Home რუბრიკები საზოგადოება თამარ ინჯგია: საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე რომ მიგიღონ, ან “ქოცი” უნდა იყო, ან...

თამარ ინჯგია: საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე რომ მიგიღონ, ან “ქოცი” უნდა იყო, ან “ნაცი”

615

საქართველოში, დიდი ხანია, დაიწყო კარგი იდეის განხორციელება _ კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საჯარო სამსახურში თანამშრომლად მიღება. იდეა კარგია, მაგრამ კონკურსგავლილ უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი შეფასება დაიმსახურეს, მაინც უმუშევარი დარჩნენ. ასე იყო 2012 წლამდე და ასეა დღესაც.

თუ ვინმე იტყვის, რომ ვცდებით და მიკერძოებულები ვართ, “ოცნებისთვის” ყველაზე სანდო ადამიანის თვალსაზრისს, უფრო ზუსტად, განცხადებას შემოგთავზებთ:

“როგორც წესი, ადამიანები უკვე დანიშნულები არიან სამსახურებში და ამ კონკურსებით, მაპატიეთ, მაგრამ მათი “გაპრავება” ხდება. თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ასეა _ დიახ, კადრების შესარჩევად კონკურსები ტარდება, მაგრამ უმეტესად ეს კონკურსები ფორმალობაა.

ყველა ადამინის ბუნებაშია ნეპოტიზმის ელემენტები – ცუდი ან საშუალო დონის თავისიანი ურჩევნია კარგ უცხოს. თუ, პირობითად, ჩემი ბიძაშვილი ან ახლობელი, რომელიც დროებით, მოვალეობის შემსრულებლად მყავს დანიშნული, მინდა, რომ კონკურსით “გავაპრავო”, გამოვაცხადებ კონკურსს, სადაც 150 კაცი მოვა, მაგრამ კონკურსის ერთ-ერთ პირობაში რომელიმე, უნიკალური კომპიუტერული პროგრამის ცოდნის აუცილებლობას ჩავდებ… კომისიის ხუთი პატიოსანი წევრი გადახედავს კონკურსანტთა შედეგებს და, კანონის სრული დაცვით, სამსახურში ჩემს ბიძაშვილს დატოვებს,” _ ამბობს “ქართუ ბანკის” ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი.

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმარტვილის რაიონში მცხოვრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ვაკანსიაზე ატესტაციაგავლილი თამარ ინჯგია დაუკავშირდა:

_ მარტვილის საკრებულოში 42 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე, გამევლო ტესტირების ყველა საფეხური, რომლებიც სამსახურის დასაწყებად იყო საჭირო. ტესტებში 55 ქულა ავიღე, არადა, საჭირო ქულათა რაოდენობა, რომელიც იქვე, ადგილზევე დაადგინეს, 31 იყო. შემდგომი საფეხური გასაუბრებაა, რომელიც ასევე წარმატებით გავიარე. კომისიაში მოწვეული ჰყავდათ ვინმე ნატალია პაპასკირი, რომელმაც მითხრა, შენ მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს და ყველაფერი წარმატებით გაიარეო. თან დაამატა, თუ რამე მოხდება, ვიდეოთვალიც არის ჩართული და ყველაფერი იწერებაო.

კონკურსის პასუხები სამი თვის ვადაში უნდა გამოქვეყნებულიყო. ჩემს პირად ფოსტაზე მომივიდა პასუხი, რომ კონკურსი ვერ გავიარე. ეს იყო პარასკევი საღამო, ვეღარაფერს მოვასწრებდი, ამიტომ საკრებულოში ორშაბათს მივედი და შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიას, რომელიც, ამასთანავე, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეც ბრძანდებოდა. ბუნებრივია, ვიკითხე _ მაქსიმალური ქულები დავაგროვე და რა მოხდა, რა შეცდომა მქონდა და რა მიზეზით ვერ გავიარე კონკურსი? ალექსი გაბისონია ნახევარი საათის განმავლობაში მიხსნიდა, რომ “უკონკურენტო არავინ არის”. ვუპასუხე, _ თავი უკონკურენტოდ რომ ჩამეთვალა, კონკურსს არ გავივლიდი-მეთქი.

კატეგორიულად ვითხოვდი, აეხსნათ მიზეზი, რატომ ვერ გავიარე კონკურსი 55 ქულით. პასუხი რომ ვერ მივიღე, თვითონვე გავარკვიე, რომ არსებობდა საპრეტენზიო კომისია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, დამედგინა, რაში იყო საქმე, თვითონ საკრებულოს თანამშრომლებს კი საპრეტენზიო კომისიის არსებობის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ძმას დავურეკე და ვთხოვე, გაერკვია, სად და ვისთან უნდა მივსულიყავი; მან მითხრა, ახლახან შევიტყვე, ჩემი ძმა ამ კომისიის თავმჯდომარედ რომ დაუნიშნავთო. განცხადება დავწერე კომისიის თავმჯდომარის სახელზე და დავტოვე. ოთხი დღე არავინ დამკავშირებია, ბოლოს კი მითხრეს, რომ არადამაჯერებელი იყავი და ტესტირება ვერ გაიარეო.

