Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

736

ბატონო ირაკლი, თავდაპირველად მინდა, გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა საქართველოსადმი ერთგულებისა და პატიოსნებისთვის. ამას ხედავს და აფასებს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა სახელმწიფოს სამართავად.

თუ ვინმემ წაიკითხა ჩემი ღია წერილი საგარეო საქმეთა მინისტრისადმი, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთებში _ “ილორიდასაქართველო და მსოფლიო”, საკმარისად გამოვთქვი ჩემი თვალსაზრისი, რა არის ამისთვის საჭირო და ამიტომ ახლა გამეორებას არ დავიწყებ. ამჯერად მინდა, შევეხო საკითხს უშიშროების ორგანოსთან დაკავშირებით.

საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი სახელმწიფო უშიშროების ორგანო (ყველა ქვეყანა ცდილობს ამას). თქვენი მთავრობისთვის ცხადი გახდა და უკვე ორი წელია, ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ არ დაადგა საშველი და ვერ გაყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება.

დავესესხები საბჭოთა კავშირის საპატიო ჩეკისტს _ გენერალ ანზორ მაისურაძეს. მან გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” 2014 წლის 4 თებერვლის ნომერში აღნიშნა: “…სტალინს, ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, ჰყავდა პირადი სტრატეგიული დაზვერვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ატომური ბომბის “მამა”, დიდი ამერიკელი მეცნიერი რობერტ ოპენჰაიმერი ერთი თვე მოსკოვის მახლობლად ბერიას აგარაკზე ცხოვრობდა, რომ შეხვდა სტალინს და მალევე საბჭოთა კავშირმა შექმნა ატომური ბომბი”.

სწორედ ასეთი კოორდინირებული მუშაობის გამო იყვნენ გაკვირვებულები რუზველტი და ჩერჩილი სტალინთან შეხვედრისას და გაოცებას ვერ მალავდნენ სტალინის ზედმიწევნით ინფორმირებულობაში არა მხოლოდ საშინაო, არამედ საერთაშორისო საკითხებში (ჩერჩილის ორტომეული, მემუარები). ბურჟუაზიის იდეოლოგები _ ჩერჩილი და რუზველტი _ სტალინის გამოჩენისას ფეხზე წამოვარდებოდნენ და მქუხარე ტაშით ხვდებოდნენ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თუ გსურთ, გქონდეთ ძლიერი სახელმწიფო, არა მხოლოდ ძალოვნებს უნდა ჰყავდეთ შემმოწმებელი _ იდეური აგენტურა, არამედ სახელმწიფოს მეთაურიც უნდა ფლობდეს საიდუმლოების წვდომის მექანიზმს (არა _ ნათესაურმეგობრულს), რომელმაც უნდა აკონტროლოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. გასაგები ენით რომ ვთქვათ, თუ გვსურს, შევქმნათ ძლიერი საქართველოს სახელმწიფო, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების _ ქართველთა და არაქართველთა _ ინტერესები.

ვიცი, აყაყანდებიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები, იტყვიან, რუსეთის აგენტიაო და ა. შ. ასეთები თუ აღმოჩნდებიან, სწორედ ისინი იქნებიან უცხოეთის აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან, ემსახურებიან მათ და ფეხზე ჰკიდიათ საქართველოს ბედ-იღბალი. ფაქტია, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით უცხოელთა მონობის მდგომარეობიდან, რაც იმის ნიშანია, რომ არ გვყავს გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული და კვალიფიციური ორგანო. ამ ყველაფრის საჭიროებას ადასტურებს ის, რომ ჯერ უშეცდომო კაცი მსოფლიოში არ დაბადებულა.

მოგიწოდებთ, დააჩქაროთ შს სამინისტროს გაყოფა და მალე დარწმუნდებით, რომ უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას ერთ წელიწადში დაეტყობა გაჯანსაღება და უჩინრად დაიწყება მონური დამორჩილებიდან საქართველოს გამოსვლა _ ახლა კი ამერიკის ელჩი ყველგან აცეცებს თვალს. ძლიერი უშიშროების ორგანოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ვერც ამერიკის ელჩი და ვერც სხვა გარეწარი გაბედავს საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას!

