Home რუბრიკები საზოგადოება დიპლომატთა სკოლის იდეამ გაამართლა

დიპლომატთა სკოლის იდეამ გაამართლა

562

თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტთა ინიციატივით, ამუშავდა შაბათ-კვირის დიპლომატთა სკოლა, სადაც სწავლა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ IX-XII კლასელებს.

მოსწავლეები აღფრთოვანებულნი არიან მიღებული ცოდნით. ერთერთმა მათგანმა გვითხრა: “ჩვენი თაობა უფროსებს არ მოსწონთ, მაგრამ, ლექციებზე რომ დავენახეთ, ნამდვილად იამაყებდნენ, იმდენი რამ ვისწავლეთ, უკვე ვიცით, ტელეეთერიდან ვინ გვატყუებს და ვინ _ არა”.

რევაზ თოფურია, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი:

_ დიპლომატიის სკოლის იდეის განხორციელება აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ერთობლივი ძალისხმევით შევძელით. ეს იდეა ერთი წლის წინათ გაგვიჩნდა, მაგრამ სკეპტიკურად განვეწყვეთ, ვფიქრობდით, რომ შაბათ-კვირის სკოლა არ გაამართლებდა, რადგან ბავშვებს დასვენება სჭირდებათ და ამისთვის ვერავინ მოიცლიდა.

წელს კი გადავწყვიტეთ, მაინც გაგვერისკა და იდეის განხორციელებას შევუდექით.

დიპლომატიის სკოლა განკუთვნილია IX-XII კლასელებისთვის და დაინტერესებულ ბავშვებს აძლევს საშუალებას, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური იდეოლოგიები, დიპლომატიის ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები და .. სულ რვა საგანი ისწავლება. ლექციებს ამავე უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები კითხულობენ, პროგრამა კი პროფესორ-მასწავლებლების მიერაა შემუშავებული. ლექციებს პროფესორებიც კითხულობენ, ერთი დღე ეთმობა გამოჩენილი ექსპერტის ლექციასაც.

დიპლომატიის სკოლაში საჯარო სკოლისგან განსხვავებული სისტემაა, აქ ქულებს არ ვწერთ, არ ვცდილობთ, მიწოდებული მასალა დაიზეპირონ, ვისმენთ მათ აზრს; მოწაფეებს კრიტიკული აზრის გამოხატვას ვასწავლით.

ერთთვიანი კურსის შემდეგ ვატარებთ გამოცდას. ერთი თვე დიდი დრო არ არის, მაგრამ გამოცდაზე აშკარად დავინახეთ, რომ მოსწავლეებს მართლაც საკმაოდ დიდი ცოდნა მიუღიათ. გამოცდა თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ჩატარდა, ყველა კურდამთავრებულმა შეძლო დადგენილი ბარიერის გადალახვა, რაც ჩვენთვის, პროგრამის ორგანიზატორებისთვის, სასიხარულო იყო. ჩვენმა იდეამ გაამართლა.

დიპლომატთა სკოლის პირველ ნაკადში 63 მოსწავლე იყო, მეორეში 115 მოსწავლეა. იმ ბავშვებისთვის კი, რომლებმაც პირველი ეტაპი გაიარეს, ვცდილობთ, შევქმნათ პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება მათ აზროვნებასა და გამოცდილებაზე.

_ ბავშვებს, რომლებიც დიპლომატთა სკოლაში სწავლის სურვილს გამოთქვამენ, აქვთ თუ არა თანხა გადასახდელი?

_ დიახ, არის სიმბოლური გადასახადი 40 ლარის ოდენობით, დანარჩენს თვითონ უნივერსიტეტი ანაზღაურებს. ბავშვების შემოტანილი ფულით ვყიდულობთ ბლოკნოტებს, კალმებსა და პრიზებს. გამოგვიჩნდნენ სპონსორებიც, ბავშვებს კარგი საჩუქრები გადასცეს, ეს იყო წიგნები, რომლებიც კურსდამთავრებულებისთვის ძალიან საინტერესოა. დიპლომატთა სკოლის მეორე ნაკადში მოსწავლეები რეგიონებიდანაც გვეყოლება. მსურველი ბევრია.

