Home რუბრიკები საზოგადოება “არ გიღებს კარს ეს ნატო და დაანებე თავი!”

“არ გიღებს კარს ეს ნატო და დაანებე თავი!”

494

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან რამდენიმე დღის წინათ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოში გაწევრების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ. საქართველოს, კარგა ხანია, ნატოცა და ევროკავშირიც ეუბნებიან, რომ მისთვის ნატოს კარი არ გაიღება, თუმცა ჩვენ ყურს არავის ვუგდებთ და მაინც ჯიუტად ვაკაკუნებთ. რას გვაძლევს ნატოს კარზე კაკუნი ან როდემდე უნდა ვაკაკუნოთ? _ ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ბატონი გოგი თოფაძე და მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრნენ.


გოგი თოფაძე: საქართველოს ნატოში მიღება უტოპიაა!

_ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი, კარგა ხანია, ცნობილია. ცხადია, რომ ნატოს საქართველოში ჩვენი მეზობლები არ შემოუშვებენ. და, რა თქმა უნდა, არც ნატო აპირებს ჩვენთვის ოდესმე კარის გაღებას. თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ ხან მაპი მოიგონეს, ხან _ რაღაც ახალი სახელწოდებები, ასპირანტიო და . . _ ვითომ აპირებენ ნატოში ჩვენს მიღებას. დაკვირვებული თვალისთვის ეს ხომ ნათლად წარმოაჩენს სიტუაციას! რეალობა ასეთია: ნატო საქართველოში ვერ შემოვა. თუ მაინც მოხდა სასწაული და შემოვიდა, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია იქნება! იმიტომ, რომ ამას ჩვენი მეზობლები არ გვაპატიებენ _ არც ჩრდილოელი მეზობელი და არც დანარჩენები. ვიმეორებ: ნატოში საქართველოს შესვლა დიდ ეროვნულ ტრაგედიას გამოიწვევს.

_ მაშ, რატომღა ამბობს ხელისუფლება, _ საქართველო ნატოს წევრი გახდებაო, რა საჭიროა ეს ტყუილი?

_ კარგა ხანია, მიმდინარეობს ბჭობა ნატოში შესვლაზე, რაც არასწორია. ვფიქრობ, თვითონ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამაზე ლაპარაკობს, დარწმუნებულია, რომ ნატო აქ აღარ შემოვა, მაგრამ საკუთარი თავის დასაცავად ამბობს ამას. დიახ, გაურბის ოპონენტების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, ჩვენ თურმე მარტო რუსეთისკენ ვიყურებით _ აი, ესაა. არადა, არაფერი ასეთი არ ხდება. ჩვენ არც რუსეთისკენ ვიყურებით, არც ნატო გვინდა და არც სხვა რამ. ჩვენ გვინდა ძლიერი და სტაბილური საქართველო, თავისი ტრადიციებით, კეთილმეზობლური ურთიერთობებითა და ყველაფრით, რაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. ახლა ჩვენი ამოცანაა, როგორმე სასწრაფოდ დავაყენოთ ეკონომიკა ფეხზე, და არც ნატო გვჭირდება და არც ევროკავშირი. ევროკავშირზე არ არის იმდენად ლაპარაკი, რადგან ის სამხედრო ბლოკი არ არის, მაგრამ ისიც კარგად გასათვლელი და მოსაფიქრებელია, რას მოგვიტანს ევროკავშირი და რა შეიძლება, წავაგოთ. ნატოზე ლაპარაკიც რომ ზედმეტია, ეს, კარგა ხანია, ვიცით ყველამ. დიახ, საქართველოს ნატოში მიღება უტოპიაა! ნატო ვერავის დაიცავს, ნატო ჩვენი დამცველი რომ ყოფილიყო, 2008 წელს და სხვა პერიოდებში გამოიჩენდა თავს. ნატოზე ლაპარაკი პოლიტიკური ინტრიგებია და მეტი არაფერი. არ გიღებს კარს ეს ნატო, კაცო, და დაანებე თავი, რა გინდა?!

მამა ელიზბარი: ამერიკაზე დიდი მტერი ქართველებს არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია!

