Home რუბრიკები პოლიტიკა მომავალი ჩვენია?

მომავალი ჩვენია?

1135

“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია? აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!” _ სიმღერად ქცეული ეს სიტყვები არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ინტერპრეტაციით _ სევდიანი და მოგუდული, მარშივით აჟღერებული ეროვნული მოძრაობის აღმავლობისას, შეხსენებასავით ნამღერი – ახლაც…

ათწლეულები გავიდა, ჩვენ კი კვლავ ამ მომავლის იმედად ვართ, აწმყო ისევ არ გვწყალობს! წყალობის მოლოდინი, ხელს თუ არ გაანძრევ, დიდი ვერაფერი იმედია, თუმცა ადამიანი იმედით ცოცხლობს და ახლა ეს იმედი ოცნებად იქცა. ოცნება კი კიდევ უფრო ეფემერულია, დიდი შანსია, ოცნებად დარჩეს ან იმედგაცრუებად იქცეს.

ვინც უკვე აისრულა ოცნება, მათ აწმყოც სწყალობს და მომავალიც, ჰგონიათ, რომ განაღდებული აქვთ. ვინც ოცნება გუშინ და გუშინწინ აიხდინა, აწმყოთი უკმაყოფილოა და ისიც მომავლის იმედად არის. “მომავალი ჩვენია,” _ გაიძახიან გუშინდელნი და იმუქრებიან, რომ ხვალ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ასეა თუ ისე, “ოცნებაახდენილებისფენა _ პოლიტიკოსების წოდება (თავადაზნაურების წოდებასავით რომ ჩამოყალიბდნენ და ეჭვიანად უფრთხილდებიან საკუთარი რიგების სიწმინდეს) _ პოლიტიკოსებსვე მივანდოთ, ჩვენ კი იმაზე ვიფიქროთ:

მომავალი მართლაც ჩვენია?

რამდენიმე წელიწადში ჩვენ თვალწინ შეიცვალა ქართული გარემო. საქართველოს ყველა კუთხეში ნახავ ნაირნაირი ჯურის ადამიანებს. ქართველები კი უცხოეთში გარბიან და იქ ეძებენ საარსებო წყაროს. მიწები უცხოელების ხელში გადადის და ისედაც გაზარმაცებული გლეხობა მოჯამაგირეობისთვის არის განწირული. ეკლესიები თითქოს სავსეა, მაგრამ სისასტიკე და დაუნდობლობა ზეობს.

ტელეეკრანებზე გაურკვეველი სქესისა და სქესშეცვლილი ტიპები მომრავლდნენ. თუ ეკრანზე მოხვედრა წარმატებაა, უდავოდ მიარწიეს წარმატებას. მართლაც, რა საჭიროა ჩემპიონობა, აკადემიკოსობა, არტისტობა, მწერლობა, თუ მხოლოდ იმიტომ გაგაპიარებენ, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენ?! თითქოს ეს მიღწევა ან გამარჯვებაა! მათ მიმართ პიეტეტს (მოწიწებას, ღრმა პატივისცემას) არ მალავენ ტელეწამყვანები და მათი ხშირი შეხსენებით საზოგადოებას მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. თუ ასე გაგრძელდა, თინეიჯერებისთვის ისინი მისაბაძიც გახდებიან. მართლაც, ამ გზით პოპულარობის მოპოვებას არც შრომა უნდა და არც დიდი ძალისხმევა! გამოაცხადე, რომ არ ხარ ის, რადაც დაიბადე, ან “გამოასწორე” შენი სქესი და წარმატებაც ხელში გექნება!

მაშ, მომავალი მათია?

პარადოქსია, მაგრამ ჩვენ მომავლის სიმბოლოებად სწორედ მათ გვაჩეჩებენ, ვისაც მომავალი არ აქვს. ერთსქესიანი წყვილებისთვის საკუთარი შვილების ყოლა შეუძლებელია და ახლა, როცა ელგებეტე პირების მიმართ დასავლეთმა სრული ტოლერანტობა გამოაცხადა, შემდეგი ეტაპი მათი ქორწინება და ბავშვების აყვანა გახდა აქტუალური.

მართლაც ამოყირავებულ რეალობაში ვართ, სადაც ჩოხოსანი ლევან ვასაძე მიუღებელია, მართლმადიდებლები _ ბნელები, ხოლო კესარიად ქცეული ბესო პროგრესული, თანაგრძნობის ღირსი თუ არა (მართლაც, რა სჭირს საიმისო, რომ ჩვენი თანაგრძნობის იმედად იყოს?!) _ პატივისცემის ობიექტი!

აწმყო რომ არ გვწყალობს, აქედანაც ჩანს, ჩვენ კი ისევ გავიძახით, რომ მომავალი ჩვენია და საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება!