საქართველოში გამომავალ გაზეთებში ექსპერტები თუ სხვა პირები ერთხმად წერენ: საქართველო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართება. მათ გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ნაბიჯს ვერ დგამს. ყველაფერს პატრონები წყვეტენ”, შემდეგ: “ამ ქვეყანაში არაფერი დალაგდება, სანამ ქართული პოლიტიკური ველი უცხო ქვეყნების მიერ მართული ლიდერებისგან არ გათავისუფლდებადა .. გარწმუნებთ, ბატონო ირაკლი, ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები გაქრება, როგორც კი ჩამოყალიბდება კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული უშიშროების ორგანო, რამეთუ უშიშროება იტყვის თავის სათქმელს, ზემოხსენებულ უცხოელ ბატონებს, უცხოეთის აგენტებს მადა გაუფუჭდებათ და, თუ მთლიანად არა, საგრძნობლად დათმობენ პოზიციებს; თქვენი მთავრობა შვებით ამოისუნთქავს და დაიწყება ქართული საქმის კეთება _ ქართული სახელმწიფო განმტკიცდება, მასში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი ქვეყნის ნამდვილ პატრონად იგრძნობს თავს. ამისთვის საკმარისი იქნება ერთიორი უცხოელი აგენტის გამომჟღავნება და საკადრისად დასჯა. აი, მაშინ ნახავთ, როგორ შეძვრებიან შიშით სოროებში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მამამთავრები და მოწმე გავხდებით იმისა, როგორ გათავისუფლდება ქართული პოლიტიკური ველი ნაგვისგან.

აღვნიშნავ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ერის გახლეჩას, რადგან თოქშოუები, რომლებიც ტარდება ტელეარხებზე, არ ემსახურება ერის გამთლიანებას, პირიქით _ უფრო აშორებს დაპირისპირებულ მხარეებს. ერთია დანაშაული და მეორე _ შეცდომა. სააკაშვილი ქვეყნის ერთმმართველი იყო, თავისი სურვილის მიხედვით მართავდა ქვეყანას და სჩადიოდა დანაშაულებს, რომელთაც ქვეყნის დანგრევა მოჰყვა.

ამჟამინდელი მთავრობა დანაშაულს არ სჩადის, მაგრამ უშვებს შეცდომებს. ეს სულ სხვა საქმეა _ უშეცდომო კაცი ამქვეყნად ჯერ არ დაბადებულა და არც დაიბადება. აი, ამის გარკვევას უნდა ცდილობდეს ჟურნალისტი და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ერთი არშინით არ უნდა ზომავდეს. მინდა, ვიფიქრო, რომ მათ ეს უნებლიეთ მოსდით.

ჩემი ღრმა რწმენით, თუ დროულად არ იქნა ზომები მიღებული, ხალხი თვითონ გაუსწორდება ასეთ ადამიანებს. ნუ ჰგონია ვინმეს, ხალხი ბრმაა და შენიღბულ მზაკვრულ მოქმედებებს ვერ ხვდება. იმის ცოდნა, რა ხდება და სწორი ანალიზი გამარჯვების საწინდარია _ ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს დღეს ჟურნალისტიც და ისიც, ვისაც ხელეწიფება მასმედიიდან ხალხთან ურთიერთობა.

შორს რომ არ წავიდეთ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსი ინაურის მოღვაწეობის პერიოდი აჩვენებს უშიშროების ორანოების უმწიკვლო, თავდადებულ მუშაობას საქართველოს რესპუბლიკის ძლიერებისთვის. საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის მოწინავე იყო. ყვაოდა მეცნიერება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ყველა დანარჩენი დარგი. ეს განაპირობა, ზემოთ თქმულის გარდა, იმანაც, რომ ქვეყანას მართავდა პატრიოტი კაცი _ ვასილ პავლე ძე მჟავანაძე, რომელმაც ბატონ ინაურთან ერთად ხელი შეუწყო ქვეყნის უშიშროების ორგანოს ღირსეული თანამშრომლებით დაკომპლექტებას.

სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი იყო, რაიონებში გადაადგილებისას მას 1 კაცი იცავდა. კარგად მახსოვს, დაცვის წევრებს ერქვათ გივი და მერაბი და ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ.

