Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

ღია წერილი ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

585

პარლამენტში თქვენი მოხსენებით გამოსვლისას, ვისურვებდი, ქართველი პაასიკივის როლში გიხილოთ, რასაც ობიექტურად ჩამოყალიბებული საქართველოს გეოპოლიტიკური კანონზომიერება სასიცოცხლოდ მოითხოვს! ამ მოთხოვნას მე, პოლიტოლოგი, ვახმიანებ, რადგან საქართველოს გეოგრაფიულ სივრცეს მეტყველება არ შეუძლია. თუ ქართველი პაასიკივის მისიას იკისრებთ, ეს იქნება საქართველოს თავდაღწევა ხანგრძლივი გეოპოლიტიკური სიბრმავიდან; შევაჩერებთ ქვეყნის შემდგომ დაშლას და ტერიტორიული გამთლიანების რეალურ პერსპექტივასაც ხელს შევუწყობთ.


ბატონო პრეზიდენტო! შეგახსენებთ, რომ იუჰო კუსტი პაასიკივი (1870-1956) უკვე ხანდაზმული და დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკური მოღვაწე, 1946-1956 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო; იმ ფინეთისა, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან სამხედრო ბლოკში მყოფი მასთან ერთად ჩაება 1941-1945 წლების ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ფინეთმა, რომელსაც 1300-კილომეტრიანი საზღვარი ჰქონდა სსრ კავშირთან, გერმანიასთან ერთად დამარცხების მწარე გაკვეთილები იწვნია. პაასიკივიმ თავისი პრეზიდენტობის პირველივე წლებში დაარწმუნა პოლიტიკური წრეები, რომ უშულო მეზობელ დიდ ქვეყანასთან _ საბჭოთა კავშირთან, საჭირო იყო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. ომის დამთავრებიდან 3 წლის შემდეგ, 1948 წელს, ფინეთის სეიმში, ანუ პარლამენტში ვრცელი გამოსვლისას პაასიკივი საბჭოთა კავშირთან ჩარჩო ხელშეკრულების მომზადების ინიციატივით გამოვიდა. აქ, ბატონო პრეზიდენტო, პაასიკივის გამოსვლიდან (რუსულ ენაზე) გაახლებთ ამონარიდს, რომელშიაც ნათქვამია: „По моему убеждению, в ко­р­енных интересах нашего на­рода проводить впредь вне­ш­нюю пропитку так, чтобы она не была направлена про­тив Советского Союза“ („Лин­ия Паасикиви“, М., 1958,с. 170).

“მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება” ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ძალაში იმავე 1948 წელს შევიდა. მოგვიანებით, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინეთმა უარი თქვა ნატოს სამხედროპოლიტიკურ გაერთიანებაზე და ასეთ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს, რამეთუ კარგად იცის, რომ ნატო ამჯერადაც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.

პაასიკივიმ შესანიშნავად შეიმეცნა ფინეთის გეოპოლიტიკური კანონზომიერება, იმოქმედა მისი კარნახით და ქვეყანაც მრავალმხრივ მოგებული აღმოჩნდა; ფინეთმა არა მხოლოდ ბაზარი მოიპოვა თავისი პროდუქციის საბჭოთა კავშირში სარეალიზაციოდ, არამედ დასაქმების საშუალებაც მურმანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც მისი კვალიფიციური მუშა-ხელი ნაყოფიერად მოღვაწეობდა.

პაასიკივის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გააფართოვა ახალმა პრეზიდენტმა ურჰო კალევა კეკკონენმა და იგი დიპლომატიის ისტორიაში პაასიკივი-კეკკონენის ხაზის სახელით შევიდა.

საქართველო კი რა განსაცდელშია, ბატონო პრეზიდენტო? მისი ხელისუფალნი, ოპოზიციის უმრავლესობა და მათ მიერ გაბრიყვებული ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, უკვე დიდი ხანია, გეოპოლიტიკურ სიბრმავეშია მოქცეული. ამ საშინელი სენით აშშდასავლეთმა დაგვაავადა და თავს ტრაგედიათა მრავალსერიალი დაგვატეხა. გეოპოლიტიკური დაბრმავების შედეგია ის, რომ დღემდე ვერ გავიგეთ, სად მდებარეობს ჩვენი ბედგამწყრალი საქართველო და ისეთ საგარეოპოლიტიკურ კურსს ვატარებთ, თითქოს იგი სადღაც ბისკაის ყურეში, ესპანეთსაფრანგეთის საზღვრებთანაა მოთავსებული და არა სამხრეთ კავკასიაში _ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის სამეზობლოში.

თუ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს, ანუ აშშ-ნატოსადმი მონურ ტრფიალს განვაგრძობთ, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაც გაგრძელდება. იუგოსლავიის 7 სახელმწიფოდ დამშლელი აშშ-ის იმედი გაქვთ, ვაინაციონალებთან ერთად, თავგამოდებით რომ ჰმონებთ, ბატონო პრეზიდენტო?

