Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს ექსპრემიერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ღია წერილი საქართველოს ექსპრემიერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

617

საქართველოს მიერ ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცდაოთხწლიანი სამარცხვინო ისტორიის განმავლობაში რევოლუციის გმირებად და ხალხის განმათავისუფლებლად მოსული ხელისუფალნი, სამწუხაროდ, ასევე სამარცხვინო სამოქალაქო ომის შედეგად, ან ხალხისვე მიერ უარყოფილნი და შეჩვენებულნი, ერთიმეორის მიყოლებით, სატანის სახელდებით ტოვებდნენ პოსტებს.

ამ ოცდაოთხი წლის განმავლობაში უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა არცთუ მცირე ნაწილის ამბიციურობის, ძალაუფლებისა და მომხვეჭელობისკენ დაუოკებელი სწრაფვის, მხოლოდ პოლიტტექნოლოგიური კუთხით გაწაფულობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის, არაპროფესიონალიზმისა და ნეპოტიზმის გამოვლენის, მმართველობის საკვანძო პოსტებზე მორჩილების პრინციპით შერჩეული კადრებით დაკოპლექტების, ამასთანავე, სახელმწიფოებრვად მოაზროვნე პიროვნებათა აშკარად მიზანმიმართული იგნორირებისა და ქვეყნის დემოკრატიული, სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური მმართველობის მოწყობა-აღმშენებლობის უმნიშვნელოვანეს საქმეში მათი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების შედეგად, ვერ შევძელით, აგვეშენებინა თანამედროვე, ევროპული დონის მმართველობაზე დაფუძნებული სამართლებრივი და განვითარებული ეკონომიკის სახელმწიფო, რომელშიც არა მხოლოდ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები, არამედ თითოეული ადამიანი იქნებოდა უმთავრესი ღირებულება.

კაცობრიობის ისტორიაში ცივილიზაცია მეტ-ნაკლებად იწყებოდა იქ და იმ პერიოდში, სადაც და რომელ პერიოდშიც ადამიანი თავისუფლდებოდა არსებობისთვის ბრძოლის ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისგან. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი განადგურებული ეკონომიკისა და უმწვავესი სოციალური ვითარების პირობებში, როცა მოსახლეობის უმრავლესობა, ფაქტობრივად, მშიერ და ნახევრად მშიერ მდგომარეობაშია და, აქედან გამომდინარე, ფიზიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, ჩვენ ვიმყოფებით უახლოეს წარსულში უკვე მიღწეული გარკვეული დონის ცივილიზაციის ოცდახუთწლიანი დეგრადაციის რეჟიმში და, თუ დღევანდელი მსოფლიოს სამეცნიეროტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპის პირობებში სასწრაფოდ გონს არ მოვეგებით და არ გადავდგამთ მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯებს ამ ვითარების გამოსასწორებლად, აღმოვჩნდებით არა მხოლოდ ცივილიზაციის, არამედ, ეთნიკური და ფიზიკური გადაშენების საფრთხის წინაშეც და, თუ გავითვალიწინებთ ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზაციის მზარდ ტალღას, გამორიცხული სულაც არ არის, რომ ასეთ ვითარებაში კავკასიური ალბანეთის ბედი გავიზიაროთ.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს, უბრალოდ, რიტორიკული პასაჟი ან მახვილსიტყვაობით თამაშია. არა, ეს არის და იქნება ჩვენი ქვეყნისთვის იმ რეალობის მკაცრი და ლოგიკური შედეგი, რომელშიც აღმოვჩნდით ჩვენივე უგუნურებისა და უზნეობის შედეგად ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა და ნაკლი იყო და არის ღრმა გააზრებისა და ყოველგვარი პრაგმატიზმის გარეშე რეალობის შავთეთრ ფერებში აღქმა და მოდური, დისიდენტური იდეოლოგიის ზეგავლენით ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა.