“ნაციონალი” დავით საყვარელიძის (რომელიც უკრაინაში წავიდა “კორუფციის დასამარცხებლად”) თქმით, საქართველო საბჭოთა კავშირის პერიოდში თურმე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო და მან და მისმა საძმომ (“ნაციონალებმა”) განვითარებულ ქვეყნად აქციეს. აი, ასეთ ტყუილებში გაწაფული ადამიანები _ “ნაციონალები” _ ვერ მოიშორეთ და თავზე დაგვაჯდნენ. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ მათ კარგად არ იცნობთ და პასუხს ვერ გასცემთ, თუ ისეთი უშიშროების ორგანო გეყოლებათ, როგორიც ახლა გყავთ. იჩქარეთ, გაყავით!

გენერალ ინაურს დაცვის წარმომადგენელი მძღოლად ეჯდა მანქანაში, ეს იყო და ეს _ ახლა კი, ინაურის რანგის კაცს კი არა, უბრალო სახელმწიფო მოხელეს ესკორტი ემსახურება.

კაპიტალისტური ქვეყნების აგენტურა საქართველოში შემოსვლისას შიშით თრთოდა, ისეთი კადრებით იყო დაკომპლექტებული ჩვენი ქვეყნის უშიშროების ორგანო; მაგალითად, აფხაზეთის უშიშროებას სათავეში ედგა ფიოდორ სერგოს ძე პილიუგინი, რომელიც ფაშისტების ზურგში მეთაურობდა მზვერავთა ჯგუფს და მისი მეშვეობით ბევრ წარმატებას აღწევდნენ ჩვენი ჯარის ნაწილები. ვამაყობ, რომ მასთან დიდი ხნით მომიწია მუშაობა, ბოლოს ინაურის მოადგილე გახდა. გჯეროდეთ, რომ, როცა უშიშროების ორგანოები დაკომპლექტდება სათანადო კადრებით და გახდება ძლიერი, საგრძნობლად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული აგენტურის პარპაში, რამეთუ ახლა ვინც ჩამოდის და ჭკუას გვარიგებს, თითქმის ყველა აგენტია.

მეამაყება, რომ ვმუშაობდი ისეთ ადამიანებთან, სსრკ-ის საპატიო ჩეკისტებთან (საპატიო ჩეკისტის წოდებას ანიჭებდა საკავშირო ორგანოს კოლეგია), როგორებიც იყვნენ ალექსი ინაური, ბორის კაციტაძე, ფიოდორ პილიუგინი, ნოდარ მაისურაძე, ანზორ მაისურაძე, გივი ჯორბენაძე, გენრიხ გელავა, ვალერი ჩხეიძე, ვალერი ბენიძე, გრიშა ქომოშვილი, ალექსანდრე სამხარაძე, ნუგზარ ძიაპშპა, სერგო ცარგუში და სხვ.

საქართველოში 70 წლის განმავლობაში მხოლოდ 42 საპატიო ჩეკისტი იყო. თუმცა, როგორც კი უშიშროების მინისტრად დაინიშნა შოთა კვირაია, ერთი წლის განმავლობაში ასობით ადამიანს დაურიგა საპატიო ჩეკისტის წოდება, არა დამსახურების, არამედ თანამდებობის მიხედვით, რასაც უცოდინარობის ტრიუმფი შეიძლება ვუწოდოთ. ასე გაუფასურდა საპატიო ჩეკისტობა, გაუფასურდა სხვა დარგებში მომუშავეთა ღვაწლიც და, რაც დაგვემართა, ყველამ იცის. დაიცავით მართლმადიდებლები, ეროვნულობა, აკეთეთ ქართული საქმე; იყავით კარგად ამერიკასთან და ევროპასთან, მაგრამ არ გქონდეთ მონური დამოკიდებულება მათდამი! დააჩქარეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. კი, ბატონო, როგორც ადრე მითქვამს, რუსეთმა ჩვენი ორი რეგიონის ოკუპირება მოახდინა (სხვა საკითხია, ვინ აიძულა რუსეთი, ეს გაეკეთებინა), მაგრამ, სულ რომ ვიძახოთ, რუსეთი ოკუპანტიაო, არაფერს მოგვიტანს, უბედურების გარდა. გადადგით გაბედული ნაბიჯი რუსეთისკენ. ამერიკა და ევროპა როგორც დაგვეხმარა 2008 წელს, ყველამ ნახა. ამერიკას მხოლოდ ჩვენი ტერიტორია უნდა _ ხალხი მას არ ანაღვლებს, გვეფერება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. ეს ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს თქვენთვის, მაგრამ ახლა სახელმწიფო უძლურია ყოველმხრივ და ეს (უნდა გამოვტყდეთ) გაიძულებთ, იყოთ მათთან. გთხოვთ, გადალახოთ ეს ბარიერი, თორემ ხალხი გეტყვით არას და აღარაფერი გეშველებათ.