იდენტობადარღვეული ვაჭარაძე პატრიარქს საქართველოს მტრად აცხადებს; სამაგიეროდ, მიშა გომიაშვილის მიერ ელგებეტე პირების მიმართ გადამეტებული მზრუნველობის გამო გამოქმულ აღშფოთებას მოწოდებები მოსდევს – არ გადაიღონ, სპექტაკლში არ ათამაშონ და, საერთოდაც, თეატრიდან გაუშვან! ამაზე მეტი სიგიჟე გაგონილა? სიტყვის უფლება მხოლოდ უმცირესობებს აქვთ, უმრავლესობა კი უნდა გა?უმდეს და მათი მითითებებით იცხოვროს! ბოდიში, მხოლოდ კი არ იცხოვროს, იფიქროს!

რა ჰქვია უმცირესობას, რომელიც უმრავლესობას აკონტროლებს? ჯერ არ მოუგონიათ საამისო ტერმინი? არ სჭირდებათ და იმიტომ, თორემ სინამდვილეში ეს ტერორია! ტერორი მხოლოდ “შარლი ებდოს” რედაქციის დახვრეტა არ არის, იგი მორალური კატეგორიაცაა _ როცა საკუთარი აზრის გამოთქმისთვის გემუქრებიან! ასე იყო საოპერო მომღერალ თამარ ივერის შემთხვევაში, როცა მას მსოფლიო საოპერო თეატრების კონტრაქტების გაწყვეტით დაემუქრნენ და ბოდიშიც მოახდევინეს!

კიდევ იტყვით, რომ მომავალი ჩვენია?

ყბადაღებულმა ვაჭარაძემ ჩვენი გაზეთი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, რუსული პროპაგანდა ებრძვის: “გევორლდმა (“საქართველო და მსოფლიომ”, თუმცა მას საიტის ინგლისურენოვანი დასახელება უფრო ემშობლიურება) ტყუილი დაწერა, თითქოს მე ვამბობდი, რომ ყველა მონაზონი უნდა დაორსულდეს. ჩემი აზრით, საპატრიარქოს განცხადება იყო სწორედ მონაზვნების მიმართ დამამცირებელი, რადგან ის ამბობდა, რომ, თუ ქალი შვილს არ აჩენს, უფუნქციოაო. მე ვიკითხე: მონაზვნები ქალები არ არიან-თქო?” _ დაწერა ფეისბუქგვერდზე ირაკლი ვაჭარაძემ.

მერე კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარი თავი წმინდა ილია მართალს შეადარა:

“ქართველებმა, ჩემნაირი უბრალო აქტივისტები კი არა, ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძეც კი მოკლეს. ილია ჭავჭავაძეც აღიზიანებდა უმრავლესობას. ისიც უსიამოვნო სიმართლეს წერდა. განა რამე მიკვირს. უბრალოდ, ამ კარგად ცნობილი ტრაგედიის ჩემ თვალწინ გათამაშებას ვაკვირდები”.

ტრაგედიაა, თუ იდენტობადარღვეულ ადამიანს გააკრიტიკებ, ოღონდ “ტრაგედია უგმიროდ”. ეს ისე, ვაჭარაძემ რომ იცოდეს – ქართულ ლიტერატურაში ბევრი რამ ნათქვამიც არის და აღწერილიც!

ქრისტე რომ ჩვენ შორის იყოს, ტაბურეტებით ჩაიქოლებოდა სიმართლის თქმისთვის ისევე, როგორც მე ჩავიქოლები ამ სტატუსისთვის”. არადა, არავინ ქოლავს ამსიმართლისთვის მებრძოლს”, არც ცემენ, არც ესვრიან, მაგრამ მაინც ცდილობს სიმართლისთვის გვემულის მანტიის მორგებას.

“მე რომ ქალი ვიყო, საპატრიარქო კრიტიკის ქარცეცხლში მეყოლებოდა ახლა გახვეული. პარალელურად აქცია მექნებოდა დაანონსებული ამ დაწესებულებასთან. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს, ამართლებს და იდეოლოგიურად აყალიბებს ჩემი მოკვლის სისტემას. მე რომ ქალი ვიყო, ეს ტრაგედია აუცილებლად მექნებოდა გაცნობიერებული და იქ ვიდგებოდი, საიდანაც ქადაგებენ, რომ ჩემი მკვლელობა, უბრალოდ, გარემოებათა დამთხვევაა, მეტი არაფერი.

მე რომ ქალი ვიყო, ახლა ბარიკადებზე ვიდგებოდი.

მაგრამ, აბა, მე ხომ ქალთმოძულე ვარ და თანაც _ კაცი, რა უფლება მაქვს, ფემინისტების წმინდა და საიდუმლო ერთობაში გავერიო?

მოკლედ, გული მისკდება: ამდენი ასეული ქალთა ორგანიზაციაა და ყველა დუმს ან ექსკლუზიურ ფეშენ-ფემინიზმს აწვება.

