Home რუბრიკები პოლიტიკა რაულ ჩილაჩავა: ქართული რეფორმები უკრაინაში უკიდურესად მითოლოგიზებულია, პოლიტიკუმსა და მოსახლეობას მათი საწაულებრივი...

რაულ ჩილაჩავა: ქართული რეფორმები უკრაინაში უკიდურესად მითოლოგიზებულია, პოლიტიკუმსა და მოსახლეობას მათი საწაულებრივი შესაძლებლობების სჯერა

899

“კიევური მაიდნის” დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა. სამხედრო კონფლიქტმა ქვეყანას დიდი მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი მოუტანა. რას ფიქრობენ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნებზე, ორი ქვეყნის ურთიერთობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინიდან “საქართველო და მსოფლიოს”  ცნობილი მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დიპლომატი რაულ ჩილაჩავა ესაუბრა.


_საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი მიიღო. მეტიც, სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ნაციონალი მაღალჩინოსნები უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებზე ინიშნებიან. აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელისუფლებასა და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთებას იწვევს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

_თუ ოფიციალურ განცხადებებს ვენდობით, ეს დანიშვნები უკრაინის შიდა სუვერენული უფლებაა და ორი მოძმე ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება. ამის თაობაზე განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ, რაც ასევე დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კიევურ ტელეარხ “ინტერზე” გამოსვლის დროს. თითქოს ყველაფერი ნათელია და საეჭვოც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში არც მთლად ასეა საქმე. მსგავსი საჭოჭმანო ნაბიჯის გადადგმისას, როცა წინასწარ ცნობილი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობის ნაწილი მას მტკივნეულად განიცდიდა, ოფიციალურ კიევს ფორმალური კონსულტაციები მაინც უნდა ჩაეტარებინა თბილისთან, რასაც, რამდენადაც ვიცი, ადგილი არ ჰქონია.

ამჟამად უკრაინაში ომია, ქვეყანას ყველანაირად უჭირს და, რამდენადაც ვხვდები, ჩვენ არ გვსურს ცეცხლზე ნავთის დასხმით დამატებითი პრობლემები შევუქმნათ მართლაც მეგობარ სახელმწიფოს. ჯერჯერობით ამ პრეცედენტის საჩინო შედეგი არ ჩანს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას სამომავლოდ საქართველომაც რაღაცნაირად უპასუხოს. თუმცა, ჩემი აზრით, ურთიერთობათა გამწვავება და დიდად გაუარესება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის. უპირველესად, ისევ და ისევ არსებული პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

_გიორგი მარგველაშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს, ქართულ დელეგაციას აეროპორტში მხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნატალია გალიბარენკო და საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დახვდნენ.თუნდაც აღნიშნული ფაქტი ნიშნავს თუ არა, რომ პირდაპირ ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლებაში უკვე არცთუ ისე პოზოტიური დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მთავრობის მიმართ?

_ამ ფაქტმა, სიმართლე გითხრათ, მეც გამაოცა და, მეტიც, შემაწუხა. აშკარაა, რომ სახელმწიფოს პრეზიდენტს ვიცე-პრემიერზე ნაკლები რანგის მოხელე არ უნდა დახვდეს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ამ ფაქტით კიევს საქართველოს ხელისუფლებისადმი არათუ დიდი, პროტოკოლით გათვალისწინებული პატივისცემაც არ გამოუხატავს.

_ რას ფიქრობენ უკრაინაში თანამდებობებზე ქართველი ნაციონალების ასეთ მასიურ დანიშვნებზე? ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის საზოგადოებაში ეს ფაქტი უკვე სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს

_სერიოზულ უკმაყოფილებებზე ჯერ არ მსმენია, თუმცა ამბობენ, რომ რეფორმების დასაწყებად ერთი ან ორი თვე უკვე ბევრია, მათზე კი ჯერ არავინ არაფერი ვიცითო. (განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს). ზოგადად კი უნდა გითხრათ, რომ ქართული რეფორმები უკრაინაში უკიდურესად მითოლოგიზებულია, თითქმის პანაცეადაა მიჩნეული, ამიტომ მათზე ცუდი წარმოდგენის შექმნა ისევ და ისევ აქ დასაქმებულ ჩვენს რეფორმატორებს თუ შეუძლიათ. პოლიტიკუმსა და მოსახლეობას მათი საწაულებრივი შესაძლებლობებისა სჯერა და მიაჩნია, რომ მხოლოდ ისინი შეძლებენ თავით ფეხებამდე კორუმპირებული ჩინოვნიკების დამარცხებას და პატიოსანი, მოქნილი და საყოველთაოდ მისაღები მართვის სისტემის შექმნას. რამდენად გამართლდება ეს ნათელი იმედები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

