Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში და დაიცავით, პირველ რიგში,...

ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში და დაიცავით, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე

517

მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დაიცავით, პირველ რიგში, თქვენი სიცოცხლე, _ განუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ.

საქართველოს პრემიერმა მწუხარება გამოხატა პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის გამო.

მის ოჯახს მივუსამძიმრე პირადად. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ოცნებობდა, რომ მამა გმირი ყოფილიყო. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს ამ პოლიციელის დაღუპვის გამო. დაჭრილი პოლიციელი, მადლობა ღმერთს, სტაბილურად არის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მადლობა ექიმებს, რომ ექვსსათიანი ოპერაციის შემდეგ შეძლეს მისი გადარჩენა. იმედი მაქვს, მკურნალობის პროცესი სტაბილურად წარიმართება. ჩვენი მხრივ, რაც გვევალება და რის გაკეთებაც შეგვიძლია, დავეხმარებით მაქსიმალურად, როგორც გარდაცვლილის, ასევე დაჭრილის ოჯახებს”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო ის არაადამიანი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. გახსოვთ, ბორჯომში ამ ადამიანმა ერთი პიროვნება მოკლა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრების მიმართ”, _ აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შს მინისტრს, პროკურატურას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ გააათმაგონ ბრძოლა.

ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მივმართავ ყველა პილიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ უსაფრთხოება და, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე. კრიმინალების, რომლებიც გარეთ არიან, ადგილი აქ არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში, ჩვენ შორის, მათი ადგილია ციხეში ან სხვაგან. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ. ჩემი მინისტრობის პერიოდში ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს 2-3 ნაბიჯით და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი. ასე რომ, ძალიან მძიმე იყო ეს შემთხვევა და იმედი მაქვს, მალე დააკავებენ ამ პიროვნებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here