Home რუბრიკები პოლიტიკა შავკანიანი ამერიკელების დისკრიმინაცია გრძელდება

შავკანიანი ამერიკელების დისკრიმინაცია გრძელდება

1778

ჰოლივუდურ კინოსურათებში აფროამერიკელებს პრაქტიკულად ყოველთვის დადებით გმირებად წარმოგვიდგენენ _ უიშვიათეს შემთხვევაში _ უარყოფით პერსონაჟებად. ამერიკულ მედიაში შავკანიანთა ასეთი რაკურსით პროპაგანდა ერთგვარ შტამპადაც იქცა: ასეა და არავითარი გამონაკლისი! ასეა ეკრანზე, მაგრამ არა _ ცხოვრებაში. ამ თემას განიხილავს ფრანგული Atlantico ისტორიკოსისთვის და მწერლისთვის, აშშ-ისა და საფრანგეთის კულტურული განსხვავებულობის საკითხების სპეციალისტის ფრანსუა დიურპერისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუში.

აშშ-ის ქალაქი ფერგიუსონი, _ წერს გაზეთი,_ კვლავ იქცა არეულობის ცენტრად მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელმაც 18 წლის შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი მოკლა. საფუძველი _ დანაშაულის შემადგენლის არარსებობა. საპროტესტო აქციების მონაწილე აფროამერიკელები რასობრივი დისკირიმინაციის წინააღმდეგ ილაშქრებენ: აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით თეთრკანიანებზე 20-ჯერ მეტი შავკანიანი იღუპება.

_ Huffingtonpostის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შავკანიანი რესპონდენტების სამ მეოთხედზე მეტი მიიჩნევს, რომ ბრაუნის მკვლელობა ზუსტად ასახავს, როგორ ეპყრობიან პოლიციელები ზანგებს. თეთრკანიანთა შორის ამ აზრს გამოკითხულთა მხოლოდ 40 პროცენტი იზიარებს.

_ აღქმის ასეთი განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ შავკანიანებსა და თეთრკანიანებს სრულიად განსხვავებული ისტორიული გამოცდილება აქვთ.

შავკანიანები უწინ მოსახლეობის დაჩაგრული ნაწილის სახით იყვნენ წარმოდგენილები და დღემდე შერჩათ ასეთი წარმოდგენა. ჯერ იყო მონობა, რომელსაც რასობრივი სეგრეგაცია მოჰყვა. ეს განსხვავებულობა ამერიკული საზოგადოების ყველა მხარეს არ ეხება. ბევრ საკითხში ეს დაპირისპირებული ორი მხარე ერთმანეთს ეთანხმება _ ისინი ამერიკელები არიან. ამასთანავე, მათ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ რასების როლზე ამერიკელ საზოგადოებაში. თეთრები ფიქრობენ, რომ ოპონენტები ზედმეტად ამახვილებენ ამაზე ყურადღებას და რომ რასა მთავარ როლს არ თამაშობს. ფერგიუსონის მოვლენების შემდეგ ამ ქალაქში ჩატარებული გამოკითხვით 80-მა პროცენტმა შავკანიანმა ჩათვალა, რომ არეულობის მასშტაბი განსაზღვრა რასობრივმა პრობლემამ. ამ აზრს იზიარებს თეთრკანიანი მოსახლეობის 30 პროცენტი. ამასთანავე, მათი 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ამოსავალი წერტილი კრიმინალის ერთი კონკრეტული ფაქტია.

თვალსაზრისების დაპირისპირებას უმთავრესად ორი საკითხი იწვევს. შავკანიანთა 60 პროცენტის აზრით, პოლიციელებს სროლის მიზეზი არ ჰქონდათ, ასე ფიქრობს თეთრკანიანთა 30 პროცენტზე ოდნავ მეტი.

მეორე საკითხი სამართალთან დამოკიდებულებას ეხება და გაცილებით რთულია. როგორ ფიქრობთ, რამდენ შავკანიანს მიაჩნია, რომ მაიკლ ბრაუნის საქმეში სამართალი იზეიმებს? _ მხოლოდ 18 პროცენტს. მათი 76 პროცენტი ოდნავადაც არ ენდობა სასამართლოს. სამაგიეროდ თეთრკანიანთა 52 პროცენტს სჯერა მართლმსაჯულების. განსხვავება მნიშვნელოვანია.

საქმე ის არის, რომ აფროამერიკელების ისტორიაში პოლიცია და სასამართლოები ფერადკანიანთა წინააღმდეგ მიმართული იარაღი იყო ყოველთვის. აშშში მხოლოდ 1954 წელს გაუქმდა სეგრეგაცია სკოლებში, 1955 წელს _ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.

