Home რუბრიკები ისტორია ქართველთა როლი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში

ქართველთა როლი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში

1738

ადამიანებმა ატომური ბომბის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ანტუან ბეკერელმა (1852-1908), რადიოაქტიურობა აღმოაჩინა. შემდეგ იყო კიურის, ფრიშისა და მეიტნერის ცდები, რომელთა მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ურანის ბირთვზე ნეიტრონების ზემოქმედებით იწყება ურანის დაშლის ჯაჭვური რეაქცია.

1919 წელს მეცნიერებმა _ გერმანელმა ლინდემანმა და ბრიტანელმა ასტონმა _ პირველად წამოაყენეს წინადადება იზოტოპების დასაშლელად ცენტრიფუგის გამოყენების შესახებ. მეცნიერებმა ცენტრიფუგით პირველად 1936 წელს გამოაცალკავეს ურანის იზოტოპები, მაგრამ ეს ტექნოლოგია ძალიან რთული იყო, მოწყობილობები კი _ უზარმაზარი, ამიტომ აირდიფუზიური დაშლის ტექნოლოგია ამჯობინეს. თავდაპირველად, 100 გრ გამდიდრებული ურანის მისაღებად საჭირო იყო 2000 უზარმაზარი მოწყობილობა, ამიტომ დაიწყეს ქარხნების მშენებლობა, რომლებსაც იმდენი ენერგია სჭირდებოდა, რომ მათ გვერდით ელექტროსადგურებს აგებდნენ.

გენიოსი ფიზიკოსების ატომური აღმოჩენების მატერიალიზებაში არა მხოლოდ კაცობრიობის უჭკვიანესი პიროვნებები მონაწილეობდნენ, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ასიათასობით ადამიანიც. ზოგი ატომური მუხტის აფეთქებისას დაიღუპა, ზოგი _ პირველი ატომური დაბომბვისას (ჰიროსიმა და ნაგასაკი _ 1945 წლის 6 და 9 აგვისტო), ზოგი _ ელექტროსკამზე დასვეს ჯაშუშობისთვის, სხვები კი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის ორდენებით დააჯილდოვეს. ატომურ პროექტებთან დაკავშირებულია მსოფლიოს წამყვანი დაზვერვებიც. სსრკ-ის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ატომური ქალაქები შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებს ჰგავდა. უსაფრთხოების სამსახურში კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ატომური საიდუმლოებები უცხო ქვეყნის დაზვერვას ხელში არ ჩავარდნოდა…

1945 წლის 23 ივლისს პოტსდამის კონფერენციის მიმდინარეობისას აშშის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს ნართაულად უთხრა, რომ აშშმა ატომური ბომბი შექმნა. ტრუმენი იმედოვნებდა, რომ იაპონიას მანამდე გაანადგურებდა, ვიდრე მას სსრკ ომს გამოუცხადებდა, სწორედ ტრუმენი იყო იმავე წლის აგვისტოში ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის ინიციატორი. ტრუმენმა, რომელსაც აშშის ნაციონალური დაზვერვის შეფი, ადმირალი ჰოლენკოტერი არწმუნებდა, 1953 წლამდე სსრკ ატომური ბომბი არ ექნებაო, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ სტალინს უკვე კარგა ხნის წინათ ჰქონდა დაწყებული მუშაობა ატომური ბომბის შექმნაზე. 1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა.

1941 წლის 10 მარტს ლავრენტი ბერიამ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი რეზიდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა სტალინს:

“რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებში, ენერგიის ახალი წყაროების მიღების მიზნით ატომბირთვის დაშლის სამუშაოების მიმდინარეობისას დაიწყო საკითხის შესწავლა, როგორ გამოიყენონ ატომური ენერგია სამხედრო მიზნებისთვის.

1939 წელს საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-სა და გერმანიაში დაიწყო ინტენსიური სამეცნიერო-საკვლევი სამუშაოები ასაფეთქებელ საშუალებად ურანის გამოსაყენებლად. ეს სამუშაოები მკაცრად არის გასაიდუმლოებული…

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ აგენტურული გზებით მოპოვებულ მასალებში ინგლისის ატომური ენერგიის ურანის კომიტეტის მოღვაწეობა ხასიათდება ასე:

ა) ინგლისის სამხედრო კაბინეტი, ითვალისწინებს რა გერმანიის მიერ ამ ამოცანის წარმატებით გადაწყვეტას, დიდ ყურადღებას უთმობს ატომური ენერგიის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის;

ბ) სამხედრო კაბინეტის ურანის კომიტეტი, ცნობილი ფიზიკოსის დ. ტომპსონის ხელმძღვანელობით, კოორდინაციას უწევს იმ ინგლისელი მეცნიერების მუშაობას, რომლებიც დაკავებულნი არიან უდიდესი დამანგრეველი ძალის მქონე ურანის ბომბების დამზადებით;