არ მოგერიდებით და ბევრ საყვედურს გაახლებთ, რამეთუ თქვენ კარგად იცით, როგორ დავაღწიოთ თავი გეოპოლიტიკურ სიბრმავეს, როგორ შევაჩეროთ ქვეყნის შემდგომი დაშლა, მაგრამ ამას არ აკეთებთ. არადა, ჯავახეთელი სომხების ერთერთი ლიდერი აღასი არაბიანი გვემუქრება და გვაფრთხილებს: “თუ საქართველო ნატოში გაერთიანდება, ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას ჯავახეთის საქართველოდან გამოსაყოფად!” (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, 2012, #13, გვ. 11). ჯავახეთის სამი რაიონი _ ახალქალაქის, ასპინძის, ნინოწმინდის _ აჭარის ტერიტორიას აღემატება, თანაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია. ადვილი შესაძლებელია, იქ თავს მოგვახვიონ ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი და ჩვენთვის ტრაგიკული შედეგი მივიღოთ.

სწორედ დღევანდელ საქართველოზეა ზედგამოჭრილი ცნობილი ხალხური სიბრძნე: “რაც მოგივა დავითაო, ყველა _ შენი თავითაო!”. არ მეთანხმებით, ბატონო პრეზიდენტო?

ბატონო გიორგი! ანგლოსაქსების ნაშიერი აშშ თავისი ვერაგული მიზნების სხვისი ხელით აღსრულების დიდოსტატია. მოსყიდვა, შეთქმულება, პოლიტიკური ტერორი, სახელმწიფო გადატრიალებები, “ფერადი რევოლუციებიმისი მოგონილია; ამისათვის მილიარდებს არ იშურებს; სადაც დოლარების ძალა არ გადის, იქ სისხლისღვრას არ ერიდება _ როგორც, მაგალითად, იუგოსლავიაში, სადაც აღდგომას, 1999 წლის გაზაფხულზე, უმოწყალოდ ბომბავდა მართლმადიდებლურ ეკლესიებს, სკოლებს, სხვა სამშვიდობო ობიექტებს. სისხლიანი ორგიები ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში და .. მხოლოდ აშშის ნახელავია. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ომის პროვოცირება, ბოლოს კიევის სისხლიანი მაიდნის ორგანიზება, რომელსაც 5 მილიარდი დოლარი დაახარჯა, ასევე აშშის დამსახურებაა. ამერიკამ გეოპოლიტიკური სიბრმავით უკრაინაც დაასნეულა, რომელიც დღეს სავალალო შედეგებს იმკის. ცნობილმა თბილისელმა ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა მართებულად შენიშნა: “სულ მეგონა, რომ ჩვენზე სულელი ხალხი არ არსებობდა, თუმცა უკრაინის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ თურმე ჩვენზე სულელებიც არსებობენ” (გაზ. “საქართველო და მსოფლიო”, 2014, #34, გვ.4).

გასული წლის სექტემბერში, გაეროში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს აგრესორი უწოდა. ამაზე ითქმის: “ჩემი შენ გითხარი, _ გული მოგიკალი”. მსოფლიოს ყველა კუთხეში სისხლისმნთხეველი აშშ, რომლის სამხედრო ბაზები უმრავლეს ქვეყნებში უხვადაა მოფენილი _ მშვიდობის მტრედი ყოფილა, ხოლო რუსეთი, რომელიც აშშ-ნატოს ძალმომრეობისგან თავს იცავს, თურმე აგრესორია.

ბატონო პრეზიდენტო! თქვენს საყურადღებოდ ხაზგასმით ვაცხადებ:

დღეს აშკარად გამოკვეთილი, მიზანმიმართულად მუდმივმოქმედი აგრესიული ძალა, რომელიც მიისწრაფვის, კლანჭებში მოიქციოს მსოფლიო, არის აშშ. იგი თავისი ნატოთი ვერაგულად იჭრება აღმოსავლეთისკენ, ზედ რუსეთის საზღვრებთან; მე-19 საუკუნის გერმანელთა მსგავსად, მიმართავს “დრანგ ნახ ოსტენის” პოლიტიკას. ასეთ დროს რუსეთი ცდილობს, თავის უშუალო სამეზობლოში აშშ-ნატოს დამკვიდრება არ დაუშვას. ამ ამოცანის აღსრულების გზაზე მას აშკარად აიძულებენ, ზოგჯერ აგრესიული ილეთებიც გამოიყენოს, როგორც, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში; შემედავეთ, ბატონო გიორგი!

მიზანმიმართულ აგრესორსა და იძულებით აგრესორს შორის დიდი განსხვავებაა, ბატონო პრეზიდენტო!