_ რით უნდა აიხსნას თეთრკანიანთა უუნარობა, სწორად აღიქვას ფერგიუსონის მოვლენები და, საერთოდ, ის დისკრიმინაცია, რომელსაც შავკანიანთა საზოგადოება დროდადრო განიცდის ხოლმე?

_ ფერგიუსონში არეულობის კადრების ხილვისას შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამერიკა არ შეცვლილა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თუ კარგად დავუკვირდებით ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გამართულ დემონსტრაციებს, დავრწმუნდებით, თეთრკანიანთა უმრავლესობა სოლიდარულია და მაიკლ ბრაუნის მხარესაა… დღეს პირველ ადგილზე გამოდის სხვა პრობლემა, რომელზეც ახალგაზრდა აფროამერიკელები ლაპარაკობენ. საქმე ის არის, რომ შავკანიანთა მთელი თაობა რასობრივი პროფილის თავსმოხვევას ემსხვერპლა: თუ შავკანიანი ხართ, ცეცხლსასროლი იარაღით თქვენი მოკვლის ალბათობა 20-ჯერ აღემატება იმავე საშიშროებას, რომელიც შეიძლება თეთრკანიანს დაემუქროს. მაგრამ, ამასთანავე, 2014 წელს აფროამერიკელს უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივა მეტი ჰქონდა, ვიდრე 1984 წელს, და გაცილებით მეტი 1964 წელთან შედარებით.

_ სოციალური კვლევებით დადგენილია, რომ რასობრივ დისკრიმინაციას სოციალურიც ემატება. თეთრკანიანები უფრო კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრობენ?

_ რასობრივი დისკრიმინაცია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სოციალურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ სულ უფრო მეტი თეთრკანიანი ათვითცნობიერებს, რომ ამ დროს პრობლემების ნაწილი შეიძლება დაკავშირებული იყოს რასობრივ ცრურწმენასთან. რასობრივი და საზოგადოებრივი საკითხები ხშირად ერთმანეთსაა გადახლართული. სოციალური გარემოთი შეგვიძლია ავხსნათ არსებული შეუთანხმებლობანი.

ჯერ ერთი, შავკანიანები მეტნი არიან ციხეებში, რადგან თეთრკანიანებზე აგრესიულები არიან. ამასთანავე, უჭირთ კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაიცვათ თავი საბრალდებო სისტემაში, ეს ერთიორად ზრდის თქვენს მიმართ მკაცრი განაჩენის გამოტანის შანსს.

აკრიტიკებენ რასობრივ გარემოცვასაც: ბევრი ახალგაზრდა აფროამერიკელი თვლის, რომ თეთრკანიანი პოლიციელის წარმოსახვაში ყველა ზანგი ერთი სახისაა. და თუ იგი ეძებს კაპიუშონწამოხურულ შავკანიანს, ყველა კაპიუშონიან ახალგაზრდას განურჩევლად აკავებს.

…ფერგიუსონი შავ-თეთრი ამერიკის ანარეკლი კი არ არის, არამედ ადგილია, სადაც შემორჩენილია შავკანიანი ღარიბობა ძალაუფლების თეთრი ინსტიტუტებით. ბევრ სხვა ქალაქში ამერიკას სრულიად განსხვავებული სახე აქვს.

_ საზოგადოებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის უქონლობა უშლის თუ არა ხელს იმ რეალობის აღქმას, რომლებსაც შავკანიანები შეიძლება შეეჯახონ?

_ მეზობლების ურთიერთობა, შერეული კლასები სკოლებში, შერეული ქორწინებები ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის აღქმას, რომლებიც ამ ქვეყნის საფუძვლად არის მიჩნეული. შერეულობის უმეტესი პოტენციალი დღეს დიდ საქალაქო ცენტრებშია დაგროვებული, იქ, სადაც ერთსა და იმავე ოჯახში შეიძლება აღნიშნონ ხანუქას დღესასწაულიც და ქრისტეს აღდგომაც. მაგრამ ამ შერეულობის დონე საზოგადოებების მიხედვით ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ლათინოამერიკელი საზოგადოება გამორჩეულია შერეულობის მაღალი მაჩვენებლით. აფროამერიკელი კი სიის ბოლოშია მოქცეული.

_ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ურთიერთგაგება და ახალ საფეხურზე ავიყვანოთ დიალოგი, დავძლიოთ სოციალური და რასობრივი რეალიების განსხვავებულობა?

_ განათლება რასობრივი ცრურწმენის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. რასიზმს ვერ მოვერევით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონებით: ამერიკელებმა უკვე განახორციელეს ღონისძიებები პოზიტიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ასეთი პედაგოგიური მუშაობა უნდა გაიშალოს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here