Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

610

ამ წიგნის ანოტაციაში წერია, რომ რეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე უფრო წარმატებულად იყო მიჩნეული, ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ორმაგ პერიფერიად იქცა, მივარდნილ გარეუბნად ევროპისა.

ახლა ეს ქვეყნები, რომელთაც უნდა შეესრულებინათ გეოპოლიტიკური ბუფერის როლი ვლადივოსტოკსა და ლისაბონს შორის, ერთგვარ ხიდად გადებულიყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღარავის აინტერესებს. ინტერესის დაკარგვას კი შედეგად მოჰყვა ადგილობრივი ეკონომიკის დეგრადაცია და სოციალური დონის მკვეთრი დაქვეითება. მიგრაციის ტალღა ისე გაძლიერდა, რომ ბალტიისპირეთი დღეს სწრაფად ცარიელდება. აღნიშნული წიგნის გადმოქართულებული ვარიანტი არამც და არამც არ არის (მიახლოებითაც კი) ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევის მცდელობა. მკითხველებს ამ ნაშრომს ვთავაზობთ ერთადერთი მიზნით _ გასაანალიზებლად და გასათვალისწინებლად იმ პერსპექტივისა, რომელიც შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, თუ ბალტიის სახელმწიფოების გზას ავირჩევთ. შეცდომები ისედაც საკმარისად დავუშვით

ლატვია

ლატვიიდან ემიგრაციის რეალური მასშტაბი მრავალჯერ აღემატება აქაური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებს. მაგალითად, 7 ლატვიელიდან, რომლებმაც დაარეგისტრირეს ჩასვლა ირლანდიის საემიგრაციო სამსახურში, ლატვიის საემიგრაციო სამსახურში ქვეყნიდან გასულად მხოლოდ ერთია რეგისტრირებული.

ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ მიხეილ ხაზანის გამოთვლით, 2000-დან 2011 წლამდე ლატვიიდან წავიდა 140 ათასი ადამიანი, მათ ჩაუთვლელად, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იმყოფება, ანუ არ არის რეგისტრირებული. ლატვიის უნივერსიტეტის მეორე პროფესორი, ანდრის დენინში, რომელიც აუდიტორულ ფირმა BDO Jnvest Riga ხელმძღვანელობდა, 2012 წელს ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის წლებში ლატვია დატოვა, სულ ცოტა, 450-მა ათასმა მცხოვრებმა. მოსახლეობის 2011 წლის აღწერამ გვაჩვენა, რომ საზღვარგარეთ დამკვიდრებულია ლატვიის 326 ათასი მოქალაქე. “რიცხვების ეს ბრძოლამიმდინარეობს იმ ქვეყნის რეალიების ფონზე, რომლის მოსახლეობა უკვე 2 მილიონზე ნაკლებია.

ემიგრაციის პირველი პიკი 1990-იანი წლების დასაწყისზე მოდის, როცა ქვეყნიდან მოქალაქეობაჩამორთმეული რუსი ეროვნების ადამიანები გაიქცნენ, და რომლებიც “ოკუპანტებად” შერაცხეს. ემიგრაციის რეკორდი, რომელიც დღემდე უცვლელია 1999 წელს დამყარდა: ერთი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრიობა მოქალაქეებად და “არამოქალაქეებად” გაიყო, ლატვიიდან სამუდამოდ გადასახლდა 36 ათასი ადამიანი.

სრულიად განსხვავებული ისტორია დაიწყო ლატვიის ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ: 10 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა მოსახლეობის 13 პროცენტმა დატოვა. მიგრაციის პიკი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდს დაემთხვა, რომელმაც სხვა ქვეყნებზე გაცილებით მკვეთრად ლატვიაზე იმოქმედა და იგი გაკოტრებულ ქვეყნად აქცია. ცენტრალური სტატსამმართველოს მონაცემებით, 2010 წელს რესპუბლიკა 11-მა ათასმა დამიანმა დატოვა, 2011 წელს _ 30-მა ათასმა, 2012 წელს _ 25-მა ათასმა, 2013 წელს _ 23-მა ათასმა.

თუ მოსახლეობის გადინება ასეთივე ტემპებით გაგრძელდება, 2030 წლისთვის შრომისუნარიანი მოსახლეობა ლატვიიდან სრულად გადასახლდება.