გ) ეს ყველაფერი მიმართულია ურანის ერთ-ერთი იზოტოპის (ურან-235) გამოყენებისკენ;

დ) ფრანგმა მეცნიერებმა _ ჰალბანმა და კოვარსკიმ, რომლებიც ინგლისში გადაბარგდნენ, ურან-235-ის იზოტოპის მძიმე წყლით გამოყოფის ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

პროფესორმა ტეილორმა გამოიანგარიშა, რომ 10 კგ ურან-235-ის დამანგრეველი მოქმედება ტოლი იქნება 1600 ტ ტრინიტროტოლუოლისა. ურანის ბომბის ყველაზე დიდი სირთულე არის ურან-235-ის აქტიური ნაწილის გამოყოფა, ბომბის გარსის დამზადება და მასების გადაადგილებისთვის აუცილებელი სიჩქარის მიღება.

კონცენრნ “იმპერიალ ქემიკალ ინდასტრიეს”-ის მონაცემებით, ურან-235-ის იზოტოპების გამოსაყოფად საჭიროა 1900 აპარატი.

სსრკ-ისთვის ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აქტუალურობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია:

1) შემუშავდეს საკითხი სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან სამეცნიერო-სათათბირო ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ყველა მეცნიერისა და სამეცნიერო-საკვლევი ორგანიზაციის მუშაობას;

2) უზრუნველყოფა ურანის შესახებ შს სახალხო კომისარიატის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალების გაცნობისა სპეციალისტებისთვის.

ლ. ბერია”.

1942 წლის 28 სექტემბერს თავდაცვის სახელმწიფო კომისრის _ იოსებ სტალინის #2352CCის განკარგულებით, საბჭოთა კავშირში დაიწყო პრაქტიკული სამუშაოები ატომური ბომბის დასამზადებლად.

გერმანელი ფიზიკოსები სოხუმში

ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობა პირველად გერმანიაში დაიწყეს. მას უწოდებდნენ “ურანის პროექტს”, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ვერნერ ჰაიზენბერგი, კარლ-ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი და კურტ დიბნერი. ჰაიზენბერგი XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსია; ფონ ვაიცზეკერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტის _ რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის ძმა, აგრეთვე, დიდ ფიზიკოსად ითვლება. ომის შემდეგ ის მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.

ზოგი ექსპერტის აზრით, გერმანელებმა ატომური ბომბი იმიტომ კი ვერ შექმნეს, რომ ფიზიკოსებმა დაუშვეს შეცდომები, არამედ იმიტომ, რომ პროექტის ხელმძღვანელები შეუმჩნევლად ეწეოდნენ საბოტაჟს. ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობას ფაშისტები მკაცრად აკონტროლებდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ომის დასაწყისში ჰაიზენბერგი კოპენჰაგენში შეხვდა თავის მასწავლებელ ნილს ბორს და შეეცადა, მიეღწია შეთანხმებისთვის, რომ ორივე მხარეს მომუშავე ფიზიკოსებს ატომური ბომბი არ დაემზადებინათ, მაგრამ ბორი მის წინადადებას უნდობლად მოეკიდა და შეთანხმება არ შედგა.

აშშ-მა ატომურ ბომბზე მუშაობა დაიწყო ალბერტ აინშტაინის ცნობილი წერილის შემდეგ, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნა 1940 წელს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გერმანიაში აღმოსავლეთიდან _ სსრკ-ის, ხოლო დასავლეთიდან _ ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები შევიდნენ, დაიწყო ნადირობა გერმანელ სპეციალისტებზე. ამერიკელებმა გადაიბირეს ფონ ბრაუნი, რომელიც შემდეგ აშშ-ში სარაკეტო ტექნიკის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, ჰაიზენბერგი და ფონ ვაიცზეკერი. საბჭოთა არმიამ კი ხელში ჩაიგდო გერმანული რაკეტები “ფაუ-2”, აგრეთვე, გადაიბირა რამდენიმე ასეული მეცნიერი.

აკადემიკოსი იგორ კურჩატოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას, აღნიშნავდა:

პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა 50 პროცენტით საბჭოთა დაზვერვის დამსახურებაა, 50 პროცენტით _ მეცნიერების”. მასვე ეკუთვნის აღიარება: “ბერია კურატორობდა ყველა სამუშაოსა და კვლევას, რომლებიც დაკავშირებული იყო ატომური იარაღის შექმნასთან. მან უზადო ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინაბერია რომ არა, ატომური ბომბი არ იქნებოდა”.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავეურანის პროექტზემომუშავე ასობით გერმანელი მეცნიერი სსრკში ჩამოიყვანეს, მათ გარდა, გამოამგზავრეს ინჟინრები, მექანიკოსები, ელექტროტექნიკოსები და სხვ. სულ, ზოგიერთი მონაცემით, სსრკში ატომური ბომბის შესაქმნელად 7 ათასი გერმანელი სპეციალისტი იყო დაკავებული, მათგან 300 სოხუმში მუშაობდა.

