Home რუბრიკები ისტორია ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

888

ამ წიგნის ანოტაციაში წერია, რომ რეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე უფრო წარმატებულად იყო მიჩნეული, ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ორმაგ პერიფერიად იქცა, მივარდნილ გარეუბნად ევროპისა. ახლა ეს ქვეყნები, რომელთაც უნდა შეესრულებინათ გეოპოლიტიკური ბუფერის როლი ვლადივოსტოკსა და ლისაბონს შორის, ერთგვარ ხიდად გადებულიყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღარავის აინტერესებს.

ინტერესის დაკარგვას კი შედეგად მოჰყვა ადგილობრივი ეკონომიკის დეგრადაცია და სოციალური დონის მკვეთრი დაქვეითება. მიგრაციის ტალღა ისე გაძლიერდა, რომ ბალტიისპირეთი დღეს სწრაფად ცარიელდება. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში (რაც შექმნილ ვითარებაში რეალური და გარდაუვალია), რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ეს, ერთ დროს აყვავებული და ფეხზე მყარად მდგარი ქვეყნები (რომელთა სასარგებლოდ დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკა მუშაობდა), დაუსახლებელ ტერიტორიებად იქცევა.

სამწუხაროა!

მაგრამ ასეთია ბალტიისპირეთის არჩევანი.

აღნიშნული წიგნის გადმოქართულებული ვარიანტი არამც და არამც არ არის (მიახლოებულიც კი) ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევის მცდელობა. მკითხველებს ამ ნაშრომს ვთავაზობთ ერთადერთი მიზნით _ გასაანალიზებლად და გასათვალისწინებლად ამ პერსპექტივისა, რომელიც შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, თუ ბალტიის სახელმწიფოების გზას ავირჩევთ. შეცდომები ისედაც საკმარისად დავუშვით

თავი I

დროა, გავასწროთ: ევაკუაცია სოციალურეკონომიკური უბედურების ზონიდან

ვინც ბოლო გაფრინდებით, არ დაგავიწყდეთ აეროპორტში სინათლის გამორთვა!

ბალტიისპირული ხუმრობა

ბალტიისპირეთი რეგიონია, რომელიც სწრაფად ცარიელდება. ბალტიის ქვეყნების ეფექტიანი განვითარების ნებისმიერ მოდელს უსაფუძვლოს ხდის მასობრივი მიგრაცია. ბალტიის ზღვის სანაპიროს ამ ზოლში გუდა-ნაბადის აკვრის ასეთი ტემპი არასოდეს ყოფილა: ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობა თვალსა და ხელს შუა დნება და ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიიწრიტება. ახალგაზრდობის უმრავლესობა ოცნებობს, დატოვოს სამშობლო, ასობით ათასი ადამიანი უკვე გადასახლდა სხვა ქვეყნებში.

ბალტიისპირეთის დეპოპულაცია: ევროკავშირის მიგდებული გარეუბანი

საბჭოთა კავშირისდროინდელი აღწერით, 1989 წელს ბალტიისპირეთში ცხოვრობდა 8 მილიონამდე ადამიანი. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სტატისტიკური სამსახურების ცნობით, ამჟამად იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობს 6,1 მილიონი მოქალაქე.

ანუ: ბოლო 25 წლის განმავლობაში ბალტიისპირეთმა ორ მილიონამდე მცხოვრები დაკარგა. რეგიონის მოსახლეობა თითქმის ერთი მეოთხედით შემცირდა! თანამედროვე ევროპისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია: ევროკავშირის ერთერთ რეგიონში ნამდვილი დემოგრაფიული კატასტროფაა _ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ისეთი მასშტაბით მიმდინარეობს, რომ სათუოს ხდის ამ ქვეყნების მომავალს.

გარე სამყაროსთვის ბალტიისპირეთის ტრაგედია შეუმჩნეველია _ არც არავის აინტერესებს. მაგრამ ამის გამო საკუთრივ ლიტვისთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის სიტუაცია ნაკლებად დრამატული ვერ იქნება და არც არის, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, საქმე ეხება ეროვნულ კატასტროფას. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ხელიდან ეცლება ადამიანური კაპიტალი: მოსახლეობის შემცირების პროცესის ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში (პროცესს კი შენელების არაფერი ეტყობა), ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, აქ მხოლოდ ტერიტორიები დარჩება.

