Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო პაატა, რა ნაბიჯები გადადგით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?

ბატონო პაატა, რა ნაბიჯები გადადგით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?

575

2010 წლიდან IRI-ისა და NDI-ის კვლევებში დაკარგული ტერიტორიების პრობლემამ მეორე-მესამე ადგილებზე გადაინაცვლა, პირველ ადგილზე უმუშევრობის პრობლემა დადგა. “კვლევის მიხედვით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, უმუშევრობაა. უმუშევრობას 72% _ პრობლემად, 51% კი მთავარ პრობლემად ასახელებს. ტერიტორიების დაბრუნებას პრობლემად 36% მიიჩნევს, ხოლო 18% _ მთავარ პრობლემად ასახელებს,” _ წერდა პრესა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.


საქართველო და მსოფლიოსთვისშარშან  მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ შენიშნა:

 “_ როდესაც ისინი (“ქართული ოცნება”, _ რედ.) ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი? ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო”.

მართლაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი საარჩევნო დაპირებების მთავარი კომპონენტი იყო. მიუხედავად ამისა, პრობლემის გადასაჭრელად არათუ წინ გადადგმულა ნაბიჯი, არამედ უფრო დავშორდით მიზანს _ ტერიტორიების დაბრუნებას.

განსაკუთრებით დიდი იყო მოლოდინი “ვარდების რევოლუციის” მომწყობთა დაპირებების მიმართ _ კომპაქტურად მცხოვრებმა დევნილებმა ომის შემდეგ შეძენილ მეზობლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღეს. შემდეგ იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დევნილებს აფხაზეთში გამოზამთრების გარანტია მისცა: გაძლევთ სიტყვას, შემდეგი ზამთარი ჩვენ, ყველანი, ვიქნებით უფრო თბილი კლიმატის პირობებში, ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას გაძლევთ და არაფერი არასოდეს არ მითქვამს ასე კონკრეტულად”.

იმხანად სააკაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა შედგომ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებდა მოგვიანებით პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.

ამის შედეგ სააკაშვილმა, როგორც სჩვეოდა, შექმნა ილუზია, რომ დღეს თუ არა ხვალ მართლა დაიბრუნებდა აფხაზეთს და გადაიღო კლიპი “გამარჯობა, აფხაზეთო შენი!”, რომელშიც თავისი ფავორიტი ტუჩებდაბერილი ქალები ამღერა, მოგვიანებით კედლებზე გაჩნდა წარწერა _ “აფხაზეთი ჩემი ტკივილია!” (ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო წარწერა _ “აფხაზეთი ჩემი სამშობლოა!”) ხალხიც ნელ-ნელა გონს მოეგო. ბევრი მიხვდა, რომ უახლოს მომავალში აფხაზეთში დაბრუნება ილუზია იყო… სააკაშვილმა აფხაზეთი ვერ დაიბრუნა, თუმცა, შესაძლოა, ეს გეგმა არც ჰქონდა.

დღეს ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ქართველი ერისთვის მტკივნეული მმართველი გუნდების პოლიტდემაგოგიაში კვლავ უმნიშვნელოვანესია…

მერწმუნეთ, 2-3 წელიწადში სულ სხვა საუბარი გვექნება ოსებთან და აფხაზებთან ამ საკითხზე. დინამიკა სახეზე იქნება. აღარ იქნება აგრესიული რიტორიკა, ერთმანეთის მიმართ ინტერესები უფრო გამოკვეთილი იქნება. ახალი პოლიტიკით, სიტუაციის შემობრუნებას 2-3 წელიწადში შევძლებთ”, _ განუცხადა ქართველ ხალხს იმხანად რეინტეგრაციის, ხოლო შემდგომში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების ახალდანიშნულმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 2013 წლის ოქტომბერში, “ქართული ოცების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წარმატებული ქვეყნის ერთად აშენება შესთავაზა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის გზაზე, მისი ხედვით, აუცილებელია ისეთი დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენება, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები ვართ _ ამ გზაზე არ იქნება არავითარი დათმობა, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ღირსებას. ამ კომპლექსურმა ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, გვქონდეს მათი უფლებების დაცვისა და თავისუფლებების განხორციელების მტკიცე გარანტიები”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და ნაბიჯი არ გადადგმულა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. უფრო მეტიც _ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთთან, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, “თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის” ძირითადი მიმართულებებია: ურთიერთშეთანხმებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება; “საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცისადასაერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცისშექმნა”.

“საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სივრცის” შექმნა კი მოითხოვს “საერთო თავდაცვის ინფრასტრუქტურის” ჩამოყალიბებას; “ძალების გაერთიანებული დაჯგუფების” ფორმირებას “აგრესიის მოგერიების” მიზნით და ერთობლივ ღონისძიებებს საზღვრის დასაცავად.

ამის საპასუხოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერია და ასეთი 80-მდე ხელშეკრულება აქვს რუსეთს აფხაზეთთან გაფორმებული. მას სპეციალისტებმა ასე უპასუხეს: სახელმწიფო მინისტრის შეფასება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ის, ჩვენი აზრით, სათანადოდ ვერ აფასებს ამ დოკუმენტის მასშტაბებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციისდოკუმენტის სახე და შინაარსობრივი მხარე ახალია. აქამდე გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება აფხაზეთის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საბაჟოს, ასევე, სოციალური სფეროების რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას არ შეეხებოდა.

რამდენიმე თვის წინათ მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვაჟა ხაჭაპურიძემ შეკითხვა დასვა: პრემიერმა ღარიბაშვილმა ნუთუ არასდროს უთხრა ზაქარეიშვილს, ერთხელ მაინც მოეყოლა, რა გააკეთა? ზღაპარი მოეყოლინებინა ან ეკითხა, _ სიზმარი მაინც ხომ არ გინახავს დაკარგული ტერიტორიების შესახებო?”

და მართალიც არის… ქართველი საზოგადოება, რომელიც ტელევიზორის ეკრანთან არის მიჯაჭვული და, სავარაუდოდ, არც ერთ სამთავრობო სხდომას არ ტოვებს უყურადღებოდ, ვერ გაიხსენებს, რომ ოდესმე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს პაატა ზაქარეიშვილისთვის ეკითხოს _ “რა ნაბიჯები იდგმება დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?”

რაც დრო გადის, დაკარგულ ტერიტორიებს უფრო და უფრო ვშორდებით, მაგრამ ამაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს ასეთი პასუხი აქვს: “2 წელი ისე გავიდა, რომ ერთი წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია, ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, ერთი დევნილი არ გვყავს, ერთი სოფელი და ერთი ქალაქი არ დაგვიკარგავს. თავისთავად ეს არის სერიოზული შედეგი. ვერც ერთმა ხელისუფალმა დამოუკიდებლობის პერიოდში _ ვერც გამსახურდიას დროს, ვერც შევარდნაძის დროს, ვერც სააკაშვილის დროს, პირველ ორ წელიწადში ეს ვერ შეძლო(განცხადა ზაქარეშვილმა 2015 წლის 6 მარტს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში).

“ნაცების” ხელისუფლებასაც და “ოცნებასაც” ზუსტად ერთი წლის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცივი წყალი გადაასხა და განუცხადა: რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში გაწევრების სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”. დაახლოებით ანალოგიური რამ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც: არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე. არ ყოფილა და არც არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა”. ამის შემდეგ კი მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში _ პაატა ზაქარეიშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა: “ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, როცა სახელმწიფოს პიროვნებას უყენებთ მტრად. მე არსად მითქვამს, რომ პუტინი არ არის მტერი. მე ვთქვი, რომ პიროვნება, ადამიანი, ვერ იქნება საქართველოს მტერი. მტერი არის რუსეთის სახელმწიფო.

ბატონო პაატა, ეს თქვენ აკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც აკაკუნებთ იმ კარზე, რომელიც, იცით, არასოდეს გაიღება. ამ კარის შესასვლელთან რიგში დგომით კი საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო გააჩინეთ. პუტინი ხან მტრად გეჩვენებათ და ხან _ მოყვარედ, თუმცა ზუსტად იცით, სად დევს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებელი გასაღები”, _ წერენ სოციალურ ქსელში შერიგების მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

ასე რომ, დაპირებები მოგიძველდათ, ბატონო მინისტრო, _ ან შეცვალეთ ამერიკული პიარინსტრუქციები, ან ჩუმად მაინც იყავით, არ გსმენიათ _ ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო?

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here