Home რუბრიკები ისტორია ოპერაცია “ედელვაისის” კრახი და ლავრენტი ბერიას როლი კავკასიის დაცვის საქმეში

ოპერაცია “ედელვაისის” კრახი და ლავრენტი ბერიას როლი კავკასიის დაცვის საქმეში

5149

კავკასიისთვის ბრძოლა, რომელიც 1942 წლის 25 ივლისიდან 1943 წლის 9 ოქტომბრამდე გრძელდებოდა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა და ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს: ფაშისტური გერმანიის, რუმინეთისა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების შეტევად (1942 წლის 25 ივლისი _ 31 დეკემბერი) და საბჭოთა არმიის კონტრშეტევად (1943 წლის 1 იანვარი _ 9 ოქტომბერი).

იმჟამინდელი სსრკ-ის ეკონომიკისთვის ნავთობის ძირითადი წყარო ჩრდილოეთ კავკასია და ბაქო იყო, გარდა ამისა, ფაშისტების მიერ უკრაინის დაპყრობის შემდეგ ძალიან გაიზარდა ყუბანის ოლქის როლი უზარმაზარი ქვეყნის ხორბლით მომარაგებაში. კავკასიის დაკარგვას შეეძლო, გადამწყვეტი როლი ეთამაშა სსრკ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ჰიტლერმა კავკასია ძირითად მიმართულებად აირჩია.

ვერმახტის არმიების ჯგუფმა, რომელიც კავკასიაზე შესატევად შეიქმნა, მიიღო კოდი A.

ჯგუფ A- ამოცანა იყო: სამხრეთის ფრონტზე განლაგებული საბჭოთა არმიის ნაწილების განადგურება და ჩრდილოეთი კავკასიის დაპყრობა; გროზნოსა და ბაქოს ნავთობსაბადოების დაუფლება; ამასთანავე, _ კავკასიის ქედის უღელტეხილებიდან საქართველოზე იერიში; ხოლო ცოტა მოგვიანებით, სტალინგრადის ხელში ჩაგდების შემდეგ, _ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ბრიტანულ საჯარისო ქედანაყოფზე შეტევა.

ფაშისტთა სარდლობამ გაითვალისწინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ნაწილი, განსაკუთრებით _ ჩეჩნები, მტრულად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ (ჩეჩნეთში ანტისაბჭოთა გამოსვლები ჯერ კიდევ 1940 წელს დაიწყო ჰასან ისრაილოვის ხელმძღვანელობით და გააქტიურდა 1941-42 წლებში, როცა საბჭოთა არმია უკან იხევდა) და კავკასიაში კაზაკებისა და მთიელებისგან რამდენიმე ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა, რომლებიც ვერმახტს დაექვემდებარა.

დონის როსტოვის დაცემის შემდეგ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთ რაიონებთან კავშირი შესაძლებელი იყო მხოლოდ კასპიის ზღვიდან მდინარე ვოლგითა და შემდეგ სალსკ-სტალინგრადის სარკინიგზო მაგისტრალით. ამ კომუნიკაციის გადაჭრით, გერმანელები სრულიად კავკასიას ხელში ჩაიგდებდნენ და საბჭოთა კავშირის უმნიშვნელოვანეს რესურსს წაართმევდნენ, ამიტომ სტალინგრადზე შესატევად შეიქმნა არმიების ჯგუფი B, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ფონ ვეიხსი. 1942 წლის ნოემბრამდე სტალინგრადის მიმართულება დამხმარე მიმართულებად ითვლებოდა კავკასიის დაპყრობის გეგმაში.

გერმანელთა მხრიდან კავკასიაზე შეტევაში მონაწილეობდა ვერმახტის სამხრეთის არმიების ჯგუფი A:

* 1 სატანკო არმია ფელდმარშალ ევალდ ფონ კლეისტის ხელმძღვანელობით;

* მე-17 არმია გენერალპოლკოვნიკ რიჰარდ რუოფის ხელმძღვანელობით;

* რუმინეთის მესამე არმიის სამთო კორპუსი და კავალერია;

* ლიუფტვაფეს მე-4 საჰაერო ფლოტი.

