Home რუბრიკები საზოგადოება გოგი წულაია: რა რკინიგზებსა და თვითმფრინავებს არემონტებენ ან რომელი საზღვაო მოწყობილობები აქვთ...

გოგი წულაია: რა რკინიგზებსა და თვითმფრინავებს არემონტებენ ან რომელი საზღვაო მოწყობილობები აქვთ ამ ქუთაისში, არ ვიცი

744

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ბატონი გოგი “საქართველო და მსოფლიოს” კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის, თუ რა თანხების გახარჯვას გეგმავს ქუთაისის მერია წლის განმავლობაში:

_ მაქვს ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ცხადი ხდება, რა შესყიდვები უნდა განახორციელოს 2015 წელს ქუთაისის მერიამ. რამდენიმეს ჩამოგითვლით: მაგალითად, მხოლოდ ავტოპარკის გასაახლებლად წელს 175 ათასი ლარია გამოყოფილი და ქალაქის მერი ამას იმით ასაბუთებს, რომ ძველი მანქანების შეკეთება მერიას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ახლის შეძენა. 142 ათასი ლარია გამიზნული ავეჯის შესაძენად, ხოლო 23 ათასი ლარი _ ქაღალდებისთვის; კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგებისთვის _ 156 ათასი ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის _ 300 ათასი ლარი (თუმცა აქ რა იგულისხმება, ჩემთვის გაუგებარია); საოფისე მოწყობილობებისთვის, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა _ 186 ათასი ლარი (ასევე გაუგებარია, რას გულისხმობენ); 400 ათასი ლარი მებაღჩეობისთვის არის გამოყოფილი. მებაღჩეობა თურმე ხეების დარგვას ნიშნავს, მაგრამ საინტერესოა, სად დარგავენ? ზალაშითუ დამირგავენ, არ ვიცი და ისე, ქალაქში ყველა სკვერი და პარკი გაყიდულია.

 თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შესაკეთებლად, ტექნიკური მომსახურებისთვის 16 ათასი ლარია გამიზნული, თუმცა რა რკინიგზებსა და თვითმფრინავებს არემონტებენ ან რომელი საზღვაო მოწყობილობები აქვთ ამ ქუთაისში, არ ვიცი

რესტორნებისა და სხვადასხვა კვების ობიექტის მომსახურეობისთვის _ 61 ათასი ლარი, ბუნების წიაღში დასასვენებლად და სხვა ადგილებში დასაბინავებლად, სასტუმროს გარდა, 54 ათასი ლარია გამოყოფილი.

_ ეს დასვენება მერიის თანამშრომლებისთვის არის გამიზნული?

_ მეუბნებიან, ეს თანხა ბავშვებისა და პენსიონერების დასასვენებლად არისო, მაგრამ არ მჯერა და მიმაჩნია, რომ ამით ფულს “ათეთრებენ”, ვინაიდან ქუთაისის პირობებისთვის 54 ათასი ლარი ძალიან დიდი თანხაა.

_ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი არ აპირებენ ავტოპარკის განახლებას. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ შეიცვალეს აზრი და უკან დაიხიეს, რაც თქვენ ეს ინფორმაცია გაასაჯაროეთ?

_ დაახლოებით ორი კვირის წინათ საკრებულოს სხდომა ჩატარდა, მერმა დაუმტკიცა საკრებულოს წევრებს, რომ 175 ათასი უნდა გამოეყოთ ავტომობილების შესაძენად. სხვათა შორის, ამის თაობაზე ტელეკომპანია “რიონის” პირდაპირ ეთერში საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადეს და ამ ჩანაწერის ნახვა ყველას შეუძლია.

თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას მოჰყვა ხმაური და პროტესტი, ახლა გაიძახიან, რომ ეს თანხა აქტივში აღარ გვაქვს, პასივში გადავიტანეთო. თითქოს უკან დაიხიეს, მაგრამ ეს ფული აკუმულირებულია ბიუჯეტში ავტომობილების შესაძენად და როდის გამოიყენებენ, არავინ იცის. ამბობენ, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარისთვის ვყიდულობთ 25 ათასლარიან ავტომობილსო.

 რაც ჩამოვთვალე, ეს არ არის სრული სია. ყველაფერი რომ წავიკითხო, რასაც აპირებენ, გაოცდებით.

_ ამ ყველაფერს ხელისუფლება ქვეყნის იმიჯზე ზრუნვით ხსნის და აცხადებს, რომ ყველაფერი უცხოელი სტუმრებისთვის კეთდება.

_ დანგრეული და დაფეხვილი რომ არის ქალაქი, უცხოელი სტუმრები ამას ვერ ნახავენ? ქალაქის იერ-სახეს და ამათ გაკეთებულ საქმეებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ეს უცხოელები. მსოფლიოში არსად, არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება, რაც ჩვენთან. სამსახური და ხელფასი გაქვს და შენი ვალდებულებაა, ამ სამსახურში მიხვიდე და წახვიდე. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაგჭირდება გადაადგილება, შეიძლება გამოიყენო სამსახურის მანქანა, მაგრამ შენი სამსახურის მანქანით ცოლი სამსახურში ატარო და ბავშვები _ ბაღში, ასეთი რამ არსად ხდება. მერიას სულ ხუთი მანქანა უნდა ჰყავდეს, რომელიც იდგება მერიის ეზოში და, როდესაც დასჭირდებათ, საქმისთვის გამოიყენონ. ეს მანქანა მერიის თანამშრომლის საკუთრება არ უნდა იყოს და მერიის მაღალჩინოსანს უფლება არ უნდა ჰქონდეს, მძღოლს უთხრას, ჩემს ცოლს მიაკითხე, _ ბაზარშია გასაყვანი ან სიდედრი მყავს საავადმყოფოდან გამოსაყვანიო.