საპრეტენზიო კომიისგან ასეთი პასუხი რომ მივიღე, ისევ საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე თხოვნით, ჩემთვის მოეცათ ის დოკუმენტები, რომლებიც კანონით მეკუთვნის – პირადი მონაცემები, სადაც აუცილებლად უნდა იყოს თანდართული კომისიის წევრების მოსაზრებები ჩემ მიერ გავლილი ატესტაციის შედეგზე, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე, რომ პირადი მონაცემები მომცენ.

_ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, რაზე გაქვთ ეჭვი?

_ მხოლოდ ოთხ ადამიანს გვქონდა 55 ქულა. ასეთი შედეგი არ ჰქონია არც ერთს, ვინც სამსახურში აიყვანეს. რაც შეეხება ეჭვს, ზუსტად ვიცი, საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიაზე რომ მიგიღონ, ან “ქოცი” უნდა იყო, ან “ნაცი”. საკრებულოში არავის უნდა ისეთი ადამიანი, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში მათ დაკვეთას არ შეასრულებს. აი, რასთან გვაქვს საქმე.

_ ქალბატონო თამარ, თუ მარტვილში სხვა ყველაფერი კარგად არის, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს და აუცილებლად დაგიკავშირდებიან.

_ მარტვილში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ადამიანებს ისე აღარ იჭერენ, როგორც “ნაცების” პერიოდში, სხვა არაფერი განსხვავება არ არის წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის. მარტვილში ისევ ნაცნობობითა და პარტიული ნიშნით იღებენ ადამიანებს. ადგილობრივებს, რომლებსაცნაცებიარ სწყალობდნენ, არცქართული ოცნებასწყალობს, ერთერთი ასეთი მეც ვარ.

გაგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან მალე მარტვილის რაიონი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა _ ადგილობრივები რესპუბლიკურ პარტიაში “პორტირებულ “ნაცებზე” საუბრობდნენ: “ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ახალაიებს, ქარდავებს, გოროზიებს ვებრძოდით, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ხოლო ადამიანები, რომლებმაც შეიცვალეს მხოლოდ მაისურები და ნომერი 5-ის ნაცვლად ნომერი 41 ჩაიცვეს, კვლავ დააწინაურეს.

2013 წლის ივლისში მარტვლის რაიონში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, “ოცნების” მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მდივანს, ამჟამად უფლებაშეჩერებულ არმაზ ახვლედიანს მარტვილში ჩასვლა სთხოვეს, მაგრამ ქუთაისში მყოფი ახვლედიანი სასწრაფოდ დედაქალაქში დაბრუნდა… მარტვილელებმა განაცხადეს, რომ: “ახვლედიანი მოდიოდა მარტვილში, მაგრამ გაიგო, რომ აქ ძალიან გაბრაზებული ხალხი ელოდებოდა და აღარ ჩამოვიდა”. მოიგვიანებით, ახვლედიანი მარტვილს მაინც ესტუმრა, ოღონდ დილით, ისეთ დროს, ხალხს რომ ეძინა. რამდენიმე ადამიანმა, რომლებმაც მისი ვიზიტის შესახებ შეიტყვეს და გაღვიძება მოახერხეს, თქვეს: “ჩვენ მიერ დასმულ არც ერთ შეკითვაზე მას პასუხი არ ჰქონდა, გაუგებრად საუბრობდა და იმეორებდა, რომ მიზეზებზე ღიად საუბარი არ შეუძლია და რომ ჩვენთან ყველაფერს ვერ იტყვის”.

თამარ ინჯგიას პრეტენზიაზე კომენტარისთვის არმაზ ახვლედიანს _ ვერა, მაგრამ მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიას კი დავუკავშირდით.

_ ბატონო ალექსი, მარტვილელ თამარ ინჯგიას პრეტენზია აქვს, რომ ატესტაცია წარმატებით გაიარა, მაგრამ უმუშევარი დარჩა. მან ვერ გაიგო, რატომ უთხრეს უარი. თამარ ინჯგიას სურს თავისი პირადი მონაცემების აღება, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, არ აძლევთ

_ საინტერესოა, არ ვიცი, რა დავუკავე? რა არ გავუკეთე? გასაუბრება ძალიან ბევრმა გაიარა წარმატებით. უბრალოდ, კომისიამ უკეთესზე უკეთესი შეარჩია.

_ ეს ქალბატონი ამბობს, რომ ისეთი მაღალი ქულები, როგორიც მან მოიპოვა, არავის ჰქონია და ვაკანტურ ადგილებზე დაბალქულიანები მიიღეთ.

_ შესაძლოა, მან მაღალი ქულები მიიღო, მაგრამ გასაუბრება ვერ გაიარა, გასაუბრება იმისთვის არის, რომ ცოდნა, გამოცდილება და კომუნიკაციის უნარი გამოააშკარავოს ადამიანმა.