როგორც კონიუქტურის ტალღებზე მოტივტივე მედროვე პოლიტიკანებს სჩვევიათ, ტოტალური ბოლშევიზმის ელემენტების გარეშე სოციალისტური მმართველობის სისტემის ღირებულებათა უგულებელყოფითა და მისი ირონიულ კონტექსტში მოხსენიებით, ამასთანავე, საბაზრო ეკონომიკის ყოველგვარი კრიტიკული გააზრების გარეშე ზედმეტად გაიდეალებითა და ფსევდოდემოკრატიის დროშების ტრიალ-ფრიალით, ჩვენ აღმოვჩნდით ამორფული ავტორიტარული მმართველობისა და ველური, ამასთანავე, მონოპოლისტური კაპიტალიზმის სისტემის პირობებში. სადაც, ერთი მხრივ, საბჭოთა ეპოქის დანატოვარი საკმაოდ ღირებული მატერიალური და ფინანსური რესურსების გარკვეული წილის ეტაპობრივად და მწყობრ მეცნიერულ დონეზე ჩამოყალიბებული სისტემით საზოგადოებაზე სამართლიანად გადანაწილების ნაცვლად, მტაცებლურად და უსამართლოდ, მხოლოდ მმართველ ელიტასთან დაახლოებული სუბიექტების მიერ ამ რესურსების მითვისებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიტაცებული ფინანსებით შექმნილი ძალიანი ძვირი საბანკო კრედიტების ფონზე, ბიზნესწარმოებისთვის საჭირო შემოქმედებითი და ნოვატორული უნარებისა და ცოდნის არქონის გამო, მოდერნიზაციის ნაცვლად, საწარმოო საშუალებების უცხოეთის ბაზრებზე ჩალის ფასად გასხვისება-განიავებით, მივიღეთ: განადგურებული ეკონომიკა; გაუგონარი მასშტაბის უმუშევრობა; მოსახლეობის ფართომასშტაბიანი მიგრაცია საზღვარგარეთ; თითქმის მთლიანად მონოპოლიურ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის სასურსათო და ენერგეტიკული მომარაგება; უმთავრესად ბუნებრივ რესურსებსა და არსებულ ენერგოსისტემებზე დაფუძნებული მონოპოლისტური ბიზნესგარემო მაღალი სატარიფო გადასახადებით: ამან, საბოლოო ჯამში, წარმოშვა ღრმა სოციალური დისბალანსი მდიდართა და ღარიბთა შორის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დონის მკვეთრი დაცემა და ქვეყნის ინტელექტუალური ძალის გადინება უცხოეთში.

ფაქტია, რომ 2 ათეულ წელზე მეტია, ვიწრო მერკანტილურ პარტიულპოლიტიკურ და ბიზნესინტერესებს ეწირება საქართველოს საერთოსახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლის ნათელი და უტყუარი დასტურიც არის ქვეყნაში შექმნილი კატასტროფული ვითარება პოლიტიკურ, ფინანსურეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროებში.

საქართველოს ხელისუფლების სათავეში, აგერ უკვე ორ წელიწად-ნახევარია, “ქართული ოცნებაა” და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვენივე გადაწყვეტილებით დატოვეთ საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი და მიიღეთ რიგითი მოქალაქის სტატუსი, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე და მას შემდეგაც, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის იმედი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგების, სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების, უმუშევრობის დაძლევისა და ცხოვრების დონის ამაღლების კუთხით რეალურად მიმართული იყო და ჯერჯერობით კვლავაც არის მიმართული თქვენი პერსონისადმი.

ქართველმა ხალხმა სრული თანადგომა და მზადყოფნა გამოგიცხადათ სწორედ თქვენ იმ კეთილშობილ და, ამასთანავე, სარისკო გადაწყვეტილების აღსრულების საქმეში, რომელიც მიზნად ისახავდა “ნაცმოძრაობის” ავტორიტარული სამარადჟამო მმართველობის მზაკვრული ჩანაფიქრისგან ქვეყნის გადარჩენას და ხმა მისცა თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს, რომლებიც ასევე კოალიცია “ქართული ოცნების” 2012 წლის 21 თებერვლის სადამფუძნებლო დეკლარაციაშია.