მსოფლიოს ისტორიაში ასეთი დემოგრაფიული კატასტროფების მიზეზი იყო ომები, ეპიდემიები და ტერიტორიების დაკარგვა. მაგრამ “ბალტიისპირელი სამი და” საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად უსისხლოდ გავიდა, დამოუკიდებლობისთვის არ უომიათ, მთელი ტერიტორია შეინარჩუნეს, ხოლო მასობრივი ეპიდემიებიდან XX საუკუნის ევროპაში მხოლოდ გრიპი იყო შემორჩენილი. ამის მიუხედავად, დამოუკიდებლობის ორი ათეული წლის განმავლობაში ლიტვამ მილიონი მოქალაქე დაკარგა _ იყო 3,7 მილიონი, დარჩა 2,7 მილიონი _ მინუს 27 პროცენტი.

ლატვიის მოსახლეობის რაოდენობამ ახლახან გადალახა “ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ზღვარი”: 2014 წელს ცენტრალურმა სტატისტიკურმა სამმართველომ აღიარა, რომ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა უკვე 2 მილიონზე ნაკლებია. დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტისთვის ლატვიაში ცხოვრობდა 2,7 მილიონი ადამიანი, მაშასადამე, საერთო რაოდენობა 26 პროცენტით შემცირდა.

ასეთი დრამატული არა, მაგრამ მაინც საგრძნობია ესტონეთის მოსახლეობის კლება: იყო 1,5 მილიონი, დარჩა _ 1,3 მილიონი, ანუ ქვეყანამ დაკარგა თავისი მოსახლეობის 13 პროცენტი.

ბალტიისპირეთი არასოდეს ყოფილა მჭიდროდ დასახლებული რეგიონი, მაგრამ რაოდენობრივი კლების ასეთი ტემპი იქ არასოდეს აღნიშნულა. რეგიონის მოსახლეობის სიმჭიდროვე ამჟამად 39 ადამიანია ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ამ მონაცემით ბალტიის ქვეყნები მსოფლიოს ქვეყნების მეორე ასეულში იმყოფება, ევროპაში კი მათზე ნაკლები სიმჭიდროვით ხასიათდება მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნები… ევროპის ქვეყნებიდან სხვა დროსაც და სხვა პირობებშიც გარბოდა მოსახლეობა: ირლანდიელები, იტალიელები, შვედები, პორტუგალელები თავიანთ ქვეყნებს ტოვებდნენ მაშინ, როცა იქ მოკვდავობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა შობადობას, ხოლო ხელისუფლება იდეოლოგიური მოტივებით არ ინტერესდებოდა სოციალური პოლიტიკით.

ამჟამად ხდება ისე, რომ ქვეყნები, რომლებშიც ჩადიან ბალტიისპირელები _ დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მშობლიური, დემოკრატიულად არჩეული ლიდერებისგან განსხვავებით, ჩასვლისთანავე უზრუნველყოფენ ლატვიელებს/ლიტველებსსოციალური პაკეტებით” (რაზეც ლაპარაკი გვექნება VII თავში).

მიგრაციის სტატისტიკური შედეგი ასეთია: 175 ათას კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 6,1 მილიონი ადამიანი. მოსახლეობის გადინება არ შეჩერებულა.

ბალტიისპირეთს სამხრეთით ესაზღვრება 38-მილიონიანი პოლონეთი, აღმოსავლეთით _ 142 მილიონიანი რუსეთი, ჩრდილოეთით _ ბალტიის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სკანდინავიაა.

ლატვიელი დემოგრაფის პეტერის ზვიდრინშის გათვლით, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა: ნორვეგიაში _ 8,3 პროცენტით, შვედეთში _ 5,4 პროცენტით, ფინეთში _ 3,5 პროცენტით, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმიგრაციასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე _ სკანდინავიის სახელმწიფოების სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებულობასთან. მოსახლეობის გადინების რეკორდსმენებად ლიტვა და ლატვია წარმოგვიდგა, რაც, თავის მხრივ, მიგრაციის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ სოციალური პოლიტიკის იგნორირების შედეგია.

წარმატებული მეზობლებით გარშემორტყმულ მიგდებულ გარეუბნად იქცა ბალტიისპირეთი.

სხვადასხვა გზით ვითარდებოდნენ ეს ქვეყნები _ ნორვეგია და ბელარუსი, რუსეთი და ფინეთი, შვედეთი და პოლონეთი. მაგრამ ამ განსხვავებულობასთან ერთად ისინი მსგავსნი არიან იმით, რომ იქ ისტორია არ გაჩერებულა. შეიძლება თუ არა იგივე ვთქვათ ლიტვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე?

