Home რუბრიკები საზოგადოება ვინ აღმართა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა, ანუ “გენერალისიმუსი” თინა

ვინ აღმართა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა, ანუ “გენერალისიმუსი” თინა

5747

დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლო გამარჯვების დროშაა და, როგორც ეკადრება, საერთოდ, სიმბოლოებს, დროშის ისტორიაც გაეხვია ლეგენდებისა და მითების ქსელში, რამაც საბაბი მისცა ზოგიერთ ისტორიკოსს, ასევე, არაისტორიკოსსაც, ეჭვი შეეტანათ ოფიციალურ ვერსიაში. ოფიციალური ვერსიით კი, დროშა აღმართეს რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?

1945 წლის 9 აპრილს ბელორუსიის პირველ ფრონტში შემავალი ყველა არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსების თათბირზე გაიცა განკარგულება, რომ ბერლინზე მოიერიშე თითოეულ არმიაში დამზადებულიყო სპეციალური დროშები, რომლებიც უნდა აღემართათ გერმანიის დედაქალაქის თავზე. მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მყოფ მესამე არმიაში დაამზადეს (მასში შემავალი დივიზიების რაოდენობის მიხედვით) ცხრა დროშა. ეს დროშები 22 აპრილს გადასცეს მსროლელთა დივიზიების წარმომადგენლებს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მიმართეს სტალინს: რომელ შენობაზე უნდა აღიმართოს გამარჯვების დროშა? ბელადმა რაიხსტაგზე მიანიშნა.

საბჭოთა ჯარის ნაწილები იმპერიის კანცელარიის მისადგომებს მიადგნენ 29 აპრილს. მას ფანატიკურად იცავდნენ ეს-ეს-ის ნაწილები. ეს-ეს-ელთა გვერდით არანაკლებ თავგანწირვით იბრძოდნენ კოლაბორაციონისტი ლატვიელები, ფრანგები, ნორვეგიელები, შვედები, დანიელები, ჰოლანდიელები და სხვები.

რაიხსტაგის შტურმი 30 აპრილს დაიწყეს პოლკოვნიკ ალექსეი ნეგოდას 171-ე მსროლელთა დივიზიამ და გენერალ-მაიორ ვასილ შატილოვის 150-ე დივიზიამ. დილის იერიში წარუმატებლად დასრულდა, ხოლო დღისით საბჭოთა ჯარისკაცების ცალკეულმა ჯგუფებმა მიაღწიეს რაიხსტაგის ფასადს და მასზე რამდენიმე წითელი დროშა აღმართეს. 150-ე დივიზიის საბრძოლო ჟურნალის მიხედვით, “1945 წლის 30 აპრილს, 14 საათსა და 25 წუთზე, ლეიტენანტმა რახიმჟან კოშკარბაევმა და რიგითმა გრიგორი ბულატოვმა ხოხვით მიაღწიეს შენობის ცენტრალურ ნაწილამდე და მთავარი შესასვლელის კიბეს მიამაგრეს წითელი დროშა”.

მაგრამ დროშა შენობის ფასადზე, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს მოწინააღმდეგე, გამარჯვების დროშად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, ფაშისტებმა ის ჩამოაგდეს.

წარმატებით დასრულდა მხოლოდ რაიხსტაგის საღამოს შტურმი, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა შეაღწიეს კანცელარიაში და ფიცხელი ბრძოლა უკვე შენობაში გამართეს. ჯარისკაცთა რამდენიმე ჯგუფმა მიიღო დავალება _ მიეღწიათ რაიხსტაგის სახურავამდე და იქ აღემართად დროშა. 150- მსროლელთა დივიზიის საიერიშო დროშა გადასცეს ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ლეიტენანტი ალექსეი ბერესტი, სერჟანტი მიხეილ ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია. ეს დროშა თავდაპირველად აღმართეს რაიხსტაგის მთავარი შესასვლელის ფრონტონზე _ შენობის აღმოსავლეთ ნაწილზე _ მიამაგრეს ცხენზე ამხედრებული ვილჰელმ II ქანდაკებას. 2 მაისს კი, დღის მეორე ნახევარში, გამარჯვების დროშა გადაიტანეს რაიხსტაგის გუმბათზე. ეს ამოცანა სამეულისთვის ძალზე სახიფათო აღმოჩნდა, რადგან მინის გუმბათი დანგრეული იყო.