ქარავანი კი მიდის. წელს კიდევ რამდენ ქალს დახოცავენ”?

ამ გულისშემძვრელი სტატუსიდან ვიგებთ, რომ ვაჭარაძე კაცია, არადა, ელ-გე-ბე-ტე თემის წარმოადგენელი გვეგონა. ოღონდ ისეთი კაცია, რომელიც ქალებს ბარიკადებზე დადგომისკენ მოუწოდებს _ იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვისო! იმ ქალს რა ვუთხრა, რომელიც ვაჭარაძისჭკუითიბრძოლებს საკუთარი უფლებებისთვის!

მომავალი ჩვენია?

ჯავშანმანქანა “დიდგორის” დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განაცხადა, რომ საქართველოს, რომელსაც მხოლოდ ხინკალი აქვს, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, წილხვედრი ქვეყანა ერქვას. მსახიობი მიშა გომიაშვილი გამოეხმაურა: “სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ… თქვენ დიდებული ადამიანების ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ხელოვანი ხალხის ოჯახში, სკოლაც, მგონი, საქართველოში დაამთავრეთ, თქვენ, სულ რაღაც, ათი წლით ხართ ჩემზე ახალგაზრდა, მაშინ საქართველოს ისტორიას კარგად გვასწავლიდნენ სკოლაში… არ იწყება საქართველოს ისტორია 2003 წლიდან… სვეტიცხოველი ვინ და სად ააგო?.. ან “ვეფხისტყაოსანი” ვინ დაწერა? ან თამარი არ ჰყავდა საქართველოს? ან დავითი? მიქელანჯელოს რომ ახსენებთ, დამიანე არ გახსენდებათ? იყო ასეთი ფერმწერი XIV საუკუნის ქართველი მხატვარი, რომელმაც უბისის ეკლესია მოხატა… არც ფიროსმანი იყო ამქვეყნად? არც გუდიაშვილი? მსგავსი ბუმბერაზი მხატვრების სია ძალიან დიდი გამომივა…. პავაროტიო, ბრძანებთ, რა ვუყოთ პაატა ბურჭულაძეს? და მთელ ქართველ ქალბატონებს, ოპერის მომღერლებს ვგულისხმობ, რომლებმაც დაიპყრეს მსოფლიო საოპერო სცენები, ფელინი ქართულ კინოზე რა აზრისაც იყო, თავად მოგეხსენებათ, მგონია… მარტო ოთარ იოსელიანი უკვე საკმარისია, რომ არ ვახსენოთ სხვა დიდი რეჟისორები, მაგალითად, მიხეილ კალატოზიშვილი, იმედია, გაგიგიათ… კიდევ რომელ სფეროში გნებავთ? არ არსებობს თურმე ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი?

რატომ ვართო წილხვედრი ქვეყანაო? _ ბრძანებთ… “ქართლის ცხოვრება” გვამცნობს: “და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა” (“ქართლის ცხოვრება”, რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, I, გვ. 37).

ბატონო ზვიად, სხვა ვინ ან რომელი ქვეყანა იტყვის წილხვედრი ქვეყანა ვართო, ეს მათი ნებაა, უნდათ, თქვან, უნდათ _ არა, ღმერთმა კარგად ამყოფოთ…

გეთანხმებით ლამბორჯინი”, “ბუგათიდაფერარიცდიდებული მანქანებიამაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე იტალიელმა თავისი ქვეყანა სპაგეტის შეადაროსდა, თუ თქვენთვის საქართველო მხოლოდ სახინკლეაძალიან გული მწყდება, მეტსაც გეტყვით, შეურაცხყოფილი ვარ”…

მომავალი ჩვენია?

ვიდრე ამოყირავებულ რეალობაში გვაცხოვრებენ, ერთობ საეჭვოა, მომავალი ჩვენი იყოს და არა კარგად დაპურებული და სათბურის პირობებში გამოზრდილი იდენტობა და ეროვნებადარღვეული იმ პირებისა, რომლებიც დღენიადაგ შხამს გვაწვეთებენ ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელებიდან!

თუ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს, საქვეყნოდ ვთქვათ, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის კავშირია ღვთის წინაშე, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა და მამა და არა ორი მამა ან ორი დედა. საქვეყნოდ უნდა ვთქვათ, რომ ერი, რომელიც საკუთარ მიწას გაყიდის, სახელმწიფოსა და საკუთარ მომავალს უნდა დაემშვიდობოს. საქვეყნოდ უნდა ვიმეოროთ, რომ მომავალი დღეს იქმნება და, თუ ჩვენ არ გავანძრევთ ხელს, სხვები შეგვიქმნიან ისეთ მომავალს, როგორიც მათ სჭირდებათ!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here