არა. რადგან პირველი შთაბეჭდილება, რომელიც გვიჩნდება მათი გაცნობისას, გაჩერებული დროის განცდაა. აღმოსავლეთ ლიტვაში ყოფნისას ნებისმიერ ადამიანს ეგონება, რომ ნეიტრონული ბომბის აფეთქების ზონაში აღმოჩნდა: დარჩენილია ქალაქები, შენობები, ქუჩები, ადამიანები კი არსად ჩანან. გასაკვირი არ არის ასეთი ასოციაცია: დაუგავპლისში 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად 90 ათასია; რეზეკნეში _ 43 ათასი იყო, ამჟამად 32 ათასია; ლიეპაიეში 114 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა, ამჟამად _ 80 ათასია; ეკაბპილსში, შესაბამისად, _ 31 და 24 ათასი.

მოსახლეობის ბოლო აღწერით, ლატვიაში საცხოვრებელი სახლების 21 პროცენტი ცარიელია.

ესტონეთში “ყველაზე უფრო რუსული” ქალაქი ნარვა 1989 წელს 81 ათას მცხოვრებს ითვლიდა. მეოთხედი საუკუნის შემდეგ 62 ათასიღა დარჩა. ესტონეთის “ყველაზე უფრო ესტონურ” ქალაქ ტარტუში 25 წლის წინათ 114 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად 92 ათასია. კაუნასში, ლიტვის ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქთაგან ერთ-ერთში, 423 ათასი მცხოვრები იყო აღრიცხული, ამჟამად მხოლოდ 300 ათასია, კლაიპედაში 207 ათასი იყო, ამჟამად 157 ათასი დარჩა.

ლაპარაკია შედარებით მნიშვნელოვან ქალაქებზე, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებსა და სოფლებში, სადაც მოსახლეობა განახევრებულია, დეპრესიული მდგომარეობაა და ახალგაზრდობისგან სრულად არის დაცლილი. მოსახლეობის უმრავლესობა აქ კი არ ცხოვრობს, არამედ ცხოვრებას ამთავრებს და არავითარ სიახლეს არ ელოდება.

შეიძლება შეგვეკამათონ, რომ პროვინციის დეგრადაციის საშიში სურათი მხოლოდ ბალტიისპირეთისთვის არ არის დამახასიათებელი _ მიტოვებული სოფლებისა და სანახევროდ დაცარიელებული ქალაქების დეპრესიული სურათების ნახვა შეიძლება მეზობელი რუსეთის ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში. მართლაც ასეა. მაგრამ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში დეგრადაცია ვრცელდება არა მხოლოდ გარკვეულ პროვინციებზე, არამედ სრულიად ქვეყანაზე. ბალტიის ქვეყნებში არ არის “ზრდის წერტილები”, სადაც კონცენტრირებული არიან აქტიური, შრომისუნარიანი მოქალაქეები და საითკენაც მიისწრაფის მიყრუებული გარეუბნების მოსახლეობა. ბალტიისპირეთში მიაჩნიათ, რომ რეგიონი მიგდებულია და შიგა მიგრაცია არ არსებობს. ფსკოვის ოლქიდან შეუძლიათ სანკტპეტერბურგში ან მოსკოვში გადასახლება, და ამით რუსეთი არაფერს წააგებს. ბალტიისპირეთიდან კი ერთი სული აქვთ, გაასწრონ ლონდონში, დუბლინში, ნორვეგიაში, ფინეთში. ამით ლატვია, ლიტვა და ესტონეთი განუხრელად კარგავენ ადამიანურ პოტენციალს.

დეპოპულაცია რეგიონში საერთო სახელმწიფოებრივი სენი რომ არის, დასტურდება დედაქალაქების სტატისტიკითაც. ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქები მოსახლეობას ისევე კარგავენ, როგორც განაპირა მხარეები. ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში ტალინში ცხოვრობდა 482 ათასი ადამიანი, ამჟამად 395 ათასია. ვილნიუსში მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 583 ათასიდან 523 ათასამდე შემცირდა. 1989 წელს რიგაში ცხოვრობდა 915 ათასი კაცი (შემოგარენთან ერთად იგი მილიონერი ქალაქი იყო). ამჟამად ლატვიის დედაქალაქი 700 ათას მოქალაქეს ითვლის.