ალექსეი ბერესტის ჯგუფის მიერ რაიხსტაგზე აღმართული დროშა არ იყო პირველი და ეს არ არის საიდუმლო. ამაზე დაიწერა 1979 წელს გამოცემულ “მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში”. მისი მიხედვით, ეგოროვისა და ქანთარიას დროშა იყო რიგით მეოთხე, პირველი სამი ფაშისტების ცეცხლმა “იმსხვერპლა”.

გამარჯვების დროშად 150- დივიზიის მებრძოლთა მიერ აღმართული დროშა დაასახელეს ორი მიზეზის გამო: პირველი _ ის იყო დანომრილი, ანუ ოფიციალურად გაცემული აღსამართავად და მეორე _ ის არ იყო ჩამოგდებული ფაშისტების მიერ. ასე რომ, გამარჯვების დროშა რუსმა და ქართველმა აღმართეს. სხვათა შორის, ეს ფაქტი ისტორიულ სამართლიანობას გამოხატავს, რადგან ყველაზე დიდი ტვირთი ამ ომში დააწვა რუს ხალხს და ყველაზე დიდი მსხვერპლი მან გაიღო, ხოლო მელიტონ ქანთარიას თანამემამულე იოსებ სტალინი კაცობრიობის ამ ყველაზე მასშტაბური ომის გამარჯვებული არმიის უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ.

რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ ფორუმზე მომიწია დავა ერთ ყაზახთან, რომელიც წერდა, დროშა ლეიტენანტმა რახიმჟან კოშკარბაევმა აღმართაო. ვერავითარი არგუმენტით ვერ დავარწმუნე ეს კაცი, რომ ცდებოდა. ბოლოს შევეკითხე: შვილები გყავს? _ მიპასუხა, მყავს ოთხი ბიჭიო. _ ჰოდა, გულწრფელად მითხარი, როგორი რძალი გინდა, შემოგივიდეს ოჯახში _ ქალწული თუ ქალწულობადაკარგული-მეთქი? _ რა თქმა უნდა, ქალწულიო.

შე დალოცვილო, რძალი ქალწული გინდა, ხოლო გამარჯვეის დროშა ფაშისტების მიერ “ნახმარი”-მეთქი?!

ერთ კვირაზე მეტია, ველოდები ყაზახი მეგობრის პასუხს.

ამა წლის 9 მაისს მოსკოვში ჩატარდება გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელიც მიეძღვნება გამარჯვების 70 წლისთავს. მასში მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, სომხეთის, ბელარუსის საჯარისო დანაყოფები, აგრეთვე, სერბეთისა და, წარმოიდგინეთ, ინდოეთისაც კი; არ იქნებიან უმაღლესი მთავარსარდლის _ იოსებ სტალინის, მისი “მარჯვენა ხელის” _ ლავრენტი ბერიას და გამარჯვების დროშის აღმმართველის _ მელიტონ ქანთარიას თანამემამულეები _ ქართველები…

რა დაგვრჩენია? იქნებ, წინადადებით მიგვემართა ხელისუფლებისთვის, ჩაატაროს სანუგეშო აღლუმი ამა წლის 26 მაისს და 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველა ომში დამარცხებული ქართული ჯარის ნაწილები ყოჩაღი ნაბიჯით ჩაივლიან რუსთაველის გამზირზე და მიესლამებიან “სამხედრო საქმის დიდოსტატს”, “გენერალისიმუს”, სერიოზულად კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოახლეს, საგარეჯოს რაიონისთვის არაფრის გამკეთებელ, აწ უკვე ყოფილ მაჟორიტარს _ თინა ხიდაშელს…

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here