_ ანუ ასეთი ფაქტები ხდება ქუთაისში?

_ რა თქმა უნდა.

_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა გაკეთდა ქუთაისში, რა დარჩა კვლავ გადაუჭრელი და რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა?

_ ქუთაისში არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა. ქალაქში არის წყლისა და დასუფთავების პრობლემა, უმუშევრობის პრობლემა, ყველაფერი კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ქალაქმა ფუნქცია დაკარგა. ქუთაისი ასე უფუნქციო არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო. იმხანად, მოგეხსენებათ, ქუთაისს გუბერნიის ფუნქცია მიენიჭა; შემდეგ, კომუნისტების პეროდში, ინდუსტრიის ქალაქად იქცა. რუსეთიც კი ხვდებოდა, რომ ქუთაისს ფუნქცია უნდა ჰქონოდა და ესენი ვერ ხვდებიან. არადა, რამ უნდა არჩინოს და განავითაროს ქალაქი? _ ამაზე არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობს. აქედან მომდინარეობს ყველა ის პრობლემა, რომლებიც ქალაქს გააჩნია.

პრობლემაა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობა, ვინაიდან “ქუთაისის წყალი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის, იქ ძირითადი თანხის შემტანი ქუთაისია, ეს კი მძიმე ტვირთად აწვება ქუთაისელებს. მასში ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა თბილისი, რუსთავი და ბათუმი, გაერთიანებული არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობისა და წყალმომარაგების კომპანიის მუშაობა არაკოორდინირებულია. ზის 400 უსაქმური და ხელფასს იღებს. “ქუთაისის წყალიგანსაკარგავად ქალაქს უნდა გადმოეცეს. წერილობით სამინისტროსაც მივმართე, საიდანაც ეს პასუხი მივიღე: “თქვენს წერილში დასმული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება პარლამენტის მიერ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” კანონპროექტის მიღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პარლამენტმა წყალმომარაგების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ნუსხიდან ამოიღო, შესაძლებელია, მთავრობამ დაიწყოს მსჯელობა აღნიშნული კომპეტენციების ადგილებზე დელეგირების მიზანშეწონილობაზე, რისი განხილვაც ამჟამად, პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში არ ხდება”.

_ იმერეთის რეგიონში ხელისუფლების მიერ გამოცხადებულიქამრების შემოჭერისპოლიტიკა ხორციელდება?

_ რა თქმა უნდა, არა. რა “ქამრების შემოჭერაზეა” საუბარი, როცა თითქმის ყველა რაიონში უმუშევრობა და კორუფციაა გამეფებული.

_ თქვენ მიერ ხუმრობით ნათქვამს ნახმარი კომპიუტერებისა და ქალების შესახებ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს მოეწონა და იცინა, ბევრმაც ასეთი ტერმინებით საუბარი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსის მხრიდან მართებულია ასე საუბარი? ქალბატონებიც ხომ არიან თქვენი ამომრჩევლები?

_ ისეთი ცხოვრება გვაქვს, ვცდილობ, ყოველთვის იუმორით მივაწოდო ხალხს მწარე სიმართლე, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ შემთხვეევაში მართლაც “შავი იუმორი” გამომივიდა. მე მხოლოდ ვიხუმრე, მყავს მეგობარი ქალბატონები და მათ ძალიან ჩვეულებრივად მიიღეს ეს ხუმრობა, რადგან მიცნობენ და იციან, რომ სულ ვხუმრობ, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტყვები ვერ შევარჩიე და ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს, ბოდიშს ვუხდი!

_ ორიოდე დღის წინათნაციონალებმამთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს და ახლა იმპიჩმენტის მოწყობასაც აპირებენ. როგორ ფიქრობთ, თუ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს ხელისუფლებას (ამას წინათ, თქვენც თქვით, რომ, მაგალითად, ქუთაისის მოსახლეობის 80% ამ მთავრობის უკმაყოფილოა), მიაღწევენნაციონალებიმიზანს?

_ მე ასე ვიტყოდი: “ნაციონალები” ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს იპიარებენ, რომ ვითომ მთავრობის გადაყენება სურთ. სინამდვილეში “ნაციონალებს” სწორედ ახლა არ აძლევთ ხელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. თუ ეს ხელისუფლება 2016 წლის ოქტომბრამდე დარჩა, ასარჩევიც აღარაფერი გვექნება, ნახევარი საქართველო გაქცეული იქნება საქართველოდან, მეორე ნახევარი _ დაქცეული, დანარჩენი კი _საფლავში. ასეთი ვითარება კი ხელსნაციონალურ მოძრაობასაძლევს. ოპოზიცია ჰქვიათ და უნდა იყვირონ, თორემ კარგად იციან, ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოაგროვებენ.

 ჩემი აზრით, ახლა არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად ხელისუფლებას უნდა აძლევდეს ხელს, ვინაიდან ამჟამად რეიტინგის რაღაც 20% მაინც თუ აქვს შემორჩენილი “ქართულ ოცნებას” თავის ბიძინა ივანიშვილიანად, წელიწად-ნახევარში ამასაც დაკარგავს.

_ სწორედ იმიტომ, რომნაციონალებიხალხის აზრს არ ითვალისწინებდნენ, ნელნელა გროვდებოდა უკმაყოფილება, რომელიც საბოლოოდ ხელისუფლებიდან მათი წასვლით დამთავრდა. რატომ არ ითვალისწინებს ეს მთავრობა წინამორბედის გამოცდილებას?

_ ამათი შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის _ ჯორჯ ბერნარდ შოუს სიტყვების სიმართლეში: “ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია”.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here