ორი ათეული პოსტსაბჭოთა წლის განმავლობაში ბალტიისპირეთის მოსახლეობა შემცირდა იმდენითვე, რამდენითაც გაიზარდა 40 საბჭოური წლის განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის დამოუკიდებელ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მოსახლეობის ისეთივე რაოდენობა იყო, რამდენიც ახლა არის. მიუხედავად რეპრესიებისა, რომლებსაც ამჟამად ჰიპერტროფირებული ფორმით აღწერენ ბალტიისპირელი პოლიტიკოსები, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სატიტულო ერების რაოდენობა არასოდეს იმდენი არ ყოფილა, რამდენიც საბჭოთა პერიოდში იყო… ამჟამად კი ამ ქვეყნის შვილები გარბიან თავიანთი ქვეყნებიდან. მიმდინარეობს სატიტულო ერების თანდათანობითი ამოწყვეტა.

დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდისთვის ამ ერებს ყველა სასტარტო მონაცემი გააჩნდა წარმატებით განვითარებისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოსახლეობის ოდენობით ისინი გასული საუკუნის პირველი ნახევრის დონეს დაუბრუნდნენ.

“ბალტიის ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთის პრესა ხშირად წარმოგვიდგენს, როგორც გაბედულ ეკონომიკურ რეფორმატორებსა და “ახალი ევროპის” ნიმუშებს, როგორც ჩანს, კატასტროფულად ამოწყვეტის პირზეა, _ წერს Forbesის ეკონომიკური მიმომხილველი მარკ ადომანისი, _ თუ ოდესმე შეიტყობთ, რომ “ბალტიით” ამართლებენ ამა თუ იმ კონსერვატიულ ეკონომიკურ პოლიტიკას, გაიხსენეთ, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქაური მოსახლეობა შემცირდა ისტორიულად უპრეცედენტო სისწრაფით”.

2. ემიგრაცია ციფრებში: რამდენმა დატოვა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი?

ბალტიისპირეთის ფენომენური გაუკაცრიელების მთავარი მიზეზი რეგიონიდან მოსახლეობის საყოველთაო ემიგრაციაა. ბალტიის ქვეყნებიდან კი არ მიემგზავრებიან, გარბიან: ეს პროცესი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. თანამედროვე ევროპისთვის, სადაც უმთავრესად ემიგრირებენ აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეები, გადასახლების ასეთი ტემპები სრულიად არატიპიურია. ბალტიისპირეთი, როგორც ევროპული ემიგრაციის ლიდერი, უსწრებს არა მხოლოდ ბულგარეთსა და რუმინეთს, არამედ იქ მიმდინარე გაუკაცრიელების პროცესი ევროპაში მიმდინარე ტენდენციას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ლიტვა

ლიტვის სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 1990-დან 2010 წლამდე ქვეყნიდან წავიდა 615 ათასი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი. საშუალოდ წელიწადში გადიოდა 30 ათასი ადამიანი. 2000 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ეს ნაკადი შემცირდა, მაგრამ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დაწყებისთანავე დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. იმავე დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს ლიტვიდან წავიდა 54 ათასი ადამიანი, 2012 წელს _ 41 ათასი, 2013 წელს _ 39 ათასი. ეს რიცხვები რომ შევაჯამოთ, გამოვა, რომ გასულ მეოთხედ საუკუნეში ქვეყანა დატოვა 750 ათასმა ადამიანმა. ასეთია ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც რეალობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რადგან ქვეყნიდან წასული ადამიანები ყოველთვის როდი აცხადებენ ლიტვის საზღვრის გადაკვეთის ჭეშმარიტ მიზნებს.

ემიგრანტთა რეალური რაოდენობა მილიონს უახლოვდება.

ემიგრაციის პიკი კრიზისის პიკიცაა: 2010 წლის რეკორდული მიგრაციის _ 84 ათასი _ მთავარ მიზეზად ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომლებიც ამ პრობლემისადმი იყო მიძღვნილი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილების უქონლობა არის დასახელებული.

საერთაშორისო მიგრაციის ვილნიუსის ბიუროს 2011 წლის მოხსენებაში ნათქვამია: “ემიგრანტების უმრავლესობა ლიტვას სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ტოვებს. მაგალითად, 2010 წელს პირთა 85 პროცენტმა, რომლებმაც წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, დაადასტურეს, რომ გამგზავრებამდე ისინი უმუშევრები იყვნენ წლის და უფრო მეტი დროის განმავლობაში”…

“ამ ფაქტორს,_ ნათქვამია შემდეგ მოხსენებაში,_ საფუძვლად უდევს ხელფასების ოდენობა ემიგრანტების მიერ შერჩეულ ქვეყნებში, რომელიც მსყიდველობითი შესაძლებლობის თვალსაზრისით ორ-სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ლიტვაში”.