1945 წელს გერმანელ ფიზიკოსებს გადაეცათ სანატორიუმები _ “სინოპი” და “აგუძერა”. ასე ჩაეყარა საფუძველი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტს, რომელიც სსრკ-ის ზესაიდუმლო ობიექტების სიაში იყო შეყვანილი.

დოკუმენტებში “სინოპს” უწოდებდნენ ობიექტ “A”-ს. მას ხელმძღვანელობდა ბარონი მანფრედ ფონ არდენე (1907-1997), მსოფლიოს მეცნიერებაში ლეგენდარული პიროვნება _ ფიურერის საყვარელი ფიზიკოსი, ტელევიზიის ერთ-ერთი შექმნილი, ელექტრომიკროსკოპისა და სხვა ხელსაწყოების ავტორი. მას 1956 წელს უფლება მისცეს, დაბრუნებულიყო გერმანიაში, სადაც დააარსა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი (დრეზდენში).

სანატორიუმ “აგუძერას” მიანიჭეს პირობითი სახელწოდება _ ობიექტი “Ô, მას ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის ლაურეატი (1925 წ), რაკეტა “ფაუ-3”-ის შემქმნელი გუსტავ ჰერცი (1887-1975), სახელგანთქმული ფიზიკოსის _ ჰენრიხ ჰერცის ძმისშვილი. წლების შემდეგ გუსტავ ჰერცი ისევე, როგორც ფონ არდენე, გერმანიაში დაბრუნდა.

ფონ არდენესა და გუსტავ ჰერცის მთავარი ამოცანა ურანის იზოტოპების განცალკევების სხვადასხვა მეთოდის შემუშავება იყო.

სოხუმში ჩაიყვანეს სხვა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერებიც, ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი ნიკოლაუს რილი (1901-1991). მეცნიერმა, რომელიც ფაშისტურ გერმანიაში ურანის გამდიდრების ექსპერტად ითვლებოდა, საბჭოელ ემისრებს აჩვენა ადგილი, სადაც ინახებოდა ურანის გასამდიდრებელი მოწყობილობები, რომლებიც შემდეგ სსრკ-ში ჩამოიტანეს. იქიდანვე წამოიღეს 300 ტ ურანის შენაერთი;

მაქს ფოლმერი (1885-1965), ომამდე ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ურანის იზოტოპების განცალკევების ცენტრიფუგის შემქმნელი მაქს შტეენბეკი _ მომავალში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, მასთან ერთად სოხუმში მუშაობდა, ვენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მოგვიანებით აირის ცენტრიფუგის პირველი პატენტის (1958 წ.) მფლობელი გერნოტ ციპე; აგრეთვე, _ მეცნიერები: ვერნერ ცულიუსი; გიუნტერ ვირტი; კარლ ციმერი; რობერტ დოპელი; პეტერ ტისენი; ჰაინც პოზე და სხვ.

გერმანიიდან სოხუმში ეშელონებით ჩაიტანეს სამი ციკლოტრონი, მძლავრი მაგნიტები, ელექტრონული მიკროსკოპები, ოსცილოგრაფები, მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები, უზუსტესი ხელსაწყოები. გერმანელი მეცნიერების ჩამოყვანა და ატომური ბომბის დასამზადებელი მოწყობილობების ჩამოტანა კი სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დამსახურება იყო, რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.

გერმანელმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს მათთან ერთად მომუშავე ქართველი ფიზიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ამ ორი ზესაიდუმლო ობიექტის შერწყმის შედეგად, 1950 წელს შეიქმნა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, რომელსაც ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამაარსებლის, ილია ვეკუას, სახელი ეწოდა.

დასასრულ, 1942 წლის 29 აგვისტოს პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდას სემიპალატინსკში ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.

როგორ არის მოწყობილი ცენტრიფუგა?

ცენტრიფუგა ელემენტარული მოწყობილობაა და ძველ სარეცხ მანქანას ჰგავს, რომელიც მუშაობს რეჟიმში: “გაწურვა-გაშრობა”. ჰერმეტულ კარკასში მოთავსებულია მბრუნავი როტორი. მას მიეწოდება აირი (UF6) ცენტრიდანული ძალით, რომელიც ასი ათასჯერ აღემატება დედამიწის მიზიდულობის ძალას. აირი იწყებს დაყოფას “მძიმე” და “მსუბუქ” ფრაქციებად. მსუბუქი და მძიმე მოლეკულები როტორის სხვადასხვა ზონაში ჯგუფდება, მაგრამ არა ცენტრში ან პერიმეტრზე, არამედ ზევით და ქვევით. როტორის თავსახურავი თბება და წარმოიქმნება აირის საწინააღმდეგო ნაკადი. ცილინდრის ზევით და ქვევით დამაგრებულია ორი მილაკი. ქვედა მილაკში გროვდება გაღარიბებული ნაერთი, ზევით _ ნაერთი ურან-235-ის ატომების დიდი კონცენტრაციით. ეს ნაერთი გადადის კიდევ ერთ ცენტრიფუგაში და ა. შ., ვიდრე ურან-235-ის კონცენტრაცია საჭირო ნიშნულს არ მიაღწევს.