_ თუმცა, ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ ნაციონალ მაღალჩინოსნებს არა პოროშენკოს სურვილით, არამედ, დასავლეთის მითითებით ნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებმა სულ ახლო წარსულში, საქართველოს მოსახლეობის იმედები ვერ გაამართლეს, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათ მიმართ, საერთაშორიოს საზოგადოების ასეთი მხარდაჭერა?

_მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საერთაშორისო იმიჯი დღემდე აქვთ შერჩენილი. იგი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და, როგორც ჩანს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დიდად არ დაცემულა. დასავლეთის მითითებებზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჭორის დონეზე მსმენია, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციები, ალბათ, მართლაც იყო. ვინაიდან, პოლიტიკაში, ისევე როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ურთიერთობებს, პირად კონტაქტებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში ბევრი გავლენიანი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას კარგი ურთიერობა აქვს პრეზიდენტ პეტრო პოროშეკოსთანაც, რომელიც, როგორც ჩანს, არ ენდობა მისთვის კარგად ცნობილ საკუთარ ბიუროკრატიულ სისტემას და ცდილობს იგი მეგობარი ქართველების ხელით გაწმინდოს. ამ საკითხში მას ჯერჯერობით სერიოზული ოპონენტები არ ჰყავს.

_ უკრაინის წამყვან ონკოლოგ იგორ შეპოტინს, ოპერაციის დასრულების საშუალება არ მისცეს, ის პირდაპირ საოპერაციოდან გამოიყვანეს და სამსახურიდან ტელეკამერების თანხლებით გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა, საქართველოში ბევრს გაახსენა ნაციონალების საჩვენებელი დასჯის სცენები. რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს უკრაინაში?

_ ეს კადრები მეც ვნახე და ძალიან ცუდი ასოციაციები აღმეძრა. თუმცა, ფრონტიდან ყოველდღე შემოსული სავალალო ცნობების ფონზე, ეს თავისთავად მძიმე და დამთრგუნველი ფაქტი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. მით უფრო არავის დაუკავშირებია იგი უკრაინულ ხელისუფლებაში მომუშავე ქართველ მოხელეთა ბოროტ ნებასთან. ცნობილი ქართული “ტელედაჭერები”, რომლებზეც თქვენ მიანიშნებთ, აქ ჯერ არ დაწყებულა.  აქ ჯერ საერთოდ არავინ დაუჭერიათ, ყველა ცნობილი ეჭვმიტანილი თუ დამნაშავე სამშვიდობოსაა. მხოლოდ რეგიონების პარტიის ლიდერი უზენაეს რადაში ალექსანდრე ეფრემოვი დააკავეს, მაგრამ მესამე დღესვე გირაოთი გამოუშვეს. მისმა კოლეგამ მიხეილ ჩეჩეტოვმა კი, რომლის სინდისზეც ბევრი ავანტიურა იყო, ციხეში ჯდომას მეჩვიდმეტე სართულიდან გადმოხტომა ამჯობინა და სიცოცხლე საკუთარი ნებით მოისწრაფა. ესაა და ეს.

ახალი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი (უკვე მესამე ერთი წლის განმავლობაში) თითქოს ენერგიულად შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაგრამ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავმოსაწონი მასაც ბევრი არაფერი აქვს. დიდ იმედებს ამყარებენ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე დავით საყვარელიძეზე, რომელსაც კადრები და ევროინტეგრაციის საკითხები მიანდეს.  მე არ ვიცნობ ბატონი დავითის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებს, რომლებსაც აქ ბევრი სანიმუშოდ მიიჩნევს, მაგრამ ერთი კითხვა კი მებადება: თუ ევროინტეგრაციის პრობლემებზე მუშაობა შედარებით ადვილია, როგორ უნდა იმუშაო კადრებთან, რომლებსაც არ იცნობ?