იმავე მოხსენებაში აღნიშნულია სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობაც, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა “სოციალური დაუცველობა, სამართლიანობის არასაკმარისობა, დამსაქმებლების არადამაკმაყოფილებელი დამოკიდებულება მუშაკებისადმი, საზღვარგარეთ უკეთესი პერსპექტივის არსებობა”. ლიტვაში სოციალური სფეროს ტრაგიკულ მდგომარეობას ადასტურებენ ევროკავშირშიც.

Eurostat-ის მიხედვით, 2013 წელს ლიტვის მოსახლეობის 32,5 პროცენტი მატერიალური გაუცხოების რისკით ცხოვრობდა, ანუ დეპრივაციის ზღვარზე არსებობდა, რას ნიშნავს ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია ცხოვრებისეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობით.

იქვე (აღნიშნულ მოხსენებაში) ნათქვამია, რომ ლიტველთა 54 პროცენტი უჩივის ჯანმრთელობას, რაც ევროპაში ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთ პირობებში, თანაც, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრია და საზღვრები გახსნილია, ადამიანები მასობრივად გარბოდნენ ლიტვიდან.

“მონაცემებით დასტურდება, რომ ემიგრაციული ნაკადის თითქმის 40 პროცენტი შედგება გონებრივი შრომის მაღალკვალიფიციური მუშაკებისა და, ასევე, მაღალკვალიფიციური მუშებისგან. შედეგად, შრომითი ბაზრის ზოგიერთ სფეროში უკვე იგრძნობა მეცნიერების, ინჟინრების, სამედიცინო მუშაკებისა და სხვა სპეციალისტების დეფიციტი. “ტვინების ეს გადინება” სულ უფრო ძლიერ შეშფოთებას იწვევს ლიტვაში”, _ ნათქვამია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიმოხილვაში, რომელშიც საერთაშორისო მიგრაციის პროცესებია გაანალიზებული. “უმუშევრობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობას შორის (35,1 პროცენტი 2010 წელს და 32,9 პროცენტი 2011 წელს) შეიძლება ნაწილობრივ ახსნას 20-დან 34 წლამდე ემიგრანტების წილი კრიზისამდელ 47 პროცენტიდან 2008 წელს 56 პროცენტამდე გაზრდაში 2011 წელს”, _ ხაზგასმულია 2013 წლის ანალოგიური ხასიათის მოხსენებაში. აქვე მითითებულია, რომ ახალგაზრდობის წილის ზრდამ ემიგრაციის საერთო პროცესში და, ამასთანავე, დემოგრაფიულმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მომავალში სამუშაო ძალის უკმარისობა.

საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ამ წლების განმავლობაში სულ უფრო ინტენსიური ხდება ყველა იმ ძალის გადინება, რომლებსაც მომავალში ქვეყნის განვითარება უნდა უზრუნველეყო: სამეცნიერო-ტექნიკური მუშაკების, კვალიფიციური სპეციალისტების, ახალგაზრდობის. ლიტვური ემიგრაციის ნახევარს მიღებული აქვს საშუალო პროფესიული და უმაღლესი განათლება. ქვეყნიდან გასულთა ნახევარზე მეტი _ 52 პროცენტი _ ქალია. ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ შექმნილი არ აქვთ ოჯახები. მაგრამ ბოლო წლების მდგრად ტენდენციად იქცა ოჯახებით ემიგრირება. ან, როგორც ვარიანტი, ბავშვებს უტოვებენ ნათესავებს, ან მშობელთაგან ერთერთს, იმ გათვლით, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ოჯახიდან წასული დედა ან მამა, საზღვარგარეთ ფეხს მოიკიდებს, თავისიანებს უცხოეთში გადაიყვანს. ასეთი მიგრაციის დროებით მიგრაციად წარმოდგენა მხოლოდ რეალობის არაადეკვატურად შეფასებას ნიშნავს. ლიტვური ტრადიციული ოჯახი დღეს ბებია და ბაბუაა, რომლებთანაც შვილები ზაფხულობით ლონდონიდან შვილიშვილებს უგზავნიან. ლაპარაკი იმაზე, რომ პატარები მომავალში ლიტვაში იცხოვრებენ, უაზრობა ხდება.

ამ ტრადიციით მცხოვრებ ქვეყანას მომავალი არ აქვს.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here