დიახ, ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენი წინამძღოლობით, აშკარად სწორად გათვლილი სტრატეგიითა და ტაქტიკით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის თავდაუზოგავი თანადგომით, რევოლუციური პათოსით, მაგრამ მეტნაკლებად მშვიდობიანი და ცივილიზებული არჩევნების გზით ნამდვილად გავთავისუფლდითნაციონალური მოძრაობისცხრაწლიანი ავტორიტარული მმართველობისაგან, მაგრამ ხალხისთვის პერსონალურად მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისულებისაგან განთავისუფლება იყო არა თვითმიზანი, არამედ საშუალება, რომლის შედეგადაც პოლიტიკური კოალიციაქართული ოცნებისხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მოწყობის ფართომასშტაბიანი და სისტემური რეფორმები, ამასთანავე, მოქალაქეთა ქონებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონოდ ხელყოფის ფაქტების გამოძიება და ამ კუთხით სამართლიანობის დამკვიდრება, რომელიც ქვეყანას მოუტანდა სამართლებრივ გარემოში ეკონომიკური განვითარების საშუალებას. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი მასშტაბური და რადიკალური ქმედებების ხელშესახები და იმედისმომცემი მოქმედების პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს და, მცირე ცვლილებების მიუხედავად, ფაქტობრივად, კვლავაც ვცხოვრობთ იმ სისტემაში, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა.

ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებში ხმა იმას კი არ მისცა, რომ, სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმთან შედარებით, რაღაც პარამეტრებით უკეთესი მმართველობა დამყარებულიყო, არამედ ხმა მისცა საქართველოში რადიკალურად განსხვავებული, ჭეშმარიტი დემოკრატიული აღმშენებლობის დასაწყისს და დაამტკიცა თავისი მისწრაფება, რომ სურს, გახდეს მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა ოჯახის ღირსეული წევრი და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობითი ინსტიტუტების ფორმირებასთან ერთად აღმოფხვრას ქვეყანაში სიღატაკე და უმუშევრობა. ეს არის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის მიერ პირადად თქვენდამი და თქვენი დანატოვარი ხელისუფლებისადმი დაკვეთა.

სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება განვითარებული ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია. ეკონომიკის განვითარება კი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსის _ სასმელი წყლის ნაციონალიზაციასთან ერთად, უნდა დაეფუძნოს ორ ძირითად უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ეს უნდა იყოს განვითარებული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ელექტროენერგეტიკა და, აგრეთვე, ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისა და ჭარბი პროდუქციის ექსპორტირებისთვის ადგილობრივი მრეწველობით განვითარებული სოფლის მეურნეობა, რომლებიც შექმნიან იმ ჯანსაღ ნიადაგსა და ბაზას, რომელზეც უნდა აღმოცენდეს “ფესვმაგარი გოლიათი მუხა”, თავისი მრავალმხრივი და უამრავი განშტოებებით, რომელსაც ეწოდება ქვეყნის ეკონომიკა და მის საფუძველზე განვითარებული განათლების სისტემა, მეცნიერება, კულტურა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესწარმოებათა ქსელი; აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი სისტემებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ღვთისგან ბოძებული უნიკალური ლანდშაფტური და გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მაღალი კლასის საერთაშორისო დონის ტურიზმისა და პოლიტიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ღონისძიებათა უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ინფრასრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ბუნებრივი და საწარმოო რესურსების გონივრული გადანაწილებით და კანონის უზენაესობის დაცვით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მისცემს ისეთ მძლავრ იმპულსს, რომლის ავტომატურ რეჟიმში აღმასვლის შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.

დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნების გონიერმა ხელისუფლებებმა, საბჭოთა კავშირის სოციალისტური სისტემის ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკასთან შერწყმით, ამასთანავე, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვით, მიიღეს მართვის ის ოპტიმალური სისტემა, რომლის საშუალებითაც მიღწეულია, როგორც წარმოების ზრდისა და მისი ხარისხის განუხრელი აღმავლობა, ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტები, რომლის საშუალებითაც საქართველოს მასშტაბის დასავლეთევროპული არაერთი სახელმწიფოს ბიუჯეტმა გადააჭარბა ას მილიარდ დოლარს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ხელისუფლებების მხრიდან ასეთი დასავლეთევროპული ცხოვრების წესის გამოცდილების გადმოღება გვესაჭიროებოდა და გვესაჭიროება დღესაც, ჩვენი ყოფის, კულტურისა და განსაკუთრებით იმ ტრადიციებისა და მენტალობის გათვალისწინებით და შენარჩუნებით, რომლებითაც საქართველოში მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგია და ქართველობა ადამიანთა ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე აღიქმებოდა და აღიქმება იდენტურ ცნებად; დასავლეთევროპული ცხოვრების წესის იმ გამოცდილების გადმოღება გვესაჭიროებოდა და გვესაჭიროება, რომლის დანერგვითაც დომინანტი უნდა იყოს საერთოსახელმწიფოებრივი ინტერესები, ხოლო კერძო კაპიტალი და ბიზნესი, რომელსაც თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას განვითარების ყოველგვარი პირობა და, მათ შორის, უმთავრესი _ სამართლიანი კონკურენტული გარემო, შემოქმედებითი მიდგომებითა და ნოვაციებით უნდა ქმნიდეს კონკურენტუნარიან მატერიალურ და ინტელექტუალურ პროდუქციას ისე, რომ მათი პირადი ბიზნესწარმატება პირდაპირ აისახებოდეს ქვეყნის წარმატებასა და ხალხის კეთილდღეობაზე და არა პირიქით, მდიდრდებოდეს მონოპოლიური გარემოს შექმნით, საკუთარი ხალხის გაღატაკების ხარჯზე.

დროა, ჩვენც გავაცნობიეროთ, რომ ბიზნესისა და სახელმწიფოებრივი ინტერესები გარკვეულწილად ურთიერთდაპირისპირებული კატეგორიებია და, თუ გვინდა, სახელმწიფოებრივი წინსვლა და განვითარება, გვესაჭიროება კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და კვალიფიციური ხელისუფლების მიერ რეგულირებული საბაზრო ეკონომიკა.

ხალხს უქვამს: “თუ კაცი გონიერია, სოფელიც ღონიერიაო”. ფაქტია, რომ წლებია, ჩვენი ქვეყანა არათუ ღონიერი, არამედ გაპარტახებული და დაკნინებულია და, აქედან გამომდინარე, სათანადო დასკვნებია გამოსატანი, როგორც ქვეყნის მართვის ოპტიმალური მექანიზმების შემუშავების, ასევე, უწინარესად, საკვანძო პოსტებზე ქმედუნარიანი და მაღალინტელექტუალური კადრების შერჩევის მხრივ.

სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ურთიერთობათა მართვის დარგში პოლიტიკური მოღვაწეობა არის ურთულესი სპეციალობა, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ უმაღლესი ინტელექტი, არამედ შესაბამისი პიროვნული თვისებებიც. ისევე, როგორც ადამიანს, რომელსაც, რაც უნდა პირობები შევუქმნათ მუსიკალური განათლების დარგში, თუ ღვთისგან ბოძებული ნიჭი არ აქვს, მისგან ვერ მივიღებთ “მოცარტს”; ასევე, პიროვნებას, რომელსაც, რაც უნდა პოლიტიკური თანამდებობა ჩავაბაროთ და შევუქმნათ შესაბამისი კომფორტული გარემო, თუ მას ღვთისაგან ბოძებული ნიჭი არ აქვს, შესაძლოა, დიდხანს შეინარჩუნოს დაკავებული პოსტი, მაგრამ მისგან მაინც ვერ მივიღებთ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს და, შესაბამისად, ვერც რაიმე სიკეთეს.

ნაცნობობის ფენომენი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქართველს გენეტიკურად მოსდგამს და არ ესწავლება ნაცნობ-მეგობრობა, ნათესაობა და, საერთოდ, მოყვასისადმი ერთგულება და თანადგომა, რაც, ალბათ, სამაგალითო და მისაბაძიც კი შეიძლება იყოს თანამედროვე მრავალი მოწინავე ერისთვის, რომლებიც ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალი სამართლებრივი კულტურითა და ეკონომიკური განვითარების დონით გამოირჩევიან, მაგრამ ასეთი ნაცნობმეგობრობის, ნათესაობისა და თანადგომის გამოხატულება სახელმწიფოს მართვის საკადრო პოლიტიკაში, რაც, რა თქმა უნდა, კომფორტული გარემოს შემცველია ზემდგომისთვის, არათუ მისაღები და მისაბაძი, არამედ კატეგორიულად მიუღებელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და უკიდურესი პროვინციალიზმის გამოვლენაა, მით უმეტეს, რომ ასეთ ქმედებას ხშირად საფუძვლად უდევს ზემდგომისადმი უსიტყვო მორჩილების პრინციპი და საჯარო სამსახურისთვის ყოვლად მიუღებელი ანტიდემოკრატიული კლანური დაჯგუფებების წარმოქმნა.