2012 წლის ონლაინგამოკითხვის მიხედვით, რომელიც ლატვიური სოციალური ქსელის dzaugiem.Lv-ის მომხმარებელთა შორის ჩატარდა, ქვეყნიდან გასული ადამიანების უმრავლესობამ ემიგრაციის მიზეზად დაასახელა ფინანსური პრობლემები, რომლებიც იპოთეკური კრედიტების დაფარვასთან იყო დაკავშირებული. ასეთი შედეგები მოჰყვა ლატვიაში “კრედიტის ბუშტების” ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რომლებიც “გასკდა” 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს: მიგრანტების უმრავლესობა, რომელიც რიგის აგლომერაციიდან იყო გამოსული, წელში გატყდა. ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, როცა პროცენტული განაკვეთები დაბალი იყო, ხელფასები კი მაღალი, დედაქალაქის რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობამ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები აიღო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “კრიზისული” მიგრანტები წარმოდგენილი არიან რიგის აგლომერაციის ყოფილი მოქალაქეებით. ამას ადასტურებენ ლატვიის უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტისა და ბამბერგში ოტო ფრიდრიხის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები დ. გელერი, ზ. კრიშნე და მ. ბერზინში.

ლატვიიდან მხოლოდ ქალაქის მცხოვრებნი არ გარბიან. ემიგრანტთა შორის არიან სოფლების წარმომადგენლებიც.

პრობლემა მწვავეა, მაგრამ ლატვიის ხელისუფალნი მას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. მოსახლეობის საზღვარს მიღმა გადინება მათთვის თავისებურ პანაცეად იქცა ეკონომიკური პრობლემების მოგვარების “საშუალებად”.

ოფიციალური მონაცემებით, ემიგრანტთა 60 პროცენტი 35 წლამდე ახალგაზრდობაა. არაოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 75-80 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ გასულია ლატვიის ახალგაზრდობის, სულ ცოტა, 17 პროცენტი. ასეა, თუ ვენდობით მთავრობის მონაცემებს. უფრო მეტიც: ემიგრანტების დაახლოებით მეოთხედს 15-დან 24-წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. ისევე, როგორც ლიტვაში აქაც შეიმჩნევა ოჯახებით გადასახლების ტენდენცია.

დროებით საშოვარზე წასვლას ამას ვერ დავარქმევთ, ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება არ სურთ. ძნელია ამის გამო მათი დადანაშაულება: “ჯინის კოეფიციენტისმიხედვით ლატვიას ევროპაში უკავია პირველი ადგილი უთანაბრო ქონებრივი განაწილების თვალსაზრისით, ხოლო Eუზოსტატის მიხედვით, იგი ევროკავშირის ანტილიდერია იმ მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, ლატვიას ევროკავშირში ბოლო ადგილი უკავია ბულგარეთთან და რუმინეთთან ერთად. დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში ადამიანების გადინება ლატვიის რესპუბლიკას უახლოესი ათწლეულების პერსპექტივაში არავითარ შანსს არ უტოვებს.

ესტონეთი

ესტონეთის რესპუბლიკისთვის ემიგრაცია არ არის ისეთივე მწვავე თემა, როგორც ლიტვისა და ლატვიისთვის, მაგრამ 130 ათასი ადამიანის დაკარგვა 1,3 მილიონიანი ქვეყნისთვის ცოტა არ არის, რადგან დასახელებული რაოდენობა მოსახლეობის 10 პროცენტია.

ესტონელებს მასობრივი მიგრაციის ერთგვარად განსხვავებული გეოგრაფია აქვთ: ემიგრანტების ნახევარზე მეტი მიემგზავრება მეზობელ ფინეთში. ფინელები და ესტონელები ფინურ-უგორული ჯგუფის მონათესავე ხალხები არიან: მათი ენები ერთმანეთთან ისეთივე კავშირშია, როგორც რუსული და უკრაინული, ხოლო ერთმანეთთან ურთიერთობის განვითარება ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ამიტომაა, რომ ახალ ადგილზე შრომითი მოწყობის საკითხი გადასახლებული ესტონელებისთვის არასოდეს ქცეულა პრობლემად. ამასთანავე, ხელფასები ფინეთში, ესტონეთთან შედარებით, 5-6-ჯერ მაღალია, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს დონის მიხედვით სუომის მსოფლიოში მე-18 ადგილი უკავია, ესტონეთში კი სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 17,5 პროცენტი ცხოვრობს; სოციალურ სფეროზე გაწეული დანახარჯებით ეს ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ბოლო ადგილზეა _ მხოლოდ 12 პროცენტი, ევროკავშირში საშუალოდ 27 პროცენტია.

ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ესტონეთიდან ფინეთისკენ ისწრაფიან, ასევე _ ბალტიისპირეთისთვის ტრადიციული დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიისკენ. ემიგრაციის პირველი პიკი (რუსი ეროვნების მოქალაქეებისა და საბჭოთა ჯარის გასვლა რესპუბლიკიდან) 1992 წელს აღინიშნა.

სრულიად განსხვავებული სიტუაცია წარმოიქმნა, როცა გაიხსნა საზღვარი დასავლეთისკენ. მას შემდეგ, რაც ესტონეთი ევროკავშირში მიიღეს, განსაკუთრებით კი 2008 წლის კრიზისის პირობებში, ემიგრაცის მატება ადგილობრივი შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე მიმდინარეობს. თუ 2009 წელს ქვეყნიდან გავიდა 4,6 ათასი ადამიანი, 2011 წელს _ 6,2 ათასი იყო, 2012 წელს თითქმის 11 ათასი.

“მანამდე, სანამ გამოქვეყნდება ოფიციალური რიცხვები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ესტონეთის ადამიანური დანაკარგები უთანაბრდება მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენს დანაკარგებს, განაცხადა 2011 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის იუბილის აღნიშვნის კვირაძალს ტალინის მერმა ედგარ სავისაარმა, _ მოსახლეობის რაოდენობა უძლიერესი ინდიკატორია, რომელიც გვიჩვენებს რეგიონის სიცოცხლისუნარიანობას. ესტონეთისთვის ასეთი მაჩვენებელი ყველა შემთხვევაში ნეგატიურია”.

ასეთი მაჩვენებელი ნეგატიურია არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისთვისაც ლატვიისა და ლიტვისთვის. მათთვის, ეგებ, ესტონეთზე უფრო მეტადაც.

ბალტიის ქვეყნებიდან ემიგრაცია მარტო “თეთრი საყელოებით” არ იფარგლება. მიემგზავრებიან დახურული ქარხნების მუშები, აგრარიკოსები, ჰუმანიტარები, დიპლომირებული იურისტები, რომლებიც გლაზგოსა და დუბლინში ლუდის დამტარებლების ადგილებით კმაყოფილდებიან. ბალტიისპირეთის ემიგრაცია მრავალსახიერია: ქვეყნიდან გადიან ქალებიც და კაცებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, გონებრივი შრომის მუშაკებიც და ფიზიკური შრომის მუშებიც, სატიტულო ერების წარმომადგენლებიც და რუსულენოვანი უმცირესობაც, დაოჯახებულებიც და მარტოხელებიც, საშუალო ასაკის ადამიანებიც და ახალგაზრდობაც.

ემიგრაცია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საზოგადოებრიობის სოციალური ნორმა გახდა, იგი განსაზღვრავს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ცხოვრების რიტმს, ჩამოყალიბდა, როგორც ადგილობრივი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ფაქტორი.

უსაფუძვლოა ბალტიისპირელი პოლიტიკოსების მცდელობა, წარმოგვიდგინონ ემიგრაცია, როგორც დროებითი მოვლენა.

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ახალგაზრდების ცხოვრებისეულ სტრატეგიად სამშობლოდან ემიგრაცია იქცა.

3. ემიგრაცია ბალტიისპირელი ახალგაზრდობის ცხოვრების მიზანია

რაც უფრო ახალგაზრდულია ბალტიის რესპუბლიკების გამოკითხული მოქალაქეების ჯგუფები, მით მაღალია მათში ემიგრანტული განწყობილების პროცენტული მაჩვენებელი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში შესასვლელად გამზადებული ახალგაზრდობის უმრავლესობა საკუთარ მომავალს საკუთარ სამშობლოს არ უკავშირებს.