ცენტრიფუგის ტექნიკური თავისებურებები

პირველ რიგში, ეს არის ბრუნვის სიჩქარე. თანამედროვე ცენტრიფუგებში ბრუნვის სიჩქარე წამში 2000 ბრუნია. და ასე მუშაობს გაუჩერებლად დაახლოებით 30 წლის განმავლობაში. თვითონ როტორი კი წარმოადგენს ჩვეულებრივ ბზრიალას, ნემსივით წვერით, რომელიც კორუნდის სადგამს ეყრდნობა, ზედა ნაწილი კი ვაკუმშია და ელექტრომაგნიტური ველი იჭერს.

ამჟამად რუსეთში 3 გამამდიდრებელი ქარხანაა, ცენტრიფუგა _ ასიათასობით.

ვინ გამოიგონა?

ეს არის გამოცანა, რომელიც იდუმალების ბურუსშია გახვეული. ამ საქმეში მონაწილეობდნენ: ტყვე გერმანელი ფიზიკოსები; საბჭოთა კონტრდაზვერვითი ორგანიზაცია “სმერშის” ოფიცრები შინაგან საქმეთა კომისრის ლავრენტი ბერიას მეთაურობით; აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და თვით ამერიკელი მფრინავი _ ჯაშუში ფრენსის პაუერსი, რომლის თვითმფრინავი U-2 1960 წლის 1 მაისს ჩამოაგდეს სვერდლოვსკში საბჭოთა ატომური ობიექტის ფოტოგადაღებისას.

საბჭოთა კავშირში აირის ცენტრიფუგაზე მუშაობისთვის 1945 წელს სოხუმში დაარსდა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი-5, რომელშიც სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენელთა მიერ დატყვევებული გერმანელი ფიზიკოსები საბჭოელ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ. 1952 წელს გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი სოხუმიდან ლენინგრადში გადაიყვანეს. 1953 წელს კი სიმინდის მოყვარულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ჯგუფი დაშალა, რის შემდეგაც გერმანელი მეცნიერები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ამჟამად

ცოტა ხნის წინათ აშშ-ში დაიხურა რუსი დამკვირვებლების ოფისი, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა. ეს გარიგება (მაღალგამდიდრებული ურანი _ დაბალგამდიდრებული ურანი) რუსეთსა და აშშ-ს შორის უდიდესია ატომური ენერგეტიკის ფარგლებში. კონტრაქტის მიხედვით, რუსმა ფიზიკოსებმა 500 ტონა საიარაღო ურანი საწვავად აქციეს ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის. ამ კონტრაქტიდან შემოსავალი კი მხოლოდ 1993-2009 წლებში 8,8 მილიარდი დოლარი იყო.

შესანიშნავი ცენტრიფუგების წყალობით ატომური დარგი ერთ-ერთია კოსმოსსა და სამხედრო ავიაციასთან ერთად, სადაც რუსეთი კვლავ ინარჩუნებს პირველობას. “როსატომს” 2013 წლიდან წინასწარ აქვს მიღებული შეკვეთები 2022 წლამდე, რომელთა ღირებულებაც 69,3 მილიარდს შეადგენს.

ბირთვული (ატომური) იარაღი

ეს არის ატომური საომარი მასალების მიზნამდე მიტანისა და მართვის საშუალებების ერთობლიობა. მას საფუძვლად უდევს მძიმე იზოტოპების, ძირითადად, ურანისა და პლუტონიუმის დაშლის ჯაჭვური რეაქცია. თერმობირთვულ იარაღში მონაცვლეობით მიმდინარეობს დაყოფისა და სინთეზის სტადიები (საფეხურები), რომელთა რაოდენობა განსაზღვრავს ბომბის საბოლოო სიმძლავრეს. გამოიყოფა გრანდიოზული რაოდენობის ენერგია და უამრავი გამანადგურებელი ფაქტორი. საშუალო სიმძლავრის ატომურ ბომბს შეუძლია, რამდენიმე წამში ფერფლად აქციოს ათეულ ათასობით ადამიანი და პირისაგან მიწისა აღგავოს საშუალო სიდიდის ქალაქი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here