თუ რეალობას თვალი არ გავუსწორეთ და არ დავსახეთ მისი გამოსწორების გზები, უფრო მეტად ჩავიძირებით იმ ჭაობში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.

მოვუხმოთ ცნობილი ჩინელი ფილსოფოსისა და მოაზროვნის _ კონფუცის სწავლებას: “თუ ვერ აღწევ მიზანს, შეცვალე გზა”.

არსებულ კრიტიკულ ვითარებაში უნდა ვიპოვოთ ალტერნატიული გზა და ამ მასშტაბური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმის რეალური განხორციელებისა და ორგანიზებისთვის გადავდგათ არაორდინალური და გაბედული ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ყოველგვარი ფორმალური კლიშეების გარეშე, სამოქალაქოსაზოგადოებრივ საწყისებზე, მიზანმიმართულად მოვახდინოთ ანალიტიკურად მოაზროვნე კვალიფიციური და კომპეტენტური, ეროვნული ინტელექტუალური ელიტის საკრებულოს, სავარაუდოდ, 15-25 პიროვნების შემადგენლობით დაკომპლექტება და მათი მეშვეობით მაღალკვალიფიციურ და მეცნიერულ დონეზე დავამუშაოთ ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი ხედვები ყველა მიმართულებით, როგორც ეროვნული იდეოლოგიის განსაზღვრის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული, სამართლებრივი და ფინანსურეკონომიკური მმართველობის მოწყობააღმშენებლობის სრულყოფის საქმეში.

სუბიექტივიზმის თავიდან აცილების მიზნით, ცხადია, ამგვარი მნიშვნელობის საქმის ორგანიზება უნდა მივანდოთ ისეთ პიროვნებას, რომელსაც არ აქვს კარიერული ამბიციები, არ უკავია არანაირი საჯარო პოსტი ხელისუფლებაში, საზოგადოების მხრიდანაც აქვს შესაბამისი ავტორიტეტი და მხარდაჭერა და, რაც მთავარია, ხელეწიფება ამ საქმის რეალური განხორციელებაც. დიდი ამოცნობა არ უნდა იმის დადგენას, რომ ასეთი პიროვნება ყველა პარამეტრით ჩვენს დღევანდელ რეალობაში, ცხადია, ბრძანდებით თქვენ.