ესტონეთის კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ესტონეთში მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი მზად არის ქვეყნიდან წასასვლელად, ყოველ მეოთხეს კი უკვე გადადგმული აქვს პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით. “რუსკი რეპორტიორისმიერ გამოქვეყნებული ოლგა ანდრეევას სკანდალურად ცნობილ სტატიაშიესტონური ავადმყოფობაეს რეალობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

“ტალინის ორ საუკეთესო გიმნაზიაში _ რუსულსა და ესტონურში _ ბავშვებს ერთსა და იგივე შეკითხვებს ვუსვამდი. პასუხები განსხვავებული იყო და მხოლოდ ერთ შემთხვევაში იდენტური.

_ ესტონეთს, როგორც სამშობლოს, ისე უყურებთ?

_ საერთოდ, კი, _ ისმის რუსი მოსწავლეების გაუბედავი პასუხები.

_ დიახ, _ დარწმუნებით მიპასუხებენ ესტონური სკოლის ბავშვები.

_ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ?

_ არა, _ დარწმუნებით მიპასუხებენ რუსი ბავშვები.

_ დიახ, _ მტკიცედ ამბობენ ესტონელები.

_ ვინ აპირებს სკოლის დამთავრების შემდეგ ესტონეთიდან გამგზავრებას?

რუსულ სკოლაში ყველა სწევს ხელს. ესტონურ სკოლაში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდება. ირკვევა, რომ ყველა აპირებს გამგზავრებას.

_ დაბრუნდებით?

_ არა, მტკიცედ მიპასუხებენ რუსულ სკოლაში.

_ ყველა შემთხვევაში, კავშირს არ გავწყვეტთ, ჩვენ აქ გვყავს მშობლები, მეგობრები. დავეხმარებით, დავურეკავთ, წერილს მივწერთ, _ გაუბედავად ამბობს ესტონური სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გოგონა”.

“რატომ სურთ სამშობლოდან წასვლა? იმიტომ, რომ ლატვიაში ვერ ხედავენ სათავისო რაიმე პერსპექტივას. სამწუხაროდ, _ ლაპარაკობს ლატვიელი სოციოლოგი ირინა ჟემჩუგოვა, _ არავითარი პერსპექტივა. ახალგაზრდები ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ: ვისწავლით, დავამთავრებთ სკოლას, ინსტიტუტს, კოლეჯს, მნიშვნელობა არ აქვს, შემდეგ რა? რა გველოდება შრომის ბაზარზე? და თვითონვე მიპასუხებდნენ: კარგი არაფერი!”

ლატვიაში ახალგაზრდების ასეთი “საჩემოდნო განწყობილება” არანაკლებ დრამატულია, ვიდრე ლიტვაში. სააგენტო Latvijas zeitingi-ს სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომელიც უფროსი კლასების მოსწავლეთა შორის ჩატარდა, ყოველმა მეორე მოსწავლემ (ეროვნების მიუხედავად) განაცხადა, რომ მომავალში განზრახული აქვს გამგზავრება ლატვიიდან. Pროვიდუს-ის ცენტრის ანალოგიური გამოკვლევით, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ემიგრირება განზრახული ჰქონდა რუსული სკოლების მერვეკლასელთა 63 პროცენტს და ლატვიური სკოლების მათი თანატოლების 39 პროცენტს.

ამ რეზონანსული გამოკვლევებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2014 წელს, ცენტრალურმა სტატისტიკურმა სამმართველომ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები: ლატვიელი ახალგაზრდების 17-მა პროცენტმა დატოვა ქვეყანა, ანუ ლატვიაში ცხოვრებაზე უარი თქვა ყოველმა მეექვსე ახალგაზრდამ.

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს ლატვიაში დარჩენაზე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ძნელი არ უნდა იყოს იმის გასიგრძეგანება, რა დონეზეა ამ ქვეყანაში დეპრესია და სოციალური პესიმიზმი. “ჩემოდნებზე ჯდომის” მასობრივი განწყობილება სისტემური პრობლემებითაა გამოწვეული და არა დროებითი, გარდამავალი ხასიათის სიძნელეებით. მასობრივად გადასახლების სურვილი, რომელიც ბალტიისპირელ ახალგაზრდობაში დომინირებს, სახელმწიფო მასშტაბის ტრაგედია. უფრო მეტიც, პროცესი (ქვეყნიდან გასვლის), რომელიც დამოუკიდებლობის წლებში ხან უფრო ინტენსიური ხდება, ხან იკლებს, მაგრამ არ ქრება, აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დაუძლევლობის პრობლემა რეალურად უდგათ.

