Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ ერთი ლეგენდა კაცი გამოაკლდა ქვეყანას

კიდევ ერთი ლეგენდა კაცი გამოაკლდა ქვეყანას

1450

საქართველოს საზოგადოებამ და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ორგანიზაციებმა მძიმე დანაკლისი განიცადეს.

ჩვენს რიგებს გამოაკლდა მხედრული ტრადიციების ოჯახში აღზრდილი, უკეთილშობილესი ადამიანი, საზოგადო მოღვაწე და ღირსეული მამულიშვილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე, სახელოვანი ბერმუხა, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენების, ღირსების, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის, სამი წითელი ვარსკვლავის ორდენებისა და მრავალი სხვა საბრძოლო მედლის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, გადამდგარი პოლკოვნიკი მოსე ჯიმშეთის ძე მდინარაძე.

ბატონი მოსე მდინარაძე ფაშიზმთან ომის დაწყების პირველივე დღიდან უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. მან სწრაფად აითვისა სამხედრო თეორიისა და ტაქტიკის მეთოდები, რაზეც, არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში, დაინიშნა ერთ-ერთი მოწინავე პოლკის მეთაურად, ეს იმ პერიოდში იშვიათი შემთხვევა იყო.

1944 წლის ივნისში მისმა პოლკმა გაარღვია გერმანელ ფაშისტთა თავდაცვის ხაზი და პირველი გავიდა სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ იგი ამ ბრძოლაში დაიჭრა და 9 თვე ჰოსპიტალში იწვა, საიდანაც ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით დაუბრუნდა თავის დივიზიას, რომელიც მონღოლეთის ტერიტორიაზე ბაიკალისპირეთის ფრონტზე იმყოფებოდა. მოსე მდინარაძის მეთაურობით პოლკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იაპონიის კვანტუნის არმიის დამარცხებაში.

ომის დამთავრების შემდეგ ბატონი მოსე განაგრძობდა სამსახურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დისლოცირებული საბჭოთა შეიარაღებული ძალების შენაერთების შემადგენლობაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. ის სხვადასხვა დროს წარმატებით ასრულებდა სამხედრო კომისრის მოვალეობას ქუთაისში, ჭიათურაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისის 26 კომისრის რაიონში.

სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, მოსე მდინარაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის ავტოტრანსპორტის სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოს, აქტიურად მუშაობდა დედაქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციაში.

1995 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში. არჩეული იყო ქ. თბილისის ვეტერანთა ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ქ. თბილისის ვეტერანთა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 2004 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ომის ვეტერანთა საქალაქო კავშირის გამგეობას, სადაც მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას ვეტერანთა სოციალური დაცვის, მათი კეთილდღეობის ამაღლების, ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მამულიშვილურ საქმეს ემსახურებოდა.

ბატონი მოსე გულისხმიერი და დიდი ტაქტის მქონე ადამიანი იყო. მისი სიდინჯე, აუჩქარებლობა და მაღალი რანგის დიპლომატებისთვის დამახასიათებელი მოზომილი სიტყვა-პასუხი კიდევ უფრო ზრდიდა მისადმი პატივისცემას.

ქ. თბილისის საპატიო მოქალაქის, ბატონი მოსე მდინარაძის დაღუპვამ დიდი მწუხარება და დანაკლისი მოუტანა მის ოჯახს, ქვეყანაში მცხოვრებ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ფართო საზოგადოებას; მისი ხსოვნა მარად დარჩება მათ გულებში.

ირაკლი შიხიაშვილი, მიხეილ ხომერიკი, რევაზ ნაცარიშვილი, ტიტე ლეფსაია, უშანგი შერმაზანაშვილი, გურამ გვეტაძე, ვახტანგ ჯაფარიძე, გიორგი ხაზარაძე, დავით იაკობაშვილი, ტარასი იჩქიტიძე, შოთა ბუაძე, სერგო მირზოიანი, მანანა არევაძე, რეზო თოიძე, შოთა ვაშაკიძე, თეიმურაზ სიმონიშვილი, გოჩა ბაქრაძე, როზა ოსეფაიშვილი, გაიოზ ხუციშვილი, მითრიდატე ჭანტურია, იაგო გოგსაძე, აპოლონ ჩიჩხაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here