Home რუბრიკები საზოგადოება თუ აგრარულ მეცნიერებას ვერ გადავარჩენთ, ბედის ანაბარად დარჩება ჩვენი სოფელი

თუ აგრარულ მეცნიერებას ვერ გადავარჩენთ, ბედის ანაბარად დარჩება ჩვენი სოფელი

620

მსოფლიოში ამჟამად “ცოდნის ეკონომიკის ხანაა. ეს მიმართულება, რომელსაც “ინოვაციურ ეკონომიკასაც” უწოდებენ, დღითიდღე მძლავრობს და სულ უფრო მეტ წახნაგებს იძენს. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოების შემდგომი განვითარებისა და მათთვის გლობალიზაციის საერთო სივრცეში ადგილის შენარჩუნებისა და დამკვიდრების გასაღები სწორედ ცოდნის ეკონომიკაში დევს.

მეცნიერების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ბიზნესის განვითარება. ბიზნესის დღევანდელი მიღწევები განპირობებულია სწორედ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით, რომლის შედეგადაც შეიქმნა ბიზნესის სრულიად ახალი მიმართულებები. დასაბამი მიეცა ახალ ტექნოლოგიებს, ახალი პროდუქტის გამოშვებას, ახალ და სრულყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომპიუტერულ და რობოტიზებულ სისტემებს, მოდერნიზებულ მენეჯმენტს და ა. შ.

ბიზნესის ორგანიზებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის (ბაზრის – ფართო გაგებით) მოთხოვნების შესწავლას და კვლევის ისეთ ორიენტაციას, რომელიც დააკმაყოფილებს და გააჯერებს ამ მოთხოვნებს. ბოლო ხანს საქართველოში სწორედ ამ კუთხით წამოიჭრა მწვავე პრობლემა, რომელსაც ქვეყნის განვითარებისთვის მიწის ყიდვა-გაყიდვის მწვავე პრობლემაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

 გამოყენებითი მეცნიერების წინსვლისა და წარმატების გარეშე მოუგვარებელი დარჩება საქართველოსათვის ისეთი დიდი და გადამწყვეტი როლის მქონე დარგის განვითარება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა.

ამ დარგს დღეს სჭირდება ახლებური მიდგომა, პროგრესული და ზონურად დიფერენცირებული მაღალი ტექნოლოგიები, მანქანათა სისტემა, აგროტექსერვისი, მარკეტინგული მოტივაციებისა და სიტუაციის შესაბამისი მენეჯმენტი, სასურსათო უსაფრთხოებაზე მორგებული, სწორი, ყოველმხრივად შეჯერებული სტრატეგია.

ყოველივე ამის უზრუნველყოფა და მიღწევა ჰაერში გამოკიდებული რჩება, რადგან აღარ არსებობს სოფლის მეურნეობის დარგობრივი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები. ამ ინსტიტუტების ვითომდა ნებაყოფლობით მიერთებამ აგრარულ უნივერსიტეტთან, რომელიც შემდეგ კერძო სამართლის იურიდიულ პირად მოგვევლინა, ბეჭებზე დასცა კვლევითი საქმიანობა. ამ უნივერსიტეტმა მიერთებულ კვლევით ინსტიტუტებში წინასწარ გამიზნული და ჩაფიქრებული მეთოდებით ჯერ შტატები შეამცირა, შემდეგ კი საერთოდ გააუქმა კვლევითი სფერო, იმის მომიზეზებით, რომ კერძო უნივერსიტეტს ეს ხელს აღარ აძლევდა და მისთვის არ იყო გამართლებული. რა გაეწყობა, საბაზრო ეკონომიკაა, რომელიც ყველას თავისებურად ესმის.