4. ბალტიისპიროსტანი: სად და რად მუშაობენ ევროპაში გასტერბაიტერები ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან

თანამედროვე ბალტიისპირული ემიგრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ემიგრაციის წინა ტალღებისგან. გასული საუკუნის წინა ნახევარში ბალტიისპირეთიდან ემიგრირებული იყვნენ “აღმოსავლელი გერმანელები”, რომლებიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ამ მიწებზე დომინირებულ სოციალურ ჯგუფად იყვნენ წარმოდგენილი. ისინი, რა თქმა უნდა, გერმანიაში გადასახლდნენ. ძირძველ ხალხთა წარმომადგენლები იმავე პერიოდში შეერთებულ შტატებს ირჩევდნენ, სადაც თანდათან ჩამოყალიბდა ლიტველთა, ლატვიელთა და ესტონელთა დიასპორები, რომელთაც შემდგომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. 70-იან-80-იან წლებში ბალტიისპირეთიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა ადგილობრივი ებრაელობა.

ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ბალტიისპირელთა ემიგრაციის მთავარი მიმართულება გახდა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და სკანდინავია. ევროპის საემიგრაციო ქსელის მონაცემებით, 2010 წელს, რომელიც ემიგრაციის პიკად არის წარმოდგენილი, ლიტველი ემიგრანტების 50 პროცენტი საშოვარზე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, 15 პროცენტი _ ირლანდიაში, 5,8 პროცენტი ნორვეგიაში, 4,6 პროცენტი _ გერმანიაში, 4,3 პროცენტი _ ესპანეთში.

ამავე პერიოდში ლატვიელი ემიგრანტების ნაკადი შემდეგნაირად განაწილდა: დიდი ბრიტანეთი _ 35 პროცენტი, ნორვეგია _ 18 პროცენტი, ფინეთში _ 15 პროცენტი, გერმანია _ 11 პროცენტი, შვედეთი _ 10 პროცენტი, ნიდერლანდების სამეფო _ 9 პროცენტი, დანია _ 9 პროცენტი.

ესტონელეთა 50 პროცენტი, როგორც ვთქვით, ფინეთში გადავიდა, დანარჩენი ემიგრანტები განაწილდნენ იმავე ქვეყნებში, რომლებშიც მათი ლიტველი და ლატვიელიკოლეგები”.

ბრიტანულმა Daily Mail-მა აღმოსავლეთ ევროპული ემიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მიგრანტების საერთო რაოდენობის 1,3 პროცენტი დიდ ბრიტანეთშია თავმოყრილი. მათ შორის ბალტიისპირელთა მდგომარეობა გამორჩეულია: ყოველი ოცდამეათე ლიტველი, ყოველი ოცდამეათე ლატვიელი და ყოველი მესამოცე პოლონელი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

ეს მონაცემები აღებულია მოსახლეობის 2011 წლის აღწერიდან. მას შემდეგ აღმოსავლეთ ევროპიდან იმიგრანტების ნაკადი არ შემცირებულა და ბოლო აღწერის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში აღრიცხულია 108 ათასი ლიტველი, რაც ლიტვის მთელი მოსახლეობის 3,4 პროცენტია. ლატვიელთა რაოდენობა 1600-ს აღემატება, რაც 1,9 მილიონიანი მოსახლეობის 1,9 პროცენტია.

დასავლელ და ჩრდილოელ ევროპელთა გაგებით, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი _ გასტერბაიტერების ტიპური ქვეყნებია ევროკავშირისთვის. ბალტიისპირელთა სამუშაო ძალას უმეტესწილად არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ ფიზიკურ სამუშაოებზე იყენებენ.

შესაბამისი კვლევითი სამსახურების მონაცემებით, ლატვიელთა უმეტესობას აინტერესებს სოფლის, სამშენებლო სფეროებში, სასტუმრო, რესტორნების, სატრანსპორტო ბიზნესში, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმება. პრაქტიკულადაც ამ დარგებში საქმიანობენ დამხმარე მუშებად, სეზონურ სამუშაოებზე, დამკომპლექტებლებად, მტვირთავებად, დამლაგებლებად, მეკუჭნავეებად, ჭურჭლის მრეცხავებად, სანიტრებად, მიმტანებად და ა.შ.