_ “რევოლუციის წლისთავზე ბევრი აპირებს ჩასვლას კიევში პროტესტის გამოსახატად. ადამიანებს არ ესმით რისთვის იდგნენ მაიდანზე. მათ ხელისუფლება შეცვალეს, მაგრამ მათი მდგომარეობა გაუარესდა. ამის მოთმენა კი არ სურთ. ეს შეიძლება იყოს მესამე რევოლუცია”, _ აცხადებს ანა კრისიუკი, ჟურნალ Business Woman ის და პიარ სააგენტოს PR-Energyის ხელმძღვანელი.

უკრაინამ მართლაც დიდი მსხვერპლი მიიღო. რა განწყობაა კიევური მაიდნის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინაში? ნანობენ თუ არა რამესდა ელოდება თუ არა უკრაინას ახალი რევოლუცია? (ან საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარება)?

_დიახ, სამწუხაროდ, მართლაც ასეთი სურათი გვაქვს – ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნას ცხოვრების გაუმჯობესება არ მოჰყვა, ოღონდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ცუდი რეჟიმი უარესმა ჩაანაცვლა.

  სადღეისოდ ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა: ეროვნული ვალუტა გრივნა შარშანდელთან შედარებით ოთხგზის გაუფასურდა, გაიზარდა ყველა სახის გადასახადი, დაიბეგრა თვით პენსიებიც. ხალხი სიღატაკის პირამდეა მისული, მაგრამ არა მგონია, რომ ამან უახლოეს ხანში მესამე მაიდანი გამოიწვიოს. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს ნდობის მარაგი, თუმცა საკითხავია, სანამდე ეყოფა იგი. რუსული აგრესიისა და სახელმწიფოს დაშლის შემდგომი საფრხე რომ არა, სოციალური აფეთქება გარდუვალი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც მისგან ჯერჯერობით იცავს მოსახლეობის პატრიოტიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.   

_ საქართველოს და უკრაინას შორის პარალელს ხშირად ავლებენ, თქვენ უკრაინაში ცხოვრობთ და მოვლენებს უშუალოდ ადევნებთ თვალს, უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ რათა ომისა და სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდეს?

_მე მაქვს ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოსადმი მიძღვნილი სონეტი, რომელიც ასე მთავრდება: _ “ორ ცეცხლს შუა ხარ სანუკვარო, ორ ხანძარს შუა და უდიდესი ჭკუა გმართებს და მოხერხება, რომ ამ ალყაში მხოლოდ გათბე და არ დაიწვა!” ამით იმის თქმა მინდოდა და მინდა (სიტუაცია, სამწუხაროდ, არ შეცვლილა), რომ ჩვენ ძალიან დიდი საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო დამცველი მექანიზმები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. ამიტომაც უნდა ვაწარმოოთ ფაქიზად დაბალანსებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მივხედოთ ეკონომიკის აღორძინებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ცხოვრების დონის ამაღლებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას, ვიზრუნოთ საზღვარგარეთ ასიათასობით წასული თანამემამულის შინ დაბრუნებაზე და, რა თქმა უნდა, თავაუღებლად ვიმუშაოთ წართმეული ტერიტორიების ჩვენს სახელმწიფო იურისდიქციაში მოსაქცევად. მარტო საკუთარი თავის ამარა ამ მიზნების ხორცშესხმა მეტად რთული და მიუღწეველიც კია. სამწუხაროდ, ეს ვერ შესძლო ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოზე ათჯერ დიდმა უკრაინამაც და ვხედავთ კიდეც რა დღეშია. ამიტომაც “ღირსების რევოლუცია” კიევში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მოთხოვნით დაიწყო და იმჟამინდელი ხელისუფლების სრული კრახით დასრულდა.

                               ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

 

1 COMMENT

  1. დიახ, ე.წ. ,,ქართული რეფორმები" მითოლოგიზებულია! ოღონდ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩემდათავად დავძენდი, რომ პოლიტიკა საერთოდაა უხამსი მითოლოგია. ოღონდ თუ ნამდვილ მითოლოგიას ხალხური გენია ჰქმნიდა, ამ უხამს მითოლოგიას ,,ქურდად დამჯდარი" სახელმწიფოები ჰქმნიან სახელდახელოდ. დღეს ,,ხალხი", მათ შორის ,,უკრაინელი ხალხი" აღარ არსებობს. ე.წ.ხალხის აზრს მედია ჰქმნის პიარტექნოლოგიის საძაგელი მეთოდებით. მიშა და მისი რეფორმები ამნაირად გამოგონილი და გავრცელებული უხამსი მითია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here