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის დღეს კვლავ გვიწევს სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად საკანონმდებლო ბაზის გადამუშავება და მათ შორის უმთავრესის _ საქართველოს კონსტიტუციისა, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, ვინ არის სახელმწიფოს მეთაური და რა ფუნქციები და ვალდებულებები ეკისრება მას ქვეყნისა და ერის წინაშე; ჩვენ უნდა გვქონდეს კონსტიტუცია, რომელშიც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სახელისუფლო შტოები ზუსტად, გარკვევით და ურთიერთკონტროლით იქნება დაბალანსებული; კონსტიტუცია, რომელშიც, ისტორიულად ჩამოყალიბებული მხარეების გათვალისწინებით, განსაზღვრული იქნება ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა და მათი უფლებამოსილებათა მკაცრი გამიჯვნა; კონსტიტუცია, რომლითაც რეალურად განხორციელდება ჭეშმარიტი დემოკრატიის ფუძემდებლური ღირებულება _ ადგილობრივი თვითმართველობა. სწორედ თვითმმართველობა უნდა გადაიქცეს სახელმწიფოს მმართველი კადრების გამოვლენის ბუნებრივი სელექციის კერად და “ინკუბატორად”; კონსტიტუცია, რომელშიც პარლამენტი იქნება გამიჯნული რეგიონული და საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების გამომხატველი პალატებით; კონსტიტუცია, რომელშიც გამიჯნული იქნება შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები, ხოლო მოწინავე დემოკრატიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაცია; კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პროკურატურა, კონტროლის პალატა და ეროვნული საგამოძიებო სამმართველო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან მხოლოდ ქვეყნის პარლამენტის წინაშე; კონსტიტუცია, რომელშიც ნათლად და გარკვევით იქნება დადგენილი, მოქალაქის მინიმალური საარსებო კალათის ან პენსიის რამდენჯერადი სახელფასო სარგო უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს და შესაბამისად, დანარჩენ საჯარო თანამდებობის პირებს; კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, რომლებითაც ქვეყნის მოსახლეობას ექნება, როგორც გაუყალბებელი არჩევნებით პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის საშუალება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურისა და პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი არჩევნების დანიშვნის რეალური საშუალება. ჩვენ გვინდა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს საუკუნეებს და გადაიქცევა ქართველი ხალხის საერო ცხოვრების ნამდვილბიბლიად”.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით ქართველი ხალხისგან მიიღეთ ნდობისა და მხარდაჭერის ისეთი უზარმაზარი და შეუფასებელი კაპიტალი, რომლის პასუხადაც, უპრეცენდენტო მასშტაბის ქველმოქმედებისა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ბატონობისგან საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლების მიუხედავად, ვალდებული ხართ, მშობელ ერს ერთხელ კიდევ დაუმტკიცოთ, რომ თქვენი ბედისწერა სამშობლოს გადარჩენაა, და ხორცი შეასხათ ამ საშვილიშვილო, ისტორიული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების პრაქტიკულ განხორციელებას და არაორდინარული გზით, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანისა და აღმასვლისკენ რადიკალური შემობრუნების გადაუდებლი აუცილებლობის მოთხოვნით, მიზანმიმართულად დააფუძნოთ სამოქალაქოსაზოგადოებრივ საწყისებზე მაღალი ზნეობისა და პასუხისმგებლობის მქონე, კვალიფიციური და კომპეტენტური ეროვნული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელთა საკრებულო, რომელიც შემდგომში, შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს, როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებული მუდმივმოქმედი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წლიდან წლამდე შეიმუშავებს და ხელისუფლებასა და, საერთოდ, ქვეყანას რეკომენდაციის სახით დაუსახავს სწორ დემოკრატიულ, სამართლებრივ, ფინანსურეკონომიკურ და საგარეო ორიენტირებს და საქართველოს გადააქცევს მოწინავე სამართლებრივ და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად.

ვიცხოვროთ წესიერად! _ ეს არის საქართველოს გადარჩენისა და წარმატების ერთადერთი სწორი გზა.

პატივისცემით,
ანზორ დავითაშვილი

1 COMMENT

  1. ბატონო ანზორ ტკვენ მარტლა კიდევ გჯერატ ამ ადამიანის რომ საკარტველოს სასიკეტოდ მოვიდა ???
    მე და ბევრს აგარ გვეჯერა და ტავი დავანებოტ ხვეცნა მუდარას. იგი ისეტივე მონა მორცჰილი უცხოეტის როგორც ნაცმოზრაობა იკო.

    კარტვბელი ხალხი ტუ გონს არ მოეგება და დზალებს არ მოიკრებს , სულ ასეტ და უარესს დამონებულ მდგომარეობაში ვიკნებიტ.

    ივანიშვილი იკო და რჩება ნაცების მეგობარი , სხვა ამას არაპერი სეიზლება ვუწოდოტ. მას შეეძლო სხვანაირად ემოკმედა მაგრამ არ იმოკმედა საკუტტარი "ტყავის" გადარჩენისტვის!!!!!!!!!

  2. კარგი წერილია, თუ ვინმე შეისმენს. ამბიციურობა და არაკომპეტენტურობა,ნეპოტიზმი და პროვინციალიზმი, უსულგულო და უმიზნო ტექნოკრატია, კომუნისტების დანატოვარის გაყიდვებზე დამყარებული ეკონომიკა, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი, უსწავლელობა, უჭკუობა და უზნეობა, არაშემოქმედებითი ადამიანების "გაძრომა" ფუნქციონერებად, უნიჭოთა უკონკურენციო ბიზნესები, ოფიციალურად მევახშე ბანკები, _ ეს ყველაფერი ანგრევს ამ ქვეყანას. კიდევ როგორ გაუძლო, მიკვირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here