Home რუბრიკები პოლიტიკა ახმეტ იარლიკაპოვი: “ისლამური სახელმწიფოსთვის” არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობა, ისინი მზად არიან, ააფეთქონ...

ახმეტ იარლიკაპოვი: “ისლამური სახელმწიფოსთვის” არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობა, ისინი მზად არიან, ააფეთქონ ყველა

667

ბოლო ხანს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს საბრძოლველად პანკისიდან მიმავალი ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. ცნობილია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერია პანკისელი თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი).

რას უქადის საქართველოს პანკისელი ახალგაზრდების სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასვლა და რა ფაქტორები თამაშობს როლსისლამური სახელმწიფოსარსებობაში _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსრუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის, ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი ახმეტ იარლიკაპოვი ესაუბრა.

_ ბატონო ახმეტ, რატომ მიდიან ახალგაზრდებიისლამური სახელმწიფოსმხარეს საომრად?

_ აქ, ჩემი აზრით, მიზეზების მთელი კომპლექსია. რუსეთშიც დავდექით ამ პრობლემის წინაშე. ახლა ისე არ მიდიან, როგორც 1990-იან წლებში. იმხანად ყველაფერი საკმაოდ მარტივად იყო: მიდიოდნენ ისინი, ვისაც მატერიალურად უჭირდა. დღეს ახალგაზრდების ფართო სპექტრი უერთდება ექსტრემისტებს და მატერიალური მდგომარეობის ნიშანი უკვე აღარ მუშაობს. თუ კონკრეტულად საქართველოზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისლამური სახელმწიფოსყველაზე საპასუხისმგებლო ჩრდილოეთ ფრონტს თარხან ბათირაშვილი ხელმძღვანელობს და ეს პიროვნული ფაქტორი ახალგაზრდებისთვის და, განსაკუთრებით, პანკისელი ახალგაზრდებისთვის ნამდვილად თამაშობს დიდ როლს. გარდა ამისა, ახალგაზრდების მხრიდან ექსტრემისტებისადმი მხარდაჭერაში სოციალური მიზეზებიც უნდა ვეძებოთ. ეს ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. როდესაც ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდები მიდიან საბრძოლველად, ისინი მიდიან სოციალური სამართლიანობის საპოვნელადაც, ანუ ისლამური სახელმწიფომათ ჰპირდება სოციალურ სამართლიანობას, ჰპირდება გამარჯვებულის შარავანდედს, ყველაფერზე გამარჯვებულის _ არა მხოლოდ დასავლეთზე, არამედ ყველანაირ უსამართლობაზე. სწორედ ამ სამართლიანობის ძიებას მიჰყავს ახალგაზრდები ექსტრემისტთა რიგებში.

_ არის მოსაზრება, რომ ახალგაზრდებმა არ იციან ტრადიციული ისლამი და ამიტომ მიდიან საბრძოლველად.

_ ხშირად დგება საკითხი, რომ ტრადიციული ისლამი სუსტია და ა.შ. სინამდვილეში ტრადიციული ისლამის საკითხი ძალიან რთულია იმ გაგებით, რომ, მაგალითად, საბრძოლველად რუსეთის ფედერაციიდან ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა დაღესტნიდან, სადაც ტრადიციული ისლამი ყველაზე ძლიერია, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთიდან, სადაც ტრადიციული ისლამი ყველაზე სუსტია, _ გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა, ანუ პირდაპირი კავშირი ტრადიციულ ისლამსა და ახალგაზრდების წასვლას შორის არ არის.

_ თუმცა სინამდვილეში ტრადიციული ისლამი არ მიესალმება ასეთ მიდგომას

_ დიახ, მაგრამ ძლიერი ე.წ. ტრადიციული ისლამი ვერ აკავებს ახალგაზრდების ნაკადს “ისლამურ სახელმწიფოში”. ეს სისტემა არ მუშაობს და ეს ფენომენი შესასწავლია. უნდა ჩატარდეს კვლევა, რათა გავიგოთ, როგორ შევაჩეროთ ეს ახალგაზრდები.

_ კონკრეტულად რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომისლამურ სახელმწიფოშიახალგაზრდების ნაკადი შეწყდეს?

_ როდესაც ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ამ ახალგაზრდების მიმართ ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად არაფორმალური. როდესაც სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკა ესმის თავისებურად და ბიუროკრატიულად, აი, ზუსტად ამ ბიუროკრატიას უნდა მოვერიდოთ და ვიმუშაოთ მიზანმიმართულად ამ ახალგაზრდებთან, რათა მათთვის “ისლამური სახელმწიფო” ნაკლებად მიმზიდველი გახდეს. მეორეა კონტრპროპაგანდა, რომელიც სრულიად სხვა დონეზეა ასაყვანი. უნდა ვისწავლოთ პროპაგანდის მექანიზმები “ისლამური სახელმწიფოსგან”. თუ ახალგაზრდები ნახულობენ “ისლამური სახელმწიფოს” ვიდეოს, უნდა შევთავაზოთ ჩვენი მასალები, რათა ნახონ, რა ხდება სინამდვილეში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ისლამური სახელმწიფო” ძლიერდება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, შოკირებული ვართ და ხმას არ ვიღებთ, იმ დროს, როდესაც მას მიჰყავს ჩვენი ხალხი.

_ ისლამის რომელი მიმართულების წარმომადგენლები არიან ყველაზე მეტიისლამურ სახელმწიფოში”?

_ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, პრაქტიკულად, ისლამის ყველა მიმართულების წარმომადგენლები არიან, პირველ რიგში, _ სალაფიტები, თუმცა სხვებიც მიდიან, რომლებიც რატომღაც საკმაოდ სწრაფად იცვლიან რწმენას და იქცევიან იმ ადამიანებად, რომლებიც იზიარებენ “ისლამური სახელმწიფოს” თვალსაზრისს. არატრადიციული ისლამის მიმდევრობა არ ცვლის მდგომარეობას, ამ პროცესის მთავარი ნიშანი არის ის, რომ ეს ადამიანები 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდები არიან. ამ წლოვანების ადამიანები აქტიურად ეპასუხებიან “ისლამური სახელმწიფოს” მიმართვებს.

_ ჩვენთან ხშირად საუბრობენ, რომისლამური სახელმწიფოახალგაზრდებს კარგ გასამრჯელოს ჰპირდება, სინამდვილეში კი საზარბაზნე ხორცად იყენებს

_ ეს ხალხი მართლაც იღებს ფულს “ისლამური სახელმწიფოსგან” და ეს განსაკუთრებით კავკასიელებს ეხება. არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც, ვთქვათ, ინდოელები ჩასულან საბრძოლველად და ისინი ტუალეტების მრეცხავებად დაუყენებიათ. მსგავსი რამ კავკასიელის მიმართ არ მოხდება. ისინი ძალიან აფასებენ კავკასიელებს და მათ ბრძოლისუნარიანობას. კავკასიელების მიმართ თითქმის ყოველთვის ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს და ეს ხალხი იღებს არა მხოლოდ ფულს, არამედ ბრძოლის შესაძლებლობას. მათთვის ეს რომანტიკაა, ეს არის შესაძლებლობა, შეუერთდნენ შეიარაღებულ ჯიჰადს, ხორცი შეასხან თავიანთ ოცნებებს სოციალურ სამართლიანობაზე.

_ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს განა არ შეუძლიათისლამური სახელმწიფოსდაფინანსების შეწყვეტა? ფულს ხომ რეალური ხალხი რიცხავს, ხოლო ფულის გარეშეისლამური სახელმწიფოდიდხანს ვერ იარსებებს.

_ საქმე ის არის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” დაფინანსების სისტემა ძალიან რთულია და, შესაბამისად, მასთან ბრძოლა მარტივი არ არის. პირველი _ მათ აქვთ შემოსავლები კონტრაბანდულად გაყიდული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან, მეორე _ ტერიტორიაზე ცხოვრობს რვა მილიონი ადამიანი, რომელთა გადასახადებიც “ისლამურ სახელმწიფოს” მისდის, მესამე _ ეს არის კერძო შემოწირულობები. მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით საკმაოდ აქტიურად უჭერენ მხარს “ისლამურ სახელმწიფოს”. 2014 წლის ბოლოს სოციალურ ქსელ ტვიტერში იყო 90 ათასი პროფილი, რომელიც დაუფარავად უჭერდა მხარს ამ დაჯგუფებას. ეს ხალხი გზავნის ფულს, მაგრამ გაცილებით მეტია ადამიანი, რომლებმაც იციან დასავლური საბანკო სისტემის არხების დაუცველობის შესახებ. ისინი იყენებენ ფულადი გზავნილების ისლამურ სისტემას _ ჰავალას. ეს არაფორმალური გზავნილების სისტემაა. თქვენ მიდიხართ ადამიანთან, რომელიც წარმოადგენს ამ ქსელს, ეუბნებით, ვის და სად უნდა გადასცეს თანხა, უტოვებთ ფულს და სხვა ადამიანი, რომელიც იმყოფება “ისლამურ სახელმწიფოში”, გადასცემს ამ თანხას. ეს დასავლური სისტემის მონაწილეობის გარეშე მუშაობს და, სამწუხაროდ, დაფინანსების ამ სისტემის გაკონტროლება არავის ძალუძს. დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ, აკონტროლონ საბანკო გადარიცხვები, მაგრამ პირად კონტაქტებსა და გადარიცხვებს ვერ გააკონტროლებენ. თუ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, მოსაფიქრებელია ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.

_ როგორია თქვენი პროგნოზი?

_ ვთვლი, რომ, სამწუხაროდ, ამერიკული სახმელეთო ოპერაცია ნაკლებად სავარაუდოა, ძალიან მწარე გამოცდილების შემდეგ ისინი იქ აღარ წავლენ, დაბომბვას აზრი არ აქვს _ დაბომბვას სადღაც მოაქვს შედეგი, სადღაც _ არა. თვითონ სტრუქტურა კი განაგრძობს არსებობას, გაზრდა-დაპატარავების მიუხედავად.

_ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიდანაც ახალგაზრდები მიდიანისლამური სახელმწიფოსრიგებში?

_ ბევრი თვლის, რომ ეს ხალხი უკვე მისიით დაბრუნდება. ვფიქრობ, ეს რეალური და სერიოზული საფრთხეა. “ისლამური სახელმწიფოსთვის” არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობა; ისინი მზად არიან, ააფეთქონ ყველა. ეს არის ხალხი, რომელიც დაბრუნდება საბრძოლო გამოცდილებით, დივერსიული გამოცდილებით, გლობალურ ტერორისტულ ქსელთან წვდომით და, რაც მთავარია, ჩამოიტანენ “ისლამური სახელმწიფოს” მეთოდებს.

ეს ძალიან სახიფათოა!

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

1 COMMENT

  1. მდააა!!! ესენი უპატრონო საქართველოს ძალიან სწრაფად დაეპატრონებიან და დედაბუდიანად ამოგვჟლეტენ დარჩენილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს.ვინმე შეუშლის მაგ სისხლზე გამხეცებულ ველურებს ხელს,თუ რა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here