 თავდაპირველად არმიების ჯგუფს ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ვილჰელმ ლისტი, მაგრამ, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეტევის ტემპით უკმაყოფილო ჰიტლერმა სარდლობა თვითონ დაიკისრა, მოგვიანებით კი უფლებამოსილება ფელდმარშალ პაულ ლუდვიგ კლეისტს გადასცა. ბოლოს არმიების ჯგუფ A-ს გენერალ-პოლკოვნიკი ებერჰარდ ფონ მაკენზენი ხელმძღვანელობდა.

კავკასიის დაცვაში სსრკ-ის მხრიდან მონაწილეობდნენ:

*სამხრეთის ფრონტი (სარდალი როდიონ მალინოვსკი), რომელშიც შედიოდა მე-9, მე-12, მე-18, 24-, 37-, 51- და 56- არმიები. 1942 წელს სამხრეთის ფრონტი ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტთან გაერთიანდა, 51- არმია კი სტალინგრადის ფრონტს გადაეცა.

* ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტი (სარდალი _ სემიონ ბუდიონი), რომელშიც გაერთიანებული იყო 47- არმია, პირველი მსროლელთა კორპუსი, კავალერისტების მე-17 კორპუსი და მე-5 საჰაერო არმია. 1942 წლის 4 სექტემბერს ეს ფრონტი დაიშალა, მისი ქვედანაყოფი კი ამიერკავკასიის ფრონტის შემადგენლობაში შევიდა.

* ამიერკავკასიის ფრონტი (სარდალი _ ივან ტიულენევი), რომელშიც გაერთიანებული იყო: 44- არმია, 45- არმია, კავალერისტების მე-15 კორპუსი, 14 საავიაციო პოლკი. 30 აგვისტოს ჩამოყალიბდა 58- არმია. სექტემბერში კი ფრონტს გადაეცა მე-12, მე-18, 56- და 58- არმიები დაშლილი ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტიდან.

* შავი ზღვის ფლოტი (სარდალი _ ადმირალი ფილიპ ოქტიაბრსკი).

გერმანელებმა შეტევა წარმატებით დაიწყეს. საბჭოთა არმიების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დაეცა სევასტოპოლი, არმავირი, მაიკოპი, კრასნოდარი, ელისტა, მოზდოკი და ნოვოროსიისკის დიდი ნაწილი. 21 აგვისტოს კი გერმანელებმა იალბუზზე ფაშისტური დროშა აღმართეს.

საბჭოთა არმიამ გერმანელების შეჩერება მხოლოდ ტუაფსესთან მოახერხა.

ამის შემდეგ საბჭოთა არმიამ ნელ-ნელა მოიპოვა უპირატესობა. 1943 წლის დასაწყისში კი კონტრშეტევაზე გადავიდა და გერმანელებს უკანდახევა აიძულა.

კავკასიისთვის ბრძოლებში აღსანიშნავია გერმანელთა მიერ დაგეგმილი ოპერაციაედელვაისი”, რომლის კრახით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველებმა.

“ედელვაისი” (გერმ. _ Operation Edelwei() _ ეს არის კოდური სახელწოდება გერმანიის სარდლობის მიერ დაგეგმილი ოპერაციისა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის დაპყრობას და რომელიც 1942 წლის 23 ივლისს დაამტკიცა ჰიტლერმა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ შემდეგი ძალები:

* არმიების ჯგუფი A ვილჰელმ ლისტის ხელმძღვანელობით;

* 1-ლი სატანკო არმია ევალდ ფონ კლეისტის ხელმძღვანელობით;

* მე-4 სატანკო არმია გერმან გოტის ხელმძღვანელობით;

* მე-17 არმია რიჰარდ როუფის ხელმძღვანელობით;

* ლიუფტვაფეს მე-4 საჰაერო ფლოტი (1000 თვითმფრინავი) გენერალფელდმარშალ ვოლფრამ ფონ რიხტჰოფენის ხელმძღვანელობით;

* რუმინეთის მე-3 არმია გენერალ პეტრე დუმიტრესკუს ხელმძღვანელობით.

არმიების ჯგუფ A-ს აღმოსავლეთიდან ეხმარებოდა არმიების ჯგუფი B, გენერალ-პოლკოვნიკ ფედორ ფონ ბოკის ხელმძღვანელობით. სახმელეთო ჯარებში იყო 167 ათასი ჯარისკაცი, 15 ათასი სამხედრო ინჟინერი, 4540 ტყვიამფრქვევი და 1130 ტანკი.