ბალტიისპირელების გარკვეული ნაწილი უფრო პრესტიჟულ სამუშაო ადგილებზეც ახერხებს მოწყობას მენეჯერებად, ვიწრო პროფილის სპეციალისტებად, მაღალკვალიფიციურ მუშებად. მაგრამ ასეთი კვალიფიციური სამუშაო უფრო გამონაკლისია, ვიდრე ნორმა.

ევროპელი დამსაქმებლები აფასებენ და სიამოვნებით იღებენ სამუშაოდ ბალტიისპირელ გასტერარბაიტერებს, რადგან ევროკავშირის შრომით ბაზარზე ისინი ითვლებიან იაფ შრომით ძალად, ამასთან, გამორჩეულები არიან შრომითი ეთიკით, პატიოსნებით, აკურატულობით, დისციპლინით, მონდომებით, შრომისუნარიანობით, ყოფითი კულტურით. ეს თვისებები დამახასიათებელია ბალტიისპირელებისთვის და ჩამოყალიბებულია მათი კულტურებით. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის ლიდერებად უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ხდება კი პირიქით. მათი ეკონომიკები პერიფერიულია, ჩამორჩენილია და თუ არსებობენ ასე თუ ისე, უცხოური სესხებისა და ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების წყალობით.

რატომ ხდება ასე?

ბალტიისპირეთში არსებული ვითარების ასახსნელად გამოდგება “მსოფლიო-სისტემის” თეორია, რომლის ავტორია გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი და სოციოლოგი იმანუილ ვალერსტაინი. ამ თეორიით, ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის პერიფერიაა, რომელიც სისტემის სახითაა წარმოდგენილი. ამ სისტემის ბირთვია “ძველი ევროპის” ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს ევროკავშირი. ამ ბირთვის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია დეპრესიული და დეგრადირებული პერიფერიის არსებობა, რომლის ფუნქციაც დაეკისრა ე.წ. ახალ ევროპას _ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოცბანაკის ქვეყნებს, რომლებიც 2004 წელს გაერთიანდნენ ევროკავშირში და ევროპული საქონლის გამსაღებელ და ნედლეულის მიმწოდებელ ბაზრად იქცნენ. ნედლეული ამ შემთხვევაში ადამიანის შრომის სახით არის წარმოდგენილი.

ამ მიზეზის გამო მთელი აღმოსავლეთევროპული იმიგრაცია (ბულგარული, რუმინული, პოლონური, ბალტიისპირული) შრომითი ხასიათის მქონეა.

სამხრეთული ემიგრაცია (თურქები, არაბები, აფრიკელები) ახალ სამშობლოდ ირჩევს ევროპას, რათა იქ უშრომ-უზრუნველად იცხოვრონ უმუშევართა დახმარებებისა და სხვა სოციალური შეწევნების მეშვეობით. ამასთანავე, მათ კულტურას ცოტა რამ თუ აქვს საერთო ბალტიისპირელთა შრომით ეთიკასთან.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკას სჭირდება აღმოსავლეთევროპელი გასტერარბაიტერების სამუშაო ძალა, ევროპელი პოლიტიკოსები დროდადრო წამოაყენებენ საკითხს ევროკავშირის ფარგლებში შიგა მიგრაციის შეზღუდვის შესახებ. მოუწოდებენ ხელისუფალთ სტიმული მისცენ თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც უმუშევართა სოციალური დახმარებით პარაზიტობენ, ჩაებან შრომით საქმიანობაში, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმების ადგილებით უზრუნველყონ პოლონელები და ლიტველები. “ეწვიეთ ჩვენს ფაბრიკებს, რომლებშიც მუშების ნახევარზე მეტი არიან იმიგრანტები პოლონეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან. თქვენ მათ ვერაფერში დაადანაშაულებთ. მათ სურთ, იშრომონ. ისინი ხედავენ, რომ არის სამუშაო, ჩამოდიან და იკავებენ ამ სამუშაო ადგილებს”, განაცხადა 2013 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა და მოუწოდა კანონმდებლებს გაამკაცრონ შრომითი კანონმდებლობა, რათა შემცირდეს აღმოსავლეთ ევროპიდან იმიგრანტების რაოდენობა.