გაეროს ეგიდით ცხინვალში მყოფი მშვიდობისმყოფელები რომ დახოცა, ამით სააკაშვილი საერთაშორისო დამნაშავედ იქცა, მაგრამ ამ დამნაშავემ აშშ-ის საქმეები აკეთა და მას, ნიკარაგუელი სომოსას მსგავსად, თავის “ძაღლიშვილად” მიიჩნევს, კბილებით იცავს. ხომ დაინახეთ, ბატონო პრეზიდენტო, როგორ დაგისვეს ევროპარლამენტში ცხვირწინ, პრესტიჟულ ადგილზე. თქვენ არ გეყოთ გამბედაობა, ამის გამო მცირე საყვედური მაინც გამოგეთქვათ. გეტყვით, რომ გაკლიათ პრინციპულობა, ნაკლებად გამოხატავთ საკუთარ მეს; საქართველოს ღირსების დაცვა იმ დღეს თქვენ ვერ შეძელით! დასანანია.

რუსეთი მზადაა, იყოს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტი, _ ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა ვ. კოვალენკომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჩვენს ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა. თუ ფინეთმა, რომელიც ორჯერ იყო საომარ მდგომარეობაში რუსეთთან, მალე მოახერხა გეოპოლიტიკური სიბრმავიდან გამოსვლა და მასთან ურთიერთთანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმა, ჩვენ რა უბედურება გვჭირს? ასე როგორ დავემონეთ აშშნატოს, რითაც საკუთარი მიწაწყლის 20 პროცენტი დავკარგეთ. რას ფიქრობთ, ბატონო პრეზიდენტო, როდემდე ვიცხოვროთ გეოპოლიტიკურ სიბრმავეში?

ერთ რჩევას გაძლევთ:

მოიხმეთ ყველაზე თავგახურებული ნატოელები – ალასანია, პეტრიაშვილი, ბარამიძე, ბაქრაძე, სხვები და სხვები და ხანგრძლივი დროით მიავლინეთ ბრიუსელში. დაე, იქ, ნატოს შტაბ-ბინის ფანჯრებთან, სერენადები იმღერონ, რამეთუ მათ, ეგ წყეული ნატო, ჩვენი მტერი და დამაქცეარი, მზეთუნახავი ქალწული ჰგონიათ, ქართული სახელით _ ნატო.

ბატონო პრეზიდენტო, საოცარია, მაგრამ აუცილებელი ჭეშმარიტება, რომ გეოგრაფიული სივრცის კანონზომიერებაში, უშიშროება-უსაფრთხოების თვალსაზრისით, მის დანიშნულებაში დღეს ძაღლები უფრო უკეთ ერკვევიან, ვიდრე ჩვენი ხელისუფალნი, ოპოზიციური პოლიტიკოსები, ჩემი კოლეგა პოლიტოლოგ-ისტორიკოსთა დიდი ნაწილი და ა. შ. ხშირად შემიმჩნევია, თავისი ეზო-კარმიდამოდან როგორი თავგამეტებით უყეფს ძაღლი მეზობელ კარმიდამოში შესულ უცხო პიროვნებას. ამის შემდეგ რატომ გიკვირთ, როცა რუსეთი თავგამეტებით ეწინააღმდეგება ნატოს გამოჩენას საქართველოს, უკრაინის და სხვა მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ სივრცეში?

რუსეთის მოძულე მავანისაგან ხშირად გაიგონებთ, კრემლის მონა ვიყავითო; სიცრუეა _ არავითარი მონა ჩვენ არ ვყოფილვართ. აი, დღეს კი ერთბაშად ოთხი ბატონის _ ვაშინგტონის, სტრასბურგის, ბრიუსელის, ვენეციის კომისიის მონად ვიქეცით. ისინი კანონმდებელგანმკარგულებელი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი, ხოლო ქვეყნის შიგნით ჩვენი ხელისუფლების სამივე განშტოება მონამორჩილ აღმასრულებელთა ფუნქციებს ასრულებენ.

რიჩარდ ნორლანდი არა მხოლოდ ელჩი, არამედ საქართველოს გენერალ-გუბერნატორიცაა, რომელიც ყველგან და ყველაფერში კანონმდებელია; აქსიომური ჭეშმარიტებაა ეს და მტკიცებას არ საჭიროებს.

გირჩევთ, ბატონო პრეზიდენტო:

1. იზრუნეთ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობის აღდგენაზე, რომელიც სასაცოცხლოდ აუცილებელია; დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს;

2. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დააჩქარეთ რუსეთთან ადრე არსებული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელსაც უდიდესი და მრავალმხრივი შეფასება მიეცემა საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერკულტურულ და . . ცხოვრებაში; შექმნის ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას;

3. უცხოტომელებზე არც ერთი გოჯი ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს;

4. უნდა დასახოთ გზები დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან, გამოვიყენოთ რუსეთის შუამავლობა და არა _ ჟენევა და მისთანები;

5. დასაშვებად მიმაჩნია, ვიფიქროთ საქართველოს ფედერაციულ რესპუბლიკად ჩამოყალიბებაზე, ამ ფედერაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაზე, მაგალითად გამოვიყენოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი მოწყობა.

პატივისცემით,

გივი გურეშიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტოლოგი ქუთაისიდან

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here