და კიდევ _ რაც შეიძლება მალე მოიშორეთ “ნაციონალები” (არა ყველა, რასაკვირველია, მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ), რომლებმაც დაამხეს ქვეყანა _ სანაგვე ყუთებში მქექავ ერად გვაქციეს, შვილები დაგვიხოცეს, ხალხი აწამეს. გამოცდილებისა და ქვეყნისადმი ერთგულების მიხედვით მოიზიდეთ კადრები, გათავისუფლდით უსუსური მინისტრებისგან, ნუ გეშინიათ ძველი კადრების _ თუ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, დააწინაურეთ ისინი გამოცდილებისა და ერთგულების მიხედვით. ნუ შედიან თანამდებობის პირები პოლემიკაში “ნაციონალებთან”, რაც კატასტროფულად მოქმედებს ხალხის, თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე.

რა მოხდება, ბოლოს და ბოლოს, რომ გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა”? რისი გეშინიათ? ფაქტები საკმარისზე მეტია და, რომ გასაჯაროვდება, ის ამერიკელი და ევროპელი იძულებული იქნება, სიმართლეს თვალი გაუსწოროს; სხვა ჩვენ არაფერი გვიშველის, რადგან სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა იმდენი ფული დახარჯეს, ახლაც დავალებულები არიან მისგან. დროა, მოქალაქეთა შორის დაპირისპირება აღმოვფხვრათ, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, ნუ გავკიცხავთ, სად გვყავს ჩვენ დასაკარგი შვილები, გავერთიანდეთ და ჩვენი ქვეყანაც გაძლიერდება!

იმედს გამოვთქვამ, გაითვალისწინებთ ხალხის ნებას, ხელს შეუწყობთ ქვეყნის გაერთიანებას და მისი ძლიერების განმტკიცებას, სხვა გზა მცდარია.

უკვე გადავაბიჯე 91 წელს. ვიღაც იტყვის, რა ალაპარაკებს, რა უნდაო. მერწმუნეთ, არაფერი მინდა, მალაპარაკებს მხოლოდ სამშობლოსადმი, ქართველი ერისადმი უსაზღვრო სიყვარული. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და დღესაც სათანადოდ ვიყავი და ვარ დაფასებული. მინდა, საქართველო ეკუთვნოდეს ქართველებს და არა _ გადამთიელ ამერიკელებს, რომლებმაც ამოწყვიტეს მილიონობით ამერიკელი ინდიელი და გაიძახიან, _ ამერიკა ჩვენი სამშობლოაო. ასეთი ტყუილებით სურთ, მსოფლიოს მბრძანებლები გახდნენ. ამაზე მეტყველებს 100-ზე მეტი ომის წამოწყება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მილიონობით უდანაშაულო ხალხის გაჟლეტა. თუ ასე დავბრმავდებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას, შორს არ არის დრო, როდესაც ქართველი თითზე ჩამოსათვლელი დარჩება, საქართველო კი სხვათა სათარეშო გახდება, _ აი, კიდევ რატომ ვლაპარაკობ 91 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელსაც არც გამოცდილება აკლია და არც სამშობლოსადმი ერთგულება!

დამიჯერეთ, ბატონო ირაკლი, ნუ აყოვნებთ, რაც უნდა ძნელი იყოს, გამოყავით უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

და მაშინ, მერწმუნეთ, ყველაფერი მოგვარდება _ უფრო ლაღად და თავისუფლად იგრძნობს თავს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ბიზნესი. რაც მთავარია, ლაღად და გამართულად ივლის თავის სამშობლოში საქართველოს მოქალაქე!

მამანტი ჯოლია,

საბჭოთა კავშირის საპატიო ჩეკისტი,

გადამდგარი პოლკოვნიკი,

აფხაზეთიდან დევნილ ქართველ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here