2014 წელს კემერონმა და ბრიტანელმა კონსერვატორებმა განაცხადეს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის მოწყობის აუცილებლობის შესახებ, საორიენტაციოდ 2017-2018 წლებში. ამ განზრახვის განხორციელების შემთხვევაში უეჭველად გამკაცრდება კონტინენტური ევროპის ნისლიან ალბიონში ემიგრირების წესები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად იმოქმედებს ლიტვასა და ლატვიაზე, რომელთა მთავრობები მიეჩვივნენ თავიანთი ქვეყნების მოსახლეობის ემიგრაციის პანაცეად გამოყენებას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების საქმეში. ეს კი სავსებით საკმარისი იქნება ბალტიის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკის კრიზისის გამოსაწვევად.

მანამდე კი, 2011 წლის აღწერის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს 100 ათასამდე ლიტველი (რაოდენობით, პოლონელთა შემდეგ, ბრიტანეთში ჩასახლებული მეორე თემი), 32 ათასი ლატვიელი და 3,4 ესტონელი (მათი ნახევარი ლონდონში ცხოვრობს). აღწერის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს 67 ათასი რუსი (ანუ ისინი, ვინც მშობლიურ ენად რუსული დაასახელა). ამასთანავე, მათი გარკვეული რაოდენობა ნისლიან ალბიონში ჩავიდა ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან.

აღწერით ასეა, რეალური ოდენობა კი გაცილებით მეტია.

ირლანდიაში მოსახლეობის აღწერის მაჩვენებლით, იმავე წელს ამ ქვეყანაში ცხოვრობდა 44 ათასი ლიტველი და 20 ათასი ლატვიელი. 2011 წლის შემდეგ ბალტიისპირელი ემიგრანტების რაოდენობა, თავისთავად იგულისხმება, რომ გაიზარდა.

2013 წლის მონაცემებით, ფინეთში ცხოვრობდა 40 ათასი ესტონელი.

ბრიტანეთსა და ირლანდიაში უკვე ჩამოყალიბდა ბალტიისპირელთა ახლი დიასპორები. იგივე პროცესი მიმდინარეობს ნორვეგიასა და გერმანიაში. ლტოლვილები კომპაქტურად არიან ჩასახლებული ლონდონის აღმოსავლეთ რაიონებში და ინგლისის დედაქალაქის მახლობულ აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფოებში.

ამ რაიონებში უკვე გაიხსნა ლიტვური საქონლის მაღაზიები, ინგლისური პაბები კი გადაკეთდა ლიტვურ ლუდხანებად, სადაც ლიტვური და ლატვიური მუსიკით ართობენ მომხმარებლებს. დიდი ბრიტანეთის ლიტვური საზოგადოებრიობის ცენტრად კი ჩამოყალიბდა სიდნეი რასელის დასვენების ცენტრი ქალაქ დეგენჰემში. დიდ ბრიტანეთში უკვე ჩამოყალიბდა ლიტვის საკალათბურთო ლიგა _ ახალ სამშობლოში ლიტველ თანამემამულეთა შეკავშირების ერთ-ერთი საშუალება.

ფრიად საინტერესოა, რომ ბალტიისპირული დიასპორების ურთიერთობის ენა რუსულია. ლიტველები, ლატვიელები და რუსულენოვანი ემიგრანტები ახალ სამშობლოში ერთმანეთს ყოველმხრივ ეხმარებიან და ურთიერთობაში სოლიდარობით გამოირჩევიან, რაც ასე აკლიათ ბალტიისპირეთში. საქმეში ჩახედული ადამიანების აზრით, ასეთი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში არ არიან მმართველი პოლიტიკოსები, ნაციონალისტები, რომლებსაც სამშობლოდან გამოექცნენ ეს კეთილი ადამიანები.

და მაინც მთავარი საყრდენი მათთვის ინგლისური ენაა.

მიგრანტები ცდილობენ, თავიანთი შვილების მშობლიურ ენად აქციონ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რომელშიც ცხოვრობენ.

ასე იკარგება ახალი თაობის ეროვნული იდენტურობა.

(გაგრძელება იქნება)

რუბრიკას უძღვება

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here