პირადი მონაცემების მიღებას დრო სჭირდება. ის ითხოვს აუდიოჩანაწერს, მაგრამ საქმე ის არის, რომ კომისიას არ აქვს ვალდებულება და ოფიციალურად არ ითხოვს არავინ, რომ ატესტაციაზე ვიდეოთვალი აუცილებლად უნდა იყოს. ქალბატონ თამარს შეუძლია, სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ჩვენ ხელთ არსებული ყველა საბუთი გადავეცით, ვიდეო და აუდიოჩანაწერი კი არ გვაქვს.

_ ის ამბობს, რომ პარტიული ნიშნით შეირჩა კანდიდატურები.

_ მერე რა, მით უმეტეს, რა პრეტენზია აქვს? ატესტაციის პროცესს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრება, მარტვილში პროცესი გამჭირვალეა, შეგიძლიათ, თავადაც დაესწროთ… 

ქალბატონი თამარი ძალიან კარგი ადამიანია, ის   მომზადებულიც იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დანიშნულიყო.

_ ბატონო ალექს, ქალბატონი თამარი არ გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გსაყვედურობთ, რომ მარტვილში მცხოვრებ უპარტიო კონკურსანტებთან შედარებითნაციონალებსაცკი უპირატესობას ანიჭებთ

_ ვინ ამბობს, რომ ვინმე დავჩაგრეთ? ვიცი, ახლა ჩემს ყოველ სიტყვას იწერთ და ამიტომ გეტყვით პრეტენზიის მქონეთა გასაგონად: ყველა კონკურსანტმა უკვე მიმართა საპრეტენზიო კომისიას და ხელთ აქვთ ინფორმაცია გადაწყვეტილების თაობაზე. ამის შემდეგ ყველას შეუძლია, ერთი თვის ვადაში  სასამართლოს მიმართოს.

კონკურსი გამოცხადებული იყო 41 ვაკანტურ ადგილზე, შემოვიდა 141 განაცხადი, ბუნებრივია, ვიღაც გარეთ დარჩებოდა.

_ გასაგებია, მაგრამ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბარიერი 31 ქულა იყო, ხოლო ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დარჩნენ, 55 ქულა დააგროვეს.

_ დიახ, ბატონო, ხდება. დარწმუნებული ხართ, რომ მითითებული ოთხი სავარაუდო პასუხიდან მან ზუსტად იცოდა, რომელი იყო სწორი? იქნებ ვარაუდით  შემოხაზა ან გამორიცხვის მეთოდით? იქნებ გაუმართლა და პასუხიგაარტყა?”

_ თქვენ როგორღა დაადგინეთ კონკურსანტმა პასუხიგაარტყათუ მართლა იცოდა?

_ თქვენთან დებატებს არ ვაპირებ. გმადლობთ, პასუხის გაცემის საშუალება რომ მომეცით.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. ქალბატონო ეკა,რატომ წერთ იმას რაც არ მითქვია. ვინააა არმაზ ახვლედიანი და მითუმეტეს მისი არშემდგარი ვიზიტი რაშუაშია. როდის იყო ამაზე ლაპარაკი. ეს რა უბედურება. რატომ არ წერთ იმას რაც მე ვილაპარაკე. მეორე, 55 ქულა მე მივიღე და კიდევ სამმა მიიღო 56,57 ქულა. აქედან ორს ჩემსავით უარი მოუვიდა პასუხად.

  2. " გასაუბრება იმისთვის არის, რომ ცოდნა, გამოცდილება და კომუნიკაციის უნარი გამოააშკარავოს ადამიანმა." ამ სიტყვების ავტორი ალექსი გაბისონია მერე წერს,რომ –" დარწმუნებული ხართ, რომ მითითებული ოთხი სავარაუდო პასუხიდან მან ზუსტად იცოდა, რომელი იყო სწორი? იქნებ ვარაუდით შემოხაზა ან გამორიცხვის მეთოდით? იქნებ გაუმართლა და პასუხი “გაარტყა?” და ეს კაცი გაფასებს. იმდენი ჭკუა მაინც არ ყოფნის რომ ეს სისულელე არ თქვა.

  3. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ რა კონტექსშია ეს არმაზ ახვლედიანი მოხსენიებული. და კიდევ საპრეტენზიო კომისიის თავჯდომარის ძმა საიდან მოგივიდათ. ყავს რო ძმა. რა საჭიროა ეს უზუსტობები. ან "ქოცები" ამ სიტყვას ვერ ვიტან. რატომ წერთ რატომ?! ხო შეიძლება ის დაწეროთ რასაც ვამბობ. არაა საკმარისი ის უმსგავსოება რაც კონკრეტულად მე მოვყევი. რაც შეეხება ისევ ალექსი გაბისონიას თურმე ნათქვამს,რომ დროს სჭირდებოდა ჩემი განცხადების პასუხს,სადაც ვითხოვდი პასუხს-ნუთუ ორი კვირა სჭირდება 3 წინადადების დაწერას. მაგრამ ეს კაცი არაპროფესინალიზმთან ერთად არის მატყუარა. სამრცხვინოა ესთი ადამიანები მართვდნენ მუნიციპალიტეტს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here