ისეც ხდება, როდესაც მშობელი თანხმდება შვილის მართლმადიდებლურად მონათვლას, მთელი ოჯახი ქრისტიანდება ხოლმე. შარშანწინ პატრიარქი ბრძანდებოდა ჩვენთან და 1200 ბავშვი მოინათლა!

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მსურველებს შეუძლიათ, ისწავლონ ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, ჟურნალისტიკის, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და აგრარული მეცნიერებები, საექთნო საქმე.

უნივერსიტეტის პარალელურად, ფუნქციონირებს გიმნაზია, რომელშიც 600-მდე მოზარდი სწავლობს. აქ სწავლა უფასოა და მოსწავლეები დღეში სამჯერადი კვებითაც არიან უზრუნველყოფილნი. უნივერსიტეტს აქვს დიდი დარბაზი, ბიბილოთეკა, კომპიუტერული აუდიტორია, სტუდენტები სწავლის პარალელურად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც გადიან. მეუფე წარჩინებული სტუდენტების დასაქმებაზეც ზრუნავს.

მერი მახარაძე, ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი:

_ დიდი სურვილი მქონდა, ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, რადგან ჩემი ახლობლები სწავლობდნენ და მსმენოდა, რომ ახალგაზრდისთვის აქ კარგი განათლების მიღების საშუალება იყო. სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაშიც ვაპირებ.

სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი, კანცელარიის თანამშრომელი ნინო კიკნაველიძე ზესტაფონიდანაა; უკვე მესამე წელია, უნივერსიტეტში მუშაობს და იქვე ცხოვრობს:

_ უნივერსიტეტში ასი ფრიადოსანი გვყავს და თითოეულს, ვინც კონფერენციაში მონაწილეობს, ასი ლარი აქვს სტიპენდია. ეწყობა შემოქმდებითი საღამოები, კონფერენციები. ზოგი მეოთხე კურსელი ჩვენს უნივერსიტეტში გადის პრაქტიკულ მეცადინეობებს, ზოგი კი _ მერიასა და გამგეობაში. ყველა წარჩინებული სტუდენტი მეუფემ დაასაქმა. პერსონალი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, ბავშვებიც კმაყოფილნი არიან ლექტორებით, რომლებიც მათთვის ძალიხსმევას არ იშურებენ.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია _ უნივერსიტეტის მხარდასაჭერად

დედაქალაქიდან ნებისმიერი მხარდაჭერა და ყურადღება აჭარის უმაღლესი სასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ მხარდაჭერას იჩენს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისადმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვინაიდან აქ კარგად ესმით ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები _ გიორგი კვესიტაძე, ელიზბარ ჯაველიძე, იგორ ჩხეიძე, მინდია უგრეხელიძე, ომარ გოგიაშვილი, რამაზ შენგელია, როინ კოპალიანი, ზურაბ ლომთათიძე, ირაკლი ჟორდანია, ომარ მარგველაშვილი ახლახან უკვე მეორედ ეწვივნენ უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ ამ უნივერსიტეტის არსებობა ურთულესი ეროვნული პრობლემის გადაჭრის მცდელობაა. ჩემი ინფორმაციით, აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად ყოველწლიურად სამი ათასამდე ბავშვი გაჰყავდათ. ამ ახალგაზრდებს დიდი პატივისცემით ექცეოდნენ და იმდენ სტიპენდიას უხდიდნენ, რომ 500 აშშ დოლარს საქართველოში ოჯახებს უგზავნიდნენ ყოველწლიურად. ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც განათლებისა და კულტურის მეშვეობით ქვეყნების დაპყრობას ითვალისწინებს. დღეს ჩვენი განათლების სისტემას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოში არსებობს თურქული საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. ჩვენს ტელეეკრანებზე რეგულარულად გადის თურქული სერიალები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრი გახსნეს, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ვაჟას, აკაკისა და შოთა რუსთაველის კაბინეტები დახურეს.

პროფესიით თურქოლოგი ვარ, თურქული კულტურის შესახებ მონოგრაფიები მაქვს დაწერილი და კარგად ვიცი მათი ფსიქოლოგია. თურქის გონებიდან ვერ ამოშლი, რომ ბათუმი და აჭარა მისია. თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავით ოღლუმ განაცხადა კიდეც, ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიდი ისლამის იმპერიაო და, როდესაც ასეთ ვითარებაში იხსნება ქართული უნივერსიტეტი, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ბავშვები, თურქეთში კი აღარ მიდიან, აქ მკვიდრდებიან, საქართველოშივე იღებენ განათლებას. ამ უნივერსიტეტში სასწავლებლად, არამხოლოდ აქაური აჭარლები, თურქეთში მცხოვრები ქართველებიც მოდიან. სწორედ ეს არის შემობრუნება სულიერებისკენ, მართლმადიდებლობისკენ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ხულოში ეკლესია მართლმადიდებლებით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს. ამდენი ხალხი ეკლესიაში თბილისში არ მინახავს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლმადიდებლობამ შეგვანარჩუნებინა ეროვნება. ქრისტიანობა ყოველთვის იყო ქართული აზროვნების ღერძი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ილია ბრძანებდა, როდესაც ქართველი იცავდა ერს, _ იცავდა მართლმადიდებლობას; როდესაც იცავდა მართლმადიდებლობას, _ იცავდა ქართველობასო. აი, ასეთი დაცვაა დღეს მეუფე სპირიდონის მოღვაწეობა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მეუფე სპირიდონი ილიას დონის კაცია.

დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას, მაგრამ ხმალი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ სულიერად ძლიერები ვიქნებით. ამ სულიერ სიძლიერეს კი მხოლოდ განათლება ქმნის.

გიორგი კვესიტაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი:

_ მეცნიერებათა აკადემია დიდი თანადგომითა და სიხარულით მიესალმება შესანიშნავი პატრიოტის, მეუფე სპირიდონის მოღვაწეობას, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. აქ, ამ მთიან აჭარაში უნივერსიტეტის გახსნა, ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელია ამის შეფასებაც კი, ისეთი დიდი საქმე კეთდება.

მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე:

_ ეს უმაღლესი სასწავლებელი დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. საქმე, რომელიც აჭარაში კეთდება, არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ზოგჯერ დიდი მასშტაბის ქალაქებისთვისაც კი წარმოუდგენელია და ამ დიდ საქმეს უძღვება ისეთი სწორუპოვარი პიროვნება, როგორიც მეუფე სპირიდონია. მეუფე დიდ საქმეს შეეჭიდა. ეს ქართული სულიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, რომელიც არაერთხელ ყოფილა დაღუპვის პირას, მაგრამ სიცოცხლისუნარიანობა ყოველთვის გამოუჩენია. ჩვენი ვალია, იმ ადგილებისადმი, სადაც დაირწა ქართული, ქრისტიანული აკვანი, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა გამოვიჩინოთ.

ირაკლი ჟორდანია, აკადემიკოსი:

_ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ის საქმიანობაა, რომელსაც მეუფე სპირიდონი აკეთებს აჭარაში. ეს უდიდესი ეროვნული საქმეა. მსგავსი საქართველოში არაფერი ხდება და მე დღეს არ ვიცი მეუფე სპირიდონის მსგავსი პიროვნება, რომელიც ასე დგას ქართული სულიერების სადარაჯოზე.

ომარ გოგიაშვილი, სპორტის აკადემიის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი:

_ იქიდან გამომდინარე, რაც დიდაჭარაში ვნახე, ვიტყვი, რომ ჩვენი მეუფის მოღვაწეობა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას შეიძლება შევადაროთ. მთიან რეგიონში ასეთი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება ღვთის წყალობაა. აჭარელ ახალგაზრდებს განათლების, ცოდნის მიღების შანსი მიეცათ. ევროპისა და ამერიკის 40-მდე უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი და, რაც აქ კეთდება, ბევრ ტრადიციულ უნივერსიტეტში ვერ ნახავ.

იგორ ჩხეიძე, ყოფილი ვიცეპრემიერი:

_ ჩვენ სასწაულ ადგილზე ვიმყოფებით, აჭარაში, საიდანაც ანდრია პირველწოდებულმა ქრისტეს აღდგომის ხუთი წლის თავზე საქრისტიანოს კარი გახსნა. აჭარა _ ეს ის ადგილია, სადაც ქრისტიანობა შემოვიდა მსოფლიოში, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ აქედან დაიწყო საოცარი სასწაული, რომელსაც საქრისტიანო ჰქვია.

ქრისტიანული დღესასწაული აჭარაში

როგორც ცნობილია, ანდრია მოციქულმა საქართველოს გაქრისტიანება აჭარიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ 12 მაისი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე საქართველოში, აჭარაში განსაკუთრებულად აღინიშნება. სასიხარულო იყო იმის დანახვაც, როგორ აღნიშნავს ხალხი ქრისტიანულ დღესასწაულს ხულოში, სადაც უმრავლესობა მუსლიმანი ცხოვრობს. ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი, ცუდი ამინდის მიუხედავად, ხალხს ვერ იტევდა.

ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე საქართველოში და დიდაჭარობის დღესასწაული აჭარაში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. პატრიარქის კურთხევით, ტაძარში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს. წირვის შემდეგ კი დიდაჭარის საჯარო სკოლაში გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელსაც აკადემიკოსები, ადგილობრივი მაღალჩინოსნები და მოსახლეობა ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთო ბერიძემ და პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ხანდაზმულთა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმაბერმუხამ”, რომლის ყველაზე ხნიერი წევრი მუჰამედ ირემაძე 92 წლისაა და, ასაკის მიუხედავად, გასაოცარი შემართებით ცეკვავს.

ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ფუნქციონირება არამხოლოდ აჭარის, არამედ სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით დღეს, როდესაც ისედაც მასშტაბური ემიგრაციის პირობებში, აჭარელ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მისაღებად უცხო ქვეყანაში _ თურქეთში წასვლა აღარ მოუწევთ და სამშობლოში სრულფასოვანი განათლების მიღებას უფასოდ შეძლებენ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ძლივს არ გავიგე უდიდესი და სასიხარულო ამბავი სრულიად საქართველოსთვის? დიდება უფალს,დიდება ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს,ღმერთმა დღეგრძელი გვიმყოფოს ჩვენი სულების გასაძლიერებლად და გადასარჩენად.ამინ აბა ჩვენი გამოშტერებული მთავრობა ერთ სიტყვასაც არ დაასველებს,გადასულია ფულის კეთებაზე.დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ფინანსური მხარში დგომისთვის,დიადი მამულიშვილური საქმისთვის და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა მამა სპირიდონს,ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ წამოწყებაში.დიდება უფალს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here