_ ამ სკოლის არსებობის შესახებ ახლახან შევიტყვე. როგორ უნდა მოგაგნოთ მოსწავლემ, რომელსაც დიპლომატთა სკოლაში სწავლის სურვილი აქვს?

_ გვაქვს ვებგვერდი, აგრეთვე, ფეისბუქგვერდი და იქ ყველა ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. დავდივართ სკოლებშიც და ვცდილობთ, ადგილზე გავაცნოთ ბავშვებს ამ სიახლის შესახებ. მთავრი იყო, დიპლომატთა სკოლის პირველ ნაკადს მოსწონებოდა ჩვენი პროექტი და კმაყოფილნი ყოფილიყვნენ, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემდა.

_ თქვენი დაინტერესება რა არის? ხელფასს გიხდიან, სამეცნიერო კარიერას იკეთებთ თუ ცოდნას იღრმავებთ?

_ არ ვფიქრობ ლექტორობაზე, დიპლომატიური საქმიანობა მაინტერესებს, უბრალოდ, ამით ცოდნას ვიღრმავებ. კარგია, როდესაც შენს ცოდნას სხვას გადასცემ, თანაც ისეთი ენით, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის გასაგები იყოს. ბავშვების დაინტერესება დავინახეთ და ეს ჩვენთვის უკვე მიღწევა იყო. სკოლის მოსწავლეებისთვის დიპლომატთა სკოლის კურსის დამთავრება სამომავლოდ ტრამპლინი იქნება.

სოფიკო ჯიჭონაია, დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული:

_ სოფიკო, როგორ იპოვე დიპლომატიის სკოლა და რატომ დაინტერესდი იქ სწავლით?

_ თავისუფალი უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამაზე მივედი, ძალიან მომეწონა და მათ ვებგვერდს “დავუმეგობრდი”, სკოლის შესახებ ინფორმაციაც ამ ვებგვერდიდან შევიტყვე. ყველა დეტალს გავეცანი, მივხვდი, რომ ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. საბუთები საჭირო არ იყო, მხოლოდ დავრეგისტრირდი და შემდეგ კონკურსის საფუძველზე ამირჩიეს. აქ მეგობრული გარემო დამხვდა და, რაც მთავარია, მივიღე ცოდნა და უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე. ახლა ვიცი, რა მინდა და არჩევანი რაზე შევაჩერო.

გიორგი ქარუმიძე, დიპლომატიის სკოლის კურდამთავრებული:

_ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ. უნივერსიტეტში შესვლისას ცოტა დაბნეული და გაუცხოებული ხარ, იმ ერთმა თვემ კი, რომელიც აქ გავატარეთ, ყველა ბარიერი მოგვიხსნა. მზად ვარ, ჩავაბარო უნივერსიტეტში და უკვე ვიცი, რაც უნდა ვისწავლო. ყველასთან ვმეგობრობთ, მათ შორის, ლექტორებთან. ახლა სულ ვაწუხებ, ვეკითხები, ექნებათ თუ არა კიდევ რაიმე საინტერესო პროექტი. დიდი სურვილი გვაქვს, უფრო რთული პროგრამაც შევისწავლოთ. პირველად რომ მოვედი, ვფიქრობდი, სკოლაში მეზარება სწავლა და აქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი, მაგრამ დიპლომატთა სკოლაში სწავლა სახალისო აღმოჩნდა.

დიპლომატთა სკოლაში სწავლამ ბევრ რამეზე შემაცვლევინა აზრი, რაც მთავარია, დებატები ვისწავლე, ვფიქრობ, შევძლებ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანის ჩემ მხარეზე გადმოყვანას.

მარიამ ხიდეშელი, დიპლომატთა სკოლის კურსდამთავრებული:

_ ყოველი აქ მოსვლა სახალისო იყო. ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე ამ სკოლაში მოსვლა, უამრავი რამ გავიგე და შევისწავლე. მთავარი იყო, გამერკვია, სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი, შემესწავლა დიპლომატია. გადაწყვეტილების მიღებაში სკოლა ძალიან დამეხმარა, დღეს ზუსტად ვიცი, რა მინდა.

ჩვენს თაობაზე ცუდი შეხედულება აქვთ და ამიტომ გული გვწყდება, მაგრამ, ლექციებს რომ დასწრებოდნენ, უფროსი თაობის ადამიანები ჩვენით იამაყებდნენ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here