მზადება

კავკასიაზე შეტევის წინ გერმანიაში დაარსდა სანავთობე ფირმები _ “ოსტ ოილიდაკარპატენ ოილი”, რომლებმაც გერმანიის ხელისუფლებასთან ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს ექსკლუზიური უფლება, 99 წლის განმავლობაში გაეწიათ ექსპლუატაცია კავკასიის ნავთობსაბადოებისთვის. ამ მიზნით, გერმანიაში ჩამოასხეს უამრავი მილი, რომლებიც მოგვიანებით ხელში ჩაიგდო და გამოიყენა საბჭოთა კავშირმა.

გერმანელებმა შექმნეს სპეციალური ეკონომიკური კომისია, რომელმაც აკრძალა ნავთობსაბადოების დაბომბვა. ნავთობის მწარმოებელი ობიექტის დასაცავად და საბჭოთა არმიის ქვედანაყოფების შესაჩერებლად კი ეს-ეს-ისა და კაზაკების სპეციალური პოლკები შეიქმნა.

ოპერაცია

1942 წლის 23 ივლისს, დონის როსტოვის დაცემის შემდეგ, ევალდ ფონ კლეისტის სატანკო შენაერთები კავკასიის ქედისკენ დაიძრნენ. სამთო დივიზიაედელვაისისმეთაურმა ჰუბერტ ლანცმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიისთვის მდინარე ყუბანის ხეობიდან შეეტია _ გადასულიყო მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე. გერმანელი ფაშისტების მე-4 სამთომსროლელი დივიზია კი, რომლის შემადგენლობაშიც ტიროლელები იყვნენ, საქართველოში გადმოსვლას სანჩარის უღელტეხილიდან შეეცადა.

დივიზია “ედელვაისის” ფლანგების დასაცავად და იალბუზისკენ მიმავალი ბილიკის ხელში ჩასაგდებად შეიქმნა სპეციალური რაზმი. 1942 წლის 21 აგვისტოს ჰაუპტმან ჰაინც გროტის რაზმმა კავკასიონის უმაღლეს წერტილზე _ იალბუზზე _ გერმანული დროშები (ტევტონების შტანდარტები) აღმართა _ ნაცისტთა იდეოლოგები თვლიდნენ, რომ იალბუზი იყო არიელთა წმინდა მთა, რომელშიც დამალულია ლეგენდარული შამბალას (მითური ქვეყანა) შესასვლელი. ნახევარი წლის შემდეგ კი, 1943 წლის 13 თებერვალს, გერმანელთა დროშები საბჭოთა სამხედრო ალპინისტებმა ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად საბჭოური დროშები და სიმბოლოები აღმართეს.

როცა გერმანელები გუდაუთას 20-25 კმზე მიუახლოვდნენ, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მტერს საქართველოს დაპყრობა რამდენიმე დღეში შეეძლო, თურქეთის მილიონიანი არმიაც მზად იყო სსრკის წინააღმდეგ შეტევის დასაწყებად. კავკასიის ნავთობსაბადოების დაკარგვა საბჭოთა არმიას კატასტროფამდე მიიყვანდა, რადგან არმიის მომარაგება საწვავით შეუძლებელი იქნებოდა _ გაჩერდებოდა ტანკები, თვითმფრინავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

ლავრენტი ბერიას როლი კავკასიის დაცვის საქმეში

1942 წლის 18 აგვისტოს სტალინმა თავის კაბინეტში გამოიძახა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია და მას კავკასიის დაცვის ორგანიზება დაავალა.

“23 აგვისტოს ლავრენტი ბერია, თავისი საუკეთესო თანამშრომლებისა და ქართველი გენერლების თანხლებით, მოსკოვიდან შუა აზიის გავლით (ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე ფაშისტები იდგნენ) თბილისში ჩაფრინდა, სადაც მას ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის პირველი პირები: საქართველოს _ კანდიდ ჩარკვიანი, სომხეთის _ გრიგორი არუთინოვი, აზერბაიჯანის _ მირ ჯაფარ ბაგიროვი და ამიერკავკასიის ფრონტის სარდალი, გენერალი ივან ტიულენევი დახვდნენ. ისინი ისე დათრგუნვილები ჩანდნენ, რომ ბერიამ თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე გალანძღა _ “რატომ ხართ გაუპარსავები? პანიკურად რატომ ხართ განწყობილი? ქალაქში რატომ დადის ხმები, რომ წყალი არ არის, და რატომ არ დადის ტრამვაი? რა, ტრამვაიც ფრონტზე წავიდა?”

