Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მოსკოვში

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მოსკოვში

616

2015 წლის 28 აპრილს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი დევიზით _ “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”, რომელშიც მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების ომის ვეტერანები და ცნობილი პიროვნებები.

ფორუმი ჩატარდა პოკლონნაია გორაზე 1941-1945 .. დიდი სამამულო ომის მუზეუმში. საქართველოს დელეგაციის მიწვევაგამგზავრების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობა” (ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე). დელეგაციაში იყო 11 კაცი _ საზოგადოების წარმომადგენლები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები.

ფორუმი დაიწყო პლენარული სხდომით, რომელზეც გამოტანილი იქნა 10 მოხსენება. სხდომაზე მოხსენებით წარდგა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია (არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მისი სიტყვა საუკეთესო იყო _ 15-წუთიანი გამოსვლა ექვსჯერ გააწყვეტინეს ტაშით). სხვა მოხსენებები მოსმენილი იქნა სექციურ სხდომებზე. მათ შორის, ირაკლი უბილავას მოხსენება თემაზე: “საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში”. სულ ფორუმზე გამოტანილი იყო 50 მოხსენება, რომლებიც ასახავდა მოცემული რეგიონების წვლილს დიდი სამამულო ომის გამარჯვებით დაგვირგვინებაში.

ყველა მოხსენება საინტერესო იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ ამჯერადაც წარმოადგინა მდიდარ ლიტერატურულ და ინფორმაციულ მასალაზე დაფუძნებული ღრმა ანალიზი, რომელშიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა დასავლეთის ქვეყნების აპოლოგეტების მცდელობა, დააკნინონ საბჭოთა კავშირის როლი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში, და მცდელობა, შეთხზან მითი დასავლეთის გადამწყვეტ როლზე ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში.

დასანანია, რომ ისეთ გონიერ, მაღალი ინტელექტის ადამიანს, როგორიც ბატონი ალექსანდრე ჭაჭიაა, დღეს საქართველოში ფუნქცია არ აქვს, არადა, როგორ გვჭირდება ასეთი ადამიანები.

აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ერთი მეტად უცნაური და მავნე ტენდენცია ისტორიული მოვლენის, ისტორიული სინამდვილის მიჩუმათებისა.

ყველა ომს ჰყავს მთავარსარდალი _ სად გაგონილა ომი მთავარსარდლის გარეშე?!

ვინ ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს ომის დროს და ვინ იყო მთავარსარდალი, რომელმაც განაპირობა ეს დიადი გამარჯვება? ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოში ეს პიროვნება იყო დიდი სტალინი.

ყველაზე ამაზრზენი და დიდი უსინდისობა არის ის, რომ სტალინის ფენომენი ყველაზე უფრო მის სამშობლოშია მიჩუმათებული და, თუ ოფიციალურ დონეზე ვინმე მაინც ახსენებს, _ მხოლოდ უარყოფითად.

პატივცემულო მთავრობავ, ახლანდელოც და ყოფილოც, და სტალინზე აუგის მთქმელებო, რა აქვს სტალინს თქვენი საძაგებელი? ის ხომ არა, რომ მისი გენიის წყალობით (და ცოტაც ჩვენი, იმ საშინელი ომის გადამხდელი ვეტერანების დაღვრილი სისხლის), დედამიწაზე თავისუფლად დადიხართ, და მთავრობაში იყავით და ხართ წამოსკუპებული? სტალინი რომ არა, გერმანელის ჩექმის წმენდაც სანატრელი გაგიხდებოდათ, თუ, საერთოდ, მოევლინებოდით ამ ქვეყანას.

თქვენს საფიცარ დასავლეთს მაინც შეხედეთ – ნაპოლეონი შეიძლება კარგი მხედართმთავარი იყო, მაგრამ აგრესორი გახლდათ, მთელი ევროპა გადათელა და უამრავი სისხლი დაღვარა, მაგრამ საფრანგეთში მასზე ცუდს ვერავის დააცდენინებთ. გერმანიაში ფაშისტების საფლავებსაც უვლიან, მხოლოდ ფაშისტური სიმბოლიკა მოაშორეს. სტალინს პატივს სცემდა, მის გენიას ყველა მისი თანამედროვე მსოფლიო ლიდერი აღიარებდა, მათ შორის, დაუძინებელი მტრებიც; თქვენ კი რა ასეთი უვიცობა-უმადურობის სენი შეგეყარათ?!

ისევ ჩვენს ფორუმს დავუბრუნდეთ. პლენარული სხდომის შემდეგ ომის ვეტერანები მიგვიწვიეს მდინარე მოსკოვზე გასასეირნებლად. მსგავსი რამ, ალბათ, ბევრ ჩვენგანს არ უნახავს. გემზე ვისადილეთ, სადილი იყო დიდებული, მრავალფეროვანი კერძებით, ხილის წვენებით. ეს გასეირნება იყო ექსკურსიაც. ვისხედით და ვუსმენდით გიდს, რომელიც გვაცნობდა მდინარის გასწვრივ მდებარე ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ეს იყო ეგზოტიკური გასეირნება, რომელიც გაგრძელდა 4 საათს. გამოვემშვიდობეთ გემის თანამშრომლებს და წამოვედით სასტუმროში, სადაც 19 საათზე მიწვეული ვიყავით რესტორანში საზეიმო ბანკეტზე, სადაც შესრულდა სხვადასხვა ხალხთა სიმღერები, მათ შორის, ქართული “გაფრინდი შავო მერცხალო”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სუფრა იყო მეტად მდიდარი, მრავალფეროვანი კერძებით, ნაირგვარი სასმელითა და წვენებით.

ომის ვეტერანებმა ახალგაზრდები დავლოცეთ და ვუთხარით, რომ ჩვენი მოვალეობა სამშობლოს წინაშე მის დაცვასა და შრომაში დიდებულად მოვიხადეთ და ახლა ესტაფეტას მათ გადავცემთ.

ასე დასრულდა რუსეთის დედაქალაქში ჩვენი ერთი დღე, რომელიც გადატვირთული კი იყო, მაგრამ დაღლა არ გვიგრძნია.

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსკოვის ფორუმზე ჩვენი, ომის ვეტერანების, დასწრება იყო მეტად სასარგებლო და სასიამოვნო. გაგვაოცეს მასპინძლებმა, იყვნენ მეტად თბილი და ყურადღებიანი. მოგვათავსეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. ყველანაირად ცდილობდნენ, ესიამოვნებინათ ჩვენთვის, ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდნენ ჩვენდამი პატივისცემას. წამოსვლისას აეროპორტში, სამთავრობო სტუმრების ოთახში დაგვასვენეს თვითმფრინავის გადმოფრენამდე, ხოლო შემდეგ მანქანებით პირდაპირ მიგვიყვანეს და ჩაგვსვეს ლაინერში. იქ განცდილი ყველა პოზიტივის აღწერა შეუძლებელია საგაზეთო წერილში. როგორც ომის ვეტერანები, დავძენთ, რომ რუსეთში ომის ვეტერანებს დიდ პატივს სცემენ და უფრთხილდებიან.

უღრმესი მადლობა მოსკოველებს ასეთი კარგი მიღებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიულ მემკვიდრეობას” ამ ღონისძიებაზე ჩვენი დასწრების ორგანიზებისთვის.

დავით დემეტრაშვილი,

სერგო მირზოიანი,

შოთა ბუაძე,

დიდი სამამულო ომის ვეტერანები

თბილისი. 3 მაისი, 2015 .

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here