Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ბოძაშვილი: ჩვენ მზად არ ვართ ასოცირების ხელშეკრულებისთვის!

ლევან ბოძაშვილი: ჩვენ მზად არ ვართ ასოცირების ხელშეკრულებისთვის!

758

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ლევან ბოძაშვილი ესაუბრა.


_ ბატონო ლევან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი მზად არ არის, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნას. არადა, ქართველი საზოგადოება, დიდი ხანია, ამას ელოდა და, სიმართლე რომ ითქვას, ერთერთი მიზეზი, რომლის გამოც ასე აღტაცებით შეხვდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, იყო ის, რომ ვიზების ლიბერალიზაციის იმედი ჰქონდა.

_ საზოგადოების იმედიანი დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი მათი ბრალია, ვინც საზოგადოებას ამ მოლოდინს უქმნის და ამით ქულებს იწერს. ამიტომ პოლიტიკოსებმა და მთავრობამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება უნდა გამონახონ და აუხსნან მას, რა პროცედურები გველის და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

  რიგის სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური სამიტია, რომელმაც შეიძლება ჩვენი პროგრესი აღნიშნოს. ახლა ევროკომისია ტექნიკურ შეფასებას აკეთებს და იმედია, ეს შეფასება დადებითი იქნება. თუმცა მეორე საკითხია _  მოინდომებს კი ევროკავშირი ჩვენთვის სავიზო ლიბერალიზაციის შემოღებას? უარის თქმას ქართველ საზოგადოებაში ევროკავშირის დისკრედიტაცია მოჰყვება. ეს ევროპაშიც კარგად იციან. მიმაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირთან აუცილებლად გვექნება, თუმცა არ ველოდი, რომ 2015 წელს ვიზების ლიბერალიზაცია გვექნებოდა.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო ნაწილის ცალმხრივად შეჩერება უნდა მოსთხოვოს, ვინაიდან ეს ნეგატიურად აისახება ფისკალურ კრიზისზე. იმპორტზე საბაჟო ტარიფის მოხსნის გამო, საქართველო წლიურად 10 მილიონს დაკარგავს, ხოლო ჩვენი ექსპორტი ვერ აბალანსებს იმპორტს. რატომ არ აყენებს ამ საკითხს საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან?

_ საუბარია, არა მთლიანად ხელშეკრულების შეჩერებაზე, არამედ მხოლოდ ერთ ნაწილზე, რათა მათ გადაიხადონ საბაჟო გადასახადი. შესაძლოა, მთავრობა იმიტომ არ აყენებს ამ საკითხს, რომ შემდეგ არ მოხდეს ამ თემით სპეკულირება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ევროასოცირებას წინ აღუდგა. ვინაიდან მე დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ და სწორედ ამ განცხადების გამო ჩემ მიმართაც კი უარყოფითი შეფასებები გაისმა.

_ კიდევ რა ნეგატიური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ, რისთვის უნდა იყოს საზოგადოება მზად?

_ ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მზად არ ვართ ასოცირების ხელშეკრულებისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ბიზნესკომპანიები მზად არ არიან, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ და ამ სტანდარტებთან მიახლოებას დიდი დრო დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება ინვესტიციები გაიზარდოს, მაგრამ ქართული ბიზნესი კიდევ უფრო შევიწროვდეს. მუშაობა და მთავრობის მხრიდან პროტექციონისტული მიდგომაა საჭირო, უფრო მეტი დახმარება სჭირდება ეროვნული წარმოების იმ სეგმენტს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე უნდა გავიდეს. თუ ამ ვაკუუმს მთავრობა შეავსებს, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენთვის მომგებიანი იქნება.

ვფიქრობ, გარდამავალ პერიოდში, ანუ უახლოესი ხუთიშვიდი წლის განმავლობაში, საქართველოსთვის აუცილებელია, როგორც რუსეთის ბაზრის შენარჩუნება, აგრეთვე, ევროპის ბაზრის პერსპექტივებზე მუშაობა. საკუთარი წარმოება დამოუკიდებლობის განსაზღვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ევროასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, სავაჭრო ნაწილში დღესაც გვაქვს გარკვეული კვოტები, მაგრამ ჩვენი წარმოება ისე სუსტია, რომ ამასაც ვერ ვაკმაყოფილებთ. მაგალითად, შეგვიძლია 4 400 ტონა ხორცის ექსპორტირება, მაგრამ არათუ ექსპორტი, შიგა მოხმარებისთვისაც არ გვყოფნის და სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი, პრობლემაც ეს არის. სწორედ აქედან გამომდინარე, მაქვს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, ამიტომ ამ მიმართულებით სპეციალისტებისა და მთავრობის მუშაობა უნდა გააქტიურდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here