ტკივილიან მოგონებად რჩება ამ პროცესის ის შედეგი, რომ შეწყდა (მცირე გამონაკლისის გარდა) კარგად აგებული და მწყობრ სისტემაში მოქცეული მეცნიერული მუშაობა სოფლის მეურნეობისთვის ისეთ აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა, აგროქიმია, მელიორაცია და ირიგაცია, მექანიზაცია და ელექტრიფიკაცია, მიწათმოქმედება, მემინდვრეობა, მეხილეობა და მევენახეობა, მეტყევეობა, მეცხოველეობა და ვეტერინარია, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია და სხვ.

 საკვირველია, რატომ დაუშვა საქართველოს მთავრობამ ყოველივე ეს (ძველ მთავრობას რას გაუგებდი, როდის რას მოიმოქმედებდა), მაგრამ ეს უკვე ისტორიაა.

ვაი, რომ მალე აღარ გვეყოლება უმაღლესდამთავრებული სწავლული აგრონომი, მეხილე, მევენახე, ნიადაგმცოდნე, აგროქიმიკოსი, მცენარეთა დამცველი, მექანიზატორი, აგროეკონომისტი და . . ამის გაგრძელება იქნება ის, რომ, აგრეთვე, აღარ გვეყოლება ამ დარგების სპეციფიკის მეცნიერი მკვლევარები. ძველ კადრს ამ სფეროებში მოღვაწეობის საშუალება არ აქვს, ახალი კადრის აღზრდა კი ვერ ხერხდება.

 აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გასაგონად უნდა ითქვას, რომ პრინციპულად დგება საკითხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ კიდევ მძლავრ სისტემასთან, სახელმწიფო დაფინანსების საფუძველზე, აღდგეს ოპტიმალური სტრუქტურის დარგობრივი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები და მიეცეთ მათ საქმიანობის საშუალება ახლებურ, პროგრესულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ეს კარგი საქმე ლოგიკურად მოითხოვს ამავე აკადემიასთან სადისერტაციო საბჭოს შექმნასაც, რათა გზა გაეხსნას ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდას. ახლა ამ მიმართულებით ჩავარდნა გვაქვს.

აგრარული მეცნიერების გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. თუ იგი ხელიდან გაგვიფრინდა, ჩათვალეთ, რომ მეცნიერული უზრუნველყოფის გარეშე, ბედის ანაბარად დარჩება ჩვენი სოფელი.

დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაუქმება და ამ მიმართულებით კვლევითი პროცესის შეჩერება ადვილი იყო და ეს, ხელის ერთი მოსმით გაკეთდა კიდეც, მაგრამ ახლა ამ საქმიანობის დაბრუნება, ახალ კალაპოტში ჩაყენება და ახლებურ, პროგრესულ მოთხოვნებზე აწყობა-მორგება რთული და ართუ ხანმოკლე პროცესი იქნება. როგორმე მაქსიმალურად და მაღალი უკუგებით უნდა გამოვიყენოთ ძველი გამოცდილი კადრი, თვალსაჩინო მეცნიერ-მკვლევართა ჯერ კიდევ მოღვაწე მცირე ჯგუფი, თუ არადა, დაუძლეველი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

 ჩვენს მეცნიერებს გადმოცემით ახსოვთ და კარგად იციან, როგორ საზეიმო ვითარებაში და ამაღლებული განწყობით გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასული საუკუნის 30-იან წლებში აგრონომიული ფაკულტეტი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტმა სახელოვანი გზა განვლო 70 წლის განმავლობაში და წარუშლელი კვალი დაამჩნია სოფლის მეურნეობის განვითარებას. აქ მოღვაწე დიდმა მეცნიერებმა დაასაბუთეს დასავლეთ საქართველოს პირობებში (წითელმიწა ნიადაგებზე) ისეთი ახალი დარგების განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა, რამაც სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციას სრულიად ახალი პროფილი შესძინა.

ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერები: დ. გედევანიშვილი, ი. ლომოური, ლ. დეკაპრელევიჩი, ს. დურმიშიძე, მ. საბაშვილი, ვ. გულისაშვილი, ნ. ხომიზურაშვილი, ვ. მახალდიანი, ი. ბათიაშვილი, ა. მენაღარიშვილი, ი. ჯაში, პ. ჟღენტი და სხვები. მათ მიერ დაწყებული საშვილიშვილო საქმე მივიწყებას არ უნდა მიეცეს და ახალი რეალობის პირობებში ინტენსიურად გაგრძელდეს.

ამიტომაც პრინციპულად უნდა დაისვას საკითხი, რომ აღდგეს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, დიდი ტრადიციებისა და უნიკალური სპეციფიკის მქონე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, აგრონომიული, მეხილეობა-მევენახეობა-მეღვინეობის, მეტყევეობის, მექანიზაციის, მცენარეთა დაცვის, აგროქიმიის, ზოოტექნიკურ-სავეტერინარო, აგრობიზნესისა და სხვა მიმართულებებით. სასოფლო-სამეურნეო განათლება და კვლევა-ძიება საქართველოში _ დიდი აგრარული პოტენციელის მქონე ქვეყანაში _ სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში და არეგულიროს ცოდნის ეკონომიკაზე დაყრდნობილ-მორგებული მარკეტინგული სტრატეგია და ადამიანური რესურსების უნარიანი გამოყენება.

მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში გათვითცნობიერებულ ადამიანს ესმის, რომ XXI საუკუნეში მსოფლიო ლიდერის პოზიციებს დაიკავებენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ, წარმატებით ივაჭრონ მეცნიერული იდეებითა და მაღალი ტექნოლოგიებით; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომლებიც წარმატებით განავითარებენ ცოდნის ეკონომიკას.

როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ქვეყნის განვითარება ცოდნის (ინოვაციური) ეკონომიკის გზით შეიძლება გახდეს გამაერთიანებელი ეროვნული იდეა, რომელმაც უნდა წაიყვანოს ქვეყანა აღმავლობისკენ _ ეს XXI საუკუნის ერთ-ერთი იმპერატივია.

შესაბამისად, განმსაზღვრელ პარამეტრად თანდათან შემოვა ცნება “ეროვნების (ნაციის) ინტელექტუალური რესურსი”.

საქართველოსათვის, თავისი დიდი მეცნიერული ტრადიციებისა და მიღწევების, აგრეთვე, ჯერ კიდევ მდიდარი და ღონიერი მეცნიერული პოტენციალის გათვალისწინებით, მსოფლიო ბაზარზე მომგებიანად (თავის სასარგებლოდ) გაღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე სწორედ ინტელექტუალური პროდუქტია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ.

თანამედროვე ეტაპზე ხელიდან გაშვება ამ სპეციფიკური შანსისა, რომელსაც შეუძლია საქართველოს სტრატეგიული განვითარების იმიჯის შექმნა და მისთვის ადგილის შენარჩუნება მსოფლიო წესრიგში, დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური სიბეცე იქნება.

მეცნიერებამ უნდა შექმნას ის რეალური ბაზა და პოტენციალი, რომლითაც ეკონომიკის განვითარების პირობები და დონე სულ უფრო დაექვემდებარება ხალხის ცხოვრების დონის ამოცანებს. ასე უნდა განისაზღვროს მეცნიერების განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზანი და იდეოლოგია.

ზემოთ გაშლილი მსჯელობის საფუძველზე, პრინციპულად უნდა დაისვას საკითხი, რომ ცოდნის ეკონომიკა მოითხოვს ახალ ადამიანს, რომელსაც, ახლებური პირობებისა და გარემოს შესაბამისად, როგორც სახელმწიფოს, ასევე თავის მხრიდან, ალღოს აღება, მომავლის ხედვის ინტუიციის გამომუშავება და ხელშეწყობა სჭირდება. ეს პრობლემა დაფიქრებას მოითხოვს და სტრატეგიული გადაწყვეტილების წინაშე გვაყენებს.

 ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ამის გარეშე ქვეყანა რაიმე წარმატებებს მიაღწევს.

ომარ ქეშელაშვილი, აკადემიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here