სამი საათის შემდეგ ბერიას მოადგილე, პოლკოვნიკი პიაშევი შინაგან ჯართან ერთად სოხუმისკენ გაემგზავრა. მათ იმავე დღეს დაიკავეს ქლუხორის უღელტეხილი, ხოლო მეორე დღეს დაიწყეს ოპერაცია გერმანელების გასანადგურებლად. გარდა ამისა, ბერიამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში შექმნა სნაიპერთა სპეციალური ჯგუფები. იმხანად კავკასიონის უღელტეხილებზე ერთ სნაიპერს მთელი ბატალიონის შეკავება შეეძლო. რა როლი ითამაშეს სნაიპერებმა სტალინგრადის დაცვისას, ვიცით, მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ქართველმა გენერალმა ნესტორ ლაბაძემ სნაიპერთა რაზმები შექმნა, რომლებიც კავკასიის დაცვის პერიოდში ყოველდღიურად 100-200 გერმანელ ჯაშუშსა და დივერსანტს ანადგურებდნენ.

ამ მძიმე ვითარებაში, საქართველოში ჩამოსვლიდან ერთი დღეღამის შემდეგ, ლავრენტი ბერიამ 46- არმიის ახალ სარდლად გენერალი კონსტანტინე ლესელიძე

 დანიშნა. ამ არმიამ, რომელიც კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იცავდა, დაიწყო კავკასიონის უღელტეხილების დაცვა, რათა გერმანელ ფაშისტებს ნოვოროსიისკიდან ფოთსა და ბათუმში არ შეეღწიათ. საქართველოში მნიშვნელოვან გადასასვლელებსა და მარშრუტებზე მოაწყვეს წინაღობები, საქართველოს სამხედრო გზის ჩასახერგად დაიწყო მთის ფერდობების ჩამოსაშლელი სამუშაოები, გზებზე განალაგეს საცეცხლე წერტილები, გათხარეს სანგრები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. შეიქმნა სამთო-მსროლელთა ბატალიონები და სხვ. ლესელიძის შტაბის უფროსი იყო პოლკოვნიკი, შემდგომში კი გენერალი _ მიხეილ მიქელაძე. სხვათა შორის, მანამდე ლესელიძე ხელმძღვანელობდა 50-ე არმიის არტილერიას, რომელიც ტულას იცავდა, შემდეგ _ 47-ე და მე-18 არმიებს და, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულიყო, მარშლის წოდებასაც მიაღწევდა, ისეთი ნიჭიერი გახლდათ.

ასე რომ, კავკასიის დაცვაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა ლავრენტი ბერიამ, დიდი როლი ითამაშეს სხვა ქართველმა სამხედროებმაც: გენერალ-მაიორმა ვარლამ კაკუჩაიამ, გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ კარანაძემ; ჩეკისტებმა: შალვა წერეთელმა, ილარიონ გაგუამ, მიხეილ მიქელაძემ და სხვ. კავკასიის დაცვაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ლავრეტი ბერიას მარშლის წოდება მიანიჭეს”, _ ამბობს მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი, უამრავი პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, დამსახურებული ჟურნალისტი ლევან დოლიძე.

შედეგები

კავკასიისთვის ბრძოლებში გერმანელმა ფაშისტებმა 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგეს, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს კავკასიის დაპყრობა. სტალინგრადის ომში გამარჯვებისა და საბჭოთა არმიის შეტევის შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასია სრულიად გათავისუფლდა ფაშისტებისგან.

აღსანიშნავია, რომ სამთო მსვლელთა იმ დანაყოფში, რომელმაც 1943 წლის 13 თებერვალს გერმანელთა დროშები ჩამოაგდო და მათ ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროშები აღმართა, ქართველებიც იყვნენ _ გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here