_ ახლა ისეთი ტენდენცია მკვიდრდება, ისეთ აზრს გვინერგავენ, რომ თითქოს მსოფლიო გადაგვეკიდა ამ ერთ მუჭა გადასარევ ქვეყანას და მხოლოდ ამერიკაა ჩვენი მეგობარი. თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამერიკაზე დიდი მტერი ქართველებს არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია. სწორედ ეს უზარმაზარი მონსტრი სახელმწიფო აპირებს ჩვენს ჩაყლაპვას. დიახ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან გაიბერა ნატოს რიგები და მისი გაფართოება არ არის საჭირო და არც იგეგმებაო.ესე იგი, ნატოში შესვლაზე უარი ეთქვა უკრაინასაც და საქართველოსაც. სწორი ბრძანა ოლანდმა, რომ ჩვენ, ქართველებს, არაფერი გვესაქმება არც ნატოში, არც კატოში და არც სხვაგან. ილია ჭავჭავაძის ნათქვამიჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესოროდისღა უნდა მივიღოთ და გავისიგრძეგანოთ? რა გვინდა ნატოში, ადამიანებო, რა სიკეთე და ხეირი ნახეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ნატოში არიან? ჩვენ, ჩვენი ძველი ტრადიციების მქონეთ, იქ არაფერი გვესაქმება და, თუ ახალი ტრადიციები გვჭირდება, ისეთები გია ჯაჯანიძის გადაცემებში რომ რეკლამას უკეთებენ, კი, ბატონო, მიბრძანდით, მე თავი დამანებეთ.

_ პირდაპირ გვეუბნებიან, ვერ შეხვალთ ნატოშიო და გაუგებარია, რატომ განვაგრძობთ მის კარზე უშედეგო კაკუნს?

_ უფალი ბრძანებს: დააკაკუნეთ და გაგეღებათო! მაგრამ ლაპარაკია არა სატანის, არამედ უფლის კარზე კაკუნზე. მე კი ნატოს კარზე კაკუნი სატანის კარზე კაკუნს მაგონებს, ვიდრე უფლის კარზე კაკუნს.

_ რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის შეფასებით, ოლანდის განცხადება არასერიოზული იყო. ხიდაშელისვე მტკიცებით, ოლანდის სურვილების მიუხედავად, საქართველო გახდება ნატოს წევრი

_ თინა ხიდაშელი, ბატონი უსუფაშვილი და სხვები _ ეს წყალწასაღები ადამიანები (ამას ხმამაღლა ვამბობ და, ვისაც უნდა, იმან განმსაჯოს. პასუხს ვაგებ ღვთის წინაშე და, თუ ნებავთ, მაგათი სასამართლოს წინაშეც, მაგრამ ღვთის წინაშე ნამდვილად ვაგებ პასუხს) ქვეყანას და ერს ნუ მიღუპავენ, ჩემი ერის დაღუპვას და დაქცევას ნუ ცდილობენ, ეყოთ, კმარა! გახსოვთ, სააკაშვილმა ლილიპუტინი რომ ეძახა პუტინს? აი, ახლა ხიდაშელიც იმავეს აკეთებს და საფრანგეთის პრესიდენტს ეძახის სოფლელს. ესენი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს, მიუხედავად სქესისა, სიმაღლისა და სიგანისა; ერთი ცენტრიდან იმართებიან, ერთი გასაღები ერგება ყველას. იცით, რომ ორიოდე დღის წინათ, როდესაც ამერიკის სენატში ბატონი სააკაშვილი გამობრძანდა, მის გამოსვლას უსუფაშვილიც ესწრებოდა?! აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ უსუფაშვილი სენატის სხდომაზე მივიდა, არა, პრობლემა არის ის, რომ უსუფაშვილი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს, სააკაშვილი კი ამავე ქვეყნისგან ძებნილი პირია და ამ ქვეყნის ერთერთ ხელმძღვანელს პროტესტი არ გასჩენია სახელმწიფოს მიერ ძებნილი პიროვნების სიტყვით გამოსვლაზე. მეტიც, იჯდა და მშვიდად უსმენდა. დიახ, იჯდა გაფუყული სახით, როგორც იცის ხოლმე და ვითომც არაფერი. აქედან დასკვნა: ესენი თამაშობენ ერთსა და იმავე თამაშს, რომელიც ჩემი ქვეყნის თამაში არ არის, და რომელიც ჩემს ქვეყანას არაფერში წაადგება, ის მხოლოდ გარყვნას, წაბილწვას და გაჯაჯანიძებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება რურუას განცხადებას, დამიჯდეს ბატონი რურუა ნებისმიერ გადაცემაში, სადაც მას ნებავს და ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს სიტყვა “მოღალატე” და საზოგადოება გამოიტანს დასკვნას, ვინ არის მოღალატე და ვინ _ არა. ნიკა რურუა არის (მინდა, ყველაზე რბილი სიტყვა გამოვიყენო) გათახსირებული პიროვნება და იმიტომ მეტყველებს მსგავსი “დითირამბებით”, რომ დაუსჯელად გრძნობს თავს.

_ მამა ელიზბარ, იქნებ გამოულოცოთ ამ ადამიანებს და ჩვენც გვეშველოს და მათაც

_ გამიხარდა, ეს რომ მითხარით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ადამიანების გამოლოცვა დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია; იმიტომ, რომ ესენი სულითა და ხორცით არიან სატანისკენ მიდრეკილი. სატანის წიაღში მყოფ ადამიანს კი გამოლოცვა არ შველის.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here